Home Blog Page 1213

,,საქართველო არასდროს იქნება ვინმეს კოლონია” – კალაძე

მე არ მაქვს ამის პრობლემა, პირდაპირ გეტყვით, როდესაც ქვეყნის ინტერესი დგას პირველ ფლანგზე, რა თქმა უნდა, საკუთარი თავი აქ ნაკლებად საინტერესოა, – ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კომენტარი იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ დღეს კალაძემ შესაძლოა საკუთარი თავი დასანქცირებულთა სიაში აღმოაჩინოს.

ამასთან, როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, წარმოუდგენელია, როდესაც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები სანქციებს აწესებს იმის გამო, რომ ქვეყანაში ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი კანონებს იღებს.

„წარმოუდგენელია ასეთი ქმედებები, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ დავძლევთ ვეტოს, იმიტომ, რომ აქ საუბარია ქვეყნის ინტერესებზე, საუბარია სუვერენიტეტზე, ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისთვის.

რამდენიმე დღის წინ ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ამის მზაობაზე, ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით და ჩვენი მხრიდან იყო გაკეთებული განცხადებები, რომ თუ მოხდება ვიზალიბერალიზაცია, თუ მოხდება სავაჭრო ურთიერთობების შეთანხმება, პირდაპირი ფრენები, თუ ევროკავშირი გაგვიხსნის მოლაპარაკებებს, პირდაპირ გამოვედით და ვთქვით, რომ მაშინ, რა თქმა უნდა, ამ კანონის აუცილებლობა და საჭიროება არ იქნება დღის წესრიგში. შესაბამისად, ყველანაირად მზად ვართ თანამშრომლობისთვის, მზად ვართ პარტნიორობისთვის, მეგობრობისთვის, მაგრამ ეს ცალმხრივად, სამწუხაროდ, ვერ იქნება.

ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ეს ქვეყანა, ამ ქვეყნის მომავალი და საქართველო არასდროს და ვერასდროს ვერ იქნება ვინმეს კოლონია. ეს დამოკიდებულება ყველამ უნდა შეიცვალოს. როდესაც ჩვენ აღნიშნული კანონპროექტის ინიცირება მოვახდინეთ, ეს არ იყო შემთხვევითი პროცესი, ჩვენ კარგად გვესმის ქვეყანაში რა ხდება და თუ გადავხედავთ გასულ წელს, ნათლად დავინახავთ, რომ იყო რამდენიმეჯერ რევოლუციის მცდელობა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის მხრიდან, რომელიც ეფუძნებოდა პარალელურ გაყალბებულ კვლევებს და ეს ყველაფერი როდესაც ფინანსდება უცხოეთიდან, დასავლეთიდან, გარკვეული კითხვები ჩნდება. ამიტომ ჩვენ ვუფრთხილდებით ყველას – ვუფრთხილდებით, პირველ რიგში, ჩვენს ქვეყანას და ამ ქვეყნის მომავალს, ვუფრთხილდებით, ასევე, ჩვენს მეგობრებსაც და გარკვეული უხერხულობები რომ იყოს აცილებული თავიდან, მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა, რომ ძალიან მარტივად, წელიწადში ერთხელ, წარმოდგენილი იყოს დეკლარაცია, რომელი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 20%-ზე მეტ დაფინანსებას იღებს, საიდან ფინანსდება და რა კონკრეტულ პროექტებში იხარჯება თანხები. რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, სავაჭრო ურთიერთობებს, ფრენებს თუნდაც ევროკავშირთან მოლაპარაკების დაწყებას, ჩვენ მზად ვართ თუ კონკრეტული ნაბიჯი იქნება გადადგმული, აღნიშნული კანონის არც საჭიროება იქნება დღის წესრიგში და არც აუცილებლობა”, – განაცხადა კალაძემ.

,,სჯობს, მეგობრობის ხელი გაუწოდოთ საქართველოს, ვიდრე სანქციების მუქარა იყოს. ამ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის”- გურამ მაჭარაშვილი

სჯობს, რომ მეგობრობის ხელი გაუწოდოთ საქართველოს, ვიდრე სანქციების მუქარა იყოს. ამ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას აღნიშნა, რითაც გამოეხმაურა ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის განცხადებას.

გურამ მაჭარაშვილის თქმით, ერთი აკლია მარტო, რომ მოუშვირონ რაკეტა საქართველოს და უთხრან, ეს კანონი არ მიიღოთო.

„თუ შენ მეგობარი ხარ და მეუბნები, რომ რუსეთთან დეოკუპაციის პროცესში უნდა დამეხმარო და თან შენ აქ ოჯახებიანად შეურაცხყოფას მაყენებ, უნდა დამასანქცირო, გამყინო და ამომაგდო აქედან, მაგინო, რელიგია შეურაცხყო, ოჯახი შეურაცხყო, რა გამოდის? რომ, რუსები გვებრძვიან იარაღით, ტანკებით და ამერიკიდან ახლა ბრძოლას გვიწყებენ სანქციებით, ოჯახების შეურაცხყოფით, მართლმადიდებლობის შეურაცხყოფით.

ერთი აკლია მარტო, რომ მოუშვირონ რაკეტა საქართველოს და უთხრან, ეს კანონი არ მიიღოთო. ამ შემთხვევაში, არ გამოგივათ მეგობრებო ეს და სჯობს, რომ მეგობრობის ხელი გაუწოდოთ საქართველოს, ვიდრე სანქციების მუქარა იყოს. ამ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ისინი პრაქტიკულად სახელმწიფო გადატრიალებით გვემუქრებიან – სოზარ სუბარი

არაფერს აქვს მნიშვნელობა, თუ საქართველო ომში იქნება ჩართული. ომი თუ დაიწყო, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ქვეყანა კიდევ 30-50 წლით დაიხევს უკან, არამედ ნიშნავს, რომ მომავალში საქართველოს სახელმწიფო და ქართველი ერი აღარ იარსებებს. ამიტომ, მარტივად არის საქმე – საქართველო უპირველეს ყოვლისა და დამთავრდა, ამით ყველაფერი ნათქვამია, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე გლობალურ პროცესებში არჩევანი შემდეგზეა – იარსებებს თუ არა საქართველოს სახელმწიფო და, რა თქმა უნდა, ქვეყნის სუვერენიტეტის საკითხი ხელისუფლების მხრიდან არ გადაიხედება.

