Home Blog Page 1215

პუტინი Reuters-ის სტატიას ეხმაურება

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ თუ უკრაინის ხელისუფლებას მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება სურს, „დაე, დაბრუნდეს“.

„მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება შესაძლებელია ფუნდამენტური ხასიათის შეთანხმებების საფუძველზე, რომელიც მიღწეული იყო ბელარუსსა და თურქეთში რთული მოლაპარაკებების დროს და ეფუძნება დღევანდელ რეალობას, რომელიც განვითარდა ადგილზე“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

მანამდე სააგენტო Reuters-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ პუტინი მზად არის, შეაჩეროს ომი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების გზით, რომელიც აღიარებს ბრძოლის ველზე არსებულ ამჟამინდელ ხაზებს.

წყაროების ინფორმაციით, პუტინი მზად არის, გააგრძელოს ომი, თუ კიევი და დასავლეთი არ უპასუხებენ მის შეთავაზებას.

წყაროები ასევე აცხადებენ, რომ პუტინმა მრჩეველთა მცირე ჯგუფს იმედგაცრუება გამოუხატა იმის გამო, რომ დასავლეთს მოლაპარაკებების შეჩერების მცდელობა აქვს, ხოლო ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამორიცხა მოლაპარაკებები.

ძლიერ შეშფოთებულნი ვართ – ბორელი გამჭვირვალობის კანონზე

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა შეშფოთება გამოთქვა გამჭვირვალობვის შესახებ საქართველოს კანონზე და აღნიშნა, რომ კანონი არ შეესაბამება ქვეყნის ევროპულ გზას.

„ჩვენ ძლიერ შეშფოთებულნი ვართ [კანონით]. მეორე მხრივ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ არ შევლახოთ მათი ეროვნული გრძნობები. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ რბილი ენა და ამავე დროს გვქონდეს მკაფიო პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეესაბამება ევროპულ გზას და რა არა“, – აღნიშნა ჟოზეფ ბიორელმა.

ჟოზეფ ბორელმა ასევე განაცხადა, რომ არიან სხვა ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან შესაბმისობაში არ არიან და მაგალითად სერბეთი მოიყვანა.

მისი თქმით, ევროკავშირის წევრობა ნიშნავს შესაბამისობას კანონის უზენაესობის, თავისუფლებისა და საგარეო პოლიტიკის კუთხით.

ხელისუფლებას არ პატიობენ იმას, რომ ომში არ ჩაერთო – დიმიტრი ხუნდაძე

ხელისუფლებას არ პატიობენ იმას, რომ ომში არ ჩაერთო, – განაცხადა „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ „დღის ქრონიკაში“.

“რეგიონში არის უმძიმესი ვითარება. ვსაუბრობ უკრაინა-რუსეთის დაპირისპირება და ეს არ არის მხოლოდ მათი დაპირისპირება, ეს არის დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირება და აქ რა თქმა უნდა, თავიდანვე იყო განსაზღვრული საქართველოს როლი, რომ ის უნდა ჩართულიყო ომში და ის ამიერკავკასიაში უნდა ყოფილიყო დამატებითი სისხლის დამცლელი რუსეთისათვის. სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ეს გამართლებული იყო, მაგრამ საქართველოს შესაძლებლობიდან და რუსეთის აგრესიიდან გამომდინარე, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია, რა თქმა უნდა, ეს იქნებოდა დამღუპველი.

არ არის შემთხვევითი, რომ მიხეილ სააკაშვილი როგორც ალტერნატივა, ისე არის წარმოჩენილი იმიტომ, რომ უკრაინიდან ჩვენ და მთელ მსოფლიოს გაგვაგონეს, რომ „ქართული ოცნება“ არ იყო ომის დამწყები, ამას დაიწყებდა მიხეილ სააკაშვილი. იმიტომ იყო ასეთი ინტენსიური მცდელობა, ის დესტრუქციის ფლაგმანად წარმოეჩინათ, მან ეს საქმე ძალიან კარგად იცის, ყოფილი ხელისუფლება დაებრუნებინათ სათავეში და ის დაიწყებდა ომს. ხელისუფლებას არ პატიობენ იმას, რომ სწორედ ომში არ ჩაერთო“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძემ ასევე აღნიშნა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების აქტიურობა შემთხვევითი არ არის.

