არ მესმის, როგორ დააბრუნებს 2030 წლისთვის აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, რომლებიც ვითარდებიან როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები, რუსეთის მფარველობის ქვეშ – კონსტანტინ ზატულინი პრემიერის განცხადებაზე

28
spot_img

არ ვიცი, პატრიოტიზმის დემონსტრირების სურვილის გარდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს რამ შთააგონა, არ მესმის, 2030 წლისთვის აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს როგორ დააბრუნებს, – ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს, დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა განაცხადა.

მისი თქმით, რჩება შთაბეჭდილება, რომ ირაკლი კობახიძეს  სურს თავი გამოაცხადოს პოლიტიკოსად, რომელიც ოპოზიციას არაფერს დაუთმობს.

„არ ვიცი, პატრიოტიზმის დემონსტრირების სურვილის გარდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს რამ შთააგონა. ნამდვილად არ მესმის, როგორ დააბრუნებს 2030 წლისთვის აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, რომლებიც ვითარდებიან როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები, რუსეთის მფარველობის ქვეშ არიან და ამ ხარისხში არიან აღიარებულნი. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ გზით საქართველოს პრემიერ-მინისტრს სურს, თავი კიდევ ერთხელ გამოაცხადოს პოლიტიკოსად, რომელიც ოპოზიციას ევროკავშირში გაწევრიანების ან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების პრეტენზიებში არაფერს არ დაუთმობს“, – განაცხადა ზატულინმა.

ზატულინმა აღნიშნა, რომ ეს შიდაპოლიტიკური ბრძოლით არის გამოწვეული, რომელიც „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღებას უკავშირდება.

„სავარაუდოდ, ეს შიდაპოლიტიკური ბრძოლით არის გამოწვეული, რომელიც საქართველოში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით გაძლიერდა. საქართველოს ხელისუფლების სურვილი კი, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამ კანონს მხარი დასავლეთის აზრის საწინააღმდეგოდ დაუჭირეს, მაინც იმაზე მეტყველებს, რომ რეალურად „ჩვენ რუსეთის გავლენის ქვეშ არ ვიმყოფებით“. „ჩვენ საკუთარ თავს მიზნებს ვუყენებთ, რომლებიც რუსეთთან წინააღმდეგობაში მოდის და ჩვენს პოლიტიკაში არსებულ გარკვეულ პრიორიტეტებზე ჩვენი ორიენტაციის მიმართ შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, რომლებიც რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება“. ის შიდა ოპოზიციისა და დასავლეთის წინაშე თავს იმართლებს“, – აღნიშნა ზატულინმა.