„ევროკომისარ ვარჰეის მხრიდან პრემიერ კობახიძის მიმართ იყო ერთგვარი მინიშნება, რომ შეიძლება ყველაფერი მოხდეს. ეს რომ რეალური საფრთხეა, იქიდანაც დავინახეთ, როცა ორმა ამერიკელმა კონგრესმენმა პირდაპირ თქვა, რომ ტრამპი ცოცხალი არ უნდა დარჩეს, რადგან ის საფრთხეს უქმნის ამერიკას. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ ფიცოზე თავდასხმაც ვნახეთ, სადაც გარკვეული სპეცსამსახურების კვალზე უკვე გადიან.

ასევე, ვარჰეის სატელეფონო ზარში მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი მუქარაც იყო, ამ კანონის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ისედაც მძიმე სიტუაციის გამწვავება, შემდგომში პოლარიზაცია და შესაძლო უკონტროლო სიტუაციები თბილისის ქუჩებში-ანუ, პრაქტიკულად სახელმწიფო გადატრიალებით გვემუქრებიან და ბოდიში, რა, კრემლის წინააღმდეგ იმიტომ არ გვიბრძოლია, რომ ის სხვა კრემლებით ჩავანაცვლოთ. ვერ ჩავანაცვლებთ. თუმცა ჩანაცვლებაზეც არ არის საქმე, არჩევანი შემდეგზეა – იარსებებს თუ არა საქართველოს სახელმწიფო და, რა თქმა უნდა, იარსებებს, ეს არჩევანი არ გადაიხედება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი „ქართველი ხალხის აქტის“ შესახებ განცხადებას ავრცელებს

ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი „ქართველი ხალხის აქტის“ შესახებ განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში წერია, რომ „ქართველი ხალხის აქტი“ ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება.

“პირველ ნაწილში მოყვანილია ის შედეგები, რომლებიც დაეკისრებათ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებსა და ფიზიკურ პირებს. მეორე ნაწილი, კი ხაზს უსვამს ამერიკის სენატის ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას ბოლო მოვლენების გათვალისწინებით”, – წერია განცხადებაში.

,,2024 წლის არჩევნები საქართველოში ჩატარდება ისე გამჭვირვალედ და სუფთად, როგორც ძალიან ბევრ ევროპული ქვეყანაშიც არ ტარდება”- სოზარ სუბარი

საარჩევნო სისტემა, რომელიც ცესკოს დღევანდელმა ადმინისტრაციამ შექმნა საქართველოში, 2024 წლის არჩევნებზე კითხვის ერთ ნიშანსაც არ დატოვებს, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის არჩევნები უნაკლოდ ჩატარდება, მოსალოდნელია, რომ ქვეყნის ზოგიერთი „დაუძინებელი მეგობარი“ უარყოფით შეფასებებს მაინც არ დაიშურებს.

„2024 წლის არჩევნები საქართველოში ჩატარდება ისე გამჭვირვალედ და სუფთად, როგორც ძალიან ბევრ ევროპული ქვეყანაშიც არ ტარდება. მით უმეტეს, არ შევადარებ ამერიკულ არჩევნებს, სადაც დიდი ხნის გარდაცვლილი ადამიანები აირჩიეს სენატშიც და კონგრესშიც; სადაც პრეზიდენტის არჩევნები გადაწყვიტა ფოსტით გაგზავნილმა ხმებმა, რომლის გაკონტროლება ვერავის შეეძლო და უცებ აღმოჩნდა, რომ ისეთ შტატებში, სადაც ტრამპი დამაჯერებლად იგებდა, ფოსტით გაგზავნილმა ბიულეტენებმა ბაიდენის გამარჯვება უზრუნველყო. თანაც, ფოსტით გაგზავნილ ბიულეტენებში ბაიდენს 99%-იანი უპირატესობა ჰქონდა. არადა, მარტივი ლოგიკაა, რომ სინამდვილეში შეუძლებელია ასე მომხდარიყო, რადგან პროცენტული განაწილება ყველა შემთხვევაში იგივე უნდა ყოფილიყო.

როცა ჩვენი დასავლელი პარტნიორები ამბობენ, რომ ყურადღებით დააკვირდებიან არჩევნებს საქართველოში, შეგვიძლია დავამშვიდოთ ისინი, რომ ჩვენი არჩევნების სტანდარტი გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე ის არჩევნები, რომელზეც ზემოთ ვილაპარაკე. რა თქმა უნდა, ზოგიერთი ჩვენი „დაუძინებელი მეგობარი“, საერთაშორისო დამკვირვებლებს ვგულისხმობ, მაინც გააკეთებს უარყოფით შეფასებას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთი ფაქტი არ იარსებებს, რომელიც ამ უარყოფით შეფასებებს ზურგს გაუმაგრებს. საარჩევნო სისტემა, რომელიც ცესკოს დღევანდელმა ადმინისტრაციამ შექმნა საქართველოში, კითხვის არც ერთ ნიშანს არ დატოვებს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

,,დღეს ვსაუბრობთ არასამთავრობო ორგანიზაციების გაზრდილ მონაწილეობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში”- მაკა ბოჭორიშვილი “Euronews”-თან ინტერვიუში

არსებობს გამჭვირვალობასთან დაკავშირებული საკითხები, როდესაც საქმე ეხება ამ [არასამთავრობო] ორგანიზაციების დაფინანსებას. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ამ ორგანიზაციების გაზრდილ მონაწილეობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საქართველოში, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან დაკავშირებით “Euronews”-თან საუბრისას განაცხადა.

