წლის განმავლობაში 25 000-ლარიანი ლიმიტის ფარგლებში, სამედიცინო სერვისი, სხივური თერაპია და ის გამოკვლევები დაიფარება, რომელიც ონკოპაციენტს ესაჭიროება -თამარ გაბუნია

34
spot_img

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, წლის განმავლობაში, 25 000-ლარიანი ლიმიტის ფარგლებში სამედიცინო სერვისი, სხივური თერაპია და ის გამოკვლევები დაიფარება, რომელიც პაციენტს მკურნალობის დაგეგმვისა და მკურნალობის შედეგის შეფასების მიზნით ესაჭიროება.

სამინისტროს განცხადებით, რაც შეეხება მედიკამენტებს, 25 000-ლარიანი ლიმიტის კალკულაციიდან ცალკე იქნება გამოტანილი ონკოლოგიური მედიკამენტები, რომელიც გათვალისწინებულია შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით. ცვლილება შეეხება იმ პაციენტებსაც, რომლებსაც ამ დროისთვის, შეიძლება, ამოწურული ჰქონდეთ 25 000-ლარიანი ლიმიტი.

თამარ გაბუნიას განმარტებით, აღნიშნულის შედეგად, პაციენტს შესაძლებლობა აქვს გაიდლაინების შესაბამისად მკურნალობის სრული კურსი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფაროს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ 5 აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: „მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 25 ათას-ლარიანი ლიმიტის კალკულაციიდან ცალკე იქნება გამოტანილი ონკოლოგიური მედიკამენტები, რომელიც გათვალისწინებულია შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით“.