Home Blog Page 1238

“ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს არის ისტორია, რომელიც დაიწერა” -კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს საბერძნეთთან გამარჯვებას და ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს.

კალაძის თქმით, საქართველოს ნაკრებმა ამ გამარჯვებით ისტორია დაწერა.

„ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს არის ისტორია, რომელიც დაიწერა. ამისთვის ვწვალობდით, ვიბრძოდით რამდენიმე ათეული წელია. სამწუხაროდ, როგორც ფეხბურთელს, მე არ მომეცა შესაძლებლობა, ჩემს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე ან მსოფლიოზე მეთამაშა, მაგრამ დღეს ვარ უბედნიერესი ადამიანი, ისე როგორც არასდროს. ამაყი ვარ, ამაყი ვარ ამ ბიჭებით, ამაყი ვარ იმ გულშემატკივრებით, რომლებიც დღეს სტადიონზე იყვნენ. ვინც ვერ მოახერხა, ვისაც გული დასწყდა, ყველა, ყველა მიყვარხართ, გილოცავთ და წინ კიდევ უფრო მეტი გამარჯვებები, სიხარული გვენახოს სრულიად საქართველოს. გამთლიანებული, ძლიერი საქართველო გვენახოს უახლოეს მომავალში. ყველა გერმანიაში, გილოცავთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

საქართველოს ნაკრებმა დღეს საბერძნეთის ეროვნულ გუნდთან ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალური შეხვედრა ჩაატარა და პენალტების სერიაში დაამარცხა.

საქართველომ საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვა

საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზეა!

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საპლეიოფო ფინალში საბერძნეთს უმასპინძლა. მატჩს უდიდესი ღირებულება ჰქონდა – გამარჯვებული ევრო 2024-ზე ითამაშებდა. მეტად დაძაბულ და ხისტ მატჩში საბოლოოდ გამარჯვება საქართველოს დარჩა.

 

ფაქტები

  • საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი გამარჯვება, 1:0 ხორვატიასთან, 26 მარტს დაფიქსირდა.
  • 1960 წლიდან დღემდე ევროპის ყველა ჩემპიონატზე იყო მინიმუმ ერთი დებიუტანტი. ევრო 2024-ზე საქართველოს გასვლის შემთხვევაში ეს ტრადიცია კვლავ გაგრძელდებოდა. ჩვენი გუნდის გარდა პლეი ოფში მოთამაშე დანარჩენ 5 გუნდს და უკვე საგზურის მფლობელ 21-ს მინიმუმ ერთხელ მაინც უასპარეზია ევროპირველობაზე.
  • 26 მარტის ფინალურ მატჩამდე საქართველოს ნაკრებს საბერძნეთთან 2 ფრე და 7 წაგება ჰქონდა.

ვილი სანიოლმა ​დისკვალიფიკაციის შემდეგ დაბრუნებული ხვიჩა კვარაცხელია შემადგენლობაში გიორგი მიქაუტაძის ნაცვლად დააყენა. ბერძნებმა ხვიჩა კვარაცხელიას მარწუხებში მოქცევა და მაღალი პრესინგით თამაში სცადეს. ასეთი თამაშის სტილი ბერძნებისთვის დამახასიათებელია. სწორედ ასეთი თამაშით მოიგეს 2004 წელს ევროპის ჩემპიონატი.

უპირატესობა საბერძნეთის ნაკრებმა მოიპოვა, ბურთს აკონტროლებდა და უფრო მეტად უტევდა. თუმცა, პოლონელი არბიტრის საქციელი ზოგჯერ უცნაურ შთაბეჭდილებას ტოვებდა, რადგან ქართველ ფეხბურთელებთან, განსაკუთრებით, ხვიჩა კვარაცხელიასთან უხეშობაზე თვალებს ხუჭავდა. ხვიჩას ციმიკასმა სახეში იდაყვი მაგრად მოარტყა, მაგრამ სტუმართა მიმართულებით ჯარიმაც არ დაინიშნა.

