Home Blog Page 1203

“უცხოეთის აგენტის” კანონთან დაკავშირებული მთელი საკითხი დიდი შეცდომა იყო და იმედი მაქვს, ჯერ კიდევ არის გამოსწორების შესაძლებლობა – ალექსანდერ ვერშბოუ

ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე, ალექსანდერ ვერშბოუ მიიჩნევს, რომ ე.წ. “უცხოეთის აგენტის” კანონის ინიცირება და მიღება, შეცდომა იყო და იმედს გამოთქვამს, ხელისუფლება პრეზიდენტ ზურაბიშვილის ვეტოს გაითვალისწინებს.

ვერშბოუმ ამერიკის ხმის ქართულ რედაქციასთან ისაუბრა ნატო-სთან საქართველოს ურთიერთობებზე და უპასუხა კითხვას, თუ სად ხედავს საქაართველოს პროცესში. მისი თქმით, სამწუხაროა საქართველოში კონსესუსის რღვევა, როცა უმრავლესობის პარტია დასავლეთს ზურგს აქცევს. ამასთან ვერშბოუ უშვებს შესაძლებლობას, რომ მათ საქართველოს ამ გზაზე დაბრუნების დარჩენილი შანსები ჩამოართვან.

“ვისურვებდი, უფრო პოზიტიური პასუხის გაცემა შემეძლოს, რადგან ისტორიული ჩანაწერით 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე, საქართველო იმავე დონეზე იყო, რაზეც უკრაინა. ჩემი გენერალური მდივნის მოადგილეობის პერიოდში, საქართველო ნატოსთან დაახლოებისკენ პროგრესს განაგრძობდა. ბოლო სამიტზე, რომელსაც მე დავესწარი, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი შეთანხმდა და ამიტომ ჩანდა, რომ საქართველოს ნატოში საბოლოო გაწევრიანებას ნათელი მომავალი ჰქონდა. ამიტომ, კიდევ უფრო სამწუხაროა საქართველოში კონსესუსის რღვევა, როცა ბატონ ივანიშვილთან ასოცირებული [მმართველი], უმრავლესობის პარტია და პოლიტიკური ძალები, დასავლეთს ზურგს აქცევს. მათ კონკრეტულად არ უთქვამთ, რომ ნატოში გაწევრიანებით დაინტერესებული აღარ არიან, მაგრამ ვფიქრობ, რომ მათ, შესაძლოა, საქართველოს ამ გზაზე დაბრუნების დარჩენილი შანსები ჩამოართვან. ვფიქრობ, ეს ცუდი იქნება საქართველოს უსაფრთხოებისთვის, უფრო ფართოდ, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის და ამის გამო ვწუხვარ”, – დასძინა მან.

რაც შეეხება ნატოს ივლისის სამიტის მოლოდინებს, მისი თქმით, შეიძლება იყოს უფრო განახლებული მიდგომა უკრაინის მიმართ და ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ნაკლებად პრიორიტეტული იყოს საქართველოს შესახებ რაიმეს თქმა.

“ეს იმედგამაცრუებელი იქნება, მაგრამ ვშიშობ, ეს სავსებით შესაძლებელია. მე მაინც მიმაჩნია, რომ გამჭვირვალობის თუ უცხოეთის აგენტის კანონთან დაკავშირებული მთელი ეს საკითხი, დიდი შეცდომა იყო და იმედი მაქვს, ჯერ კიდევ არის ამის გამოსწორების შესაძლებლობა. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ვეტოს უფლება გამოიყენა, ის ბრძენი სახელმწიფო მოღვაწეა. იმედი მაქვს, ამ გადაწყვეტილებას პატივს სცემენ”,- განაცხადა ვერშბოუ.

გარდა ამისა, ვერშბოუმ ისაუბრა შესაძლო ზომებზეც, რომელიც კანონპროექტის მიღებას მოყვება და დასძინა, რომ შეერთებულ შტატებთან საქართველოს ურთიერთობა უკვე დაზარალდა და ეს შეიძლება გავრცელდეს ამერიკისა და მოკავშირეების დამოკიდებულებებზე, ნატოში საქართველოს სამომავლო პერსპექტივის მიმართ.

