Home Blog Page 1218

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

სამსახურში კოლეგების დახმარება და მათი პრობლემების მოგვარება დიდ დროს წაგართმევთ და შესაძლოა, საკუთარი მოვალეობა ვერ შეასრულოთ. მზად იყავით მენეჯმენტისგან კრიტიკისთვის და ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. მომავალზე და მიზნის მიღწევის გზებზე ძალიან ბევრს ფიქრობთ, მაგრამ ზოგჯერ მიმდინარე პრობლემები გავიწყდებათ. თავი შეიკავეთ ფინანსური საკითხების განხილვის, დოკუმენტებზე ხელის მოწერისა და ახალი ვალდებულების აღებისგან.

კურო

დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია სირთულეები და უსიამოვნებები, თუმცა სიტუაცია თანდათან უკეთესობისკენ შეიცვლება. თქვენ იპოვით რთული პრობლემის მოგვარების გზას, რომელსაც სხვები ვერ გაუმკლავდნენ. ასევე საბოლოოდ მიიღებთ პასუხებს კითხვებზე, რომლებიც დიდი ხანია გაწუხებთ. ხელსაყრელი დღეა გარიგებებისთვის. ამ დღეს ფინანსურ საქმეებში არ ცდებით.

ტყუპები

მშვენიერი დღეა იმისთვის, რომ საკუთარი მიზნების შესახებ ხმამაღლა განაცხადოთ. გამორიცხული არ არის, რომ თქვენი იდეებით გავლენიანი ადამიანები დაინტერესდნენ. მხარდაჭერა, რომელსაც მიიღებთ, ძალიან დაგეხმარებათ. თავი შეიკავეთ საეჭვო ფინანსურ ოპერაციებში მონაწილეობისგან და ეცადეთ, საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება მიაქციოთ. მას ახლა თქვენი მზრუნველობა და გაგება უფრო მეტად სჭირდება, ვიდრე ოდესმე.

კირჩხიბი

წარმატების მისაღწევად მეტი სერიოზულობა გჭირდებათ. იმედი ნუ გექნებათ, რომ ყველაფერი თავისთავად, თქვენი ძალისხმევის გარეშე მოგვარდება. ფრთხილად იყავით – წარუმატებელი შესყიდვები და ტრანზაქციები ფინანსურად დაგაზარალებთ. შრომითი ხელშეკრულება ყურადღებით წაიკითხეთ და ნუ ენდობით მათ, ვინც ძალიან ბევრს გპირდებათ. შესაძლოა, ძველ პარტნიორთან თანამშრომლობა განაახლოთ. საკუთარ თავს უარს არაფერზე ეუბნებით, ამიტომ ბევრი დაუგეგმავი ხარჯი გელით.

ლომი

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. შესაძლოა, ბევრ საქმეში შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწიოთ. სირთულეების და სიახლეების არ გეშინიათ. სწორედ ასეთი განწყობა დაგეხმარებათ, რომ კონკურენტები უკან ჩამოიტოვოთ. იცით, ხელსაყრელი დღეა პირადი ურთიერთობების თვალსაზრისითაც. შეგიძლიათ საყვარელ ადამიანებთან ერთად განიხილოთ ყველაფერი, რაც გაწუხებთ და რაზეც ნერვიულობთ.

ქალწული

რთული, მაგრამ საინტერესო დღეა. დღის პირველ ნახევარში მცირე სირთულეებს ადვილად გაუმკლავდებით. შესაძლოა, ბიზნესპარტნიორებმა იმედი გაგიცრუონ, მაგრამ ეს მიზნების მიღწევაში ხელს არ შეგიშლით – უკვე მიეჩვიეთ, რომ მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დაეყრდნოთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია სირთულეები – ვიღაცას თქვენი ხუმრობა ან უწყინარი შენიშვნაც კი აღიზიანებს, თუმცა ხვალ ეს მცირე ინციდენტი არავის ემახსოვრება.

სასწორი

დაძაბული დღეა. საკუთარი თვალსაზრისის დაცვა და გეგმების განხორციელება სრულიად მარტოს მოგიწევთ. ნუ იქნებით გულწრფელი ადამიანებთან, რომლებსაც კარგად არ იცნობთ. უმჯობესია, საკუთარი და სხვისი საიდუმლოებები თქვენთვის შეინახოთ. არახელსაყრელი დღეა ფინანსური საკითხების განხილვისთვის. მოერიდეთ გადაღლას. რაც უფრო მეტ დროს დაუთმობთ დასვენებას, თავს მით უფრო უკეთესად იგრძნობთ.

მორიელი

ამ დღეს ახლობელ ადამიანებთან საუბარი და მათი პრობლემების მოგვარება დიდ დროს წაგართმევთ და საკუთარი საქმის დასრულებაში ხელს შეგიშლით. არახელსაყრელი დღეა საჯარო გამოსვლებისა და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებისთვის. როგორი გეგმებიც არ უნდა გქონდეთ ამ დღისთვის, გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი საქმე სერიოზულობას მოითხოვს.

მშვილდოსანი

საინტერესო, მოვლენებით დატვირთული დღეა. შესაძლოა, თანამოაზრეები იპოვოთ და გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერა მოიპოვოთ. ეცადეთ, ინიციატივა უფრო ხშირად გამოიჩინოთ – თქვენი იდეები საყოველთაო მოწონებას დაიმსახურებს. ფინანსური და კომერციული საქმიანობა წარმატებული იქნება. გირჩევთ, საქმიანი შეხვედრები არაფორმალურ გარემოში დანიშნოთ, რაც პარტნიორის უკეთ გაცნობაში დაგეხმარებათ.

თხის რქა

დახმარების იმედი ნუ გექნებათ – ამ დღეს წარმატების მისაღწევად მხოლოდ საკუთარ ძალებს უნდა დაეყრდნოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, თქვენ გარშემო განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით დააკვირდეთ – შეიძლება რაიმე მნიშვნელოვანი შენიშნოთ. ნებისმიერი მნიშვნელოვანი საკითხი მაქსიმალური სიმშვიდით უნდა განიხილოთ. გახსოვდეთ, რომ თქვენი ფეთქებადი ხასიათი ურთიერთობებში ხელს გიშლით. გარიგებების დადებამდე ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე უნდა შეაფასოთ.