„არც ის არის შემთხვევითი როცა ბალტიისპირეთის ქვეყნები წინა ხაზზე გამოდიან, მთავრობის საწინააღმდეგო აქციაზე წარმოჩინდებიან და მოუწოდებენ, ააგორონ მუხტი ქუჩაში და არა არჩევნების, არამედ დესტრუქციის გზით შეცვალონ ხელისუფლება. ბალტიისპირეთის ქვეყნები არის შესაძლო მეორე ხაზი ფრონტის და რა თქმა უნდა, მათ ურჩევნიათ, რომ დივერსიფიცირება მოხდეს ამიერკავკასიაში და ამით აიცილონ ზეწოლა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

როცა ძირი ეთხრებოდა საქართველოში დემოკრატიას, ირღვეოდა ადამიანის უფლებები, ყალბდებოდა არჩევნები და არ არსებობდა ობიექტური მედია, მაშინ არ გვახსოვს სანქციებზე საუბარი – ნინო ვარდოსანიძე 

მინდა გამოვეხმაურო იმ დიდი დოზის აგრესიას, ბულინგს, შეურაცხყოფას, რაც ბოლო დროს გამოვლინდა, – განაცხადა თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ.

მისი თქმით, სამწუხაროა და მიუღებელია ძალადობა ნებისმიერი მხრიდან, ნებისმიერი მიმართულებით და კიდევ უფრო სამწუხაროა, როდესაც ძალადობის წახალისებას ხდება, რადგან, სწორედ ეს არის, რაც რეალურად პროვოცირებას უკეთებს და მწვანე შუქს უნთებს მომდევნო ძალადობას.

„ფაქტებით და მაგალითებით რომ ვისაუბროთ, რაც ხდებოდა მოვლენების საწყის ეტაპზე, ნიკა გვარამია, რომელიც რადიკალური ოპოზიციის სახეა, აჩვენებს, არათუ ორმაგი სტანდარტის მაგალითს, არამედ ეწინააღმდეგება ყველანაირ სტანდარტს. გვარამიას ერთ-ერთ სტატუსში ვკითხულობთ – ,,რომან გოცირიძემ გინების საპასუხოდ პლანშეტი თავზე გადაატეხა დეპუტატს’’, აქვე, მისი შეფასებით, რომან გოცირიძე ქართული პოლიტიკის კოლორიტია. როგორც ჩანს, რომან გოცირიძეს თურმე შეუძლია სხვა ადამიანს ფიზიკურად გაუსწორდეს. თავად ფაქტი ხომ ძალადობრივია, მაგრამ ფაქტის ამგვარი აღწერა ძალადობის წამახალისებელია“, – აღნიშნა ნინო ვარდოსანიძემ.

როგორც საკრებულოს წევრმა აღნიშნა, პოლიციელებზე აგრესიას, სახელმწიფო ორგანოებზე თავდასხმას, სხვადასხვა სახის პროვოკაციებს ამართლებენ და ახალისებენ ძალები, რომლებიც დასავლური ღირებულებების დამცველებად ასაღებენ თავს.

„აქციების პარალელურად პოლიცია დღეების განმავლობაში ისმენდა და ითმენდა მძიმე ფორმის ლანძღვას, გინებას. პოლიციელი არ არის რიგითი მოქალაქე. მსგავსი შეურაცხყოფით, შეურაცხყოფენ სახელმწიფოს, ადამიანებს რომლებიც იცავენ ქვეყანას და ამ ქვეყნის მოქალაქეებს“, – განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.

სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის მიერ ჩადენილი ძალადობის ფაქტი, არამცთუ დაგმეს, არამედ ოვაციებით მიიღეს, რაც ფიზიკური ძალადობის წახალისებაა.

დეპუტატმა გამოყო სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელი, რომელმაც, მისი თქმით, თანამდებობისთვის შეუფერებელი კომენტარები გაავრცელა, რაც მისი თქმით, საზოგადოებაში მანკიერი დამოკიდებულებების გაღვივებას უწყობს ხელს.

„ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ლაშა ტალახაძეს საჯაროდ მიმართა შეურაცხმყოფელი კომენტარით. ასევე, მის პირად გვერდზე ვკითხულობთ შემდეგი შინაარსის სტატუსებს – ,,სამწუხაროდ ჯერ არაფერი ეტყობა ამ ნაკრებს ეროვნულის, ურემი რომ გადაბრუნდება მერე აფრიალეთ ეგ ორსიტყვიანი პოსტები’’. ,,კვარაცხელია ვერ გასცდა მჩხიბაობის დონეს’’. საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაზე წერს, ,,ვაზიარებ რუსეთის აგენტურის საქართველოს ფილიალის განცხადებას’’. შეგახსენებთ ეს ადამიანი უნდა იცავდეს ადამიანის უფლებებს, რომელიც მოიცავს სიტყვის, აზრის, გამოხატვის და რწმენის თავისუფლებებს მათ შორის. როგორც აღმოჩნდა, ცუდი მასწავლებლის კარგი მოსწავლეა, რადგან ყოფილი სახალხო დამცველიც გამოირჩევა სხვათა უფლებების შელახვით“, – განაცხადა საკრებულოს წევრმა.

ნინო ვარდოსანიძემ სხდომაზე შესაძლო სანქციებთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„როცა რეალურად ძირი ეთხრებოდა საქართველოში დემოკრატიას, ირღვეოდა ადამიანის უფლებები, ყალბდებოდა არჩევნები, უმოწყალოდ ირბეოდა აქციები და არ არსებობდა ობიექტური მედიასაშუალებები, სამწუხაროდ მაშინ არ გვახსოვს სანქციებზე საუბარი და ხალხის ნების გათვალისწინება. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყანაში იქნება მშვიდობა, გაგრძელდება ქვეყნის განვითარება მისი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაცვით“, – განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.

აღნიშნულ განცხადებას საკრებულო ავრცელებს.

პუტინი მზად არის, შეაჩეროს ომი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების გზით, რომელიც აღიარებს ბრძოლის ველზე არსებულ ამჟამინდელ ხაზებს -Reuters

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მზად არის, შეაჩეროს ომი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების გზით, რომელიც აღიარებს ბრძოლის ველზე არსებულ ამჟამინდელ ხაზებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

წყაროების ინფორმაციით, პუტინი მზად არის, გააგრძელოს ომი, თუ კიევი და დასავლეთი არ უპასუხებენ მის შეთავაზებას.

წყაროები ასევე აცხადებენ, რომ პუტინმა მრჩეველთა მცირე ჯგუფს იმედგაცრუება გამოუხატა იმის გამო, რომ დასავლეთს მოლაპარაკებების შეჩერების მცდელობა აქვს, ხოლო ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამორიცხა მოლაპარაკებები.

„პუტინს შეუძლია, იბრძოლოს რამდენ ხანსაც საჭირო იქნება, მაგრამ პუტინი ასევე მზადაა ცეცხლის შეწყვეტისთვის, ომის გაყინვისთვის“, – განუცხადა Reuters-ს წყარომ.

წყაროები ასევე აღნიშნავენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამ მომენტისთვის ომში არსებული მიღწევები საკმარისია რუსი ხალხისთვის გამარჯვების წარმოსაჩენად.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რეგიონებს ახალი ნაგავმზიდები გადაეცათ

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რეგიონებს ახალი ნაგავმზიდები გადაეცათ. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ამავე ცნობით, გადაცემის ღონისძიებას დაესწრო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი − ნიკა ტყემალაძე.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულები და კომპანია “ჯითის” წარმომადგენლები.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტებისთვის შეძენილია 82, 10 და 16-კუბიანი „ივეკოს“ ფირმის ნაგავმზიდები, რომლებიც საქართველოს ყველა რეგიონში (ჯამში 49 მუნიციპალიტეტში) გადანაწილდება.

“საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტებისათვის შეძენილ იქნა 82 ერთეული, 10 და 16-კუბიანი “ივეკოს” ფირმის ნაგავმზიდები. ექსპლუატაციაში შევა ამ ეტაპისათვის 48 ერთეული. ნაგავმზიდების შესყიდვა განხორციელდა ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან, რომლის ღირებულებაც საერთო ჯამში შეადგენს 33 მილიონ ლარს და დარწმუნებული ვარ, დიდი სიკეთის მომტანი იქნება მუნიციპალიტეტებისათვის ნარჩენების მართვის მიმართულებით”, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნიკა ტყემალაძემ.

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის პრესსამსახურის თანახმად, რეგიონების განვითარება ხელისუფლების პრიორიტეტია.

