Home Blog Page 1152

,,თუ, ეს ორგანიზაციები ამბობენ, რომ ყველაფერი გასაჯაროებულია, რა პრობლემაა, თავი მოუყარონ ინფორმაციას და საზოგადოებას გააცნონ?”- ოხანაშვილი

მათ [არასამთავრობო ორგანიზაციებს] რაღაც აღელვებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორ შეიძლება ფინანსური დეკლარაციის საზოგადოებისთვის წარდგენაზე უარი თქვან, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკასთან“ „გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ კანონპროექტის ერთადერთი მიზანია, რომ საზოგადოებამ ლეგიტიმურად იცოდეს, რა თანხა შემოდის ჩვენს ქვეყანაში და რა მიზანს ხმარდება ეს თანხა.

„ჩვენ ამ კანონპროექტით ფიზიკურ პირებს არ ვეხებით, ამაზე მანიპულაციას ხშირად აქვს ადგილი, მაშინ როდესაც ეს ეხება ორგანიზაციებს და მაშინ როდესაც ეს კანონპროექტი არის ევროკავშირში წარმართული დისკუსიის ანალოგი (ევროკავშირში აქტიური დისკუსია მიმდინარეობს მსგავსი კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით). მათ რაღაც აღელვებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორ შეიძლება ფინანსური დეკლარაციის საზოგადოებისთვის წარდგენაზე უარი თქვან. ეს ხალხი ამბობს, რომ ისინი მათ ვებგვერდზე ინფორმაციას ათავსებენ, მაგრამ არ სურთ, რომ დეკლარაციის სახით წარედგინონ საზოგადოებას ანგარიში. მათ ვებგვერდებზე განთავსებული ინფორმაცია არის ძალიან ზოგადი და მშრალი ინფორმაცია. ესეც მათ ნება-სურვილზეა დამოკიდებული, ხვალ რომ მათ თქვან რომ აღარ სურთ ამ ზოგადი ინფორმაციის გავრცელებაც კი, არ არსებობს საკანონმდებლო ნორმა, რომელიც მათ დაავალდებულებს, რომ საზოგადოებას ანგარიში წარიდგინონ ფინანსური აქტივების შესახებ. რაც შეეხება იმას, როცა გადაწყვეტენ თავად რა სახის გრანტის დეკლარირება უნდა მოახდინონ შემოსავლების სამსახურში, ესეც არის ფინანსური საიდუმლოება და ამაზე მოქალაქეებს წვდომა ვერ ექნებათ. ცალკე საკითხია კიდევ რა ტიპის ინფორმაციას უგზავნიან შემოსავლების სამსახურს, რადგან აქაც დიდი სივრცეა მათი მხრიდან, რომ გარკვეული ინფორმაცია მიაწოდონ, გარკვეული კი – არა.

ეს კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე ისეთი ტიპის ბიუროკრატიას, რომელიც ამ ორგანიზაციების საქმიანობას შეაფერხებს. რა თანხა მიიღო ორგანიზაციამ, რა მიზნით, რა პერიოდში, რა მიზნით ხარჯავს, რა შედეგი მიიღო და როგორ არის ადმინისტრირებული – ამის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას ითვალისწინებს ეს კანონპროექტი. პირდაპირ წერია კანონპროექტის პირველ მუხლში, რომ ამ კანონპროექტის მიზანი არ არის რომელიმე ორგანიზაციის საქმიანობის შეფერხება და მითუმეტეს მათ საქმიანობაში რაიმე ფორმით ჩარევა. ამ კანონპროექტის ერთადერთი მიზანია, რომ საზოგადოებამ ლეგიტიმურად იცოდეს, რა თანხა შემოდის ჩვენს ქვეყანაში, რა მიზანს ხმარდება ეს თანხა და ხომ არ აქვს კონკრეტულ ორგანიზაციას ინტერესი, რომ კონკრეტული თანხები არ გაასაჯაროონ. თუ ეს ორგანიზაციები ამბობენ, რომ ყველაფერი აქვთ გასაჯაროებული, რა არის მაშინ პრობლემა, რომ თავი მოუყარონ ამ ინფორმაციას და საზოგადოებას გააცნონ?“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ა.