როგორც ბოჭორიშვილმა განმარტა, იმ მუხლში, სადაც აღნიშნულ ორგანიზაციებს აქვთ დარეგისტრირების ვალდებულება, ნათქვამია, რომ კანონი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირების წინააღმდეგ. მისივე თქმით, ხელისუფლება მზად არის კანონთან დაკავშირებით ნებისმიერი სამართლებრივი რეკომენდაციის განხილვისთვის. “მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის სრული გამჭვირვალობა გვქონდეს იმის შესახებ, თუ ვინ დგას უკან და რა დგას მათ მიერ გამოთქმული პოლიტიკური პოზიციების უკან. საუბარია ორგანიზაციების რეგისტრაციაზე. იმ მუხლში, სადაც მათ აქვთ დარეგისტრირების ვალდებულება, ნათქვამია, რომ ეს კანონი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირების წინააღმდეგ. ჩვენ ასევე მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი სამართლებრივი კომენტარი ან რეკომენდაცია ამ კანონმდებლობასთან დაკავშირებით. თუ ჩვენ გვჭირდება მისი მიახლოება     

,,ეს “აქცია” იყო თეატრის რამდენიმე მსახიობის მიერ განხორციელებული და მიუხედავად მრავალწლიანი მეგობრობისა, არ ვიზიარებ მათ ინდივიდუალურ შეხედულებებს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით”- მსახიობი თემურ გვალია

„ეხლა მომისმინეთ!
გუშინ “მარჯანიშვილის თეატრში” გაიმართა “მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრში” დადგმული სპექტაკლი “მეფე ლირი”.
სპექტაკლი როცა დამთავრდა, ეგრედწოდებული “პაკლონის” შემდეგ გაიშალა პლაკატები “არა რუსულ კანონს” და კიდევ სხვა…
ეს იყო ამ სპექტაკლის მონაწილეების ინდივიდუალური გადაწყვეტილება და აქტიურობა, რომელსაც თეატრის გარკვეული ნაწილი არ იზიარებს და არ ემხრობა!
ამას იმიტომ ავღნიშნავ, რომ სხვადასხვა საინფორმაციოები ამ ფაქტთან დაკავშირებით, ამ ინიციატივის ავტორად მთლიანად “მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრს მოიხსენიებენ, რაც არის ტყუილი და სრული დეზინფორმაცია!!!!!
გუშინდელი “პერფორმანსი” მთლიანად მოფიქრებული და განხორციელებული იყო სპექტაკლში მონაწილე მსახიობების მიერ და არა “თუმანიშვილის” თეატრის მიერ..
ხოდა ძალიან გთხოვთ ყველას!
როცა ამ თემას ეხებით სოც-ქსელში, ისაუბრეთ მათზე, ვინც უშუალოდ დაგეგმა ეს აქცია და ვინც იღებდა მასში მონაწილეობას და არა მთლიანად დასზე!
ამ დასში მეც ვარ და მაგრად არ მსიამოვნებს როცა სხვის ნამოქმედარს მე და განსხვავებულ აზრზე მყოფ მსახიობებს გვტენიან არასწორად ინფორმირებული სააგენტოები თუ ინდივიდუალური პირები!
100-მა კაცმა მომწერა.. მეკითხებიან რა ხდება თქვენთან თეატრშიო და დავიღალე პასუხების გაცემით!
რა ხდება და ის ხდება რაც მთლიანად ქვეყანაში!
ასე, რომ გთხოვთ “თუმანიშვილის თეატრის” ლანძღვას თავი დაანებოთ!
თეატრი აქ არაფერ შუაშია!
ჩემი დამოკიდებულება კი იცით მეგობრების უმრავლესობამ, ამ საკითხთან დაკავშირებით..
არც იმიტომ ვდებ ამ პოსტს, რომ თავს ვიმართლებ…
უბრალოდ ეს “აქცია” იყო თეატრის რამოდენიმე მსახიობის მიერ მოფიქრებული და განხორციელებული და მიუხედავად ჩვენი მრავალწლიანი მეგობრობისა, პირადად მე, არ ვიზიარებ მათ ინდივიდუალურ შეხედულებებს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით.
სულ ეს იყო..
(შეურაცხმყოფელი კომენტები წაიშლება)“, – წერს მსახიობი სოციალურ ქსელში.

ჩვენთვის, რა თქმა უნდა, აშშ-თან მეგობრობა არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩვენი ეკონომიკა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ხდება ჩვენს რეგიონში და რა ურთიერთობა გვაქვს ჩვენი რეგიონის ქვეყნებთან – სუბარი

„რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნებოდა, ამერიკა რომ მოქცეულიყო როგორც ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორი და მიგვეღო თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, მაგრამ ეს არ მისცემს ჩვენს ეკონომიკას რაიმე განსაკუთრებულ შესაძლებლობას, რადგან შტატები ჩვენგან ძალიან დაშორებულია გეოგრაფიულად,” – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა საქართველო-აშშ-ის მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობის შესაძლებლობებზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც სუბარმა თქვა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მეგობრობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენი ეკონომიკა ბევრად უფრო არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა ხდება ჩვენს რეგიონში და რა ურთიერთობა გვაქვს ჩვენი რეგიონის ქვეყნებთან.

სოზარ სუბარმა იმაზეც ისაუბრა, რომ საქართველოს, როგორც სატრანზიტო დერეფნის მიმართ, აშშ-ს და ევროპის ინტერესები ხშირად ერთმანეთს არ ემთხვევა. თუმცა სამწუხაროდ ევროპა ხშირად ვერ ატარებს მისთვის სასურველ პოლიტიკას, ვინაიდან ემორჩილება გლობალური ომის პარტიის ინტერესებს.

„სინამდვილეში ევროპას ხშირად სხვა ინტერესი აქვს, ამერიკას – სხვა, თუმცა ევროპა სამწუხაროდ, ხშირად საკუთარ პოლიტიკას კი არ ატარებს, არამედ ატარებს იმ პოლიტიკას, რასაც გლობალური ომის პარტია კარნახობს. რატომ ვამბობ, რომ მათ სხვადასხვა ინტერესი აქვთ? ამერიკის ინტერესი, როგორც ყველაზე დიდი საზღვაო სახელმწიფოსი, ბუნებრივია არის ის, რომ ტვირთები გადაიტანოს ზღვით, სადაც მას კონტროლი აქვს და ნებისმიერ წუთს შეუძლია გარკვეული დაბრკოლებები შექმნას ნებისმიერ ზღვაზე, სრუტესა თუ ოკეანეში. ამ დროს, ევროპის ინტერესი უნდა იყოს, რომ ყველაზე მოკლე გზით მიდიოდეს ტვირთები. ეს ყველაზე მოკლე გზა ერთი არის რუსეთის გავლით, მეორე – კავკასია, ამ შემთხვევაში. რუსეთის გავლით პრობლემები შეიქმნა უკრაინის ომის გამო, თუმცა, როგორც კი ჰუსიტებმა პირველი ჭურვი ისროლეს წითელ ზღვაში, 40 %-ით გაიზარდა ჩინეთიდან ევროპაში რუსეთის გავლით სარკინიგზო გადაზიდვები, ვითომ ომი არც არის. ტვირთები მიდის ჩინეთიდან რუსეთის გავლით ბალტიისპირეთის ქვეყნებში და იქიდან ნაწილდება დანარჩენ ევროპაში, ძირითადად გერმანიაში. უცებ დაავიწყდათ, რომ უკრაინაში ომია, დაავიწყდათ სანქციები და ვაჭრობისა და მოგების ინტერესმა გადაფარა ყველაფერი. ომი ომად, ხოლო ბიზნესი – ბიზნესად. „ომი ომია მაგრამ სადილი თავის დროზე“ – დაახლოებით ეს პოლიტიკა აქვთ,” – განაცხადა სოზარ სუბარმა.