“განხორციელებული აქტივობა ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტებს ნარჩენების მართვის კუთხით, ასევე, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა ერთჯერადი არ არის. მთავრობის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტებში არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, კვლავ გაგრძელდება ახალი ნაგავმზიდების შეძენა.

შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერის გამარჯვებულმა კომპანიამ „ჯითი გრუპმა“ 48 ერთეული ნაგავმზიდი საქართველოში უკვე ჩამოიყვანა. პროცესი გრძელდება, მომდევნო თვეების განმავლობაში ტექნიკა ეტაპობრივად ჩამოვა საქართველოში.

ავტომობილები დამზადებულია საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, აღჭურვილია ევრო 5 ემისსის სტანდარტის ძრავებით. ნაგავმზიდები არის სხვადასხვა წარმადობისა და სხვადასხვა რელიეფისთვის განკუთვნილი, მათ შორის აღსანიშნავია მძიმე პირობებისთვის გათვლილი 4X4 -ზე ავტომობილები, რომლებიც განკუთვნილია მაღალმთიანი რეგიონებისთვის, სადაც მკაცრი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, აუცილებელია მსგავსი ტიპის სატვირთო ავტომობილების გამოყენება, რათა მათ ყველა სეზონსა და ყველა კლიმატურ პირობებშიც შეძლონ ოპერირება”, ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

ბლინკენის განცხადებაში ნათლად წერია, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა სწორედ 2012 წლის შემდეგ დაიწყო – სააკაშვილი

ამერიკას ამ მასშტაბის სანქციები ერთდროულად არასდროს არავისთვის არ შემოუღია! – ბლინკენის განცხადებაში ნათლად წერია, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა სწორედ 2012 წლის შემდეგ დაიწყო, ეს დასავლეთის მხრიდან რეალობის საბოლოოდ აღიარებაა იმისა, თუ რა მოხდა 2012 წელს, – ასე ეხმაურება ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სავიზო სანქციების დაწესების თაობაზე აშშ-ს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

სააკაშვილის შეფასებით, ამერიკელები იმ ქვეყნებსა და საზოგადოებებს იცავენ, რომლებსაც უკეთესი ბედისთვის ბრძოლის მკვეთრად გამოხატული სურვილი აქვთ.

„ამერიკას ამ მასშტაბის სანქციები ერთდროულად არასდროს არავისთვის არ შემოუღია!

მნიშვნელოვან მომენტში, 2008 წელს აშშ ქართული სახელმწიფოს გადასარჩენად ჩაერთო, ახლა კიდევ უფრო საშიში მომენტი გვიდგას და ამერიკა ისევ გვეხმარება.

ოღონდ უნდა გვახსოვდეს, ამ დახმარების ეფექტურობა და განგრძობადობა ჩვენი საზოგადოების შემდგომ აქტიურობაზეა დამოკიდებული. ამერიკელები იცავენ იმ ქვეყნებსა და საზოგადოებებს, რომლებსაც უკეთესი ბედისთვის ბრძოლის მკვეთრად გამოხატული სურვილი აქვთ.

ასევე, თუ კარგად დავაკვირდებით, ბლინკენის განცხადებაში ნათლად წერია, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა სწორედ 2012 წლის შემდეგ დაიწყო. ეს დასავლეთის მხრიდან რეალობის საბოლოოდ აღიარებაა იმისა, თუ რა მოხდა 2012 წელს.

სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

“კავკასია – დენთის კასრი: ევროპის აღმოსავლეთი თუ რუსეთის “უკანა ეზო” – მოსკოვის დიდი გავლენა საქართველოზე და სომხეთზე”

გერმანულ კათოლიკურ საერთოეროვნულ გაზეთ „დი ტაგესპოსტში“ (Die Tagespost) დაბეჭდილია სტატია სათაურით: “კავკასია – დენთის კასრი: ევროპის აღმოსავლეთი თუ რუსეთის “უკანა ეზო” – მოსკოვის დიდი გავლენა საქართველოზე და სომხეთზე”(ავტორი – შტეფან ბაიერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ქართველები კარგად იცნობენ თავიანთ რუს მეზობელს, ჯერ მეფის, შემდეგ კი საბჭოთა იმპერიის დროიდან. 2008 წელს კი ვლადიმერ პუტინის არმია სამხრეთ კავკასიაში მდებარე პატარა სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეიჭრა და მის რეგიონების – აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპირება მოახდინა. ამასთან, მართალია, მოსკოვი მათ აკონტროლებს, თუმცა ორივე, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საქართველოს შემადგენლობაში განიხილება.