ესპანეთი საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობას აღიარებს

ესპანეთი საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობას აღიარებს – აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ესპანელ კოლეგასთან, ფერნანდო გრანდე-მარლასკა გომესსთან მემორანდუმი გააფორმა.

შსს ინფორმაციით, ვახტანგ გომელაური, დელეგაციასთან ერთად ოფიციალური სამუშაო ვიზიტით ესპანეთის სამეფოში იმყოფება.

შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, ქართული მართვის მოწმობის მფლობელები, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ მიიღონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა ესპანეთში, თუ იქ კანონიერად ცხოვრობენ.

შეხვედრაზე, მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.

„ვახტანგ გომელაურმა ფერნანდო გრანდე-მარლასკა გომესს მადლობა გადაუხადა საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მხარეები მომავალშიც აქტიურად განაგრძობენ მუშაობას, რათა არსებული პარტნიორული ურთიერთობები კიდევ უფრო გაფართოვდეს სხვადასხვა მიმართულებით.

შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომ, მხარეთა მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ მიიღონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს.

შეთანხმებით განსაზღვრულია მართვის მოწმობის კლასები, რომლებიც შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ დაექვემდებარებიან გადაცვლას, კერძოდ AM, A1, A2, A, B, B+E კლასის მართვის მოწმობების გადაცვლა თეორიული ან პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე იქნება შესაძლებელი, ხოლო C1, C1+E, C, C+E, D1, D1+E, D და D+E კლასის მართვის მოწმობების გადაცვლისათვის, განმცხადებლებს მოუწევთ ჩააბარონ მართვის მოწმობის გამოცდა ზოგადი მოძრაობისთვის განკუთვნილ ღია გზებზე, იმ სატრანსპორტო საშუალების ან მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებით, რომელთა მართვაც აღნიშნული მოწმობებით იქნება ნებადართული.

საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმება შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების დასრულების შემდგომ, უახლოეს პერიოდში, შევა ძალაში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

,,არ არსებობს მექანიზმი, რითაც გადაიხედება ქვეყნისთვის სტატუსის ჩამორთმევა”- მიქანაძე

აქ არის ბრძოლა შავი ფულისთვის, რადგან ამ რადიკალების დაფინანსება გახდება საჯარო, ამით კი საზოგადოებაში მათ მიმართ ნდობა კიდევ უფრო გაქრება, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ გამჭვირვალობის კანონპროექტზე საუბრისას „დღის ქრონიკასთან“ განაცხადა.

მისი თქმით, ეს კანონპროექტი ბევრად უფრო ლიბერალურია, ვიდრე სხვა ქვეყნებში მოქმედი მსგავსი კანონები თუ დაინიცირებული კანონპროექტები.

„შეიძლება ითქვას, რომ ეს ორგანიზაციები და მათ უკან მდგარი რადიკალურ ფრთის პარტიები შავი ფულისთვის იბრძვიან, რომ მიიღონ დაფინანსება. სრული ჭეშმარიტებაა, რომ მსგავსი კანონი მოქმედებს აშშ-ში, ისრაელში, ავსტრალიაში, განხილვის პროცესშია ევროპარლამენტში. საფრანგეთის ქვედა პალატამ მიიღო მსგავსი კანონი, სლოვაკეთშია დაინიცირებული, დიდ ბრიტანეთშიც. ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების, საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე საკითხი. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ის კანონპროექტი, რომელიც დავაინიცირეთ, არის ბევრად უფრო ლიბერალური თავისი კონტექსტიდან, სანქციებიდან გამომდინარე. ის მხოლოდ იურიდიულ პირებს – იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს ეხება, რომელთაც წლის განმავლობაში 20%-ზე მეტი შემოსავალი მიიღეს გარე, არაქართული წყაროებიდან. თუკი ამის დეკლარირება არ გაკეთდება წელიწადში ერთხელ, ერთადერთი სანქციაა ფულადი ჯარიმა, მაშინ როდესაც ის მოქმედები კანონები და კანონპროექტები, რომელსაც ახლა სხვაგან იხილავენ, მათ შორის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და თავისუფლების აღკვეთასაც კი ითვალისწინებს. აქ არის ბრძოლა შავი ფულისთვის და იმისთვის, რომ არ გახდეს გამჭვირვალე და ღია [დაფინანსება] რადგან ამ რადიკალების დაფინანსება რომ გახდება საჯარო, ამით საზოგადოებაში მათ მიმართ ნდობა კიდევ უფრო გაქრება“, – განაცხადა დეპუტატმა.

