Home Blog Page 1106

“აქციაზე დაკავებული 4 პირი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა, 10 დაკავებული დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი” – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 15 აპრილის აქციაზე დაკავებული 14 პირიდან 4 შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გავლის შემდეგ,ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლადა.

უწყების განმარტებით, 10 დაკავებული პირი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილია.~

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას დამატებით მივაწოდოთ ინფორმაცია 2024 წლის 15 აპრილს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების შესახებ.

საპროტესტო აქციის მსვლელობისას, სამართალდამცავების მიერ გაკეთებული არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ აქციის მონაწილეებს პროტესტი გამოეხატათ მშვიდობიანი ფორმით და არ გასცდენოდნენ კანონით დადგენილი წესით შეკრების ფარგლებს, აქციის მონაწილეთა ნაწილი არ დაემორჩილა პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას, წინააღმდეგობა გაუწიეს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის საფუძველზეც, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა 14 პირი.

შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების შემდეგ, პოლიციამ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა 4 პირი, ხოლო რაც შეეხება 10 დაკავებულს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაყვანილია დროებითი მოთავსების იზოლატორში.

დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებული პირების შეყვანისთანავე ექიმების მიერ კონფიდენციალურ გარემოში მოხდა მათი სამედიცინო შემოწმება და შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ იზოლატორში ყოფნის პერიოდში დაკავებული პირებისთვის დამატებითი სამედიცინო დახმარების გაწევის საჭიროება არ დამდგარა.

აქვე აღსანიშნავია, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში ყოფნის პირობებში დაკავებულებს საშუალება ჰქონდათ კონფიდენციალურ გარემოში შეხვედროდნენ და გასაუბრებოდნენ სახალხო დამცველის რწმუნებულს.

ყველა დაკავებულს შეუზღუდავად აქვს წვდომა საკუთარი ინტერესების დამცველ ადვოკატებთან, სახალხო დამცველის აპარატისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელთან“,-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

“ოლიმპიური თამაშების დროს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთს საფრანგეთიდან ოფიციალური წინადადება არ მიუღია”

ოლიმპიური თამაშების დროს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთს საფრანგეთიდან ოფიციალური წინადადება არ მიუღია, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მსგავსი კითხვები არაერთხელ დაუსვეს.

„პრეზიდენტმა და ჩვენმა სამხედროებმა ყურადღება იმ ფაქტზე გაამახვილეს, რომ როგორც წესი, კიევის რეჟიმი მსგავს იდეებსა და ინიციატივებს გადაჯგუფებისა და ხელახალი შეიარაღებისთვის იყენებს. ეს, რა თქმა უნდა, მსგავსი ინიციატივების განხილვის პროცესს მნიშვნელოვნად ართულებს. ამ მხრივ ოფიციალური ნაბიჯები ჯერჯერობით არავის გადაუდგამს“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების დროს მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა სურს.

“თქვენი აზრით, რატომ იბრძვიან საქართველოს მოქალაქეები ამ კანონის წინააღმდეგ” – თინა ბოკუჩავა მდინარაძეს

თქვენი აზრით, რატომ იბრძვიან საქართველოს მოქალაქეები ამ კანონის წინააღმდეგ? რატომ იღვწიან საქართველოს საერთაშორისო მეგობრები იმისთვის, რომ ეს კანონი არ იქნას მიღებული და რატომ არის, რომ ერთადერთი მეხოტბე და მხარდამჭერი ამ კანონის, ივანიშვილის პარტიის გარდა, არის კრემლი? – ამ კითხვით მიმართა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძეს

ბოკუჩავას განცხადებით, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით ქვეყნის ეროვნულ და ევროპულ ინტერესებს ღალატობენ.

