საქართველოს უნდა შეეძლოს ევროპული გზით სიარული, წინააღმდეგ შემთხვევაში კმაყოფილი მხოლოდ პუტინი იქნება -ანალენა ბერბოკი

36
spot_img

საქართველოს უნდა შეეძლოს ევროპული გზით სიარული, წინააღმდეგ შემთხვევაში კმაყოფილი მხოლოდ პუტინი იქნება, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ევროპული საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა, ვისაუბრო საქართველოზე, რადგანაც სულ ცოტა ხნის წინ ვიმყოფებოდი საქართველოში და ვესაუბრე ძალიან ბევრ ადამიანს, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს, სტუდენტებს და ასევე ქალებს, რომლებიც აპირებენ, გააკეთონ ყველაფერი, რათა უზრუნველყონ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა.

ჩემთვის წარმოუდგენლად მტკივნეულია, რომ საქართველოს მთავრობა ბლოკავს საკუთარი ხალხის ამ დიდ ოცნებას, და, უპირველეს ყოვლისა, ახალგაზრდების ოცნებას, რომ საქართველო გაწევრიანდეს ევროკავშირში. ბლოკავს იმ კანონით, რომელზეც ევროპულმა საბჭომ თქვა, რომ ამ კანონით ეს შეუძლებელია და ის ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება.

ასეთი ქმედებებით, საქართველოს მთავრობა ეწინააღმდეგება საკუთარ მოსახლეობას, რომელიც, როგორც ვხედავთ, ისევ და ისევ გამოდის ქუჩებში. ამ გზით მთავრობა ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

ჩვენ, როგორც ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, დავუდასტურეთ ქართველებს მათი ევროპული პერსპექტივა და, შესაბამისად, ხელი გავუწოდეთ. მაგრამ, ცხადია, რომ ევროპულ გზაზე დადგომა შეიძლება არა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსახლეობას სურს ამ გზაზე ყოფნა, არამედ ამისთვის საჭიროა მთავრობაც. ის ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას არ შეუძლია ამ კანონის ხელმოწერა, ისიც, რომ ხალხი, რომელიც ქუჩებშია გამოსული, მკაფიოდ ამბობს, რომ ეს კანონი უნდა იყოს გაწვეული, რასაც ამბობს ევროპული საბჭოც, ხაზს უსვამს, რომ ყველა აქტორს სურს, გააკეთონ ყველაფერი იმის მისაღწევად, რომ საქართველოს შეეძლოს ევროპული გზით სიარული, რომ ქართველ ხალხს შეეძლოს ევროპული გზით სიარული, რადგანაც სხვა შემთხვევაში კმაყოფილი მხოლოდ პუტინი იქნება“, – განაცხადა ბერბოკმა.