მიქანაძე ასევე გამოეხმაურა ამ კონტექსტში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევაზე გაკეთებულ განცხადებებს და აღნიშნა, რომ არ არსებობს კონკრეტული მექანიზმი, რომლითაც გადაიხედება სტატუსმინიჭებული ქვეყნისთვის სტატუსის ჩამორთმევა.

„ევროპარლამენტარები, რომლებიც ამ განცხადებას აკეთებენ, ისინი ცნობილი ოდიოზური ფიგურები არიან, რომელთა სახელებიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განსაკუთრებით ცნობილია საზოგადოებისთვის, ჯერ კიდევ იქიდან, როცა სამართლიანმა არჩევნებმა „პივიტის“ შედეგები გააყალბა და რა განცხადებებსაც აკეთებდნენ ამის საფუძველზე, ასევე იღებდნენ სამარცხვინო რეზოლუციებს. არახალია ჩვენი მოქალაქეებისთვის ის გარემოება, რომ ახლა ეს ადამიანები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ზურგი გაუმაგრონ რადიკალებს საქართველოში და აკეთებენ სუფთა მანიპულაციურ განცხადებებს. არ ყოფილა პრაქტიკაში და არ არსებობს კონკრეტული მექანიზმი, რომლითაც გადაიხედება კანდიდატის სტატუსმინიჭებული ქვეყნისთვის, ამ სტატუსის ჩამორთმევა. ისინი ხედავენ, რომ სიმართლე საზოგადოების, ხელისუფლების მხარესაა, რომელიც ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებით მოქმედებს და ამ სიტუაციაში მათ დარჩენიათ, რომ მოატყუონ საზოგადოება, მაგრამ ეს არ გამოუვათ. სამარცხვინოა, როდესაც ეს ადამიანები აკეთებენ განცხადებებს, რომ თურმე ეს კანონპროექტი ეხება ყველა ფიზიკურ პირს. ჩვენი დიპლომატიური კორპუსი, საპარლამენტო დიპლომატია, მთელი მთავრობა მაქსიმალურად ვართ ჩართული რომ ჩვენს პარტნიორებს სრული ინფორმაცია ჰქონდეთ ამ საკითხებთან დაკავშირებით და ეს კომუნიკაცია მათთან გაგრძელდება“, – განაცხადა მიქანაძემ.

რა მდგომარეობაა გზებზე – განახლებული ინფორმაცია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა,  გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.

მამუკა მდინარაძე დაბლოკილ ბანერებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს

ასე იყო მათი მმართველობის დროსაც, – ცენზურა იყო მთავარი იარაღი და არა არგუმენტები. სტილი უცვლელია. წარმოგიდგენიათ, როგორ ეშინიათ სიმართლის და ფინანსების გამჭვირვალობის? თუ პრობლემა არ არის, რას არეპორტებენ? წაიკითხოს ხალხმა და თავად გადაწყვიტოს მტყუან-მართალი!, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც იგი „ფეისბუქის“ სხვადასხვა გვერდზე, მათ შორის, მედია საშუალებების ოფიციალურ გვერდებზე დაბლოკილ საინფორმაციო ბანერების თემას ეხმიანება.

„გუშინ სიმართლეს და არგუმენტებს ვეღარ გაუძლეს, ვერც ვეღარაფერი დაუპირისპირეს და უბრალოდ მამხილებელი ინფორმაცია არეპორტეს მთელი დღე. შემდეგ, შავი ფულის დაცვის კამპანიას „ნაცების“ ერთი დანაყოფიც მიეშველა, „დააფაქტჩეკა“, თავადვე დაადგინა, რომ მათი ტყუილის საპასუხო და მამხილებელი არგუმენტები „იყო ტყუილი“ და ათასობით ადამიანს დაუბლოკეს „ქარდები“.

ასე იყო მათი მმართველობის დროსაც, – ცენზურა იყო მთავარი იარაღი და არა არგუმენტები. სტილი უცვლელია.
წარმოგიდგენიათ, როგორ ეშინიათ სიმართლის და ფინანსების გამჭვირვალობის? თუ პრობლემა არ არის, რას არეპორტებენ? წაიკითხოს ხალხმა და თავად გადაწყვიტოს მტყუან-მართალი!