რაც შეეხება ამერიკასთან ურთიერთობას, სუბარი აცხადებს, რომ მიუხედავად მრავალწლიანი ურთიერთობისა, საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობა არ ვითარდება.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამდენი წელია ამერიკის შეერთებულ შტატებთან გვაქვს დადებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება, ვერც ერთი ხელშესახები სიკეთე ვერ მივიღეთ. ამერიკა დღემდე არც კი გველაპარაკებოდა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე, უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობაზე. ახლა კი გადაწყვიტეს შეურაცხმყოფელი ტონით გველაპარაკონ – თუ კანონს მიიღებთ, სანქციებს დაგიწესებთ, ხოლო თუ დაგვემორჩილებით და კანონზე ვეტოს არ დაძლევთ, მაშინ ვნახოთ, შეიძლება დაგელაპარაკოთ ვაჭრობისა და ვიზების ლიბერალიზაციაზეო.

რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან გაგვიხარდება, აშშ რომ ისე მოიქცეს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორობას შეეფერება და ხელი რომ მოვაწეროთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, მაგრამ საქართველოს ეკონომიკისთვის ეს რაიმე განსაკუთრებული პანაცეა ვერ იქნებოდა. შტატები ჩვენგან გეოგრაფიულად ძალიან შორს არის და ჩვენ ყოველთვის გვექნება გაცილებით მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა სომხეთთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან, თუნდაც რუსეთთან – ჩვენს უშუალო მეზობლებთან და მათ მოსაზღვრე ქვეყნებთან, ვიდრე ოკეანის გაღმა ქვეყანასთან. ამიტომაც, ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მეგობრობა არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩვენი ეკონომიკა ბევრად უფრო არის დამოკიდებული იმაზე, რა ხდება ჩვენს რეგიონში და რა ურთიერთობა გვაქვს ჩვენი რეგიონის ქვეყნებთან. ასეთია ჩვენი გეოგრაფია და გეოსტრატეგიული მდებარეობა, რასაც ჩვენ ვერ შევცვლით. შესაბამისად, სწორედ ეს მდებარეობა უნდა ვაქციოთ ჩვენს უპირატესობად.

აი ეს ხაზი უნდა განვავითაროთ ჩვენ, პირველ რიგში, იმის პარალელურად, რომ ჩვენი ვექტორი რჩება უცვლელი – ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანება და ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრად გახდომა. ეს სივრცე ჩვენთვის ბევრად უფრო ახლობელია, იმიტომ, რომ ისტორიულად და ცივილიზაციურად სწორედ ამ სივრცის ნაწილი ვართ,” – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ევროპაზე საუბრისას, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ცვლილებები, განსაკუთრებით პოლიტიკაში, ევროპის ქვეყნებში უკვე დაწყებულია და ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება.

„ევროპაში დღესდღეობით ბევრი რამ იცვლება და ეს ცვლილებები უფრო დაჩქარდება. სახადივით იყო ულტრა-ლიბერალიზმი და ლიბერალური ფაშიზმი, რომელიც დღესაც არის წამყვანი დასავლური იდეოლოგია, მაგრამ ნელ-ნელა ბევრ ქვეყანაში ის მარცხდება და ამის შედეგს წელსაც ვიხილავთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. მხოლოდ ევროპარლამენტის არჩევნებს არ ვგულისხმობ, თუმცა იქაც იქნება გარკვეული ცვლილებები, მაგრამ მთავარი ცვლილებები ევროპის რამდენიმე ქვეყნის ეროვნულ არჩევნებზე მოხდება” – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ღია მიმართვა ქართულ საზოგადოებრიობას

ღია მიმართვა ქართულ საზოგადოებრიობას

 საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს არ დავუშვათ საქართველოს სტრატეგიული მარტოობა

 უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო ინტერვენციამ ძირეულად შეცვალა მსოფლიო სახელმწიფოებს შორის არსებული პოლიტიკური ურთიერთობები.

უკრაინაში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირება განიხილება როგორც შესაძლო მესამე მსოფლიო ომის პირველი ფაზა. ამგვარი ომების შედეგების წინასწარი განსაზღვრა პრაქტიკულად შეუძლებელია. ამდენად, განწირული ჩანს ყველა მცდელობა წინასწარ გამოვიცნოთ გეოპოლიტიკურ ძალთა განლაგება კონფლიქტის შემდგომ.

იმპერიათა ბრძოლა კავკასიისთვის ისტორიულად მრავალჯერ დასრულებულა საქართველოს დამორჩილება-ოკუპაციით. ჩვენი ქვეყანა ხშირად გამხდარა გამარჯვებულის ნადავლი. იყო შემთხვევები, როდესაც საქართველოს ტერიტორია გაიყოფოდა იმპერიებს შორის მათი მოლაპარაკების შესაბამისად.

2024 წელს საქართველოს ხელისუფლებამ მიიჩნია, რომ  ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებები და მოლოდინები მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ გეგმებისგან, რაც გააჩნიათ დასავლეთის ლიდერ ქვეყნებს საქართველოსთან და ზოგადად კავკასიასთან  მიმართებაში. სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვითა და გაძლიერების მიზნით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, შეიცვალოს დაქვემდებარების ხარისხი, რაც საქართველოს აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან.