„ბატონო მამუკა, დღეს თქვენ კიდევ ერთხელ დაადასტურეთ, რომ ამ კანონის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის დასავლეთის შანტაჟი, რაც ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟირებას. როცა გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი გეუბნებათ, რომ ამ კანონს არაფერი აქვს საერთო ევროპულ კანონმდებლობასთან, როდესაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის წარმომადგენელი ამბობს, რომ ამ კანონს არაფერი აქვს საერთო აშშ-ს კანონთან. როცა ნატო-ს გენერალური მდივანი ეწინააღმდეგება ამ კანონს, როდესაც 22 ევროპარლამენტარი ამბობს, რომ შესაძლებელია ამ კანონმა საფრთხის ქვეშ დააყენოს ის ძალიან დიდი მონაპოვარი, რომელიც ქართველი ხალხის ძალისხმევით საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსის სახით. როდესაც ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი იმ წერილით, რომელსაც შალვა პაპუაშვილი სამარცხვინოდ მალავდა, ამბობს, რომ არის კონკრეტული მოწოდება თითოეულ თქვენგანზე, რომ ამ კანონს მხარი არ დაუჭიროთ და ერთადერთი მთელს მსოფლიოში, ვინც ამ კანონს იწონებს, არის პუტინის პროპაგანდისტი დუგინი და კრემლის სხვა პროპაგანდისტები, კითხვა მაინც არ გიჩნდებათ საკუთარ თავთან, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებით თქვენ ღალატობთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ და ევროპულ ინტერესებს. ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც მაქვს მე თქვენთან – რატომ იბრძვიან თქვენი აზრით საქართველოს მოქალაქეები ამ კანონის წინააღმდეგ? რატომ იღვწიან საქართველოს საერთაშორისო მეგობრები იმისთვის, რომ ეს კანონი არ იქნას მიღებული? და რატომ არის, რომ ერთადერთი მეხოტბე და მხარდამჭერი ამ კანონის ივანიშვილის პარტიის გარდა არის კრემლი? “, – განაცხადა ბოკუჩავამ.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 17 აპრილისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 17 აპრილისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6710 ლარი ეღირება, ევრო – 3.8387 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3243 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6699 ლარი ღირდა, ევრო – 2.8450 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3347 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 17 აპრილს ამოქმედდება.

“საქართველოში ეკლესიის, ისტორიის წინააღმდეგ ბრძოლა, არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა, ეს არა მხოლოდ აღიქმება, არამედ არის ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებები, რაც ხშირ შემთხვევაში ფინანსდება”

რელიგიური ექსტრემიზმი, საქართველოში ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, ისტორიის წინააღმდეგ ბრძოლა, არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა, ეს საქართველოში არა მხოლოდ აღიქმება, არამედ არის ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებები, რაც ხშირ შემთხვევაში ფინანსდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„გამჭვირვალობის მიზანი ერთგვარი თვითმიზანი არ არის. არაერთხელ განვაცხადეთ, რომ როდესაც ქვეყნები უზრუნველყოფენ გამჭვირვალობას საკუთარ ქვეყანაში და ამას კანონით არეგულირებენ, აქ მხოლოდ საჯაროობა და გამჭვირვალობა არ არის კანონის მაინცდამაინც განსაკუთრებული მიზანი. საუბარია იმაზე, რომ გარდა კარგი საქმეებისა, რასაც ენჯეო სექტორი აკეთებს, მათ დააზღვიონ და სხვა საკითხების პრევენცია მოახდინონ. საქართველოში ასეთი საკითხების პრევენცია შეიძლება შეეხებოდეს მაგალითად პოლარიზაციას, რადიკალიზაციას, რელიგიური ექსტრემიზმის, სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებას, არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდას, პარტიების რადიკალურ-რევოლუციური მიზნების დაფინანსებას. ეს არის ის თანმდევი რისკები, რაც ახლავს ნებისმიერი ქვეყნიდან სამომავლო პერსპექტივაში შემოსული გრანტების დაფინანსებას. ავიღოთ პირობითად, 60-70% თუ ხმარდება კარგ საქმეს, შესაბამისად, დანარჩენი 30% ხმარდება სავარაუდოდ ისეთ საქმეებს, რომლებიც მიმართულია არალეგიტიმური მიზნებისკენ და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებისკენ. მაგალითად რელიგიური ექსტრემიზმი, საქართველოში ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, ისტორიის წინააღმდეგ ბრძოლა, არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა, ეს საქართველოში არა მხოლოდ აღიქმება, არამედ არის ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებები, რაც ხშირ შემთხვევაში ფინანსდება. ბევრჯერ მოგვისმენია, გვინახავს მაგალითად „ფრანკლინის კლუბი“, „კანვასი“, ISFED-ის გაყალბებული, პარალელური დათვლის მონაცემები, ისინი ყველა დაფინანსებული გახლდნენ გარე აქტორების მიერ“, – აღნიშნა მდინარაძემ.

