Home Blog Page 1205

სალომე ზურაბიშვილმა ისტორიის გადამწყვეტ მომენტში დაიჭირა ქვეყნისა და ხალხის მხარე – ნიკა მელია

სალომე ზურაბიშვილმა გადამწყვეტ დროს, ისტორიის გადამწყვეტ მომენტში დაიჭირა ქვეყნისა და ხალხის მხარე, იქცა ქვეყანაში ევროპული მომავლის გარანტად როგორც ინსტიტუციურად, ისე პიროვნულად, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ერთ-ერთი ლიდერი,ნიკა მელია „ფეისბუქზე წერს.

მელია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს ხელისუფლების შეცვლის და ახალი მთავრობის ფორმირების პროცესში გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია.

„დღეს ჩვენი ძალა, წარსულში და მომავალში სხვადასხვა პოზიციებზე მყოფი, მრავალფეროვანი ადამიანების, მიზნის გარშემო ერთობაშია.

მიზანი კი არის, არსებული ხელისუფლების დამარცხება, მრავალფეროვანი და მრავალპარტიული პარლამენტით, სადაც თითოეული ქართველის ხმა იქნება გაგონილი და პოლიტიკაში ასახული, დასრულდება ერთპარტიული მმართველობა, გაქრება მომავალში ერთპარტიულად სახელმწიფოს მიტაცების რისკი; იქნება კოალიციური მთავრობა, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება პოლიტიკური კონსენსუსისა და თანხმობის გზით. ამ ყველაფერში კი პრეზიდენტის როლი, იქნება გადამწყვეტი.

კოალიციური მოლაპარაკებების შედეგად და პრეზიდენტთან კოორდინაციით – ჩამოყალიბდება მთავრობა.

წარდგენილი პროგრამის შესრულების შემდეგ, რეფორმირებული ინსტიტუტების პირობებში, მომზადდება და ჩატარდება თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები“, – წერს ნიკა მელია.

სალომე ზურაბიშვილი ატარებს სხვის ინტერესებს და არა ქვეყნის – კახა კალაძე

სალომე ზურაბიშვილი ატარებს სხვის ინტერესებს და არა ქვეყნის – საქართველოში რუსული კანონების მიღება არ ხდება და ვერ მოხდება – ჩვენ ვიღებთ ქართულ კანონებს, რომელიც იცავს ქვეყნის ინტერესებს და მის ხვალინდელ დღეს,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კალაძის თქმით, ქვეყანაში რუსულ ინტერესს ატარებდა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც ახლა „რადიკალური ოპოზიციის სახით არის წარმოდგენილი და ვისი უგუნური პოლიტიკის შედეგადაც საქართველომ დაკარგა ტერიტორიები“.

„სალომე ზურაბიშვილი ბოლო წლების განმავლობაში აშკარად ჩანს, რომ არ მოქმედებს ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილებებით და არ დგამს იმ ნაბიჯებს, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ნათელია, რომ ის ატარებს სხვის ინტერესებს და არა ქვეყნის. შესაბამისად, ხალხი ყველას გასცემს შესაბამის პასუხს.

საქართველოში რუსული კანონების მიღება არ ხდება და ვერ მოხდება, ყოველ შემთხვევაში, სანამ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში. რუსულ ინტერესს ვინც ატარებდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ზუსტად წარმოდგენილია რადიკალური ოპოზიციის სახით. დღეს სხვადასხვა პარტია აქვთ შექმნილი და სხვადასხვა სახელი დაირქვეს. მათი უგუნური პოლიტიკის შედეგად ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიები. რუსეთი არის ოკუპანტი.

რა მოხდა შემდეგ ხომ? ბოდიში და „გააპრავეს“ ეს ყველაფერი იმ ხელმოწერებით, რომელიც გაკეთდა “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან. ასევე, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ობიექტები რუსულ კომპანიებზე გაასხვისეს. ეს არის რუსული ინტერესი და ჩვენ ვიღებთ ქართულ კანონებს, რომელიც იცავს ქვეყნის ინტერესებს და მის ხვალინდელ დღეს“,- აღნიშნა კალაძემ.

პუტინს შესაძლოა უკრაინაზე თავდასხმამდე სხვა ქვეყნებთან წინასწარი შეთანხმებები ჰქონოდა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი შესაძლოა სხვა ქვეყნებთან ფარული შეთანხმებების მიღწევის შემდეგ წამოიწყო.