საქართველოს ნაკრები შეტევების წამოწყებას ახერხებდა, რომლის განვითარება და გამწვავება მეტოქის მკაცრი პრესინგის პირობებში უჭირდა. ამის გამო, გიორგი ქოჩორაშვილმა შორიდან სცადა კარის აღება, მაგრამ მიზანს ააცილა.

45-ე წუთზე სახიფათო მომენტი საჯარიმოს შესრულების შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძემ შექმნა – ბურთი მეკარემ კუთხურზე მოიეგრია, რასაც კიდევ ერთი მწავევე შეტევა მოჰყვა, მაგრამ კვირკველაის დარტყმამ მიზანს ვერ მიაღწია.

ტაიმის დასრულების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას და გეორგიოს მასურასის კონფლიქტში სათადარიგოები ჩაერთვნენ და არბიტრმა წითელი ბარათი აჩვენ სტუმართა სამწვრთნელო სტაფის წევრს და გიორგი ლორიას, ხოლო რამდენიმე მოთამაშეს – ყვითელი ბარათები.

პირველი ტაიმის ბოლო წუთებზე განხორციელებულმა შტურმმა „ჯვაროსნებზე“ კარგად იმოქმედა და მეორე ნახევარი უფრო თამამად დაიწყეს. თუმცა, ბერძნები დაცვაში საიმედოდ თამაშობდნენ. დაძაბული მეორე ტაიმი უგოლოდ დასრულდა, დამატებითი დრო დაინიშნა და ყველაფერი თავიდან დაიწყო.

პირველი დამატებითი დრო სტუმრებმა უკეთ დაიწყეს. სახიფათო იყო ტასოს ბაკასეტასსი დარტყმა, რომელიც გიორგი მამარდაშვილმა კუთხურზე მოიგერია. კონსტანტინოს მავროპანოსმა კი სტანდარტულის შემდეგ ბურთი ძელს მოარტყა.

დამატებულ დროში შესანიშნავი შანსი შექმნა მიქაუტაძემ, რომელმაც გადაცემა ჩაჭრა და მეკარესთან პირისპირ რჩებოდა, მაგრამ მცველი ჩაუდგა და დავითაშვილი მოძებნა საჯარიმოში, რომელსაც მეკარემ ურთულესი დარტყმა აუღო და სტუმრები გადაარჩინა.

მეორე დამატებულ წუთზე ხვიჩა კვარაცხელია დაშავდა და მოედანი დატოვა, მაგრამ გუნდის განწყობა ისევ საბრძოლო იყო. გიორგი წიტაიშვილმა შესანიშნავი დრიბლინგით სცადა დაცვის გარღვევა და საჯარიმოში შევარდნილმა კარში დაარტყა, მაგრამ მცველი გადაეღობა და ხიფათი განმუხტა. ბოლო წუთზე კი გიორგი მიქაუტაძემ სცადა გატანა, ისევ ააცილა და პენალტების სერია დაინიშნა.

 

27 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

 

ვერძი

სანამ დასკვნებს გამოიტანთ, ეცადეთ, შექმნილი სიტუაცია კარგად შეისწავლოთ. ამ დღეს ასაკით უფროს ადამიანებთან ურთიერთობა სასარგებლოა – მათი სიბრძნე და ცხოვრებისეული გამოცდილება ძალიან დაგეხმარებათ. თუ დაქორწინებული არ ხართ, მალე შეხვდებით ადამიანს, რომელიც თავდავიწყებით შეგიყვარდებათ.

კურო

ამ დღეს გარშემომყოფებისგან ბევრ საქებ სიტყვას მოისმენთ. ეს ნამდვილად დაიმსახურეთ, რადგან ბევრისთვის საუკეთესო მეგობარი იყავით და ბევრჯერ დაეხმარეთ. მშვენიერი დღეა ახალი საქმიანი კავშირების დამყარების და ძველის გაძლიერებისთვის. შანსი გაქვთ, სპონსორი იპოვოთ, რომელიც თქვენს ბიზნესპროექტებს დააფინანსებს.