“არც ერთი აკრძალვა ქართულ კანონპროექტში არ არის – უკვე წელიწადზე მეტია ამ კანონის სტიგმატიზება დაწყებულია”

ვფიქრობ, გუშინდელმა დღემ ბევრი რამ გამოაჩინა და გამოაჩინა ისიც, რომ ერთი მიზეზი, ერთი საფუძველი იმისა, რომ კანონპროექტი, რომელიც შეეხება უცხოური გავლენის გამჭვირვალობას, უმარტივესი მიზეზის გამო, რომ მასში არაფერია არალეგიტიმური, რაც საქართველოს არ შეუძლია განახორციელოს, არ შეიძლება რამე კრიტიკასაც კი დაექვემდებაროს, თუმცა ამ კანონის სტიგმატიზება უკვე წელიწადზე მეტია დაწყებულია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი ითვალისწინებს გამჭვირვალობას.

„უნდა ვთქვა, ჩვენი მოსახლეობისა და საზოგადოების გასაგონად, რას ითვალისწინებს კანონპროექტი. ძალიან მოკლედ კიდევ ერთხელ. კანონპროექტი ითვალისწინებს გამჭვირვალობას, რომლის ხერხიც არის ის, რომ ორგანიზაციები, მედია ორგანიზაციები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარედან, ნებისმიერი ქვეყნიდან მიიღებენ შემოსავალს, წლის განმავლობაში 20 პროცენტზე მეტს, უნდა დარეგისტრირდნენ შესაბამის რეესტრში, როგორც უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციები და ყოველი წლის იანვარში წარადგინონ ფინანსური დეკლარაცია, რომელშიც მითითებული იქნება შემოსავლები და გაწეული ხარჯები დეტალურად წინა წელთან დაკავშირებით. ეს არის ერთადერთი ვალდებულება, რაც აკისრიათ მედია და ენჯეო ორგანიზაციებს. ხაზგასმით ვამბობ, არც ერთი აკრძალვა, რომელზეც ამ დღეებში სამწუხაროდ, მაინც იყო ლაპარაკი, განსხვავებით სხვა ქვეყნებში არსებული კანონებისგან, არც ერთი აკრძალვა ქართულ კანონპროექტში არ არის. განსხვავება სხვა ქვეყნების კანონმდებლობისგან არის ის, რომ რამდენიმე ქვეყანაში არის ფიზიკური პირიც ვალდებული, რომელიც იღებს უცხოეთიდან შესაბამის დაფინანსებას, რომ დარეგისტრირდეს სპეციალურ რეესტრში. საქართველოში ეს არ გავრცელდება ამ კანონის მიღების შემდეგ და არც ერთ ფიზიკურ პირს კანონი არ შეეხება. დანარჩენი არის პრაქტიკულად ტექნიკური მუხლები, რომლებიც შეეხება მონიტორინგს, პროცედურებს, დარეგისტრირების წესს და ა.შ. სხვა შინაარსი, სხვა პრინციპი გარდა გამჭვირვალობისა, სხვა მიზანი კანონმდებლობას არ გააჩნია“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

“არც „ჰეზბოლა“ და არც ირანი ახლა ომისთვის მზად არ არიან” – ჟოზეფ ბორელი

არც „ჰეზბოლა“ და არც ირანი ახლა ომისთვის მზად არ არიან, ამის შესახებ ფრანგულ Le Monde-თან ინტერვიუში ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

„თავდახმის შემდეგ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მითხრა, რომ სამიზნეებს მხოლოდ სამხედრო ობიექტები წარმოადგენდა და ეს იყო კონტროლირებული პასუხი. თუ ზიანის მიყენება გსურს, შენ არ აგზავნი დრონებს, რომლებიც 6 საათი იქნებიან გზაში. ამჟამად, არც „ჰეზბოლა“ და არც ირანი ომისთვის მზად არ არიან“, – განაცხადა ბორელმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის პოლიტიკური ამოცანაა, თავიდან იყოს არიდებული ესკალაცია, იმიტომ რომ „რეგიონული კონფლიქტი არ შედის არავის, მათ შორის არც ღაზის სექტორის მოსახლეობის ინტერესებში“.

„მე ყოველთვის ვცდილობ, კონსენსუსზე დაფუძნებული პოზიცია წარმოვადგინო: თუ უკრაინაში ალყაში მოქცეული მოსახლეობისთვის წყალზე, ელექტროენერგიაზე და საკვებზე წვდომის შეზღუდვა საერთაშორისო სამართალს არღვევს, ეს ღაზის სექტორის შემთხვევაშიც ასეა“, – აღნიშნა ბორელმა.

პარლამენტმა ირაკლი ბერაიასათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა ირაკლი ბერაიასათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე დადგენილების პროექტს 85 ხმით მხარი დაუჭირა.