მერწყული

ამ დღეს გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში სრული იდილია და ურთიერთგაგება სუფევს. ახლობელ ადამიანებს თქვენი უთქმელადაც ესმით, რაც საშუალებას მოგცემთ, ხელსაყრელი გარიგება დადოთ ან თანამშრომლობაზე შეთანხმდეთ.

თევზები

ამ დღეს ფინანსურ საქმეებში განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. წარუმატებელი შესყიდვები და გარიგებები სერიოზულად დაგაზარალებთ. სანამ მნიშვნელოვან დოკუმენტზე ხელს მოაწერთ, ეცადეთ, ყველა საკითხი გულმოდგინედ შეისწავლოთ და თუ საჭიროა, სპეციალისტთან კონსულტაცია გაიაროთ. ამ დღეს ნებისმიერი წვრილმანი გაღიზიანებთ, ამიტომ მცირე კონფლიქტები გარდაუვალია.

კობა კობალაძე აშშ-ს შრომის დეპარტამენტის მდივნის თანაშემწეს, ჯეიმს როდრიგესს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ოფიციალური ვიზიტით, ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, კობა კობალაძემ შეხვედრა გამართა აშშ-ს შრომის დეპარტამენტის მდივნის თანაშემწესთან, ჯეიმს როდრიგესთან.

ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე, კობა კობალაძემ იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა, ჯეიმს როდრიგესის რეკომენდაციით განახორციელა. საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებს, სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრს, რომელიც ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალში გაიხსნა; განათლების მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებს და,ასევე, მოხალისეთა ორგანიზაციას _ ა(ა)იპ„ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“, რომელიც გასულ წელს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, თავდაცვის სამინისტროსა და “გენერალთა კლუბის” ერთობლივი ძალისხმევით ჩამოყალიბდა.

კობა კობალაძემ, ჯეიმს როდრიგესს მადლობა გადაუხადა თანადგომისა და იმ რეკომენდაციებისთვის, რომლებიც, მან,გასულ წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფ კობა კობალაძესთან შეხვედრაზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს მისცა.

შეხვედრაზე, მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს მიმართ გამოხატულ თანადგომაზე, ჰუმანიტარული პროექტებზე, თავდაცვის სფეროში გაწეული დახმარებებსა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობაზე, რასაც ამერიკა, დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, ჩვენს ქვეყანაში ახორციელებს.

ჯეიმს როდრიგესის განცხადებით,პროექტები, რომლებიც საქართველოში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში განახორციელა, მნიშვნელოვანი პროგრესია.

” ეს შესანიშნავი და წინ გადადგმული ნაბიჯია. სახელმწიფო, რომელიც ზრუნავს ვეტერანებზე, ამით სტიმულს აძლევს ახალგაზრდობას, იზრუნონ საკუთარ ქვეყანაზე და ღირსეულად ემსახურონ მას. სარეაბილიტაციო პროგრამები აუცილებელია ვეტერანებისთვის, რადგან მათი ფიზიკური და მენტალური რეაბილიტაცია ხანგრძლივი პროცესია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის.

მე ყოველთვის ვაძლევ კომპანიებს რეკომენდაციას,დაასაქმონ ვეტერანები და გამოიყენონ მათი რესურსი საზოგადოების საკეთილდღეოდ და სასარგებლოდ. მოხარული ვარ, რომ თქვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგით ამ მიმართულებით. იმედი მაქვს, მექნება შესაძლებლობა, წლის ბოლოს, ვესტუმრო საქართველოს, პირადად გავეცნო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მუშობას და ქართველ ვეტერანებს“, – განაცხადა ჯეიმს როდრიგესმა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ: აშშ-ს შრომისა და დასაქმების დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსი, კარლა ლანგჰემი და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის მოადგილე, ხათუნა კვესელავა.

ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, კობა კობალაძე აშშ-ს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრებს განაგრძობს.

“მინდა გულწრფელი მწუხარება გამოვთქვა, რომ ჩემი სატელეფონო საუბრის კონკრეტული ნაწილი კონტექსტიდან იქნა ამოღებული”-ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი

x

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გაკეთებულ განცხადებაზე მინდა, გამოვხატო გულწრფელი მწუხარება, რომ ჩემი სატელეფონო საუბრის გარკვეული ნაწილი კონტექსტიდან იქნა ამოგლეჯილი, – ამის შესახებ აღნიშნულია სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის განცხადებაში.

„როგორც ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებზე პასუხისმგებელი ევროკომისარი, რეგულარულ კონტაქტზე ვარ ჩემს პორტფელში შემავალ ქვეყნების მთავრობის წარმომადგენლებთან, რადგან საკომუნიკაციო არხები ყოველთვის ღია უნდა იყოს პირდაპირი პოლიტიკური მოსაზრებების გაცვლისთვის.

საქართველოს ამჟამინდელ პოლიტიკურ ვითარებაში, დიდი ძალისხმევა ჩავდე, რათა საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობას უარი ეთქვა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით, რომელმაც შეიძლება, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროკავშირის გზა.

რადგანაც კარგად ვარ გათვითცნობიერებული ქართული საზოგადოების ძალიან მძაფრი პროევროპული განწყობების შესახებ, ჩემი სატელეფონო საუბრისას საჭიროდ ჩავთვალე, რომ პრემიერის ყურადღება მიმეპყრო ამ კანონის მიღებით ისედაც მყიფე ვითარების არგამწვავების მნიშვნელობაზე, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს ისედაც მძიმე სიტუაციის გამწვავება, შემდგომი პოლარიზაცია და შესაძლო უკონტროლო სიტუაციები თბილისის ქუჩებში. ამასთან დაკავშირებით, სლოვაკეთის ბოლო ტრაგიკული მოვლენა იქნა მოყვანილი, როგორც მაგალითი და მითითება იმისა, თუ სად შეიძლება მიგვიყვანოს პოლარიზაციის ასეთმა მაღალმა დონემ საზოგადოებაში, თუნდაც ევროპაში.