რუსეთთან დამოკიდებულება ქართველებში
წინააღმდეგობრივია და ქართულ საზოგადოებას ორ შეურიგებელ ბანაკად ჰყოფს. პროპუტინურმა მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რომელსაც ქართველი მილიარდერი და იმავდროულად რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს და აფინანსებს, პარლამენტში ისეთი კანონპროექტი შეიტანა და და დაამტკიცა, რომელიც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის დასავლურ კურსს ზღუდავს და პრორუსულს უპირატესობას ანიჭებს. სწორედ ამიტომ ქვეყანაში ანტისამთავრობო გამოსვლები დაიწყო იმ კანონპროექტის მიღების გამო, რომელიც თავისი შინაარსით ძალიან ჰგავს რუსეთის მიერ 2012 წელს მიღებულ ანალოგიურ სამართლებრივ აქტს.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ (ან უფრო მარტივად – „უცხოური აგენტების“) კანონპროექტის მიხედვით, ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის ბიუჯეტის 20% საზღვარგარეთიდან ივსება, შესაბამის სამთავრობო უწყებაში „უცხოური ინტერესების გამტარებელ“ იურიდიულ სუბიექტად უნდა დარეგისტრირდეს.. მართალია, კანონპროექტი არ ეხება ბიძინა ივანიშვილის ორგანიზაციებს, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა, მაგრამ ეხება მაგალითად, „საქართველოს კარიტასს“, რომელიც საზღვარგარეთიდან მიღებულ თანხებს ჰუმანიტარული საქმიანობისათვის ხარჯავს.
ანაიტ მხოიანი, „საქართველოს კარიტასის“ დირექტორის თქმით, მისი ორგანიზაციის ფულადი სახსრები საქართველოს უღარიბეს ადამიანებს სიცოცხლის შენარჩუნებაში ეხმარება. არადა, კანონპროექტის თანახმად, „საქართველოს კარიტასი“ „უცხოეთის აგენტად“ უნდა გამოცხადდეს, რაც ორგანიზაციისათვის ნამდვილ შეურაცხყოფას ნიშნავს.

„აგენტის“ სტატუსი – დასავლური გავლენის შეზღუდვისათვის…

კანონპროექტს, რომელსაც ოპოზიცია „რუსულ კანონად“ ნათლავს, ოფიციალურად, მიმართულია ქართულ საზოგადოებაზე დასავლეთის გავლენის წინააღმდეგ. საქართველოში დასავლეთისაკენ სწრაფვა ძლიერია, მოსახლეობის უმეტესობას პროევროპული განწყობა აქვს, ქვეყანამ უკვე მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და ამ დროს, ხელისუფლება ფაქტობრივად ანტიდემოკრატიულ და ანტიდასავლურ კანონპროექტს იღებს, რომელიც, სხვათა შორის, გმობს უცხოეთის საეკლესიო გავლენასაც. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კანონპროექტის ძალაში შესვლას ვეტო დაადო, თუმცა მმართველ პარტიას ვეტოს გადალახვა შეუძლია, რადგანაც „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში დეპუტატების საკმაო რაოდენობა ჰყავს.

პრეზიდენტმა განცხადებაში ხაზი გაუსვა, რომ კანონპროექტისადმი დამოკიდებულება იმას ნიშნავს, თუ რომელი მიმართულებით განავითარებს თავის პოლიტიკას საქართველო – დასავლეთთან, ევროპასთან დაახლოების თუ რუსეთთან დაახლოების მიზნით. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები საბოლოოდ განსაზღვრავს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ორიენტაციას.

ქართული ეკლესია და „აგენტობის“ კანონპროექტი

იმ დროს, როცა საქართველოს კათოლიკური ეკლესია მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული უცხოეთიდან მიღებულ შემოსავლებზე, ახალი კანონი ფაქტობრივად ხელს უწყობს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის დომინირებას. არაერთგვაროვნად გამოხატა კანონპროექტის მიმართ თავისი დამოკიდებულება ქართული ეკლესიის მეთაურმა, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, რომლის განცხადებით, „ქვეყანა თავისი განვითარების ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში იმყოფება… ჩვენ მშვიდობა გვსურს, მაგრამ მშვიდობის მისაღწევად ჩვენ ხშირად არასწორად ვიქცევით“.