The New York Times-თან ინტერვიუში ზელენსკიმ გამოხატა თავისი სკეპტიციზმი და აღშფოთება უკრაინის უცხოელი პარტნიორების მხრიდან ასეთი ღალატის შესაძლებლობის გამო.

„პუტინი გადარეულია, რადგან გონიერ ადამიანს არ შეუძლია სრულმასშტაბიანი ომი სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ. ის ან გიჟია, ან იცოდა, რომ ამის გამო არ დაისჯებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლებოდა რაიმე დიალოგი ყოფილიყო სხვა ქვეყნებთან. არც კი მინდა ამის წარმოდგენა, რადგან მაშინ ეს არ არის პარტნიორობა, ეს არის თამაში ჩვენს ზურგს უკან და სრული ღალატი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე გააკრიტიკა საერთაშორისო საზოგადოების მერყევი პოზიცია რუსეთის მიმართ და აღნიშნა: „რუსეთთან კარს ყველა ოდნავ ღიას ტოვებს, თუმცა არც ისე ღიას, როგორც 2014 წლის შემდეგ“.

მისი თქმით, ბევრმა ლიდერმა, რომლებიც არ არიან დარწმუნებულები იმაში თუ როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში, დაიტოვა ადგილი რუსეთთან პოტენციური შერიგებისთვის. „ბევრმა ლიდერმა დატოვა კარი ოდნავ ღია და ფიქრობენ: „რა იქნება ხვალ? ხვალინდელი დღის შანსი როგორმე უნდა ვიპოვოთ. რა მოხდება, თუ უკრაინა ომს წააგებს? ჩვენ არ უნდა დავუხუროთ კარი რუსეთს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ბირთვული საფრთხის განხილვისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ თუ პუტინი აპირებდა ბირთვული იარაღის გამოყენებას, ის ამას ომის საწყის ეტაპზე გააკეთებდა. ის სვამს კითხვას: „რა შეიძლება იყოს უფრო დიდი ესკალაცია, ვიდრე ხოცვა-ჟლეტა უკრაინაში?“.

ზელენსკი ვარაუდობს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთის აგრესიასთან გასამკლავებლად თავის სტრატეგიებს უნდა გადახედოს.

ჩვენც შეშფოთებულები ვართ იმით, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში, სიცრუის კამპანია მიმდინარეობს -კახა კალაძე აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის წერილზე

კანონთან დაკავშირებით მიმდინარეობს ჩვეულებრივი ცრუ კამპანია, რადგან ვერანაირი არგუმენტი ვერ იქნა წარმოდგენილი, თუ რატომ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს ცუდი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა.

კახა კალაძე აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის მიწერილ წერილს გამოეხმაურა, სადაც „უცხოელი გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზეა საუბარი.

„ჩვენც შეშფოთებულები ვართ იმით, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში, სიცრუის კამპანია მიმდინარეობს. შემიძლია პირდაპირ პარალელები გავავლო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხზე, თუ რა სიცრუის კამპანია იყო ქვეყნის წინააღმდეგ. დღესაც იგივე ხდება კანონთან დაკავშირებით. ეს არის ჩვეულებრივი ცრუ კამპანია, რადგან ვერანაირი არგუმენტი ვერ იქნა წარმოდგენილი, თუ რატომ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს ცუდი ან რატომ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ევროპულ ღირებულებებსა და მომავალს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მმართველი პარტია ევროინტეგრაციის გზაზე კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს, რაც შეეხება პრეზიდენტს, ის არა ქვეყნის, არამედ სხვის ინტერესებს ატარებს.

„ჩვენ ვართ ის გუნდი, ვინც კონსტიტუციაში შეიტანა ქვეყნის ევროპული მომავალი; ვინც 2012 წლის შემდეგ ხელი მოაწერა ევროპასთან ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებებს; ვინც ევროპასთან ვიზალიბერალიზაცია აამოქმედა; ვინც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო და ა.შ. დამერწმუნეთ, ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზე ყველაფერს გააკეთებს, რაც საჭირო იქნება. ამ მიმართულებით უკვე არაერთი კონკრეტული ნაბიჯი გადავდგით და ყველა წარმატება სწორედ „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებას უკავშირდება.