“ვფიქრობ, მრავალი სხვა საგარეო პოლიტიკური გამოწვევის გათვალისწინებით, რომელსაც ადმინისტრაცია უმკლავდება, ისინი შეიძლება მიდრეკილნი იყვნენ, გადადგან თქვენ მიერ ნახსენები ზოგიერთი ნაბიჯი, დახმარების შემცირებისა და საქართველოსთან საერთო ურთიერთობების შემცირების კუთხით, თუ გამჭვირვალობის კანონის ეს პრობლემა არ გადაიჭრება. აშკარაა, რომ შეერთებულ შტატებთან საქართველოს ურთიერთობა უკვე დაზარალდა და ვფიქრობ ეს შეიძლება გავრცელდეს ამერიკისა და მოკავშირეების დამოკიდებულებებზე, ნატოში საქართველოს სამომავლო პერსპექტივის მიმართ” , – აღნიშნავს ის.

მისივე თქმით, საქართველოს გადაწყვეტილებები, ამცირებს ნატოში მისი ღრმა ინტეგრაციის შანსებს.

“ვფიქრობ, ჩვენი გამოცდილებიდან ვისწავლეთ, რომ დემოკრატიული ცვლილება არის ძლიერი ფაქტორი, გრძელვადიან მშვიდობასა და უსაფრთხოებაში, მთელ მსოფლიოში, ისევე, როგორც ყოფილ საბჭოთა სივრცეში. ვფიქრობ სწორედ ამიტომ, ჩვენ კვლავ ვზრუნავთ საქართველოზე. მაგრამ ძლიერ გვაწუხებს, რომ თავად საქართველოს გადაწყვეტილებები, ამცირებს ნატოში მისი ღრმა ინტეგრაციის შანსებს”, – განაცხადა ვერშბოუმ.

არ მესმის, როგორ დააბრუნებს 2030 წლისთვის აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, რომლებიც ვითარდებიან როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები, რუსეთის მფარველობის ქვეშ – კონსტანტინ ზატულინი პრემიერის განცხადებაზე

არ ვიცი, პატრიოტიზმის დემონსტრირების სურვილის გარდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს რამ შთააგონა, არ მესმის, 2030 წლისთვის აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს როგორ დააბრუნებს, – ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს, დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა განაცხადა.

მისი თქმით, რჩება შთაბეჭდილება, რომ ირაკლი კობახიძეს  სურს თავი გამოაცხადოს პოლიტიკოსად, რომელიც ოპოზიციას არაფერს დაუთმობს.

„არ ვიცი, პატრიოტიზმის დემონსტრირების სურვილის გარდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს რამ შთააგონა. ნამდვილად არ მესმის, როგორ დააბრუნებს 2030 წლისთვის აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, რომლებიც ვითარდებიან როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები, რუსეთის მფარველობის ქვეშ არიან და ამ ხარისხში არიან აღიარებულნი. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ გზით საქართველოს პრემიერ-მინისტრს სურს, თავი კიდევ ერთხელ გამოაცხადოს პოლიტიკოსად, რომელიც ოპოზიციას ევროკავშირში გაწევრიანების ან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების პრეტენზიებში არაფერს არ დაუთმობს“, – განაცხადა ზატულინმა.

ზატულინმა აღნიშნა, რომ ეს შიდაპოლიტიკური ბრძოლით არის გამოწვეული, რომელიც „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღებას უკავშირდება.

„სავარაუდოდ, ეს შიდაპოლიტიკური ბრძოლით არის გამოწვეული, რომელიც საქართველოში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით გაძლიერდა. საქართველოს ხელისუფლების სურვილი კი, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამ კანონს მხარი დასავლეთის აზრის საწინააღმდეგოდ დაუჭირეს, მაინც იმაზე მეტყველებს, რომ რეალურად „ჩვენ რუსეთის გავლენის ქვეშ არ ვიმყოფებით“. „ჩვენ საკუთარ თავს მიზნებს ვუყენებთ, რომლებიც რუსეთთან წინააღმდეგობაში მოდის და ჩვენს პოლიტიკაში არსებულ გარკვეულ პრიორიტეტებზე ჩვენი ორიენტაციის მიმართ შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, რომლებიც რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება“. ის შიდა ოპოზიციისა და დასავლეთის წინაშე თავს იმართლებს“, – აღნიშნა ზატულინმა.