ტყუპები

მხოლოდ იმიტომ, რომ „მარცხენა ფეხზე ადექით“, ადამიანები არ უნდა შეურაცხყოთ და თქვენთვის ძვირფასი ურთიერთობა არ უნდა გააფუჭოთ. მით უმეტეს, რომ მეორე დღესვე ყველაფერს სხვანაირად შეაფასებთ და შეიძლება საკუთარი საქციელი სანანებლად გაგიხდეთ. საღამოს, გირჩევთ უცნობ ადამიანებთან ურთიერთობა მინიმუმამდე შეამციროთ და ფული დაუფიქრებლად არ დახარჯოთ.

კირჩხიბი

უმიზეზო ნერვიულობით საკუთარ თავსაც და გარშემო მყოფებსაც განწყობას გაუფუჭებთ. ეცადეთ, მოდუნდეთ და ბრაზი იმ ადამიანებზე არ იყაროთ, ვისაც თქვენს ცუდ განწყობასთან საერთო არაფერი აქვს. ოჯახურ პრობლემებზე ფიქრი მუშაობაში ხელს გიშლით, ამიტომ ეცადეთ, ოჯახის საქმეები ოჯახში დატოვოთ და სამსახურში მუშაობისთვის განეწყოთ. საქმიანი მოლაპარაკებები თქვენთვის სასურველი სცენარით განვითარდება, მაგრამ ყველა დაპირებას, რომელსაც დღეს მოისმენთ, არ უნდა დაუჯეროთ.

ლომი

ვარსკვლავები ხელსაყრელ და წარმატებულ დღეს გპირდებიან. გახსოვდეთ, რომ რობოტი არ ხართ და დროდადრო დასვენება გჭირდებათ. მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ თქვენი მონდომება შენიშნოს, ჯანმრთელობა არ უნდა დაიზიანოთ. ამ დღეს აღმოაჩენთ კავშირს ფაქტებსა და მოვლენებს შორის, რომლებიც ადრე შემთხვევითი გეგონათ. ადამიანს, რომელიც ადრე ბევრჯერ დაგეხმარათ, შეიძლება თქვენი დახმარება დასჭირდეს.

ქალწული

ეცადეთ, პროფესიულ საქმიანობაში მეტი შემოქმედებითი უნარი გამოიჩინოთ. ამით საჭირო ადამიანების ყურადღებას მიიპყრობთ და შეიძლება ხელსაყრელი შეთავაზებები მიიღოთ. ნუ მისცემთ შურიან კოლეგებს უფლებას, რომ თქვენზე ჭორები გაავრცელონ და ავტორიტეტი შეგილახონ. დააფასეთ პარტნიორი, რომელიც ხშირად თქვენს აუტანელ ხასიათს ითმენს და აგრძნობინეთ, რომ საჭირო დროს ყოველთვის მის გვერდით იქნებით.

სასწორი

დაწყება ყოველთვის რთულია, ამიტომ ნუ ინერვიულებთ, თუ რაღაც პირველივე ცდაზე არ გამოდის. შეგიძლიათ მეგობარს ან კოლეგას დახმარება სთხოვოთ, მაგრამ არასოდეს დანებდეთ. სავარაუდოდ, სამსახურში პროფესიულ უთანხმოებებს დაძლევთ და გუშინდელი ოპონენტი თქვენი საუკეთესო მოკავშირე გახდება. ზოგადად, პროფესიული თვალსაზრისით, ძალიან წარმატებული დღეა, თუმცა სწრაფი შედეგის იმედი ნუ გექნებათ.

მორიელი

დროა, გეგმების შედგენიდან მოქმედებაზე გადახვიდეთ და გარშემო მყოფებს და საკუთარ თავს დაუმტკიცოთ, რომ სურვილის შემთხვევაში ბევრის მიღწევა შეგიძლიათ. გამორიცხული არ არის, რომ მეგობართან, დამსაქმებელთან ან პარტნიორთან ურთიერთობა გაწყვიტოთ. თავდაჯერება გეხმარებათ, რომ რთულ სიტუაციაში არ დანებდეთ. ასე გააგრძელეთ!