ყოველივე ზემოაღნიშნული პირდაპირპროპორციულად აისახება საქართველოს პოლიტიკური ძალების მოქმედებებზე. გამოიკვეთა ორი ურთიერთსაპირისპირო პოზიცია. ერთი მხარე მოითხოვს, რომ საქართველო იყოს უფრო მეტად თავისუფალი ამერიკის შეერთებული შტატების გავლენისაგან, მეორე კი იბრძვის რუსეთისგან სრული დამოუკიდებლობისათვის. ორივე მათგანს ასობით და ათობით ათასი საქართველოს მოქალაქე უჭერს მხარს.

ვითარება პარადოქსულია: ერთი შეხედვით ერთმანეთთან სამკვდრო-საციცოცხლო ბრძოლაში ჩაბმული ხელისუფლება და ოპოზიცია, რეალურად და ქვეცნობიერად ემსახურება ერთ დიდ საერთო საქმეს – საქართველოს დამოუკიდებლობას. ემსახურება ისე, როგორც მას ეს ესმის.

საქართველოს სახელმწიფოს სუვერენული ფუნქციონირება მოითხოვს ორივე მიზნის მიღწევას, ვინაიდან სხვა შემთხვევაში ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ ისეთივე განსაცდელში, როგორშიც იყო საქართველო 1990-იან წლებში, ან როგორშიც არის უკრაინა დღეს.

დღევანდელ მმართველ ძალას ან ოქტომბერში არჩეულ მომავალ ხელისუფლებას საქართველოს სახელმწიფოს შესანარჩუნებლად ესაჭიროება უსაფრთხოების (უშიშროების) ისეთი სისტემების აგება, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის და მისი მოსახლეობის დაცვას ყოველი მხრიდან მოსალოდნელი კრიზისებისგან. სისტემების შექმნა არ უნდა განისაზღვროს იმ ანგარიშით, თუ რომელ გეოპოლიტიკურ ძალასთან იქნება საქართველო მომავალში დაკავშირებული.

საქართველოს მომავლის, ახალგაზრდობის, პროტესტის მიზეზი მხოლოდ „გამჭვირვალობის კანონის“ მიღება არ არის. მათთვის გაუგებარია როგორ აპირებს ხელისუფლება ისეთი საკითხების მოგვარებას  როგორიცაა: მცირე შემოსავლები, ქვეყნის მოსახლეობისაგან დაცლა, ქართველების დემოგრაფიული ჩანაცვლება, ქართული სოფლის დასუსტება, ადამიანის სიჯანსაღისთვის აუცილებელი საკვების წარმოების უუნარობა, ჩამოშლილი საშუალო და უმაღლესი განათლება, დამცრობილი მეცნიერება, არაკონკურენტული ეკონომიკა და სხვა კიდევ მრავალი.

არადა, ეს ყველაფერი წინაპირობაა იმისა, რომ საომარი მოქმედებების გარეშეც კი, ადრე თუ გვიან, ჩვენმა ქვეყანამ დაკარგოს სახელმწიფოებრიობა.

კიდევ უფრო გასაოცარია პოზიცია-ოპოზიციის მიერ სრული იგნორირება იმ კატასტროფისა, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს სახელმწიფოს მიწების უცხოელებზე გაყიდვის პროცესთან, რაც მიმდინარეობს საქართველოს კონსტიტუციისა და შესაბამისი ორი კანონის დარღვევით. თანაც, ქართული სოფლებისათვის წართმეული ტერიტორიები (სასოფლო-სამეურნეო მიწები, საძოვრები და სხვ.) გადაეცემათ არა პროდუქციის მწარმოებელ არარეზიდენტ პირებს, არამედ იმ სუბიექტებს, რომლებიც საქართველოს შუაგულში აშენებენ ათასობით კერძო სახლს სხვა ქვეყნის მოქალაქეების ჩამოსასახლებლად.

ქართული სოფლების ნაცვლად უცხოელების კუთვნილი დასახლებების მშენებლობა შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს ეგზისტენციალურ გამოწვევად. ისტორიული გამოცდილებით, იმპერიებთან ბრძოლაში გამარჯვებისა და ოკუპაციისაგან გათავისუფლების შანსი არსებობს, სხვებზე ქართული ტერიტორიების გაყიდვით დაწყებული ქვეყნის დეზინტეგრაციის პროცესის შეჩერების შანსი კი არა.

საქართველოს ხელისუფლების და პოლიტიკური ოპოზიციის ვალდებულება მხოლოდ ის არაა, რომ ებრძოდე იმპერიებს და იყო „მართალი“, არამედ ისიც, რომ გააზრებული სტრატეგიით ატარებდე საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამის პოლიტიკას.

მიუხედავად საქართველოს მდგომარეობისა მსოფლიოს იმ გადანაწილებაში, რომლისთვისაც ზესახელმწიფოების შორის მიმდინარეობს გეოპოლიტიკური ბრძოლა, ქართული სახელმწიფოს არსებობისთვის და წინსვლისთვის აუცილებელია განხორციელდეს შემდეგი:

  • ჩამოყალიბდეს თანამედროვე ქართული სახელმწიფო იდეოლოგია არსებული გამოცდილებისა და უკანასკნელი სამეცნიერო აღმოჩენების შესაბამისად;
  • აღორძინდეს ქართულ სოფელი – საქართველოს უპირობო საძირკველი;
  • შეწყდეს უცხოელებზე მიწის გაყიდვა;
  • დაუბრუნდეს სოფელს სტატუსი, რის შემდეგაც მუდმივ სარგებლობაში გადაეცეს მათი კუთვნილი სასოფლო მიწები, საძოვრები, ტყეები და სხვა მატერიალური სიკეთეები, რაც იქნება  მათი ავტონომიური შემოსავლების ეკონომიკური საფუძველი;
  • შეიცვალოს ულტრალიბერალური ეკონომიკური აზროვნება, რის გამოც ხელში შეგვრჩა დაუცველი ბაზარი, სხვა ქვეყნებთან ვითომ „თავისუფალი“ სავაჭრო ურთიერთობები, უსისტემო და არადარგობრივი ქაოსური ეკონომიკა;
  • მომზადდეს სამობილიზაციო ეკონომიკის მოდელი, სტრატეგიულად აუცილებელი დარგების განვითარების პროგრამებით, რაც უზრუნველყოფს ქართული სახელმწიფოს სამხედრო და სასურსათო უსაფრთხოებას;
  • განხორციელდეს განათლების სისტემის ნამდვილი რეფორმა;
  • აღდგეს მეცნიერებათა აკადემიის ეფექტური მოდელი;
  • მომზადდეს ახალგაზრდა თაობა ციფრული ეკონომიკისათვის;
  • გადაეცეს სათანადო ცოდნა მოსწავლეებს და სტუდენტებს;
  • დაცული იქნას საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობა ჯანდაცვის მაღალეფექტური სერვისებისა და ხარისხიანი საკვების მიწოდებით.