კიდევ ერთხელ ვწუხვარ, რომ ჩემი სატელეფონო ზარის ერთი ნაწილი არა მხოლოდ მთლიანად იყო კონტექსტიდან ამოგლეჯილი, არამედ ისე იყო წარმოდგენილი საზოგადოებისთვის, რომ ამას შეეძლო, გამოეწვია ჩემი სატელეფონო ზარის თავდაპირველად განსაზღვრული მიზნის სრულიად არასწორად ინტერპრეტაცია.

კვლავ მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, არ მიიღოს ეს კანონი. ამას ვითხოვ, როგორც საქართველოს კარგად ნაცნობი და ამ დრომდე პატივცემული მეგობარი. ვაგრძელებ ქართველების მხარდაჭერას, რომლებიც განაგრძობენ ევროპული მომავლისთვის მუშაობას“,- განაცხადა ვარჰეიმ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია – „ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა… – „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“.

აშშ-ის სენატი საქართველოს პოლიტიკოსების წინააღმდეგ ორპარტიულ სასანქციო პაკეტს განიხილავს -Politico

აშშ-ის სენატი საქართველოს პოლიტიკოსების წინააღმდეგ ორპარტიულ სასანქციო პაკეტს განიხილავს.

ინფორმაციას გამოცემა Politico მოპოვებულ დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, სასანქციო კანონპროექტს სენატორები ჯინ შაჰინი (დემოკრატი) და ჯიმ რიში (რესპუბლიკელი) წარადგენენ, იგი მიმართული იქნება საქართველოს უმაღლესი დონის პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქვეყნის ევროკავშირისკენ გზისთვის ძირის გამოთხრაში.

“ქართველი ხალხის კანონი” (Georgian People’s Act) 23 მაისს იქნება წარდგენილი.

კერძოდ, Politico წერს, რომ სენატის კანონპროექტი ითვალისწინებს სამოგზაურო აკრძალვებს და სხვა სანქციებს ქართველი პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან “ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ხელის შეშლისთვის” და “კორუფციისთვის, ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის და უცხოური აგენტების კანონის წინ წაწევისთვის ან მისი მიღებისთვის ხელშეწყობაში”.

კანონპროექტი ასევე მოითხოვს აშშ-საქართველოს სტრატეგიული დიალოგის პერმანენტულ შეჩერებას, რომლის საშუალებითაც ქვეყნები ერთად მუშაობდნენ უსაფრთხოებისა და დემოკრატიის საკითხებზე.

Politico-ს თანახმად, “ქართული ოცნების” ოფიციალური პირების სამიზნეში ამოღების გარდა, ორპარტიული კანონპროექტი, ასევე, მოითხოვს მინიმუმ 50 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას “საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პროექტების მხარდაჭერაზე” და ქვეყანაში “მავნე უცხოურ გავლენებზე” კვლევების დაწყებაზე.

დიდ ბრიტანეთში, პალესტინის მხარდამჭერ აქციაზე ოქსფორდის უნივერსიტეტის 16 სტუდენტი დააკავეს

დიდ ბრიტანეთში, პალესტინის მხარდამჭერ აქციაზე ოქსფორდის უნივერსიტეტის 16 სტუდენტი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, მომიტინგეები უნივერსიტეტის ერთ-ერთ ოფისში შევიდნენ და ფანჯრიდან პალესტინის დროშა გადმოფინეს.

ამასთან, Oxford Action for Palestine Group-ის განცხადებით, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ პოლიცია მას შემდეგ გამოიძახა, რაც სტუდენტებმა დაიწყეს აქცია უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან, როგორც ეს მოხდა აშშ-ის კამპუსებში:

„აშკარაა, რომ ადმინისტრაციას ურჩევნია დაკავება, გაჩუმება და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენოს საკუთარ სტუდენტებს, ვიდრე დაუპირისპირდეს ისრაელის მხრიდან ღაზაში გენოციდის შესაძლებლობას“.

ამასთან, მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს, პოლიციელებსა და სტუდენტებს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ „გაუშვით“.

ოქსფორდის უნივერსიტეტში განაცხადეს, რომ პატივს სცემენ გამოხატვის მშვიდობიან ფორმას.

დემონსტრანტების მოთხოვნებს შორისაა უნივერსიტეტის მხრიდან იმ კომპანიებთან თანამშრომლობაზე უარის თქმა, რომლებიც ისრაელის არმიასთან არიან დაკავშირებული.

თავისუფლების მოედანზე “მაიდანი” ვერ შექმნეს და ახლა პირდაპირ ღია მუქარაზე გადმოვიდნენ-დიმიტრი ხუნდაძე

ჩვენმა დაუძინებელმა „მეგობრებმა“ „გლობალური ომის პარტიიდან“ საქართველო ომში ვერ ჩაითრიეს, „რუსულად მონათლული ტყუილი“ ვერ გაასაღეს, თავისუფლების მოედანზე „მაიდანი“ ვერ შექმნეს და ახლა ღია მუქარაზე გადმოვიდნენ, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დიმიტრი ხუნდაძე წერს.

როგორც ხუნდაძე წერს, დროა, ყველა დაფიქრდეს და საქართველოს მხარეს დადგეს.