რაც შეეხება პრეზიდენტს, ბოლო წლებში აშკარაა, რომ სალომე ზურაბიშვილი არ იღებს ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილებებს, არ დგამს საჭირო ნაბიჯებს. იკვეთება, რომ სხვის ინტერესებს ატარებს და არა ქვეყნისას. შესაბამისად, ხალხი ყველას პასუხს გასცემს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

რა ფასი აქვს ისეთ საერთაშორისო საზოგადოებას, რომელსაც შეუძლია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დააყენოს ეჭვქვეშ იმის გამო, რომ არ სურთ იმ ფულის გასაჯაროება, რომელსაც საქართველოში ხარჯავენ -ქადაგიშვილი

ჩვენ ვხედავთ, რომ ამ კანონთან დაკავშირებით მუქარა მიდის ყველა მხრიდან და ყველა მიმართულებით. ფაქტობრივად ვაჭრობა მიდის ყველაფერზე, მათ შორის თანახმა არიან ივაჭრონ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზეც კი, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„საერთოდ, რა ფასი აქვს ისეთ საერთაშორისო საზოგადოებას, რომელსაც შეუძლია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დააყენოს ეჭვქვეშ იმის გამო, რომ არ სურთ თავიანთი ფულის გასაჯაროება, რომელსაც საქართველოში ხარჯავენ. ეს კიდევე ერთხელ მიუთითებს, რომ აქ არამარტო ორმაგ სტანდარტთან გვაქვს საქმე, არამედ საშინელ პოლიტიკურ უზნეობასთანაც“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვის დროს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს ჰკითხა: კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველოს შესაძლოა, დაემუქროს საერთაშორისო იზოლაცია და ეს უქმნის თუ არა სა

“ქართულ ოცნებას” მივეცით კიდევ ერთი შანსი, კანონი გაეუქმებინა”-გიორგი მსხილაძე

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შემაფერხებელია ევროინტეგრაციის გზაზე და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.

მისი თქმით, პრეზიდენტმა კანონს დაამატა ერთი მუხლი და მიუთითა, რომ აღნიშნული კანონი უნდა გაუქმდეს. გიორგი მსხილაძის განმარტებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის წარმომადგენლებს არგუმენტების მოსმენა არ სურდათ და მუხლობრივ განხილვას ითხოვდნენ.

„ეს კანონი შედგებოდა ათი მუხლისგან და მე-11 დაამატა პრეზიდენტმა, რომ აღნიშნული კანონი მე-10 მუხლის ჩათვლით უნდა გაუქმდეს, რადგან კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციას. ამას ამბობს არაერთი საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაცია, როგორც ვენეციის კომისია, ისე ეუთო/ოდირი, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ქვეყნისთვის ევროინტეგრაციის გზაზე შემაფერხებელია. ამ არგუმენტების მოსმენა არ სურდათ, არ იყო საკმარისი იურიდიული კომიტეტისთვის, უნდოდათ ჩვენი მუხლობრივ-შინაარსობრივ ნაწილში შესვლა, კანონზე რომ გვესაუბრა. კანონი პირველიდან მეათე მუხლის ჩათვლით გასაუქმებელია. სწორედ ამიტომ დაამატა პრეზიდენტმა მე-11 მუხლი, რომ აღნიშნულმა კანონმა იმუშაოს მხოლოდ ერთი დღე.

აღნიშნული კანონი ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე მიღების წესია ჩვენთვის მიუღებელი. ეუთო/ოდირ-ის დასკვნა, ვენეციის კომისიის დასკვნა პირდაპირ მიუთითებს, რომ აღნიშნული კანონი უნდა გაუქმდეს. ამას ამბობს პრეზიდენტის ვეტოც, რომ აღნიშნული კანონი თავიდან ბოლომდე მიუღებელია, ხელის შემშლელია ევროინტეგრაციის გზაზე და უნდა გაუქმდეს. შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთი შანსი მივეცით, რომ კანონი გაეუქმებინა“, – განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

გიორგი მსხილაძის განმარტებით, ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ აღნიშნული კანონის მიღებით ზიანდება ქვეყანა და ექმნება საფრთხე სახელმწიფოებრიობას.