ცენზურის ლოკალური წარმატებით კი ის ხალხი იყო აჟიტირებული და გახარებული, რომლებიც ევროპული ღირებულებების მიმდევრობაზე დებენ თავს“, – წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

Facebook-ის სხვადასხვა გვერდზე, მათ შორის მედიასაშუალებების ოფიციალურ გვერდებზე დაბლოკეს საინფორმაციო ბანერები, რომელიც წარმოადგენდა „ქართული ოცნების“ პასუხს რადიკალური ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სიცრუეზე გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით.

რის დამალვას სთხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციები Facebook-ს

Facebook-ის სხვადასხვა გვერდზე, მათ შორის მედიასაშუალებების ოფიციალურ გვერდებზე დაბლოკეს საინფორმაციო ბანერები, რომელიც წარმოადგენდა „ქართული ოცნების“ პასუხს რადიკალური ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სიცრუეზე გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით.

როგორც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ამბობენ, სტილი ზუსტად იგივეა – როგორც „ნაცმოძრაობის“ დროს ვერაფერს უხერხებდნენ სიმართლეს და ერთადერთი გადაწყვეტა იყო საინფორმაციო საშუალების ჩახშობა, ზუსტად იგივე მეთოდი გამოიყენეს ახლაც.

მათივე თქმით, როგორც ჩანს, მთელი ძალისხმევა არა პასუხის გაცემისკენ, არამედ ინფორმაციის წაშლისკენ მიმართეს, რაშიც ისინი მთლად მარტოებიც არ უნდა იყვნენ და რაც არ უნდა უცნაურად ჩანდეს, ამით სოციალურ ქსელებში ტრაბახობენ კიდეც.

როგორც ცნობილია, Facebook-ზე საინფორმაციო ბანერების გაქრობა უკავშირდება რადიკალებისა და მათი მხარდამჭერი არასამთავრობოების წარმომადგენლებს, რომლებსაც ლობისტების მეშვეობით აქვთ მოპოვებული ვერიფიკაცია საერთაშორისო ფაქტჩექერში.

 

 

გიორგი მშვენიერაძეს უთქვამს, შავი ფული დასავლეთიდან შემოვიდეს, სხვა მხრიდან არაო, შავი ფული არსაიდან არ უნდა შემოვიდეს -მამუკა მდინარაძე

გიორგი მშვენიერაძე და „მთავარი არხი“ ერთ ხმაში საუბრობენ, მშვენიერაძეს უნდა, რომ შავი ფული დასავლეთიდან შემოვიდეს და გაკონტროლდეს სხვა მხრიდან  ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან, სამხრეთიდან შემოსული ფული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლის, გიორგი მშვენიერაძის ფეისბუქპოსტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ, სადაც მშვენიერაძე წერს: „თუ ეს კანონი ევროკავშირის და აშშ-iს წინააღმდეგ არაა, ჩაწერონ რომ არ ვრცელდება მათგან მიღებულ დახმარებაზე და მხარს დავუჭერთ. ძალიან მარტივია“.

მამუკა მდინარაძის თქმით, შავი ფული არსაიდან არ უნდა შემოვიდეს, მათ შორის, არც დასავლეთიდან.

„დასავლეთიდან ბევრ კარგ საქმეს რომ აკეთებენ ის ადამიანები, კარგ ტრენინგებს, რომ ატარებენ და კარგ საქმეებს აფინანსებენ, ამაზე მადლობას ხომ ვუხდით,  მაგრამ გამოვრიცხოთ შავი ფულის შემოდინება, რევოლუციის, პროპაგანდის დაფინანსება. პირიქით, უფლებების დაცვას შევუწყოთ ხელი, გავაძლიეროთ, მეც მოგეხმარებით. მაგალითად, რომელიმე არატრადიციული ცხოვრების წესის მქონე ადამიანების უფლებებზე თუ იქნება საუბარი, კი ბატონო, მაგრამ პროპაგანდირებაზე თუ იქნება, არ შემოვიდეს ასეთი თანხა. თუ შემოდის, დადეკლარირდეს. მთელი პარადოქსი, იცით, რაშია? ვერც ვკრძალავთ, უბრალოდ, არის მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციული გამჭვირვალობა. დეკლარაცია უნდა შეავსონ. მეტზე არაფერზე საუბარი არ არის და ამისთვის, შავი ფულისთვის იბრძვიან. მშვენიერაძეს უთქვამს ის, რაც დასვა კითხვის სახით „მთავარმა არხმა“, დასავლეთიდან შემოვიდესო შავი ფული, რა უჭირსო და სხვა მხრიდან არ შემოვიდესო. ასეთი თვითლუსტრაცია ალბათ ბუნებაში არ არსებობს“, – განაცხადა მდინარაძემ.

