ევრო 2024 – ზე დასასწრებად საქართველოს მთავრობის მიერ  სუბსიდირებული ავიაბილეთების გაყიდვა 24 მაისიდან TKT.GE -ზე დაიწყება

23
spot_img
24 მაისიდან ევრო 2024 – ზე დასასწრებად საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული სპეციალური ჩარტერული რეისებზე სუბსიდირებული ავიაბილეთების გაყიდვა დაიწყება. ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება ონლაინ პორტალზე TKT.GE , 13:00 საათიდან.
აღსანიშნავია, რომ ბილეთის შეძენა სუბსიდირებულ ფასად მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ. ამასთან, მგზავრი ვალდებულებული იქნება აეროპორტში რეგისტრაციისას  ფეხბურთის მატჩზე დასასწრები ბილეთი წარადგინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ავიაბილეთის სრული და არა სუბსიდირებული ფასის გადახდა მოუწევს.
მგზავრი ბილეთს ელექტრონული ფოსტით მიიღებს. ის ვალდებულია, გამოცხადდეს სარეგისტრაციოდ შესაბამის აეროპორტში გაფრენამდე 3 საათით ადრე.
ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს შესაძლებლობა ექნებათ, სუბსიდირებული ავიაბილეთებით თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან გერმანიის ოთხი ქალაქის – დორტმუნდის, ჰამბურგის, კელნისა და დიუსელდორფის მიმართულებით მთავრობის სუბსიდირებული ჩარტერებით გაემგზავრონ.
განისაზღვრა იმ ავიაკომპანიების სია, რომლებიც ევრო – 2024 – ზე სუბსიდირებულ ჩარტერულ ფრენებს შეასრულებენ:, Eurowings, Wizz Air,  Hi Sky და  Georgian Wings. ყველა სუბსიდირებული რეისი საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩების განრიგზე იქნება მორგებული. ქომაგებს ექნებათ შესაძლებლობა თავად ააწყონ სამოგზაურო განრიგი და შესაბამისად დაესწრნონ ერთ, ორს ან სამივე მატჩს.
აღსანიშნავია, რომ პორტალზე მითითებული იქნება ოპტიმალური მიმართულება გერმანიის კონკრეტული აეროპორტიდან საფეხბურთო მატჩის მასპინძელ ქალაქში მოსახვედრად.
ევრო 2024-ის 3,000-მდე ქომაგი საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული სპეციალური ჩარტერებით ისარგებლებს და ავიაბილეთის ყიდვას სპეციალური, სუბსიდირებული ფასით შეძლებს.
სუბსიდირებული, ცალმხრივი ავიაბილეთის ღირებულება იქნება EUR 195. შესაბამისად, ორმხრივი ავიაბილეთის ღირებულება შეადგენს EUR 390-ს.