„ჩვენმა დაუძინებელმა „მეგობრებმა“ „გლობალური ომის პარტიიდან“ საქართველო ომში ვერ ჩაითრიეს, „რუსულად მონათლული ტყუილი“ ვერ გაასაღეს, თავისუფლების მოედანზე „მაიდანი“ ვერ შექმნეს და ახლა პირდაპირ ღია მუქარაზე გადმოვიდნენ. ეს ყველაფერი სხვადასხვა მეგობარ ქვეყანაში უკვე ვიხილეთ: „მაიდანი“ და ომი უკრაინაში, პრემიერზე შეიარაღებული თავდასხმა სლოვაკეთში. აქედან გამომდინარე, ბევრი ბოლოდროინდელი ფაქტი უკვე ეჭვს იწვევს. დროა, ყველა დავფიქრდეთ და საქართველოს მხარეს დავდგეთ. საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვა უშუალოდ ჩვენი საქმეა და მისი მინდობა არავისზე შეიძლება. როგორც ჩანს, მსოფლიოც დასაცავი გახდა და ამის ერთადერთი იარაღი სიმართლეა. ორმაგი სტანდარტი, ლამაზი დროშების ფრიალი, შავი ფულის ინტერესი, ურწმუნოება და უსამშობლობა კაცობრიობას ჩიხში შეიყვანს, საიდანაც შესაძლოა, გამოსავალი ვეღარც მოიძებნოს. განსაკუთრებით რთული მოცემულობაა ჩვენ თვალწინ: ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში ომი, შენელებული კონფლიქტი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის, გადაუნაწილებელი უსაფრთხოების ზონები ზესახელმწიფოებს შორის, არჩევნები ევროკავშირში, საქართველოსა და ამერიკაში. ყველას თავისი უპირატესი ინტერესი აქვს და ჩვენ სამშობლოს სამშვიდობოს გაყვანის ვალდებულება გვაქვს, რასაც გონიერება, გაბედული გადაწყვეტილებები სჭირდება“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

“რუსეთი უმოწყალოდ უტევს, უკრაინა თავს იცავს: მოსკოვი 2022 წლის აგვისტო-სექტემბერში დატოვებულ ტერიტორიას ისევ იკავებს”-The New York Times

აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “რუსეთი უმოწყალოდ უტევს, უკრაინა თავს იცავს: მოსკოვი 2022 წლის აგვისტო-სექტემბერში დატოვებულ ტერიტორიას ისევ იკავებს”
(ავტორი – ენდრიუ კრამერი), რომელშიც განხილულია უკრაინის ხარკოვის ოლქში მიმდინარე ბრძოლები: რუსეთის არმიის შეტევა, უკრაინის არმიის თავდაცვა, ფრონტის ხაზზე შექმნილი პრობლემები, სამოქალაქო მოსახლეობის მდგომარეობა და საომარი მოქმედებების პერსპექტივა.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

რუსეთის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების გადამწყვეტ მომენტში, როცა უკრაინის არმია მოსკოვის ჯარებს დევნიდა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან (ხარკოვის ოლქიდან) 2022 წლის აგვისტო-სექტემბერში, პატარა უკრაინული ქალაქის ვოლჩანსკის პოლიციის უფროსმა ამაყად აღმართა ყვითელ-ცისფერი სახელმწიფო დროშა გათავისუფლებული ქალაქის ადმინისტრაციის შენობაზე.
მას შემდეგ წელიწადნახევარი გავიდა. რუსები დაბრუნდნენ. გასულ კვირას იგივე პოლიციის უფროსი ალექსი ხარკოვსკი იმავე ვოლჩანსკის ცეცხლმოდებულ ქუჩებში ცდილობდა, რომ ქალაქში დარჩენილი მცირერიცხოვანი მოსახლეობა უსაფრთხო ადგილზე გაეყვანა და მოახლოებული რუსული ქვედანაყოფებისათვის გაესწრო.

„რუსები სადაც არ უნდა მივიდნენ, ისინი ყველაფერს მიწასთან ასწორებენ“, – ამბობს ალექსი ხარკოვსკი კრემლის სამხედრო ქვედანაყოფების გააფთრებულ შეტევაზე და მათ ტაქტიკაზე „გადამწვარი მიწის“ პრინციპით.

10 მაისს, რუსეთის ჯარებმა უკრაინის საზღვრის მონაკვეთი გადალახეს და მილიონიანი ხარკოვის მიმართულებით დაიძრნენ. სამხედრო ანალიტიკოსების თქმით, უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქის ასაღებად რუსებს ძალები არ ეყოფათ, მაგრამ მათ შეუძლიათ ქალაქთან ახლოს მივიდნენ და არტილერიით ჭურვები დაუშინონ და, შესაბამისად, ლტოლვილი მოსახლეობის ნაკადის გაზრდა გამოიწვიონ.

სამხედრო თვალსაზრისით, რუსეთის არმიის „ნახტომი“, როგორც ჩანს, მოწოდებულია იმისთვის, რომ კიდევ უფრო დასუსტდეს ისედაც „შეფერთხილი“ უკრაინის არმიის პოტენციალი, მოიხსნას დონბასის ფრონტიდან სამხედრო ქვედანაყოფები (ანუ მოხდეს ფრონტის ხაზის „გაშიშვლება“ იქ, სადაც რუსეთი საზაფხულო შეტევას ამზადებს) და ისინი ხარკოვის დასაცავად იქნენ გადასროლილი. გარდა ამისა, სახეზეა მადესტაბილიზებელი ეფექტი: ათი ათასობით შეშინებული და დევნილი ადამიანი, ლტოლვილები, რომლებიც საზღვრისპირა რეგიონიდან ქვეყნის სიღრმეში სასოწარკვეთილები მიემართებიან
ერთკვირიანი ბრძოლების შემდეგ უკრაინის არმიის ნაწილებმა უკან დაიხიეს და საფორტიფიკაციო ნაგებობებით უფრო კარგად აღჭურვილ ხაზზე შეჩერდნენ, სადაც ღრმა ტრანშეები, ბეტონის ბუნკერები და „დრაკონის კბილებია“ განლაგებული.

კიევის არმიას არ ჰყოფნის ცოცხალი ძალა და საბრძოლო მასალები, მაგრამ უკრაინელი ჯარისკაცები მაინც მედგრად იბრძვიან და მტერს წინსვლა ასობით მებრძოლის სისხლის ფასად უჯდება.