გოგა ხაინდრავა აშშ-ს ჰელსინკის კომისიას -“საბჭოთა უშიშროებას დაემსგავსეთ!”

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა საქართველოში ინიცირებულ „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით აშშ-ის ჰელსინკის კომისიის განცხადებას ეხმიანება.

„აშშ ჰელსინკის კომისია- „ეს არის მიზანმიმართული თავდასხმა საქართველოს მყიფე დემოკრატიაზე ევროპული გზის თვითსაბოტაჟი”

ჩემი შენ გითხარიო! თეთრ სახლში მოიკითხეთ თვითსაბოტაჟი! საბჭოთა უშიშროებას დაემსგავსეთ!
თქვენნაირ ცილისმწამებლებს ებრძოდა ჰელსინაკის კავშირი!“ – წერს ხაინდრავა X-ზე.

 

 

 

თბილისის კონსერვატორიის ვიცე-რექტორად ნინო კასრაძე დაინიშნა

2024 წლის 1 აპრილს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის, გიორგი ვაჩნაძის, ბრძანებით, კონსერვატორიის რექტორის მოადგილედ ნინო კასრაძე დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ნინო კასრაძემ 1999 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია საფორტეპიანო განხრით და 2003 წლამდე აქვე გაიარა ასისტენტურა-სტაჟირების კურსი (სოლო ფორტეპიანო). 2011 წელს მიიღო დოქტორის აკადემიური ხარისხი საშემსრულებლო დარგში.

იგი სხვადასხვა დროს იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედისა“ და ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის საფორტეპიანო განყოფილებების პედაგოგი. 2007 წლიდან საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში. 2023 წელს იყო „ნიჭიერთა ათწლედის“ დირექტორის მოადგილე.

ნინო კასრაძე არის არაერთი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი (პირველი პრემია და სპეცპრიზი, როგორც საუკეთესო უცხოელ მონაწილეს ქ. რომის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე Harmoniae; პირველი პრემია და სპეცპრიზი აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პიანისტ მუსიკოს-შემსრულებელთა XV საერთაშორისო კონკურსზე Citta di Barletta prize; ფინალისტის დიპლომი ქ. კანტუს საფორტეპიანო კონცერტების XX საერთაშორისო კონკურსზე; პირველი პრემია ქ. მარკოპულოს პიანისტთა IV საერთაშორისო კონკურსზე).

ნინო კასრაძე ავტორია წიგნებისა „მზიანი ღამის მელოდიები“ და „ფორტეპიანოზე დაკვრის სწავლების მეთოდიკა“. 2008 წელს გაიარა კვლევითი სტაჟირება გერმანიაში (მიუნხენი, გერმანიის აკადემიური გაცვლითი პროგრამების სამსახური DAAD).
ნინო კასრაძემ 2011 წელს დააფუძნა საქართველოს სამუსიკო სკოლების რეგიონული კონკურსი. იგი კონკურსის ჟიურის მუდმივი წევრი და მეთოდური პროგრამის შემდგენელია. 2021 წელს იყო ევა და იოსიფ კოგანების სახელობის მუსიკოს-შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრი (ალმატი, ყაზახეთი). მუსიკოსი, ასევე, არის ა(ა)იპ „კულტურის და განათლების აკადემია 2020“-ის დამფუძნებელი დირექტორი და საქართველოს მუსიკალური საზოგადოების გამგეობის წევრი. 2022 წელს ჩამოაყალიბა ცენტრალური სამუსიკო სკოლის („ნიჭიერთა ათწლედის“) პედაგოგთა ორკესტრი.

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ულოცავს ნინო კასრაძეს თანამდებობაზე დანიშვნას და წარმატებებს უსურვებს.