საპატრიარქომ მრევლს და საზოგადოებას მოუწოდა, რომ ილია მეორის ნათქვამის ინტერპრეტირება არ მოეხდინათ, თან გააფრთხილა, რომ გლობალური მასშტაბის ცვლილებების ფონზე ქვეყანას შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს.

საქართველოს საპატრიარქომ 27 აპრილის განცხადებაში, რომელიც ხაზგასმულად ანტიეკუმენისტურია, აღნიშნა, რომ „საქართველოსთვის საზიანო და სახიფათოა უცხოური იდეოლოგიების გავრცელება“, იმავდროულად შეაქო მთავრობა, რომელიც დიდ ძალისხმევას იჩენს „ტრადიციული ქართული ფასეულობების დაცვისადმი“.

რა აქვთ საერთო თბილისისა და ერევნის საპროტესტო აქციებს

სხვათა შორის, კავკასიაში სომხებსაც აქვთ რუსეთის მიმართ სპეციფიკური დამოკიდებულება – ასეული წლების განმავლობაში ისინი რუსეთს, თურქულ-აზერბაიჯანული ღერძის წინააღმდეგ ბრძოლაში, მოკავშირედ ხედავდნენ., მაგრამ 2023 წლის სექტემბერში რუსმა მშვიდობისმყოფელებმა სრული უმოქმედობა გამოიჩინეს, როცა აზერბაიჯანის არმიამ მთიანი ყარაბაღის (სომხურად – არცახის) გაკონტროლება დაიწყო და რეგიონიდან სომხები გააძევა, რომლებიც აქ ათასობით წელი ცხოვრობდნენ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთში დისლოცირებული რუსული ჯარების ქვედანაყოფები ქვეყანას დაიცავდნენ როგორც თურქეთისაგან, ასევე ირანისაგან. თუმცა ქრისტიანულ სომხეთს ყველაზე მეტი საფრთხე დასავლეთიდან (თურქეთისგან) და სამხრეთიდან (ირანისგან) კი არ ელოდება, არამედ აღმოსავლეთიდან – აზერბაიჯანისაგან, რომლის ლიდერი, დიქტატორი ილჰამ ალიევი სომხეთს დიდი ხანია „დასავლეთ აზერბაიჯანს“ უწოდებს.

ისევე როგორც ქართული საზოგადოება, სომხური საზოგადოებაც გაყოფილია: იმ დროს, როცა სომხეთის მთავრობა დასავლეთისაკენ იხრება, ერევნის ქუჩებში ათასობით სომეხი ნიკოლ ფაშინიანის მთავრობის წინააღმდეგ გამოდის და მოსკოვთან მჭიდრო კავშირების მომხრეა. ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებს ხელმძღვანელობს ეკლესიის წარმომადგენელი – თავუშის ეპარქიის არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი და სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი ვააგნ მელიქიანი. ორივე ბრალს სდებს ნიკოლ ფაშინიანის მთავრობას იმაში, რომ ხელისუფლება თავისი მოქმედებით ღალატობს ეროვნულ ინტერესებს, საზოგადოებაში განხეთქილება შეაქვს და ფაქტობრივად, ქვეყანას თურქულ-აზერბაიჯანულ ალიანსს გადასცემს. თავის მხრივ, ხელისუფლება აცხადებს, რომ ოპოზიცია სომხეთს ვლადიმერ პუტინის ხელში აგდებს. ის, რომ კრემლს თავისი კოზირები აქვს როგორც საქართველოში, ისე სომხეთში, ეს უდავოა.

წყარო:

რადიკალების დღევანდელი ბოიკოტი, ჟრიამული იმის გამო, რომ ჩვენს ქვეყანას აშანტაჟებენ სანქციებით, არის ერთი დიდი სცენარის ნაწილი -გივი ჩხარტიშვილი

თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარი, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე გივი ჩხარტიშვილი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მიერ დაანონსებულ სანქციებს და მის განცხადებაზე ოპოზიციის რეაქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება:

“რადიკალების დღევანდელი ბოიკოტი, ჟრიამული იმის გამო, რომ ჩვენს ქვეყანას აშანტაჟებენ სანქციებით არის ერთი, დიდი სცენარის ნაწილი.