„ეს ძალიან დიდი საფრთხის წინ აყენებს ჩვენს ქვეყანას. ჩვენი სანქცირება გაგიხარდებათ ან არ გაგიხარდებათ, ამაზე არ არის საუბარი. აქ ქვეყანაზეა საუბარი, თორემ ვის რაში აინტერესებს პიროვნებები, ვის რა სანქციებს დაადებენ და ვის რა თანხას ან ქონებას ჩამოართმევენ? ქვეყანას ექმნება პრობლემა ევროინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა.

სომხეთში საპროტესტი აქციებზე სამართალდამცველებმა 230-მდე ადამიანი დააკავეს

სომხეთში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცველებმა 230-მდე ადამიანი დააკავეს.

აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომასა და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის შეთანხმების ანულირებას მოითხოვენ, რომლის ფარგლებშიც აზერბაიჯანს ოთხი სოფელი გადაეცა.

როგორც ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, „დაკავებული პროტესტის მონაწილეები არ დამორჩილდნენ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს“.

პოლიცია აქციის ორგანიზატორის, არქიეპისკოპოს ბაგრატ გალსტანიანის დაკავებასაც შეეცადა, თუმცა ამის საშუალება აქციის მონაწილეებმა არ მისცეს.

სალომე ზურაბიშვილი ბრძენი სახელმწიფო მოღვაწეა – რას წერს „ამერიკის ხმა“

აშშ-ის სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“) აქვეყნებს ინტერვიუს ალექსანდრე ვერშბოუსთან – ნატოს გენერალური მდივნის ყოფილ მოადგილესთან (2012 წლის თებერვლიდან 2016 წლის ოქტომბრამდე), სათაურით „სალომე ზურაბიშვილი ბრძენი სახელმწიფო მოღვაწეა, იმედი მაქვს, რომ მის ვეტოს გაითვალისწინებენ“.

ინტერვიუში ალექსანდრე ვერშბოუ თბილისში მიმდინარე მოვლენებისა და ნატოს მოახლოებული სამიტის შესახებ საუბრობს, რომელიც ვაშინგტონში უნდა გაიმართოს და ამბობს, რომ საქართველოს, ამ სამიტისგან პოზიტიური მოლოდინები არ უნდა ჰქონდეს. ნატოს გენმდივნის ექს-მოადგილე ასევე მიიჩნევს, რომ ე.წ. „უცხოეთის აგენტის” კანონის ინიცირება და მიღება, შეცდომა იყო და იმედს გამოთქვამს, ხელისუფლება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს გაითვალისწინებს.

გთავაზობთ ინტერვიუს ტექსტს:

– ელჩო ვერშბოუ, დიდი მადლობა დროის დათმობისთვის. სულ ცოტა ხნის წინ, თქვენი მონაწილეობით, ძალიან საინტერესო დისკუსია გაიმართა და ძირითადი ფოკუსი უკრაინა-ნატოს ურთიერთობებზე იყო. მაგრამ, სად არის საქართველო? სად ხედავთ საქართველოს ამ პროცესში?

– ვისურვებდი, უფრო პოზიტიური პასუხის გაცემა შემეძლოს, რადგან ისტორიული ჩანაწერით 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე, საქართველო იმავე დონეზე იყო, რაზეც უკრაინა. ჩემი გენერალური მდივნის მოადგილეობის პერიოდში, საქართველო ნატოსთან დაახლოებისკენ პროგრესს განაგრძობდა. ბოლო სამიტზე, რომელსაც მე დავესწარი, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი შეთანხმდა და ამიტომ ჩანდა, რომ საქართველოს ნატოში საბოლოო გაწევრიანებას ნათელი მომავალი ჰქონდა.

ამიტომ, კიდევ უფრო სამწუხაროა საქართველოში კონსესუსის რღვევა, როცა ბატონ ივანიშვილთან ასოცირებული [მმართველი], უმრავლესობის პარტია და პოლიტიკური ძალები, დასავლეთს ზურგს აქცევს. მათ კონკრეტულად არ უთქვამთ, რომ ნატოში გაწევრიანებით დაინტერესებული აღარ არიან, მაგრამ ვფიქრობ, რომ მათ, შესაძლოა, საქართველოს ამ გზაზე დაბრუნების დარჩენილი შანსები ჩამოართვან. ვფიქრობ, ეს ცუდი იქნება საქართველოს უსაფრთხოებისთვის, უფრო ფართოდ, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის და ამის გამო ვწუხვარ.