ევროკავშირის წევრი 7 ქვეყნის პარლამენტის სპიკერი შალვა პაპუაშვილს წერილით მიმართავს და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს

ევროკავშირის წევრი შვიდი ქვეყნის პარლამენტის სპიკერი საქართველოს პარლამენტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს.

წერილს, რომელსაც ლიეტუვის პარლამენტის სპიკერი, ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენი ავრცელებს, ლიეტუვის გარდა, ესტონეთის, ლატვიის, პოლონეთის, ნიდერლანდების, საფრანგეთისა და ჩეხეთის პარლამენტების სპიკერები აწერენ ხელს და მისი ადრესატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილია.

„ჩვენ მოგმართავთ, როგორც საქართველოს პარტნიორები, მეგობრები და საქართველოს ევროპული მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერები. თქვენი ევროინტეგრაციის პროგრესის ყოველ ნაბიჯზე ჩვენ საქართველოსთან ერთად ვიყავით. ჩვენ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები და უზარმაზარი ძალისხმევა ვნახეთ, რომელიც გასულ წლებში თქვენ რეფორმების განსახორციელებლად გაიღეთ. თქვენ ამ გზაზე სხვა ასპირანტებს მაგალითს აძლევდით. ჩვენ მხარს ამაყად გიჭერდით და მზად ვართ ამ გზის გასაგრძელებლად ყველა საჭირო დახმარება გაგიწიოთ“, – ნათქვამია წერილში.

სპიკერები აღნიშნავენ, რომ საქართველოს ევროპული მისწრაფებები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ იქნა აღიარებული და ბოლო დროს საქართველოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეშფოთებას იწვევს.

„საქართველოს მიერ მიღებული ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები ჩვენთვის შეშფოთების საგანს წარმოადგენს, რადგან თქვენი ქმედებები იმ ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება, რომელზედაც ვალდებულება აიღეთ, რომ იხელმძღვანელებდით და რომლებიც თქვენი ევროპული მისწრაფებების საფუძველია. საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის სულისკვეთება და შინაარსი ევროპულ ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელია. არსებული კანონი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაჩუმებას ისახავს მიზნად, რომლებიც დემოკრატიულ საზოგადოებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ და საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ეხმარებიან. ჩვენ მოგიწოდებთ, ეს კანონი გაიწვიოთ და ორგანიზებულ სამოქალაქო საზოგადოებასთან და მოქალაქეებთან შინაარსობრივ და ინკლუზიურ დიალოგში ჩაერთოთ. ასევე, ჩვენ მოგიწოდებთ, ფუნდამენტურ ღირებულებებს, ხალხის შეკრების უფლებას პატივი სცეთ და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობისა და დაშინების გამოყენება შეწყვიტოთ“, – წერენ სპიკერები.

ისინი აღნიშნავენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გადაწყვეტილება საქართველოსა და ქართველი ხალხის სუვერენული არჩევანია.

„ვიმედოვნებთ, რომ საქართველო თავის ვალდებულებებს არ გადაუხვევს, ქართველი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობის, ასევე, თავისუფლებებისა და ღირებულებების საერთო სივრცეში შეყვანისთვის. ჩვენ საქართველოს ევროპული მომავლის გვჯერა და ჩვენი მხარდაჭერის ერთგულები ვართ“, – აღნიშნულია წერილში.

საკითხი დგას: იქნება ეს ევროპული, თუ რაღაც ტიპით ნეორუსული ქვეყანა – თქვენი ხმა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ არჩევნებში – პრეზიდენტი

თქვენი ხმა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ არჩევნებში, გვაჩვენეთ, გვითხრით, როგორი მომავალი გინდათ საქართველოსთვის, – ამ სიტყვებით საქართველოს პრეზიდენტი დიასპორას მიმართავს.

პრეზიდენტის თქმით, დღეს დგას ქვეყნის კურსის, ორიენტაციის, მისი მომავალი საკითხი: იქნება ეს ევროპული, ჩვენს პარტნიორებთან ახლო, მჭიდრო ურთიერთობაში მყოფი ქვეყანა, თუ იზოლირებული, რაღაც ტიპით რაღაც ნეორუსული ქვეყანა.