მშვილდოსანი

ეცადეთ, სირთულეებს მომზადებული შეხვდეთ და თავისუფალი დრო პოზიციების გაძლიერებას დაუთმოთ. გაუფრთხილდით საკუთარ დროს და ნერვებს. ხელსაყრელი დროა ახალი საქმიანი კავშირების დამყარების და ძველის გაძლიერებისთვის. ნებისმიერ ოფიციალურ ღონისძიებაზე თავს ძალიან კომფორტულად გრძნობთ. საღამოს ოჯახის წევრებისგან კარგ რჩევას, მორალურ მხარდაჭერას ან ფინანსურ დახმარებას მიიღებთ.

თხის რქა

წლების წინ ყველა საქმეს თავად უმკლავდებოდით და დახმარება არ გჭირდებოდათ, მაგრამ დრო გადის და შეხედულებები და ფასეულობები იცვლება, ამიტომ დახმარების თხოვა ნუ მოგერიდებათ. ყურადღებას ნუ მიაქცევთ ჭორებს, რომლებიც შეიძლება პარტნიორზე მოისმინოთ და საერთოდ, ჭორიკანა ადამიანებისგან თავი შორს დაიჭირეთ. ეცადეთ, საკუთარი ქმედებები თავად აკონტროლოთ და არავის მისცეთ უფლება, თქვენი მანიპულირება მოახდინოს.

მერწყული

დაბრკოლებების დაძლევის შემდეგ დამსახურებული ჯილდოს მიღებაში ხელს არაფერი შეგიშლით. ეცადეთ, მოთმინება გამოიჩინოთ. სანამ საყვარელ ადამიანთან კამათს დაიწყებთ, ჯობია, საკუთარ აზრებში გაერკვეთ. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, უფროსი ნათესავებისგან ფინანსური დახმარება მიიღოთ.

თევზები

ამ დღეს ყველაზე მეტად რუტინული სამუშაო გაღიზიანებთ. ეცადეთ, შემოქმედებითი მიდგომა გამოიჩინოთ და გარშემო მყოფი ადამიანები თქვენი უნარებით გააოცოთ. სასურველია, დღის მეორე ნახევარი ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად გაატაროთ.

 

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას გენერალ-მაიორი ბეტინა ბუღანი უხელმძღვანელებს

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ახალი ხელმძღვანელი, გენერალ-მაიორი ბეტინა ბუღანი ჰყავს. ის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას 2024 წლის 14 დეკემბრამდე უხელმძღვანელებს.

ევროპული საბჭოს ინფორმაციით, ბუღანი საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის ოფიცერია, რომელსაც საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტაბილიზაციის მისიებში დიდი გამოცდილება აქვს. ის მუშაობდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე გაერო-ში, ასევე საფრანგეთის ჟანდარმერიასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ბეტინა ბუღანი დიმიტრიოს კარაბალისს შეცვლის.

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 71-ე სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამოქმედო გეგმა ყველა უწყების ჩართულობით დამუშავდა და ის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყველა მიმართულებას მოიცავს.

სხდომაზე ასევე მოისმინეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2023 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიში.

აღნიშნულ საკითხებზე მომხსენებლები იყვნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია და პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი.

სხდომაზე განიხილეს ევროპის ერთიან ბაზარზე ინტეგრაციის პერსპექტივები ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის პრინციპების საფუძველზე.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და უახლოესი მომავლისთვის საქართველოს მთავრობის მიზანია ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება.

სხდომაზე ასევე განიხილეს ევროპული საბჭოს მიერ განსაზღვრული 9 პრიორიტეტის სამოქმედო გეგმა, ერთიანი ევროს გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ახალი მოთხოვნები და ევროკავშირთან სამართლებრივი დაახლოების პროცესის დაგეგმვის, განხორციელებისა და მონიტორინგისთვის საჭირო ეფექტური ღონისძიებები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიის ელჩს შეხვდა

საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ პარტნიორობასა და ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პიტერ ფიშერმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

განიხილეს  ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული  პროგრესი. ხაზგასმით  აღინიშნა გერმანიის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში. პრემიერ-მინისტრმა ევროპული ღირებულებებისადმი საქართველოს მთავრობის ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა.

აღინიშნა, რომ ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, რომელიც ახლო მომავალში იგეგმება.