– ელოდებით, რომ საიუბილეო სამიტზე, რომელიც ივლისში აქ, ვაშინგტონში გაიმართება, ნატო კვლავ იტყვის, რომ საქართველოსთან მიმართებით, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგული რჩება?

– ალბათ. მაგრამ, შეიძლება იყოს უფრო განახლებული მიდგომა უკრაინის მიმართ და ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ნაკლებად პრიორიტეტული იყოს საქართველოს შესახებ რაიმეს თქმა. ეს იმედგამაცრუებელი იქნება, მაგრამ ვშიშობ, ეს სავსებით შესაძლებელია.

მე მაინც მიმაჩნია, რომ გამჭვირვალობის თუ უცხოეთის აგენტის კანონთან დაკავშირებული მთელი ეს საკითხი, დიდი შეცდომა იყო და იმედი მაქვს, ჯერ კიდევ არის ამის გამოსწორების შესაძლებლობა. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ვეტოს უფლება გამოიყენა, ის ბრძენი სახელმწიფო მოღვაწეა. იმედი მაქვს, ამ გადაწყვეტილებას პატივს სცემენ.

– ჩვენ ვიხილეთ ვაშინგტონის ოფიციალური განცხადებები, ქართველი ოფიციალური პირების წინააღმდეგ შესაძლო სანქციების, საქართველოსთვის პირდაპირი დახმარებისა და მასთან ორმხრივი ურთიერთობების გადახედვის შესახებ. თუ ვაშინგტონი შეცვლის საქართველოს მიმართ პოლიტიკას, რას შეიძლება ნიშნავდეს ეს, ნატო საქართველოს ურთიერთობებისთვის?

– ვფიქრობ, მრავალი სხვა საგარეო პოლიტიკური გამოწვევის გათვალისწინებით, რომელსაც ადმინისტრაცია უმკლავდება, ისინი შეიძლება მიდრეკილნი იყვნენ, გადადგან თქვენ მიერ ნახსენები ზოგიერთი ნაბიჯი, დახმარების შემცირებისა და საქართველოსთან საერთო ურთიერთობების შემცირების კუთხით, თუ გამჭვირვალობის კანონის ეს პრობლემა არ გადაიჭრება. აშკარაა, რომ შეერთებულ შტატებთან საქართველოს ურთიერთობა უკვე დაზარალდა და ვფიქრობ ეს შეიძლება გავრცელდეს ამერიკისა და მოკავშირეების დამოკიდებულებებზე, ნატოში საქართველოს სამომავლო პერსპექტივის მიმართ.

– საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, შეშფოთება გამოხატა ნატოს გენერალურმა მდივანმა. მუდამ გვესმის, რომ ნატო დემოკრატიების კლუბია. შეგიძლიათ განგვიმარტოთ, რატომ არის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, იყოს ძლიერი დემოკრატია იმისთვის, რომ ნატოს წევრი გახდეს?

– ვფიქრობ, ჩვენი გამოცდილებიდან ვისწავლეთ, რომ დემოკრატიული ცვლილება არის ძლიერი ფაქტორი, გრძელვადიან მშვიდობასა და უსაფრთხოებაში, მთელ მსოფლიოში, ისევე, როგორც ყოფილ საბჭოთა სივრცეში. ვფიქრობ სწორედ ამიტომ, ჩვენ კვლავ ვზრუნავთ საქართველოზე. მაგრამ ძლიერ გვაწუხებს, რომ თავად საქართველოს გადაწყვეტილებები, ამცირებს ნატოში მისი ღრმა ინტეგრაციის შანსებს.

წყარო

მოამზადა – სიმონ კილაძემ

საქართველოს უნდა შეეძლოს ევროპული გზით სიარული, წინააღმდეგ შემთხვევაში კმაყოფილი მხოლოდ პუტინი იქნება -ანალენა ბერბოკი

საქართველოს უნდა შეეძლოს ევროპული გზით სიარული, წინააღმდეგ შემთხვევაში კმაყოფილი მხოლოდ პუტინი იქნება, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ევროპული საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა, ვისაუბრო საქართველოზე, რადგანაც სულ ცოტა ხნის წინ ვიმყოფებოდი საქართველოში და ვესაუბრე ძალიან ბევრ ადამიანს, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს, სტუდენტებს და ასევე ქალებს, რომლებიც აპირებენ, გააკეთონ ყველაფერი, რათა უზრუნველყონ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა.