დადგენილების პროექტი პლენარულ სხდომაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა წარადგინა. მისი განმარტებით, საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ირაკლი ბერაიამ აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაიკავა თანამდებობა, რომელიც პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელია.

საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ირაკლი ბერაიას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა.

თურქეთი ახლო მომავალში წყლით ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანა გახდება – რას წერს უცხოური პრესა

თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის სახელმწიფო კორპორაცია TRT-ის (Turkish Radio and Television Corporation) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „რატომ არის ჰიდრავლიკური ენერგია მნიშვნელოვანი? თურქეთი ახლო მომავალში წყლით ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანა გახდება“.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

2023 წელს თურქეთმა ელექტროენერგიის წარმოების 36,3% გამოიმუშავა ნახშირისგან, 21,4% ბუნებრივი აირით ციკლური ელექტროსადგურების მეშვეობით, 10,4% ქარიდან, 5,7% მზისგან და 3,4% გეოთერმული ენერგიით, ხოლო 19,6 პროცენტი მიიღო ჰიდრავლიკური ენერგიის წყალობით.

თურქეთი მთლიანი ელექტროენერგიის მესამედს ჰიდროელექტროსადგურების (ჰესები) 32 ათას 400 მეგავატით უზრუნველყოფს.

ჰესები, რომლებიც ელექტროენერგიის წარმოების ეროვნული და სუფთა მეთოდია, არ იწვევს ნარჩენების ან ნახშირბადის გამოყოფას ენერგიის წარმოების პროცესში და დიდად უწყობს ხელს ქვეყნის ელექტრო მოთხოვნილების დაკმაყოფილებას.

2002 წლიდან ამოქმედდა 650-მდე ჰიდროელექტროსადგური, მათ შორის მსოფლიოში მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა იუსუფელის კაშხალი და ჰესი, ილისუს კაშხალი და ჰესი, დერინერის კაშხალი და ერმენექის კაშხალი და ჰესი.

ჰიდროელექტროსადგურის წარმოების წლიური სიმძლავრე, რომელიც 2000-იანი წლების დასაწყისში შეადგენდა 45 მილიარდ კილოვატ საათს, დაახლოებით 120 მილიარდ კილოვატ საათამდე გაიზარდა.
ამრიგად, თურქეთში ყოველი სამი ნათურის ანთება დაიწყო ჰესებში წარმოებული ელექტროენერგიით.

ჰესების გაფართოების მიზანი განისაზღვრა, როგორც რესურსების ყველაზე ეფექტური გამოყენება და „ენერგეტიკაში სრულიად დამოუკიდებელი თურქეთი“.

იუსუფელის კაშხალი და ჰესი არის ყველაზე მაღალი კაშხალი თურქეთში და მე-5 ყველაზე მაღალი კაშხალი თავის კატეგორიაში მსოფლიოში, სიმაღლით 275 მეტრი. ამ პროექტს შეუძლია დააკმაყოფილოს 2,5 მილიონი ადამიანის ელექტროენერგიის საჭიროება, რაც შეესაბამება ანტალიის ზომის ქალაქის მოსახლეობას, რომლის საშუალო წლიური ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრეა 1,9 მილიარდი კილოვატ/საათი.

ილისუს კაშხალი და ჰესი არის თურქეთის მე-4 უდიდესი ელექტროსადგური დადგმული სიმძლავრის მიხედვით, ათათურქის, ქარაქაიასა და ქებანის კაშხლების შემდეგ. ილისუ არის თურქეთის სიდიდით მე-2 კაშხალი შევსების მოცულობით.

ილისუს კაშხალი, საძირკვლიდან 135 მეტრი სიმაღლით, 24 მილიონი კუბური მეტრი შევსების მოცულობით და 2 ათას 327 მეტრი სიგრძით, არის მსოფლიოში ყველაზე დიდი პროექტი სიგრძისა და ბეტონის ზედაპირის თვალსაზრისით.

ობიექტმა, რომელმაც პირველი ელექტროენერგია 2020 წლის 19 მაისს გამოუშვა და სრული სიმძლავრით, 2020 წლის 23 დეკემბერს დაიწყო ფუნქციონირება, ქვეყნის ეკონომიკაში დაახლოებით 23 მილიარდი ლირა შეიტანა, დღეისათვის 8 მილიარდი კილოვატი ელექტროენერგიის წარმოებით.