ამერიკელი კონგრესმენების მიერ უკრაინისათვის დახმარების გაჭიანურების გამო რუსებმა შეძლეს ქალაქ ავდეევკისა და მის ახლოს მდებარე სოფლების დაკავება. ბუნებრივია, ასეთ სიტუაციაში კიევი იძულებულია გარკვეული ტერიტორიები დათმოს და უკან დაიხიოს. გასაგებია იმ ადამიანების მძიმე მდგომარეობაც, რომლებმაც ევაკუირება ვერ მოასწრეს და ფრონტის ხაზის მიღმა დარჩნენ.

65 წლის ვასილ გოლობოროდკო, პენსიონერი ავიამექანიკოსი, თავდაპირველად მშობლიურ სოფელში დარჩა. მისი სახლიდან შეიძლებოდა იმის დანახცა, თუ როგორ ამაგრებდნენ უკრაინელი ჯარისკაცები ახალ ფრონტის ხაზს უკან დახევის შემდეგ, მაგრამ მოგვიანებით, როცა რუსები სოფლის გარეუბნებში გამოჩნდნენ, ვასილიც იძულებული გახდა სახლი მიეტოვებინა. „ძლივს მოვასწარით გამოსვლა“, – ამბობს იგი „ნიუ-იორკ თაიმსის“ კორესპონდენტთან საუბრისას, – „მთელი ჩვენი ავლადიდება, შინაური ფრინველები და ცხოველები, კატაც და ძაღლიც, სოფელში დარჩა ბედის ანაბარად“.

ჩვენ, ჟურნალისტთა ჯგუფი, ხარკოვიდან ფრონტის ხაზისკენ რომ მივდიოდით, უკან მივყვებოდით სამხედრო პიკაპებს და ჯავშანტექნიკას, ფრონტის ხაზიდან კი სამოქალაქო მოსახლეობა ხარკოვისაკენ მოდიოდა – მსუბუქი ავტომანქანებით, ოჯახური ქონებით და სურსათით დატვირთულნი. გზა ბევრგან ჭურვებით იყო გადათხრილი, მწვანეში ჩაფლულ სოფლებში სახლებს კვამლი ასდიოდა და იწვოდნენ.

„რუსების სამოქმედო ტაქტიკა ახლა რადიკალურად არის შეცვლილი, შემოჭრის დროსთან შედარებით“, – გვეუბნება კაპიტანი პეტრე ლევკოვსკი, უკრაინის არმიის მე-13 ბრიგადის ოპერატიული ბატალიონის შტაბის უფროსი, – 2022 წლის თებერვლის ბოლოს ისინი ხარკოვისაკენ კოლონებით მოდიოდნენ და ფიქრობდნენ, რომ მოსახლეობა მათ ხელგაშლით შეხვდებოდა. ახლა კი რუსები ჯერ არტილერიის ცეცხლით ყველაფერს დაანგრევენ, გადაბუგავენ, შემდეგ კი მცირე ჯგუფებით სხვადასხვა მიმართულებით შეტევებს იწყებენ. ვიცით, რომ ისინი ცოცხალს არავის არ ტოვებენ“.

შევდივართ სოფელ ბელი კოლოდეზში, სადაც მოსახლეობა ევაკუაციისათვის ემზადება. „სწრაფად, სწრაფად!“, – აჩქარებს მათ ვიტალი კილჩიკი, 110-ე ბრიგადის კაპელანი, – „ნუ ზიხართ და ნუ ელოდებით, ვოლჩანსკის მოსახლეობის მსგავსად, რომლებმაც საბოლოო ჯამში, ძლივს გამოასწრეს ქალაქიდან“.

ვოლჩანსკელი დარია სოროკალეტოვა, 40 წლის ქალი, მშობლიური სახლის დატოვებას აჭიანურებდა. და როცა იგი ქუჩაში გამოვიდა, შენობას ჭურვი მოხვდა და მთლიანად დაანგრია. „იქ არაფერი არ გადარჩენილა, დაბრუნება შეუძლებელია“.

რუსეთმა უკვე დაიკავა 130 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია და ათზე მეტი სოფელი, რომელთა უმეტესობა საარტილერიო დაბომბვით მიწასთან არის გასწორებული. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის არმია უკან გეგმაზომიერად იხევს და თავდაცვის მეორე და მესამე ხაზზე მაგრდება.

უკრაინელ გენერლებს წინ ერთგვარი „აბა, გამოიცანი“ (თამაში-გამოცანა) ელოდებათ: ის, თუ რამდენად ღრმად წაიწევენ რუსები და რამდენად გაუწევენ წინააღმდეგობას უკრაინელები, ბევრად არის დამოკიდებული მხარეთა ჯარისკაცების რაოდენობაზე. უკრაინას ამ განტოლების ამოსახსნელად მოუწევს ისედაც მწირე რეზერვებით სარგებლობა და როგორც უკვე ვთქვით, ფრონტის სხვა მონაკვეთების „გაშიშვლება“ – ჯარების გადასროლა, თუმცა რუსების შეტევისა და ფრონტის ხაზის გარღვევის საფრთხე იქაც რჩება.

„ნებისმიერი ომი თავისი ბუნებით ინტერაქტიურია“, – ამბობს სატელეფონო ინტერვიუში იუჰან ნურბერგი, შვედეთის სამხედრო კვლევების სააგენტოს უფროსი ანალიტიკოსი, – იმას, რასაც აკეთებენ ან არ აკეთებენ უკრაინელები, უნდა შევადაროთ, თუ რას აკეთებენ ან არ აკეთებენ რუსები. ავიღოთ ხარკოვის მიმართულება: რუსების მოქმედებას ემჩნევა, რომ მათ ხარკოვის აღება განზრახული არ აქვთ, მათი ძალები მცირეა – ხარკოვის დასაუფლებლად მოსკოვს ათობით და ასობით ათასი ჯარისკაცი დაჭირდება“.