დღეს შექმნილი ვითარების პარადოქსულობა იმაში გამოიხატება, რომ ხელისუფლების და ოპოზიციის დაპირისპირება და „გამჭვირვალობის კანონის“ გარშემო შექმნილი მდგომარეობა საქართველოს ფაქტობრივად ტოვებს სტრატეგიულ მარტოობაში, მაშინ როდესაც ჩვენი ქვეყნის ჩრდილოეთითაც და სამხრეთითაც ომია. ამგვარი ვითარება უაღრესად სახიფათო იქნება ჩვენი ქვეყნისათვის. მშვიდობის შესანარჩუნებლად და შემდგომი წინსვლისთვის საქართველოს სჭირდება ურთიერთგაგება და ერთიანობა, როგორც პოლიტიკურ ძალებს, ისე იმ ადამიანებს შორის, ვინც მათ მხარს უჭერს. 2024 წლის მარტის ბოლოდან განვითარებულ მოვლენებს სწორედ საპირისპირო მხარეს მივყავართ, რაც სრულიად დაუშვებელია.

დღეს არსებული პოლიტიკური ძალების არასაკმარისი ცოდნა და უნარი განახორციელოს დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს გაძლიერებისათვის საჭირო სისტემური ცვლილებები, საფუძველს გვაძლევს უახლოეს მომავალში წარმოგიდგინოთ მოქმედების უფრო დეტალური გეგმა, რაც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ ხელისუფლების მიერ, რომელსაც მხარს დაუჭერს საქართველოს მოსახლეობა 2024 წელს გათვალისწინებულ საპარლამენტო არჩევნებზე.

საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრები:

პაატა კოღუაშვილი, ნიკა სანებლიძე

პავლე ინგოროყვას შრომების მკვლევარი

დავით გალეგაშვილი

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მსოფლიოს 70-ზე მეტ ქალაქში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე – 26 მაისი, მსოფლიოს 70 -ზე მეტ ქალაქში, მაისი-ივნისის პერიოდში, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ტრადიციულად, საქართველოს დროშის ფერებში განათდება მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა.

აღსანიშნავია, რომ 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ქ. ვაშინგტონში, ფრედერიკ დუგლასის სახელობის ხიდი განათდება საქართველოს დროშის ფერებით. ამასთან, ვაშინგტონის მერია და მერი გამოსცემს პროკლამაციას საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.

ასევე, ქ. ნიუ იორკში, „თაიმ სქვერზე“ არსებულ ეკრანზე გამოსახული იქნება საქართველოს დროშა და დამოუკიდებლობის დღის აღმნიშვნელი ლოგო. ქ. სან-ფრანცისკოში კი, მერიის შენობაზე აღიმართება ქართული დროშა.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქ. სტრასბურგში, ევროპის საბჭოს შენობა განათდება საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში.

საფრანგეთში იგეგმება პარიზის მე-17 ოლქის განათება ქართული დროშის ფერებით, ხოლო ესპანეთში, ქ, მადრიდში – სიბელესის მოედნის განათება, ასევე, დაგეგმილია სევილიისა და ბილბაოს ცენტრალური მოედნების განათება.

საბერძნეთში საქართველოს დროშის ფერებში განათდება ათენის ცენტრალური შადრევანი, ქ. თესალონიკში კი ცნობილი ქოლგების მონუმენტი.

26 მაისის აღსანიშნავად, ირლანდიაში, ქალაქის ცენტრში აღიმართება საქართველოს დროშები და დუბლინის ღირსშესანიშნაობა Samuel Beckett -ის ხიდი განათდება საქართველოს დროშის ფერებით.

ასევე, ტრადიციულად, საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდება ლიეტუვაში ვილნიუსის, კაუნასის და კლაიპედის ღირსშესანიშნაობები.
ესტონეთში, საქართველოს საელჩოს შენობა განათდება საქართველოს დროშის გამოსახულებით. სლოვაკეთში დაგეგმილია საელჩოს ისტორიული შენობის ფასადის განათება საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში, ასევე ქ. კოშიცეს ისტორიული შენობის განათება, ხორვატიაში კი განათდება ქ. ზაგრების ცენტრალური შადრევანი.

26 მაისის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში, ჩრდ. მაკედონიის დედაქალაქის სკოპიეს ცენტრალურ მოედანზე დაგეგმილია საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ამსახველი ვიდეორგოლის ჩვენება. კვიპროსში კი, ქ. ნიქოზიის ცენტრალური მოედანი ( Eleftheria square) განათდება საქართველოს დროშის ფერებში.

აღსანიშნავია, რომ კანადაში უკვე მეოთხედ, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ნიაგარას ჩანჩქერი განათდება საქართველოს დროშის ფერებით. ამასთან, ქ. ოტავას მერიის წინ გაიმართება საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონია. ასევე, მექსიკაში დაგეგმილია ქ. მეხიკოს მთავარი ღირსშესანიშნაობების განათება საქართველოს დროშის ფერებით.

26 მაისის აღსანიშნავად, არგენტინაში, ქ.ბუენოს აირესში მდებარე ხიდი – „პუენტე დე ლა მუხერ“, პლანეტარიუმი და კულტურული ცენტრი „უსინა დელ არტე“ განათდება საქართველოს დროშის ფერებში.

ავსტრალიაში საქართველოს დროშის გამოსახულება გამოჩნდება სახელმწიფო ხაზინის შენობაზე.

26 მაისის აღსანიშნავად, ეგვიპტეში, ქ. ასუანში, მსოფლიოს ღირსშესანიშნაობა, ძვ.წ. მე-7 – მე-6 საუკუნის ფილეს ტაძრის კომპლექსი განათდება საქართველოს დროშის გამოსახულებით.

ინდონეზიაში, ქ. ჯაკარტას ღირსშესანიშნაობის განათება საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში; კორეის რესპუბლიკაში კი, ქ. სეულის მერია განათდება ქართული დროშის ფერებით.