ირაკლი კობახიძემ დიპლომატს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართ გერმანიის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

სტრასბურგის სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო

სტრასბურგის სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო. ამის შესახებ გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

„ძალიან ვწუხვარ, მაგრამ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო ჩემი სარჩელი. ერთმა მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ საქმე საერთოდ არ განიხილება და მან ისეთი ვერაფერი დაინახა საქმეში, რაც მსოფლიოს ყველა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ დაინახა და ხმამაღლა გააპროტესტა. მართალია, სამწუხარო ამბავია, მაგრამ „რუსთავის 2“-ის საქმეზე ამავე სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ჩემთვის გასაკვირი ნამდვილად არაა. არა უშავს, შეიცვლება ხელისუფლებაც, შეიცვლება სასამართლოც და ყველა პოლიტიკური საქმის ყველა დეტალს დაწვრილებით გავიგებთ, ჩვენც და ევროპული სასამართლოც“, – წერს გვარამია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას სამი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე. 2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაჩენი ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს. უზენაესმა სასამართლომ კი გვარამიას საქმე განსახილველად არ მიიღო.

ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოში სწორედ ამ საქმეს ასაჩივრებდა.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია 2023 წლის 22 ივნისს შეიწყალა.

 

ქობულეთის რამდენიმე სკოლიდან ევაკუაცია განხორციელდა

ქობულეთის N1, N2, N3, N5 და N6 საჯარო სკოლებიდან ევაკუაცია განხორციელდა.

აღნიშნული ინფორმაციის შესახებ ადგილობრივი მედიაც ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, უსაფრთხოების ზომები მას შემდეგ მიიღეს, რაც მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ადმინისტრაციას აცნობეს, რომ შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ წერილი მიიღეს სოციალური ქსელით.

დირექციამ კი რესურსცენტრთან შეთანხმებით, უსაფრთხოების მიზნით, ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო.

თბილისსი „ლიბერთი ბანკის“ ფილიალთან მომხმარებელმა მეორე მოხმარებული დაჭრა

თემქაზე, ლიბერთი ბანკის ფილიალთან მომხმარებელმა მეორე მოხმარებული დაჭრა. ერთმა პირმა მეორეს  დანით ჭრილობები მუცლის არეში მიაყენა.

გავრცელებული ცნობით,  დაჭრას წინ კონფლიქტი უძღოდა. ერთ-ერთი მომხმარებელი ბანკის მენეჯერს ეჩხუბებოდა, რა დროსაც მას რამდენიმე მომხმარებელი გამოესარჩლა. კონფლიქტმა შემდეგ ქუჩაში გადაინაცვლა.

დაჭრილი კაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

წინასწარი ცნობით, დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია.

ზელენსკიმ დანილოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსეი დანილოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ალექსეი დანილოვს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის პოსტი ეკავა.

მედიის ცნობით, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის პოსტზე საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ალექსანდრ ლიტვინენკო დაინიშნა.

ფლორიდის შტატში 14 წლამდე ასაკის ბავშვებს სოციალურ მედიაში ანგარიშების შექმნა აეკრძალებათ

აშშ-ის ფლორიდის შტატის გუბერნატორმა რონ დესანტისმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მოზარდებს სოციალურ მედიაზე წვდომას უზღუდავს. როგორც Deutsche Welle წერს, კანონი ძალაში 2025 წლის 1 იანვრიდან შევა და მისი ამოქმედების შემდეგ, 14 წლამდე ბავშვებს სოციალურ მედიაში ანგარიშების შექმნა აეკრძალებათ.

„გუბერნატორმა რონ დესანტისმა ამ კანონს ხელი მოაწერა სოციალური ქსელების ნეგატიური გავლენისგან ბავშვების დაცვის მიზნით“, – წერს გუბერნატორის ოფისის წარმომადგენელი სოციალურ ქსელ X-ში. 

უფრო კონკრეტულად, 13 და უფრო პატარა ასაკის ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებში ანგარიშების შექმნა სრულად აიკრძალება, ხოლო 14 და 15 წლის ასაკის მოზარდებს სოციალური ქსელების გამოსაყენებლად მშობლების თანხმობა დასჭირდებათ.