ამ სცენარის მიზანია საქართველომ უარი თქვას გამჭვირვალობის კანონზე, სუვერენიტეტზე, მშვიდობაზე, თუ არადა მოგვიწყობენ რევოლუციას.

მოდით ვნახოთ რას აკეთებდა რადიკალური ოპოზიცია, როდესაც იყო ხელისუფლებაში და რა მეთოდებით მართავდა ქვეყანას.

სწორედ ისეთით, როგორც რუს, ავტორიტარ მმართველებს სჩვევიათ;
მიიტაცა და დაარბია ყველა დამოუკიდებელი მედია, იმ ტელევიზიებს კი, რომლებიც ამ ტერორის მიუხედავად მაინც ბედავდნენ მართალი სიტყვის თქმას, ანტენებს და ტექნიკას ართმევდა და უზიანებდა საბაჟოზე, რომ ხელი შეეშალა მათი მაუწყებლობისთვის.

ეს არის ძალა, რომელიც განსხვავებული აზრისა და თავისუფალი სიტყვის გამო ქუჩაში ხვრეტდა, აპატიმრებდა, ჯაშუშობის ცრუ ბრალდებით ასამართლებდა, აწამებდა ადამიანებს.

ამ დროს კი რუსეთს ჩააბარა კოდორი, დაკარგა კონტროლი ორასამდე ქართულ სოფელზე და მთლიანად ახალგორზე.

ამ ხელისუფლების ლიდერმა და წაგებული ომის მთავარსარდალმა კი, აგვისტოს ომიდან 2 წელიწადში მხარი დაუჭირა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას, გააუქმა სავიზო რეჟიმი ოკუპანტ ქვეყანასთან და თავად ხვდებოდა რუს ტურისტებს ლარსის გამშვებ პუნქტზე.

ეს იყო ხელისუფლება, რომელმაც ყველა სტრატეგიული ობიექტი გადაულოცა რუსულ კომპანიებს და გვიმტკიცებდა ფულს სუნი არ აქვსო.

მეორე მხარეს არის ქართველი ხალხის უმრავლესობით არჩეული ქართული ოცნების ხელისუფლება, რომელმაც 2012 წლიდან დღემდე, მიღწია ასოცირების და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ვიზალიბერალიზაციას, რომლის მმართველობის პერიოდში ქვეყანამ მიიღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

იმის მიუხედავად, რომ ეს რუსული ძალა, კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა, არ მოვერიდები ამ სიტყვას – ქვეყნის მტრები, დადიან ევროპარლამენტში, ამერიკაში კაბინეტ-კაბინეტ, ითხოვდნენ საკუთარი სამშობლოსთვის არ მიეცათ კანდიდატის სტატუსი, ითხოვდნენ და ახლაც ითხოვენ უვიზო რეჟიმის შეჩერებას სანქციების დაწესებას, ამისთვის ქირაობენ ლობისტებს, ხარჯავენ მილიონებს. მილიონებს, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნისას ქართველი ხალხის, ქართული ბიზნესის, ინვესტორების ძარცვა-რეკეტით იშოვეს.

ნათლად ჩანს თუ ვინ ატარებს რუსულ ინტერესებს!”, – წერს გივი ჩხარტიშვილი.

პუტინი მზად არის, უკრაინაში ომი შეაჩეროს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების გზით, რომელიც ბრძოლის ველზე ამჟამინდელ ხაზებს აღიარებს -„როიტერი“

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინის მზად არის, შეაჩეროს ომი უკრაინაში, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების გზით, რომელიც აღიარებს ბრძოლის ველზე არსებულ ამჟამინდელ ხაზებს. კიევისა და დასავლეთისგან უარის შემთხვევაში კი ბრძოლის გასაგრძელებლად მზადაა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ოთხ ანონიმურ რუსულ წყაროზე დაყრდნობით წერს.

„როიტერის“ ცნობით, სამი წყარო, რომელიც პუტინის გარემოცვაში წარმოებული დისკუსიების საქმის კურსშია, ამბობს, რომ პუტინმა მრჩეველთა მცირე ჯგუფთან იმედგაცრუება გამოთქვა დასავლეთის მხარდაჭერილ მცდელობებთან დაკავშირებით, ჩაშალონ მოლაპარაკებები. ასევე, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც მოლაპარაკებებს გამორიცხავს.