პრეზიდენტი იურიდიულ სკანდალში გაეხვია, სალომე ზურაბიშვილმა მთავრობას ვიზიტზე ნებართვა სთხოვა იმ მუხლით, რომელზეც ამბობდა, ნებართვა არ უნდა გაიცემოდესო -მდინარაძე

სალომე ზურაბიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციას ვიზიტზე ნებართვა სთხოვა იმ მუხლით, რომელზეც ამბობდა, რომ ნებართვა ამ მუხლით არ უნდა გაიცემოდესო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ მთავრობის მიერ პრეზიდენტისთვის ლიეტუვაში ვიზიტზე უარის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული ჩანაწერით აღიარეს, რომ სიცრუე იყო საკონსტიტუციო სასამართლოში დავა.

„პრეზიდენტი სასწაულ სკანდალში გაეხვია, იურიდიულ სკანდალი დავარქვათ ამას. იცით, რომელი მუხლით მიმართა ადმინისტრაციას? საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას სალომე ზურაბიშვილმა ნებართვა სთხოვა იმ მუხლით, რომელზეც ამბობდა, ამ მუხით ნებართვა რა შუაშიაო, არ უნდა გაიცემოდესო. სხვა მუხლზე აპელირებდნენ საკონსტიტუციო სასამართლოში. ანუ, ის პუნქტი მიუთითა, რომელსაც არ აღიარებდნენ. ეს არ არის იმ მოქმედების დამრეგულირებელი, რომლითაც პრეზიდენტმა საზღვარგარეთ უნდა განახორციელოს ვიზიტებიო. ამ ერთი ჩანაწერით აღიარეს, რომ სიცრუე, ფეიკი იყო მთელი დავა საკონსტიტუციოში“, – აღნიშნა მდინარაძემ.

საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმდინარე წლის 10 აპრილიდან 12 აპრილის ჩათვლით ლიეტუვის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტზე მთავრობამ უარი უთხრა.

რუსეთის მიერ ხარკოვის დაბომბის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა

უკრაინის ქალაქ ხარკოვზე რუსეთის მორიგ იერიშს 6 ადამიანი ემსხვერპლა, 10 კი დაიჭრა. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება.

„შაჰედის“ ტიპის დრონების სამიზნე საცხოვრებელი რაიონი გახდა, დაზიანებულია სულ მცირე 9 მრავალბინიანი სახლი, სამი საერთო საცხოვრებელი, რამდენიმე ადმინისტრაციული შენობა, მაღაზია, ბენზინგასამართი სადგური და ავტომობილები.

„ხარკოვის მშვიდობიან მოსახლეობაზე ეს დარტყმა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა“, – განაცხადა ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმა

წლის განმავლობაში 25 000-ლარიანი ლიმიტის ფარგლებში, სამედიცინო სერვისი, სხივური თერაპია და ის გამოკვლევები დაიფარება, რომელიც ონკოპაციენტს ესაჭიროება -თამარ გაბუნია

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, წლის განმავლობაში, 25 000-ლარიანი ლიმიტის ფარგლებში სამედიცინო სერვისი, სხივური თერაპია და ის გამოკვლევები დაიფარება, რომელიც პაციენტს მკურნალობის დაგეგმვისა და მკურნალობის შედეგის შეფასების მიზნით ესაჭიროება.

სამინისტროს განცხადებით, რაც შეეხება მედიკამენტებს, 25 000-ლარიანი ლიმიტის კალკულაციიდან ცალკე იქნება გამოტანილი ონკოლოგიური მედიკამენტები, რომელიც გათვალისწინებულია შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით. ცვლილება შეეხება იმ პაციენტებსაც, რომლებსაც ამ დროისთვის, შეიძლება, ამოწურული ჰქონდეთ 25 000-ლარიანი ლიმიტი.

თამარ გაბუნიას განმარტებით, აღნიშნულის შედეგად, პაციენტს შესაძლებლობა აქვს გაიდლაინების შესაბამისად მკურნალობის სრული კურსი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფაროს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ 5 აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: „მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 25 ათას-ლარიანი ლიმიტის კალკულაციიდან ცალკე იქნება გამოტანილი ონკოლოგიური მედიკამენტები, რომელიც გათვალისწინებულია შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით“.