დერინერის კაშხალი და ჰესი არის თურქეთის მე-2 ყველაზე მაღალი კაშხალი იუსუფელის შემდეგ, 249 მეტრი სიმაღლით და შეუძლია ყოველწლიურად აწარმოოს საშუალოდ 2 მილიარდ 118 მილიონი კილოვატ/საათ ელექტროენერგია.

ჰიდროელექტროენერგიის დადგმული სიმძლავრის გლობალურ რეიტინგში თურქეთი მე-9 ადგილზეა მსოფლიოში და მე-2 ევროპაში 32 გგვტ-ით, ხოლო ჩინეთი პირველ ადგილზეა 415 ათასი მეგავატით, მეორეზე ბრაზილია 110 ათასი მეგავატით, აშშ კი მესამე 102 ათასი მეგავატით.
თურქეთის კაშხლის ინვესტიციებს დიდი მნიშვნელობა აქვს ელექტროენერგიის წარმოების კუთხით, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც კაშხლის მშენებლობას მნიშვნელობა ენიჭება.

ერთ სულ მოსახლეზე არსებული წყლის რაოდენობის გათვალისწინებით, თურქეთი ითვლება წყლის სტრესით დაავადებულ ქვეყნად. პროგნოზების მიხედვით, თურქეთში წყლის რაოდენობა ერთ სულ მოსახლეზე, რომელიც დღეს 1519 კვადრატული მეტრია, სავარაუდოდ 2030 წელს 1100 კვადრატულ მეტრამდე შემცირდება, როცა მოსახლეობა 100 მილიონს მიაღწევს. ეს კი თურქეთს წყლის ღარიბი ქვეყნების სიაში შეიყვანს. ამ მიზეზით მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება წყლის ეფექტური გამოყენებისთვის.

წყარო

მოამზადა – სიმონ კილაძემ

“საქართველო ვერასდროს აიტანს ვასალურ მიდგომას იმაზე თუ რა კანონი მიიღოს, ვინ გასამართლდეს, ვინ დაინიშნოს” – გია აბაშიძე

ადგილობრივი ანგაჟირებული, რევანშისტი “ექსპერტ-არასამთავრობოების” ე.წ. ანგარიშებზე დაყრდნობით სანქციების დაწესება მიუღებელია და მყარი მტკიცებულებების გარეშე სანქცირებულთა პასუხისგებაში მიცემის მოთხოვნა, კიდევ უფრო მეტად უსამართლო და სტრატეგიული პარტნიორობის კალაპოტიდან ამოვარდნილი, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას სანქცირებულ მოსამართლეებზე.

ანალიტიკოსის თქმით, საქართველო არის სუვერენული, დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყანა და ამასთან, მადლიერი უანგარო საგარეო დახმარებებისთვის, მაგრამ ვერასდროს აიტანს ვასალურ მიდგომას იმაზე თუ რა კანონი მივიღოთ, ვინ გასამართლდეს, ვინ დაინიშნოს და ა.შ., მითუმეტეს, რომ მოწოდება მოდის იმ ქვეყნიდან, სადაც აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიმართ ნდობა (Gallup-ის კვლევა) ამერიკელების მხოლოდ 25%-ს აქვს.

„ვიზებით უსაფუძვლოდ სანქცირებულ ქართველ მოსამართლეებზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის ბოლო განცხადებაზე:

გრძელდება ის არაადეკვატური დამოკიდებულება საქართველოსადმი, რასაც ეწოდება “NGO Georgia”. ჩვენი ქვეყანა არის სუვერენული, დემოკრატიული, თავისუფალი და ამასთან, მადლიერი უანგარო საგარეო დახმარებებისთვის, მაგრამ ვერასდროს აიტანს ვასალურ მიდგომას იმაზე თუ რა კანონი მივიღოთ, ვინ გასამართლდეს, ვინ დაინიშნოს და ა.შ.

ადგილობრივი ანგაჟირებული, რევანშისტი “ექსპერტ-არასამთავრობოების” ე.წ. ანგარიშებზე დაყრდნობით სანქციების დაწესება მიუღებელია და მყარი მტკიცებულებების გარეშე სანქცირებულთა პასუხისგებაში მიცემის მოთხოვნა, კიდევ უფრო მეტად უსამართლო და სტრატეგიული პარტნიორობის კალაპოტიდან ამოვარდნილი.
მოცემულობას კიდევ უფრო ამძაფრებს ის, რომ მოწოდება მოდის იმ ქვეყნიდან, სადაც აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიმართ ნდობა (Gallup-ის კვლევა) ამერიკელების მხოლოდ 25%-ს აქვს.