„დღეს 27 მაისია და ჩვეულებრივ, ეს უნდა ყოფილიყო დიასპორის დღე, მაგრამ როგორც ჩანს, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ წელს ეს დღე არ აღვნიშნოთ, არ ვიზეიმოთ, რატომ? არ ვიცი, ეს ინფორმაცია ჩემამდე არ მოსულა

მაგრამ, მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტს, მიმაჩნია, რომ მილიონზე მეტი ჩვენი თანამემამულე, ვინც საზღვარგარეთ, უშუალოდ ამ ქვეყნის შენების მონაწილეა ჩვენი მოქალაქეა და არ შეიძლება, რომ 26 მაისის შემდეგ, დღეს მათთან ერთად არ ვიზეიმოთ და არ აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!

ვიცი, რომ გუშინ თქვენ ალბათ, ყველამ ნახეთ თბილისში და სხვადასხვა ქალაქში გამართული ზეიმი; თქვენ ალბათ, მოისმინეთ რა გეგმა მაქვს საზოგადოებისთვის, როგორ ვხედავ მომავალ თვეებს, რათა გამოვიდეთ არსებული მდგომარეობიდან.

ამ გეგმაში დიასპორას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი დიასპორის ასეთი აქტივობა, რაც დღეს ჩვენ ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში ვნახეთ აქამდე არ ყოფილა. თქვენ, ვინც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში თუ ამერიკაში ცხოვრობთ, ადრე, შეიძლება ნაკლებად მობილიზებული და ნაკლებად დაინტერესებული ყოფილიყავით, არ ყოფილიყავით უშუალოდ ჩართული არჩევნებში. მაგრამ, როცა ჩვენი ქვეყნის კურსის, ორიენტაციის, მისი მომავალი საკითხი დგას: იქნება ეს ევროპული, ჩვენს პარტნიორებთან ახლო, მჭიდრო ურთიერთობაში მყოფი ქვეყანა, თუ იქნება ეს იზოლირებული, რაღაც ტიპით რაღაც ნეორუსული ქვეყანა – ამ გადაწყვეტილებაში თქვენი როლი და თქვენი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ვიცი, რომ თქვენი წუხილი და ინტერესია უშუალოდ მიიღოთ მონაწილეობა არა ჩვეულებრივ არჩევნებში, არამედ ქვეყნის მომავალზე გამართულ რეფერენდუმში.

მე არჩევნების საკითხში არასოდეს ჩავერეოდი, ეს არ არის პრეზიდენტის როლი, თუ არა სამართლიანი არჩევნების ჩატარების ინტერესი, მე ვერევი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ კონსტიტუციამ მომცა ეს მანდატი და ეს ვალდებულება, რომ მე დავიცვა ქვეყნის კურსი, ქვეყნის ორიენტაცია, მისი ევროინტეგრაცია და ყველაფერი გავაკეთო ამისათვის, რაც ჩემს შესაძლებლობაშია იმისთვის, რომ შევინარჩუნო, დავეხმარო ამ ევროპულ ინტეგრაციას – ეს წერია უშუალოდ კონსტიტუციაში.

ამას ვაკეთებ, ამას გავაკეთებ და ამას გავაკეთებ თქვენთან ერთად. მაქვს თქვენი იმედი. ჩვენი დიასპორის სრული მობილიზაციაა საჭირო, თქვენს ხელშია ჩვენი მომავალი, თქვენი ხმა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და აბა, გელოდებით საქართველოსა თუ იმ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობთ, რათა გვაჩვენოთ, გვითხრათ როგორი მომავალი გინდათ საქართველოსთვის“ , – აცხადებს პრეზიდენტი.

პრეზიდენტს უნდა წარმოედგინა მოტივირებული შენიშვნები, რომელიც გააჩენდა დისკუსიის სივრცეს – ლევან იოსელიანი სალომე ზურაბიშვილის ვეტოზე

მიმაჩნია, რომ გამჭვირვალობის მოთხოვნის მიზანი არის აბსოლუტურად ლეგიტიმური,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გამჭვირვალობის კანონის განხილვისას სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტს უნდა წარმოედგინა მოტივირებული შენიშვნები, რომელიც გააჩენდა დისკუსიის სივრცეს.