ჩემთვის წარმოუდგენლად მტკივნეულია, რომ საქართველოს მთავრობა ბლოკავს საკუთარი ხალხის ამ დიდ ოცნებას, და, უპირველეს ყოვლისა, ახალგაზრდების ოცნებას, რომ საქართველო გაწევრიანდეს ევროკავშირში. ბლოკავს იმ კანონით, რომელზეც ევროპულმა საბჭომ თქვა, რომ ამ კანონით ეს შეუძლებელია და ის ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება.

ასეთი ქმედებებით, საქართველოს მთავრობა ეწინააღმდეგება საკუთარ მოსახლეობას, რომელიც, როგორც ვხედავთ, ისევ და ისევ გამოდის ქუჩებში. ამ გზით მთავრობა ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

ჩვენ, როგორც ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, დავუდასტურეთ ქართველებს მათი ევროპული პერსპექტივა და, შესაბამისად, ხელი გავუწოდეთ. მაგრამ, ცხადია, რომ ევროპულ გზაზე დადგომა შეიძლება არა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსახლეობას სურს ამ გზაზე ყოფნა, არამედ ამისთვის საჭიროა მთავრობაც. ის ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას არ შეუძლია ამ კანონის ხელმოწერა, ისიც, რომ ხალხი, რომელიც ქუჩებშია გამოსული, მკაფიოდ ამბობს, რომ ეს კანონი უნდა იყოს გაწვეული, რასაც ამბობს ევროპული საბჭოც, ხაზს უსვამს, რომ ყველა აქტორს სურს, გააკეთონ ყველაფერი იმის მისაღწევად, რომ საქართველოს შეეძლოს ევროპული გზით სიარული, რომ ქართველ ხალხს შეეძლოს ევროპული გზით სიარული, რადგანაც სხვა შემთხვევაში კმაყოფილი მხოლოდ პუტინი იქნება“, – განაცხადა ბერბოკმა.

ეს დღე ნამდვილად სამარცხვინო დღე იქნება პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და იმ ადამიანისთვის, რომელსაც ჯერჯერობით კიდევ პრეზიდენტი ჰქვია – ანრი ოხანაშვილი

ეს დღე ნამდვილად სამარცხვინო დღე იქნება პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის და იმ ადამიანისთვის, რომელსაც ჯერჯერობით კიდევ პრეზიდენტი ჰქვია – მობრძანდა წარმომადგენელი და უკადრებელი იკადრა, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილება.

მისივე თქმით, ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ შინაარსობრივი და საქმიანი განხილვა ყოფილიყო.

„რაც ჩვენ დღეს აქ ვიხილეთ, სამწუხარო ფურცლად შევა [პარლამენტარიზმის ისტორიაში] პრეზიდენტის ინსტიტუტის თვალსაზრისით, თურმე საკითხი შინაარსობრივი განხილვის გარეშე უნდა წარმოადგინონ. ეს ჩვენი საზოგადოებისთვის მიგვინდვია, ჩვენმა საზოგადოებამ შეაფასოს, ეს ყველაფერი. მე მეტ განხილვაში არ შევალ, მაქსიმალურად კორექტული ვიყავით, მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ შინაარსობრივი და საქმიანი განხილვა ყოფილიყო. ვიღებდით შეურაცხყოფას ის, რაც იკადრა. მობრძანდა წარმომადგენელი და უკადრებელი იკადრა. ამასთან დაკავშირებით, როდესაც კონკრეტული შეკითხვები დავსვით, იმის გამბედაობაც არ ეყო, რომ კონკრეტულ საკითხებზე ჩვენი საზოგადოებისთვის პასუხი გაეცა. ამიტომ ეს დღე ნამდვილად სამარცხვინო დღე იქნება პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის, კონკრეტული პირებისთვის და არა ყველასთვის, რა თქმა უნდა და იმ ადამიანისთვის, რომელსაც ჯერჯერობით კიდევ პრეზიდენტი ჰქვია“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა.

მოტივირებული შენიშვნები კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ წარადგინა.