თურქეთში, ქ. ანკარაში საქართველოს დროშის ფერებით განათდება „ტყუპებად“ წოდებული თურქეთის პალატებისა და ბირჟების გაერთიანების შენობა, ქ. სტამბოლში „ ქალწულის კოშკი“ აზერბაიჯანში, ქ. ბაქოში კი განათდება ჰეიდარ ალიევის ცენტრი.

სომხეთში კი საქართველოს დროშა გამოჩნდება დედაქალაქში არსებულ ბილბორდებზე.

აღსანიშნავია, რომ ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოების ორგანიზებით, დაგეგმილია სხვადასხვა სახის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებების გამართვაც.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ბელგიაში, ტრადიციულად, ბრიუსელის სიმბოლოს, ცნობილი ქანდაკების – Manneken-Pis ქართული ჩოხით შემოსვის ცერემონია გაიმართება. ასევე, ნიდერლანდებში, ქ. ჰააგის სამრეკლოდან გაჟღერდება ქართული მელოდიები.

26 მაისის აღსანიშნავად, ლევილის ქართველთა მამულში გაიმართება ქართული კულტურისა და ხელოვნებისადმი მიძღვნილი ფესტივალი.

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ესპანეთში დაგეგმილია ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლის პერფომანსი ალკალას თაღის ქვეშ, ასევე მოეწყობა ქართული ფოლკლორული კონცერტი ბილბაოში საპატრიარქოს გუნდისა და ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლის მონაწილეობით. ესპანეთში, ქ. ბარსელონაში კი გაიმართება გამოფენა – Sspectacular Georgia.

იტალიაში, ქ. მილანში მოეწყობა ფოტო-გამოფენა „ქართული თეატრალური მხატვრობის ევროპული გზა“, რომლის ფარგლებშიც წარმოდგენილი იქნება ელენე ახვლედიანის, კირილე ზდანევიჩის, პეტრე ოცხელის, სერგო ქობულაძის ნამუშევრები, ქ. ბარიში კი გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება და კონცერტი ქართული ანსამბლის „თეატრალური კვარტეტი“ შესრულებით.

26 მაისთან დაკავშირებით, ვატიკანში გაიმართება გია ყანჩელისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ იტალიელი მუსიკოსები.

შვედეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება ნუცა ბუზალაძისა და საბინა ჭანტურიას მონაწილეობით, ასევე, შვედური ანსამბლი „რილტონის მეგობრები“ შეასრულებს ქართულ სიმღერებს. შვეიცარიაში ქართული კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართება სამ სხვადასხვა რეგიონში, ნიდერლანდებში კი გაიმართება ანსამბლ „საქართველოს“ კონცერტი.

ბულგარეთში, 26 მაისის აღსანიშნავად, სოფიას უნივერსიტეტში საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიის ამსახველი ფოტო-გამოფენა გაიხსნება, ამასთან, ქ. პლოვდივის ძველი ქალაქის სამუზეუმო კომპლექსის ერთ-ერთ ღია სივრცეში, საქართველოს ეროვნული პარკების ამსახველი გამოფენა მოეწყობა. ასევე, იგეგმება „ვეფხისტყაოსნის“ ბულგარულენოვანი თარგმანის პრეზენტაცია.

მოლდოვაში გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი ანსამბლ „აფხაზეთის“ მონაწილეობით.

26 მაისთან დაკავშირებით, ლატვიაში ქართული ფილმის „მონანიების“ ჩვენება გაიმართება.

უნგრეთში, ქ. კესტჰეიში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება – აჭარის კულტურის დღე გაიმართება.

იაპონიაში კი ტოკიოს ერთ-ერთ ცენტრალურ პარკში გაიმართება ქართული ფესტივალი, ასევე, ქ. კაგოშიმაში, დაგეგმილია პირველი საპატიო საკონსულოს გახსნის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიების გამართვაც.

კორეის რესპუბლიკაში, ადგილობრივ მაუწყებლობაში დაგეგმილია ქართული სიმღერების გაჟღერება, ამასთან დამოუკიდებლობის აღსანიშნავი ღონისძიების ფარგლებში, Seoul Friendship Festival-ში საელჩოებისთვის გამოყოფილ ზონაში ქართული კუთხე მოეწყობა, ასევე დაგეგმილია ლექციის გამართვა საქართველოს შესახებ.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში,ბრაზილიაში გაიმართება „თეატრალური კვარტეტის“ კონცერტი.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თურქმენეთში მოეწყობა საქართველოს შესახებ ფოტო – გამოფენა.

ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიებები ასევე მოეწყობა ავსტრიაში, ლუქსემბურგში, გერმანიაში ( ბერლინში და ქ. მაინის ფრანკფურტში,) დანიაში, ნორვეგიაში, ისლანდიაში, ქ. ჟენევაში, პოლონეთში, რუმინეთში, საბერძნეთში, სერბეთში, ქ. სტამბოლში, ინდოეთში, სამხრეთ აფრიკაში, საუდის არაბეთში, ქუვეითში, ყაზახეთში, ჩინეთში, კუბაში, ქ. ნიუ იორკში გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ორგანიზებით.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

კანონს სხვა დანიშნულება აქვს და ამას ყველა დაინახავს ოქტომბრის არჩევნებზე – ზაალ ანჯაფარიძე

ბოლო დროს საინფორმაციო სივრცეში ისევ შემოაგდეს სპეკულაცია და კონსპიროლოგია, თითქოს გამჭვირვალობის კანონი ხელახლა იმიტომ შემოიტანეს, რომ ამით საქართველოს ევროინტეგრაცია დაიბლოკოს. რუსეთი კი ამ გეოპოლიტიკური „საჩუქრის“ სანაცვლოდ „უზრუნველყოფს“ ცხინვალისა და აფხაზეთის საქართველოში რაღაც ფორმით რეინტეგრაციას და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ფორმალურად აღდგება, – ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მოსკოვი ამ ნაბიჯისთვის მზად არ არის, რაც შეეხება გამჭვირვალობის კანონს, ის სულ სხვა მიზნით იქნა მიღებული და ამას ყველა დაინახავს ოქტომბერში.