„მიმაჩნია, რომ გამჭვირვალობის მოთხოვნის მიზანი არის აბსოლუტურად ლეგიტიმური, თუმცა ამის მისაღწევად შესაძლებელი იყო და დღესაც არის, არსებულ კანონმდებლობაში შევიდეს ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს ამ მიზნის მიღწევას. მიმაჩნია, რომ პრეზიდენტს უნდა წარმოედგინა მოტივირებული შენიშვნები, ისეთი პროექტი, რომელიც გააჩენდა ამ შესაძლებლობის და დისკუსიის სივრცეს“,- აღნიშნა იოსელიანმა.

როგორც კი ევროკავშირი და აშშ შეწყვეტს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას ეს ძალით შექმნილი „ქართული ქარტია“ იმ წუთში დაიშლება – მიხეილ ყაველაშვილი

„რადიკალური ოპოზიცია გარე ძალებისგან ახალ ინსტრუქციას ელოდება,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა მიხეილ ყაველაშვილმა და დასძინა, რომ რადიკალური ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი გარე ძალების ზეგავლენის ქვეშ არის.

მისივე თქმით, როგორც კი ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები შეწყვეტს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას, ზურაბიშვილის მიერ შექმნილი „ქართული ქარტია“ მაშინვე დაიშლება.

„ჩვენ დიდი ხნის წინ ვთქვით, როგორ მოხდა სალომე ზურაბიშვილის, როგორც გაერთიანებული, რადიკალური ოპოზიციის ლიდერად წარმოჩენა და როგორ მოხდა მისი დამუშავება.

საზოგადოებას მარტივად შეუძლია დააკვირდეს განვითარებულ მოვლენებს. ბოლო ორ თვეში სალომე ზურაბიშვილთან ძალიან ბევრმა მედია საშუალებამ ჩაწერა ინტერვიუ, რაც იყო პირდაპირი დავალება, რათა საზოგადოებაზე მოეხდინათ ზეგავლენა.

რადიკალური ოპოზიცია ჩუმად არის, რადგან გარე ძალებისგან ახალ ინსტრუქციებს ელოდებიან, ჯერ არ იციან, რა უნდა თქვან და როგორ მოიქცნენ. თითოეული მათგანი უკვე ბოლომდე არის გარე ძალების ზეგავლენის ქვეშ.

როგორც კი დადგება დრო და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები იმოქმედებენ ჩვენთან მიმართებაში თანასწორად და პატივისცემით, ანუ ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები შეწყვეტენ საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას და პოლიტიკური საზოგადოება კონცენტრირდება ადგილობრივ თემებზე, ეს ძალით შექმნილი „ქართული ქარტია“ იმ წუთში დაიშლება. ფაქტია, რომ ქარტიაში გაერთიანების მსურველნი ვერ იტანენ და ჭამენ ერთმანეთს, მაგრამ სხვა გზა არ აქვთ, გარედან მიღებული დავალება უნდა შეასრულონ,“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემთხვევაში შესაფერისი პასუხების განხილვა დავიწყეთ – ჯოზეფ ბორელი

ვენეციის კომისიის დასკვნის თანახმად ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გააუქმოს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბორელის თქმით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემთხვევაში შესაფერისი პასუხების განხილვა დაიწყო, თუმცა გადაწყვეტილებას ივნისში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე მიიღებენ.

„ჩვენ საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აზრები გავცვალეთ. ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ მიიჩნია, რომ ეს არც თუ ისე მნიშვნელოვანია, არც თუ ისე სამწუხაროა, ზოგიერთი თვლის, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს. ნახსენები იყო ვენეციის კომისიის დასკვნა და აღნიშნული დასკვნის თანახმად, ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ ეს კანონი გააუქმოს. კანონის მიღების შემთხვევაში ჩვენ ევროკავშირის შესაფერისი პასუხების განხილვა დავიწყეთ და გადაწყვეტილების მიღება ივნისში გასამართ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე მოხდება, მაგრამ ვისურვებდი, რომ ევროკავშირის წევრები მზად იყვნენ გადაწყვეტილებები ყოველ ჯერზე მიიღონ, როცა ისეთი რამ მოხდება, რაც არ შეესაბამება ჩვენს ღირებულებებს, არ შეესაბამება საერთაშორისო სამართალს, არ შეესაბამება ევროპულ გზას, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

მისივე თქმით, დღეს გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

„ჩვენ განვიხილეთ მომავალი არჩევნები, ქართველ ხალხს ხმის მიცემა თავისი ქვეყნის ტრაექტორიისთვის მოუწევს და მთავრობის ქმედებებმა შეიძლება საბოლოოდ გავლენა მოახდინოს იმ სარგებელზე, რომელსაც ისინი ევროკავშირში ინტეგრაციის შედეგად იღებენ, თუმცა გადაწყვეტილების მიღება არ მომხდარა“, – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ესწრებოდა.

შეხვედრაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მიმოიხილეს პრეზიდენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე დადებული ვეტო და მასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება.

მიმდინარე კვირაში პარლამენტი განიხილავს რიგ საკითხებს, მათ შორის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის საკითხს. ასევე, იქნება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონზე სალომე ზურაბიშვილის მოტივირებული შენიშვნების განხილვა.

პარლამენტში განხილული იქნება ევროკომისიის 9 დათქმასთან დაკავშირებული კანონპროექტები, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“, „ანტიკორუფციული ბიუროს“, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც მესამე მოსმენით იქნება მიღებული.

გარდა ამისა, მიმდინარე კვირის დღის წესრიგით, „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ შამუგიას და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს მოუსმენენ.

ასევე, პარლამენტში ინტერპელაციის წესით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი წარდგება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. არაღიარებას არანაირი კავშირი არ აქვს არც ამ კანონთან – ნიკოლოზ სამხარაძე

x

საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით მიხეილ დაუშვილის განცხადებას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ეს არის ძალიან სპეკულაციური და სახიფათო განცხადება.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. არაღიარებას არანაირი კავშირი არ აქვს არც ამ კანონთან და არც ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენებთან, ეს ყველაფერი საერთაშორისო სამართალთანაა დაკავშირებული. თუ ვინმე ამ კანონის გამო საერთაშორისო სამართალს დაარღვევს, ეს იქნება გაუგონარი ამბავი“, – სამხარაძე.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვის დროს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს ჰკითხა: კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველოს შესაძლოა, დაემუქროს საერთაშორისო იზოლაცია და ეს უქმნის თუ არა საფრთხეს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას არაღიარების პოლიტიკას?

სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელი, სამარცხვინო სახით წარდგა პარლამენტისა და საზოგადოების წინაშე – ნინო წილოსანი


ვენეციის კომისიის დასკვნაში, ერთეულ შემთხვევაში თუ რაიმე მუხლობრივი რეკომენდაცია იყო ჩადებული, ისიც კი რომ გამოეყენებინა პრეზიდენტს, ამის რესურსიც ჩაკეტა და გაწყვიტა, რადგან კანონზე ვეტო მან ვენეციის კომისიის დასკვნამდე გამოაგზავნა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

იგი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გააკრიტიკა, რომელმაც უარი განაცხადა, კანონის მუხლობრივ განხილვაში მონაწილეობა მიეღო.

„დღეს იყო კულმინაცია. სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელი, სამარცხვინო სახით წარდგა პარლამენტისა და საზოგადოების წინაშე. ადამიანი აპროტესტებდა და წუწუნებდა, რომ თურმე, ის არ უნდა ჩავრთოთ კანონის განხილვაში. არ ჰქონდა გააზრებული არც ერთი მუხლი. იგი უბრალოდ, პროტესტის ნიშნად კი არ მოგვყვებოდა მუხლების განხილვაში ან დასაბუთებას პროტესტის ნიშნად კი არ მოაყოლებდა, ფიზიკურად არ იცოდა – ეს ადამიანი უვიცი იყო ყველანაირ მავნებლურ დატვირთვასთან ერთად. ეს ნათლად გამოჩნდა და წარმოუდგენელი იყო ამ პროცესს კიდევ ერთხელ არ დაეზიანებინა ოპოზიციური სპექტრი“, – აღნიშნა წილოსანმა.

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა , პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების ნაწილში, მუხლობრივ განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებდა.

ხვალ დასრულდება პროცესი, პარლამენტი აუცილებლად დაძლევს ვეტოს – შალვა პაპუაშვილი

ვფიქრობ, რომ ხვალ დასრულდება პროცესი და რა თქმა უნდა, პარლამენტი აუცილებლად დაძლევს ვეტოს ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, როდესაც ისაუბრა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცედურაზე.