წყარო:

სტრასბურგის სასამართლომ ამხილა, რომ აბსურდი იყო ყველა განცხადება, საპროტესტო ნოტა, რომელიც სააკაშვილთან დაკავშირებით ევროკავშირისგან მივიღეთ-ანრი ოხანაშვილი

x

სტრასბურგის სასამართლომ ამხილა, რომ აბსურდი იყო ყველა განცხადება, საპროტესტო ნოტა, რომელიც სააკაშვილთან დაკავშირებით ევროკავშირისგან მივიღეთ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილი სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„რამდენიმე თვე ელანდებოდათ, რომ სააკაშვილი კვდებოდა და წამების მსხვერპლი იყო. სასაცილოა, რადიკალური ოპოზიცია რომ ვინმეს ჰალუცინაციაზე იტყვის რამეს. სტრასბურგის სასამართლომ ამხილა, რომ ყველა განცხადება და საპროტესტო ნოტა, რომელიც ევროკავშირისგან მივიღეთ, აბსურდი იყო. ვინმემ მოიხადა ბოდიში, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ სააკაშვილის გადაყვანის არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ იყო, მით უმეტეს, რაიმე ტიპის არაადამიანური მოპყრობის? როგორ შეიძლება, თვალში ნაცარი შეაყარო შენს ქვეყანას და ხალხს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოიტანა. გადაწყვეტილება ეხება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ ორ სისხლის სამართლის საქმეს. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში ნათქვამია: „არ არსებობს საფუძველი, რომ ეჭვი შევიტანოთ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი პროცესის სამართლიანობაში“.

“დიდი შებრუნება კავკასიაში: რა ხდება საქართველოში?”-უცხოური პრესა

უკრაინის ინტერნეტ-გაზეთი „სტრანა“ (Страна) აქვეყნებს სარედაქციო სტატიას სათაურით „დიდი შებრუნება კავკასიაში: რა ხდება საქართველოში?“, რომელშიც გაანალიზებულია თბილისში და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში მიმდინარე საპროტესტო ანტისამთავრობო აქციების მიზეზები, ქართული ამჟამინდელი პოლიტიკის ანატომია და პერსპექტივა.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მოვლენები, რომლებიც პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ („უცხოური აგენტების“) კანონპროექტის მიღებას უკავშირდება, სრულიად ამოვარდნილია საქართველოს რეალური ხელმძღვანელის, მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მოქმედების საერთო სტრატეგიიდან, რომლის რეალიზება მან ხელისუფლებაში ყოფნის 12-წლიან პერიოდში განახორციელა.

დღემდე ქართველი მილიარდერის სტრატეგიას „მრავალვექტორულის“ სახელი ჰქონდა, თანაც პროდასავლური გადახრით. რუსეთთან ურთიერთობა შედარებით ნორმალური გახდა (მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდთან შედარებით), მაგრამ მას მოკავშირულს და მეგობრულს ვერ ვუწოდებთ:
საქართველოს ოფიციალური საგარეო პოლიტიკური კურსი ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ არის მიმართული.
და უცებ „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღება, რომელიც საქართველოს ევროპულ კურსს მთლიანად ამსხვრევს. ფაქტობრივად, ეს არის დასავლეთის პირდაპირი გამოწვევა საქართველოს ხელისუფლების მიერ. რა მოხდება, როცა კანონპროექტი კანონი გახდება? (მართალია, პრეზიდენტმა მას ხელი არ მოაწერა და ვეტო დაადო, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო უმრავლესობის წყალობით, ვეტოს გადალახვა შეუძლია). სავარაუდოდ, საქართველოს ევროსაბჭო გაუუქმებს ევროკავშირში წევრად მიღების კანდიდატის სტატუსს და შეუზღუდავს ფინანსურ მხარდაჭერას როგორც ევროპის ფინანსური სტრუქტურებიდან, ასევე საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებიდან (ვთქვათ, სავალუტო ფონდიდან).
ანუ ეს იქნება ძალზე მკვეთრი შებრუნება, რაც საქართველოს სერიოზული პოლიტიკური და ფინანსურ-ეკონომიკური რყევებით ემუქრება. იბადება კითხვა: რატომ და რა მიზნით გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილმა ასე მოქცეულიყო? საქართველოს პოლიტიკურ წრეებში ამასთან დაკავშირებით ორი ვერსია არსებობს:

პირველი – ტაქტიკური: კანონპროექტის მიღებით ბიძინა ივანიშვილი დასავლეთს აშანტაჟებს, რათა ბრიუსელმა თბილისის მიმართ პრობლემური საკითხები მოხსნას: ვთქვათ, შეწყვიტოს მხარდაჭერა ოპოზიციისადმი, შეამციროს ზეწოლა საქართველოს-რუსეთის ურთიერთობის საკითხში, დაიწყოს მოლაპარაკება ევროკავშირში გაწევრიანებისათვის. ამ ვერსიის თანახმად, ბიძინა ივანიშვილი თანახმაა სკანდალური კანონი „თაროზე შემოსდოს“ აღნიშნული პრობლემების გადაწყვეტის სანაცვლოდ. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ კანონპროექტზე უარის თქმა შეიძლება ხელისუფლების დამარცხებად იქნას აღქმული და ამით, ალბათ, „ქართული ოცნების“ შიდაპოლიტიკური პოზიციები შესუსტდება. ამიტომაც საეჭვოა, რომ ბიძინა ივანიშვილის ჩანაფიქრი მხოლოდ ბანალურ შანტაჟში გამოიხატება.

მეორე ვერსია – სტრატეგიული: ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო საგარეო პოლიტიკური კურსის გრძელვადიანი ცვლილება რუსეთთან ფაქტობრივი კავშირისაკენ. ამ ვერსიას აქტიურად მხარს უჭერენ ოპოზიციონერები, რომელთა შორის დიდი ხანია ვრცელდება თეორია – თითქოსდა ბიძინა ივანიშვილი დამოუკიდებელი ფიგურა არ არის, ის „კრემლის აგენტია“ და მოსკოვის ნებას ასრულებს. შესაბამისად, მისი ბრძანებები არავინ არ უნდა შეასრულოს.