ბოლო დროს საინფორმაციო სივრცეში ისევ შემოაგდეს სპეკულაცია და კონსპიროლოგია, თითქოს გამჭვირვალობის კანონი ხელახლა იმიტომ შემოიტანეს, რომ ამით საქართველოს ევროინტეგრაცია დაიბლოკოს. რუსეთი კი ამ გეოპოლიტიკური „საჩუქრის“ სანაცვლოდ „უზრუნველყოფს“ ცხინვალისა და აფხაზეთის საქართველოში რაღაც ფორმით რეინტეგრაციას და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ფორმალურად აღდგება.

ამ არაფრით გამყარებული სპეკულაციების და წიაღსვლების დეტალურად გარჩევას აზრი არ აქვს. თუმცა აზრი აქვს იმაზე მსჯელობას, პოტენციურად არის თუ არა მზად რუსეთი ასეთი ნაბიჯი გადადგას და რამდენად უღირს ეს გრძელვადიან პერსპექტივაში. ან რამდენად უღირს ეს ეფემერული ტერიტორიული მთლიანობა თავად საქართველოს?!

აქ ჩაღრმავებული ანალიზის სივრცე არაა, ამიტომ მოკლედ ვიტყვი, რომ ჩემი აზრით მოსკოვი ამისათვის მზად არ არის. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი არის ომი უკრაინაში, რომელიც რუსეთისთვის სახიფათოდ გაიწელა, თუმცა ისევე როგორც თავად უკრაინისთვის.

დასავლეთი არ მისცემს უკრაინას ომის დასრულების საშუალებას, ვიდრე ეცოდინება, რომ უკრაინას ჯერ კიდევ ჰყავს სამობილიზაციო რეზერვი, ანუ „საზარბაზნე ხორცი.“
ახლა თავად განსაჯეთ, ასეთ გამომფიტავ ომში ჩაბმულ რუსეთს, აქვს იმის მოტივაცია, რომ აფხაზეთის და ცხინვალის გამო ახალი თავის ტკივილი დაიმატოს და კავკასიაში დაძაბულობის ახალი კერა გაიჩალიჩოს?

თბილისში ზოგიერთებს ეჩვენებათ, რომ ცხინვალის და აფხაზეთის რეინტეგრაცია რუსეთის მეშვეობით იოლად მოხდება, ამის მერე რეგიონში დაიწყება ეკონომიკური აღორძინება და ა.შ. რეინტეგრაცია არა და ვერ მოხდება მთელი რიგი ფაქტორების გამო. რომც მოხდეს, რუსეთი ამ რეგიონებიდან საკუთარ ჯარებს გაიყვანს? არ გაიყვანს! იტყვის გარდამავალ ეტაპზე მაინც უნდა დარჩნენ აფხაზების და ოსების უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვისო. ან ვინმეს ჰგონია, რომ ოჩამჩირეს საზღვაო ბაზაზე იტყვის უარს? ასე რომ, კარგი იქნება თუ ილუზიებს დავემშვიდობებით.

უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე კანონს სულ სხვა დანიშნულება აქვს და ამას შინ თუ გარეთ ყველა კარგად დაინახავს, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე”, – წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი „ქართველი ხალხის აქტის“ შესახებ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი „ქართველი ხალხის აქტის“ შესახებ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს პარლამენტის მიერ ახლახან მიღებული „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის საპასუხოდ, რომელიც ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის ფუნქციონირების შეზღუდვას ითვალისწინებს, ამერიკელმა სენატორებმა ბენ კარდინმა (მერილენდი), ჯინ შაჰინმა (ნიუ-ჰემპშირი), ჯიმ რიშმა (აიდაჰო), პიტ რიკეტსმა (ნებრასკა), კრის კუნსმა (დელავერი) და ლინდსი გრემმა (სამხრეთ კაროლინა) ორპარტიული კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც საქართველოს ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისთვის და ფიზიკური პირებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ითვალისწინებს, რომლებიც კორუფციაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღების ხელშეწყობაზე ან მიღების მცდელობებზე პასუხისმგებლები არიან. კანონპროექტი გააძლიერებს ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივ მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც დიდი უმრავლესობით უფრო დემოკრატიულ, ევროატლანტიკურ მომავალს მხარს უჭერს“, – ნათქვამია აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის განცხადებაში.

„ქართველი ხალხის აქტი“ ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება.

პირველ ნაწილში მოცემულია:1. გამოიყოს ის შედეგები, რომელიც დაეკისრება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ფიზიკურ პირებს, რომლებიც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელის შეშლაზე პასუხისმგებლები არიან, მათ შორის:- მოითხოვს სახელმწიფო დეპარტამენტმა ქართველ ფიზიკურ პირებსა და მათ ოჯახის წევრებს “უცხოური აგენტების შესახებ” კანონის ხელშეწყობასა და მხარდაჭერაში მონაწილეობისთვის მოგზაურობის შეზღუდვები დაუწესოს.- ახალი სანქციები დაწესდეს იმ პირების მიმართ, რომლებიც საქართველოს სტაბილურობის, სუვერენიტეტის ან ტერიტორიული მთლიანობის შელახვაზე პასუხისმგებლები არიან.- მოითხოვს სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესოს იმ ქართველ ფიზიკურ პირებს, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევასა და კორუფციაზე პასუხისმგებლები არიან.2. მოითხოვს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით გრძელვადიანი სტრატეგია შეიმუშაოს, მათ შორის მოხდეს სამხედრო დახმარების გადახედვა და მოითხოვს აშშ-ის მთავრობამ ყველა სახის დაფინანსება შეაჩეროს, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერას უზრუნველყოფს.3. აშშ-საქართველოს სტრატეგიული დიალოგის მუდმივად შეჩერების მოწოდება.

მეორე ნაწილი მოიცავს:

1. ხაზს უსვამს აშშ-ის სენატის ვალდებულებას, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას მხარი დაუჭიროს.2. საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განვითარების პროექტების მხარდასაჭერად მინიმუმ 50 მილიონი ამერიკული დოლარი გამოიყოს.3. მოითხოვს სახელმწიფო დეპარტამენტმა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ განსაზღვრონ, თუ როგორ გააგრძელონ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით.4. გაითვალისწინეთ ანგარიშგების ორი მოთხოვნა, რათა (1) საქართველოში უცხოური მავნე გავლენის მასშტაბი და (2) ქართველი პოლიტპატიმრების მხარდაჭერის მცდელობები შეფასდეს.