მან სხდომის პროცედურები განმარტა და აღნიშნა, რომ დაახლოებით 2-3 საათი განცხადებები გრძელდება, შემდეგ ვეტოს საკითხს განიხილავენ.

„ქართველი ხალხის ინტერესია, რომ უცხოური დაფინანსება, რომელიც შემოდის და მათ ცხოვრებაზე გავლენას ახდებს, იყოს ცნობილი – საიდან შემოდის და რაში იხარჯება. ეს არის ქართველი ხალხის ინტერესი და ნება, რომ ეს უფლება თავს არ წაართვას და არ იყოს უცხოელების და NGO-ების კეთილგანწყობაზე დამოკიდებული – ვინ თავისი ნებით გადაწყვეტს გასაჯაროებას და ვინ არ გადაწყვეტს. ეს არის საქართველო, ეს არის საქართველოს მოქალაქეების სახელმწიფო და ამ სახელმწიფოში, რაც შემოდის უცხოური ფული და იხარჯება ისეთ საკითხებზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეებზე ახდენას გავლენას, ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, ამასთან დაკავშირებით ყველა დეტალი იცოდეს. ეს არის ქართველი ხალხის ინტერესი, ქართველი ხალხის ნება, საქართველოს პარლამენტი მოქმედებს ქართველი ხალხის მანდატით და რა თქმა უნდა, მათი ნება უნდა აღსრულდეს“ , – განაცხადა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება სხდომაზე ოპოზიციის დასწრებას, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია ჩამოუყალიბებელი ხალხია, რომელიც მითითებას გარედან ელოდება.

„რაც შეეხება პროცედურას, დღეს ოპოზიცია კომიტეტზე იყოს, არ ვიცი, ხვალ იქნებიან თუ არა სხდომა, ამაზე და რა თქმა უნდა, ამაზეც არის დამოკიდებული. განაცხადეს ბოიკოტი და სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები, ისევ ბოიკოტში არიან თუ არ არიან, ზოგადად ჩამოუყალიბებელი ხალხია ოპოზიცია. განა თვითონ პოზიციას ვერ იყალიბებენ, ყველა ადამიანს შეუძლია დაგეგმოს თავისი ცხოვრება, მათ შორის პოლიტიკური .[ოპოზიცია ჩამოუყალიბებელია] იმიტომ, რომ ელოდებიან მითითებებს გარედან. ქვეყნის გარედან რომ პარლამენტის წევრები მითითებებს ელოდებიან და ეტყვიან, ბოიკოტში გავიდნენ თუ არ გავიდნენ, ეს ხომ საერთოდ კატასტროფაა“ , – ანაცხადა პაპუაშვილმა.

ირაკლი კობახიძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემის წარმომადგენლებს შეხვდა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალური აპარატის და უწყების სისტემაში შემავალი ორგანიზაციების მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრას უძღვებოდა პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა დადებითად შეაფასა სამინისტროს საქმიანობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პროცესში და მადლობა გადაუხადა მათ გაწეული საქმიანობისთვის. ირაკლი კობახიძემ ვრცლად ისაუბრა ეკონომიკური წინსვლის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, სტრატეგიულ პროექტებსა და სამომავლო განვითარების მთავრობისეულ ხედვაზე.

„საჯარო მოხელეებთან საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ქვეყანასა და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, მათ გავლენაზე ეკონომიკურ ცხოვრებაზე. საუბარი წარიმართა ასევე მთავრობის პოლიტიკურ კურსზე სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულების, მათ შორის, ქვეყნის ევროინტეგრაციის კუთხით.

პირველი ვიცე-პრემიერმა დადებითად შეაფასა ქვეყნის უმაღლეს პირთან საჯარო მოხელეების კომუნიკაციის ასეთი ფორმატი. მისი თქმით, მსგავს შეხვედრებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან საჯარო მოხელეებს ქვეყნის პირველ პირთან უშუალო ურთიერთობის დროს საშუალება ეძლევათ, განიხილონ საქართველოში მიმდინარე პროცესები და მიიღონ ინფორმაცია მთავრობის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების შესახებ, რომელთა თანამონაწილეებიც თავად არიან.

შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა სამინისტროს წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მეორე სამთავრობო უწყებაა, რომლის წარმომადგენლებსაც პრემიერ-მინისტრი შეხვდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.