ხელისუფლებასთან ახლოს მყოფ პოლიტიკურ წრეებში ამ ყველაფერს უარყოფენ, მათ აქვთ „ქართული ოცნების“ კურსის მკვეთრი ცვლილების განმარტება: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ბიძინა ივანიშვილს და მის თანამებრძოლებს განუმტკიცდათ აზრი, რომ დასავლეთი საქართველოს ომში ჩათრევას შეეცდება, რუსეთისათვის „მეორე ფრონტის“ გახსნის მიზნით, მათ შორის მოქმედი კანონიერი ხელისუფლების დამხობის გზით. ამის გამო თბილისის რიტორიკა მკვეთრად შეიცვალა.: სულ უფრო ხშირად ისმის განცხადებები საქართველოსთვის „უკრაინული სცენარის“ საფრთხის შესახებ, რომ შეიძლება „მაიდანი“ მოხდეს და თვით შეიარაღებული გადატრიალებაც კი. სწორედ ამიტომ ცდილობს ბიძინა ივანიშვილი ზემოთ აღნიშნული კანონპროექტის ძალაში შესვლას. მას მკაფიოდ აქვს გაცნობიერებული, რომ კანონპროექტის მიღებით დასავლეთთან ურთიერთობები გაუარესდება და, პრინციპში, სურს კიდეც. შემდეგ საქართველო კურსს აიღებს რუსეთთან ოფიციალური დაახლოების მიზნით. დასავლურ დაფინანსებას რუსეთიდან და ჩინეთიდან მიღებული ფული ჩაანაცვლებს… თუმცა ყველაზე მთავარი მომენტი, რომლის გამოც ბიძინა ივანიშვილმა ასეთი ნაბიჯი გადადგა, სავარაუდოდ, არის აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ პრობლემის მოგვარება.

ხმები, რომლებიც დიპლომატიურ წრეებში ცირკულირებენ, თბილისის კურსის ცვლილების სანაცვლოდ, კრემლს შეუძლია დათანხმდეს ორი „დამოუკიდებელი რესპუბლიკის“ საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას – განსაკუთრებული სტატუსით და ძალიან ფართო უფლებებით, ფაქტობრივი კონფედერაციის ფორმატით. ამგვარად, ბიძინა ივანიშვილი გამოაცხადებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ბევრ ბონუსს მიიღებს მოსკოვიც: მისი გავლენის სფეროში მოექცევა კავკასიის საკვანძო სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზე გადის უმნიშვნელოვანესი ლოჯისტიკური საერთაშორისო კომუნიკაციები – ცენტრალური აზიიდან და ჩინეთიდან თურქეთისაკენ და ევროპისაკენ: ნავთობისა და გაზის საექსპორტო მილსადენები, რკინიგზები და ავტომაგისტრალები და ა.შ. გამორიცხული არ არის რუსეთიდან სომხეთისაკენ ოდესღაც არსებული პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა, ირანის ჩათვლით – ანუ გაჩნდება პირდაპირი სახმელეთო დერეფანი რუსეთიდან ირანისაკენ (ინდოეთის ოკეანის ნავსადგურების გამოყენებით) და პირიქით.
თბილისის საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილება გარდაუვალ გავლენას მოახდენს სომხეთის გეოპოლიტიკურ კურსზეც, რომელიც ამ შემთხვევაში მთლიანად გარშემორტყმული აღმოჩნდება მტრულად განწყობილი ქვეყნებით (თურქეთით და აზერბაიჯანით) და რუსეთის მოკავშირეებით (საქართველოთი და ირანით). და მთავარი – რუსეთი ასეთი პოლიტიკის გატარებით შეეცდება იმის დემონსტრირებას, რომ მხოლოდ მას შეუძლია იყოს პოსტსაბჭოთა სივრცეში მდებარე სახელმწიფოების უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის გარანტი – მათთვისაც კი, ვის წინააღმდეგაც ადრე იბრძოდა.

მაგრამ ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რამდენად პოზიტიურად იმუშავებს საქართველოს ამგვარი შებრუნების სცენარი (თუ ის მართლაც აქვთ რეალურად ბიძინა ივანიშვილს და მოსკოვს). დასავლეთი მას დიდ წინააღმდეგობას გაუწევს, თანაც ორივე მხრიდან არის მოსალოდნელი ხისტი ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე და მისი „გადაბირების“ მცდელობები.

ალბათ, ოპოზიციაც მასშტაბურ პროტესტებს გააგრძელებს და აქცენტს საპარლამენტო არჩევნებზე გააკეთებს, რომელიც 2024 წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს: ფსონი მხოლოდ გამარჯვებაზე იქნება დადებული. თუმცა, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილსაც ექნება ხელისუფლების შენარჩუნების გეგმა. ნებისმიერ შემთხვევაში ბრძოლა სასტიკი იქნება: ფსონები უკიდურესად დიდია.

წყარო:

ლევან ხაბეიშვილი პროკურატურამ დაზარებულად ცნო

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პროკურატურამ დაზარებულად ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ამავე ცნობით, შესაბამისი დადგენილების გამოცემის თაობაზე ხაბეიშვილს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა შეატყობინა.

„23 დღის შემდეგ პროკურატურა იძულებული გახდა პარტიის თავმჯდომარეს დაზარალებულის სტატუსი მისცეს და ამის შესახებ შესაბამისი დადგენილების გამოცემის თაობაზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა შეატყობინა.

ერეკლე ბენაშვილი, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი პარტიის თავმჯდომარეს 23 დღის შემდეგ დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ პროკურორმა მის მიმართ გამოიტანა დადგენილება დაზარალებულად ცნობის თაობაზე.