„პუტინს შეუძლია, იბრძოლოს რამდენ ხანსაც საჭირო იქნება, მაგრამ პუტინი ასევე მზადაა ცეცხლის შეწყვეტისთვის, ომის გაყინვისთვის“, – ციტირებს „როიტერი“ ოთხიდან ერთ-ერთ პირს.

როგორც გამოცემა წერს, ისინი მაღალი პოლიტიკური რანგის მქონე ხუთ პირს ესაუბრნენ, რომლებიც ამჟამად ან ადრე მუშაობდნენ პუტინთან. როგორც სააგენტო აღნიშნავს, მეხუთე პირს ფრონტზე ამჟამად არსებული ხაზების პირობებში ომის გაყინვასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. ამავე წყაროების ცნობით, პუტინი მიიჩნევს, რომ ამ მომენტისთვის ომში არსებული მიღწევები საკმარისია რუსი ხალხისთვის გამარჯვების მისაყიდად. პუტინს ესმის, რომ ნებისმიერი ახალი დრამატული მიღწევები კიდევ ერთ საყოველთაო მობილიზაციას მოითხოვს, რაც მას არ სურს.

წყაროს თქმით, პუტინის რეიტინგი 2022 წლის სექტემბერში პირველი მობილიზაციისას დაეცა. აქვე, ერთ-ერთი წყარო ვარაუდს გამოთქვამს, რომ ვიდრე უკრაინის ხელისუფლების სათავეში ვოლოდიმირ ზელენსკია, შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდება, თუ რუსეთი გვერდს არ აუვლის მას და ვაშინგტონთან არ გააფორმებს შეთანხმებას. აღნიშნული პირები ვარაუდობენ, რომ პუტინის დაჟინებული მოთხოვნა, ბრძოლის ველზე მოპოვებული ტერიტორიების შეთანხმებაში გათვალისწინების შესახებ, გადახედვას არ ექვემდებარება. თუმცა რუსეთის პრეზიდენტი დათანხმდებოდა იმ ტერიტორიას რომელიც ახლა აქვს და არსებულ ხაზებში გაყინავდა კონფლიქტს.

„პუტინი იტყვის, რომ ჩვენ მოვიგეთ, რომ ნატო თავს დაგვესხა და ჩვენ დავიცავით ჩვენი სუვერენიტეტი, რომ გვაქვს სახმელეთო დერეფანი ყირიმთან, რაც სიმართლეა“, – აცხადებს ერთ-ერთი წყარო.

საქართველოსთვის რომ კარგ საქმეს ვაკეთებ, თუ ამისთვის ვინმე დამასანქცირებს, ეს იქნება ჩემთვის საამაყო -პაატა კვიჟინაძე

ამერიკას აქვს თავისი ინტერესი, მას ჰყავს დიდი მტრები ჩინეთისა და რუსეთის სახით და მისთვის მთავარი ინტერესია ახლა, მის გარშემო შექმნას ცეცხლის რკალი, ჩვენ ვართ მე-17 ხარისხოვანი, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაზე კომენტირებისას ისაუბრა.

კვიჟინაძის თქმით, თუ საქართველოსთვის მას ვინმე სანქციებს დაუწესებს, ეს იქნება საამაყო, ვინაიდან, სამშობლო უპირველესია.

„საქართველოსთვის თუ ვინმე დამასანქცირებს, საქართველოსთვის რომ კარგ საქმეს ვაკეთებ, ეს იქნება ჩემთვის საამაყო. ამერიკას აქვს კანონი და ჩვენ გვეუბნება თუ იგივე კანონს მიიღებ, დაგასანქცირებო, [ჩვენი კანონი] უფრო სუსტია. მე მომზადება არ მჭირდება და არც არავის ვეკითხები, მე მოვდივარ ეროვნული მოძრაობიდან, ნაბრძოლი ვარ; ნუ ისწავლიან ამერიკაში [ჩემი შვილები], სამშობლო უპირველეს ყოვლისა, ეგ თქვენ ხართ დაფეთებულები, ფულებს თუ არ მოგცემენ ენჯეოებიდან გამომდინარე, მე არ მაინტერესებს, ასე გავიზარდე და ჩემს შვილებსაც ასე გავზრდი.” – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 25 მაისისთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7246 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7246 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7268 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0022 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9540 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9578 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0038 ლარი შეადგინა.