რაც შეეხება პლენარულ სხდომას, როგორც ცნობილია, პარლამენტი აღნიშნულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ხვალინდელ სხდომაზე გეგმავს.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტს უკან იგივე სახით დაუბრუნა და მხოლოდ ერთი პუნქტი დაამატა, რომლის მიხედვით, კანონი ამოქმედებიდან ერთი დღის განმავლობაში მოქმედებს და მეორე დღესვე ძალას კარგავს.

მოტივირებულ შენიშვნებში პრეზიდენტი განმარტავს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ზედმიწევნით იმეორებს რუსული კანონის სულისკვეთებას და იგივეა, რაც 2023 წლის 10 მარტს გაწვეული აგენტების შესახებ კანონი იყო.

პრეზიდენტი ამბობს იმასაც, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 (თანასწორობის უფლება), 22-ე (გაერთიანების თავისუფლება), მე-15 (პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები), 78-ე (ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია) მუხლებს.

„ამ კანონის გაუმჯობესება შეუძლებელია. კანონი მთელი თავისი შინაარსით არის არაკონსტიტუციური – მაშასადამე, არაქართული, არაევროპული და არადემოკრატიული. ამდენად, ის გაუმჯობესებას მასში ცვლილებების შეტანის გზით არ ექვემდებარება. მისი არსი, შინაარსი და პრინციპები მიუღებელია. შესაბამისად, კანონის გაუქმება არის უალტერნატივო და ქართველის ხალხის ნებას წარმოადგენს.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, გთავაზობთ კანონი გაუქმდეს უმოკლეს ვადაში – ამოქმედებიდან მომდევნო დღესვე”, – წერს პრეზიდენტი პარლამენტისთვის გაგზავნილ მოტივირებულ შენიშვნებში.

ჩვენ ვაფასებთ თქვენს ლიდერობასა და ძალისხმევას. შეერთებული შტატები თქვენი და ყველა ქართველის გვერდით დგას უკეთესი მომავლისკენ სწრაფვაში -კამალა ჰარისი სალომე ზურაბიშვილს

ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო, პრეზიდენტი ბაიდენი და მე დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ ვწუხვართ მოვლენების ისეთ განვითარებაზე, როგორიცაა ბოლო პერიოდში საქართველოს პარლამენტის მიერ უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღება, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს დემოკრატიას და ძირი გამოუთხაროს საქართველოს ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის კამალა ჰარისის წერილშია აღნიშნული, რომელიც მან სალომე ზურაბიშვილს გამოუგზავნა.

ჰარისი აღნიშნავს, რომ თეთრი სახლი მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის ბოლოდროინდელ ქმედებებს, როდესაც მან ვეტო დაადო გამჭვირვალობის კანონს და „ერთგულად იცავს სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც საქართველოში საფრთხის ქვეშ არის“.

„შეერთებული შტატები სამ ათწლეულზე მეტია მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. 2008 წელს რუსეთის შემოჭრის შემდეგ, შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცედ გრძელდება. ჩვენი პარტნიორობა ეფუძნება საერთო ღირებულებებს, საერთო ინტერესებსა და ურთიერთპატივისცემას. ჩვენ მხარდამხარ ვიბრძოდით ავღანეთში და შეერთებული შტატები არის საქართველოსთვის საგარეო დახმარების ყველაზე დიდი მიმწოდებელი, რათა ხელი შეუწყოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის აშენებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასა და თქვენი სამხედრო ძალების მოდერნიზებას. ქართველი ხალხი ნათლად აცხადებს, რომ მას სურს მომავალი ევროკავშირსა და ნატოში. მათ მიაჩნიათ, რომ უცხოური აგენტების კანონპროექტი ამ მომავალს საფრთხეს უქმნის და ამიტომ მკაცრად ეწინააღმდეგებიან მას. მათ აქვთ სრული უფლება მიისწრაფოდნენ ამ მომავლისკენ და ძალა არ უნდა იყოს გამოყენებული მათი მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ხელშესაშლელად.

ჩვენ ვაფასებთ თქვენს ლიდერობასა და ძალისხმევას, დაიცვათ სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში. თქვენს ძალისხმევას კვლავ ექნება არსებითი მნიშვნელობა, რადგან ქართველ ხალხს თქვენი იმედი აქვს, რომ დაიცავთ დემოკრატიასა და საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს. შეერთებული შტატები თქვენი და ყველა ქართველის გვერდით დგას უკეთესი მომავლისკენ სწრაფვაში“, – წერს ჰარისი.