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს, ზვიად ხარაზიშვილი და მისი დაჯგუფება ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

რადიკალური ოპოზიცია რომ ვინმეს ჰალუცინაციაზე იტყვის რამეს, ელანდებოდათ, რომ სააკაშვილი კვდებოდა და წამების მსხვერპლი იყო – ყველა უნდა ვიყოთ ფხიზლად-ანრი ოხანაშვილი

რადიკალური ოპოზიცია რომ ვინმეს ჰალუცინაციაზე იტყვის რამეს – რამდენიმე თვე ელანდებოდათ, რომ სააკაშვილი კვდებოდა და წამების მსხვერპლი იყო,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრის „ფეისბუქზე“ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ირაკლი კობახიძე ევროკომისართან საუბრის დეტალებზე, მათ შორის მუქარაზე საუბრობს.

მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლომ ამხილა, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ყველა განცხადება და საპროტესტო ნოტა, რომელიც საქართველომ ევროკავშირისგან მიიღო, აბსურდი იყო.

“რადიკალური ოპოზიცია რომ ვინმეს ჰალუცინაციაზე იტყვის რამეს. რამდენიმე თვე ელანდებოდათ, რომ სააკაშვილი კვდებოდა და წამების მსხვერპლი იყო. სტრასბურგის სასამართლომ ამხილა, რომ ყველა ეს განცხადება და საპროტესტო ნოტა, რომელიც ევროკავშირისგან მივიღეთ, აბსურდი იყო. ვინ იყო ჰალუცინაციის რეჟიმში, ეს რადიკალური ოპოზიცია თუ ის, რასაც ახლა კადრულობენ? სააკაშვილი იყო წამების მსხვერპლი და კვდებოდა – ნორმალური იყო რა პროცესშიც ამყოფებდნენ იუსტიციის სამინისტროს, სამინისტროს თანამშრომლებს, რომ თურმე არაადამიანურ მოპყრობას და წამებას ჰქონდა ადგილი? ბოდიში ვინმემ მოიხადა, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ გადაყვანის არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ იყო და მითუმეტეს რაიმე ტიპის არაადამიანური მოპყრობის? მოიხადა ვინმემ ბოდიში? როგორ შეიძლება თვალში ნაცარი შეაყარო შენს ქვეყანას და ხალხს?”,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

თავად კობახიძის განცხადებაში აღნიშნულ ფაქტებზე კი ოხანაშვილი ამბობს, “ასეთი დამოკიდებულება არის საგანგაშო და შემაშფოთებელი”.

“წარმოუდგენელი რამ არის. შესაბამისად, ყველა უნდა ვიყოთ ფხიზლად და ჩვენ ჩვენი ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობის ინტერესები უნდა დავიცვათ ბოლომდე და ჩვენ ამას გავაკეთებთ”,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ევროკომისართან, რომლის ვინაობაც არ სახელდება, სატელეფონო საუბრის დეტალებზე საუბრობს. როგორც პრემიერი აღნიშნავს, ევროკომისარმა მას უთხრა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, დასავლელმა პოლიტიკოსებმა შესაძლოა გარკვეული ზომები მიიღონ და ამავე კონტექსტში მან სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე განხორციელებული “ტერორისტული თავდასხმაც” ახსენა.

„ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა. კერძოდ, ჩემთან საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა – „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“, – ნათქვამია ირაკლი კობახიძის განცხადებაში.

ევრო 2024 – ზე დასასწრებად საქართველოს მთავრობის მიერ  სუბსიდირებული ავიაბილეთების გაყიდვა 24 მაისიდან TKT.GE -ზე დაიწყება

24 მაისიდან ევრო 2024 – ზე დასასწრებად საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული სპეციალური ჩარტერული რეისებზე სუბსიდირებული ავიაბილეთების გაყიდვა დაიწყება. ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება ონლაინ პორტალზე TKT.GE , 13:00 საათიდან.
აღსანიშნავია, რომ ბილეთის შეძენა სუბსიდირებულ ფასად მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ. ამასთან, მგზავრი ვალდებულებული იქნება აეროპორტში რეგისტრაციისას  ფეხბურთის მატჩზე დასასწრები ბილეთი წარადგინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ავიაბილეთის სრული და არა სუბსიდირებული ფასის გადახდა მოუწევს.
მგზავრი ბილეთს ელექტრონული ფოსტით მიიღებს. ის ვალდებულია, გამოცხადდეს სარეგისტრაციოდ შესაბამის აეროპორტში გაფრენამდე 3 საათით ადრე.
ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს შესაძლებლობა ექნებათ, სუბსიდირებული ავიაბილეთებით თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან გერმანიის ოთხი ქალაქის – დორტმუნდის, ჰამბურგის, კელნისა და დიუსელდორფის მიმართულებით მთავრობის სუბსიდირებული ჩარტერებით გაემგზავრონ.
განისაზღვრა იმ ავიაკომპანიების სია, რომლებიც ევრო – 2024 – ზე სუბსიდირებულ ჩარტერულ ფრენებს შეასრულებენ:, Eurowings, Wizz Air,  Hi Sky და  Georgian Wings. ყველა სუბსიდირებული რეისი საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩების განრიგზე იქნება მორგებული. ქომაგებს ექნებათ შესაძლებლობა თავად ააწყონ სამოგზაურო განრიგი და შესაბამისად დაესწრნონ ერთ, ორს ან სამივე მატჩს.
აღსანიშნავია, რომ პორტალზე მითითებული იქნება ოპტიმალური მიმართულება გერმანიის კონკრეტული აეროპორტიდან საფეხბურთო მატჩის მასპინძელ ქალაქში მოსახვედრად.
ევრო 2024-ის 3,000-მდე ქომაგი საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული სპეციალური ჩარტერებით ისარგებლებს და ავიაბილეთის ყიდვას სპეციალური, სუბსიდირებული ფასით შეძლებს.
სუბსიდირებული, ცალმხრივი ავიაბილეთის ღირებულება იქნება EUR 195. შესაბამისად, ორმხრივი ავიაბილეთის ღირებულება შეადგენს EUR 390-ს.