ამ გზავნილით მე და თანამოაზრეები ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილში ისეთივე “ანტიამერიკელები” ვართ, როგორც აშშ-ის ის მოქალაქეები, რომლებიც ოფიციალური ვაშინგტონის რიგ უსამართლო პოლიტიკებს თავისუფლად აკრიტიკებენ“, – წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.

“პირველად აშშ-ის ისტორიაში – ყოფილი პრეზიდენტი სისხლის სამართლის სასამართლოს წინაშე წარსდგა”-Reuters

ბრიტანულმა საინფორმაციო-ანალიტიკურმა სააგენტომ „როიტერმა“ (Reuters) გამოაქვეყნა სტატია სათაურით „პირველად აშშ-ის ისტორიაში – ყოფილი პრეზიდენტი სისხლის სამართლის სასამართლოს წინაშე წარსდგა“ .
(ავტორები ლიუკ კოენი და ჯეკ ქუინი), რომელშიც განხილულია აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის განხილვა ნიუ-იორკის სასამართლოში.

ფაქტობრივად, ეს არის აშშ-ის ისტორიაში უპრეცედენტო სასამართლო პროცესი – ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს ბრალს სდებენ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში – რატომ და რა მიზნით გადაუხადა დონალდ ტრამპმა მეძავ, ბოზ, პროსტიტუტ და პორნოვარსკვლავ ქალს სტორმი დენიელსს 130 ათასი დოლარი. მსგავსი ბრალდება აშშ-ის არცერთ პრეზიდენტისთვის – არც მოქმედისთვის და არც ყოფილისთვის – არასოდეს არ წაუყენებიათ 1789 წლიდან დღემდე.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

დონალდ ტრამპი გახდა პირველი ყოფილი ამერიკელი პრეზიდენტი, რომელიც სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს წინაშე წარსდგა. აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი, ორშაბათს, პორნომსახიობისთვის გაჩუმების სანაცვლოდ ფულის გადახდის საქმეზე წარდგენილ ბრალდებებზე საპასუხოდ, მანჰეტენის სასამართლოში გამოცხადდა.
77 წლის დონალდ ტრამპი ვალდებულია დაესწროს სასამართლო სხდომებს, რომელიც, სავარაუდოდ, მაისამდე გაგრძელდება. მოსალოდნელია, რომ მანჰეტენის მცხოვრებლებიდან 12 ნაფიცი მსაჯულის და 6 ალტერნატიული კანდიდატის შერჩევას, დაახლოებით, ერთი კვირა დასჭირდება, რის შემდეგაც მოწმეების ჩვენებებს მოისმენენ.

პირველივე წუთებში, მოსამართლემ უარყო დონალდ ტრამპის მეორე მცდელობა, მოსამართლეს საქმიდან თავი აერიდებინა იმის საფუძველზე, რომ მისი ქალიშვილი საკონსულტაციო ფირმაში მუშაობს, რომელიც დემოკრატ კლიენტებს ემსახურება. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ ეს ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს.

ნიუ-იორკის შტატის პროკურორები მას ბრალს სდებენ, რომ გააყალბა ჩანაწერები, რათა 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ბოლოსთვის, პორნომსახიობისთვის სიჩუმის სანაცვლოდ გადახდილი 130,000 დოლარი დაემალა.

პორნომსახიობი სტორმი დენიელსი (ნამდვილი სახელი სტეფანი კლიფორდი) აცხადებდა, რომ 2006 წელს, ტრამპთან სქესობრივი კონტაქტი ჰქონდა.

დონალდ ტრამპმა პორნომსახიობთნ ნებისმიერი ასეთი სახის ურთიერთობა უარყო. გასულ წელს, მან თავი უდანაშაულოდ გამოაცხადა საქმიანი ჩანაწერების გაყალბების 34 ეპიზოდში. ის საქმე ნიუ-იორკის შტატის სასამართლოში, მანჰეტენის საოლქო პროკურორმა, ალვინ ბრაგმა წარადგინა.

სასამართლოს შენობას პოლიცია იცავდა, დონალდ ტრამპის ავტოკოლონას კი შვეულმფრენები აცილებდნენ. რამდენიმე დემონსტრანტი, ქუჩის მოპირდაპირე მხარეს, ტრამპის საწინააღმდეგო პლაკატებით იდგა.

მიუხედავად იმისა, რომ იურიდიული დარგის ზოგიერთი ექსპერტის აზრით, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ წამოწყებული სისხლის სამართლის ოთხი საქმიდან, ეს საქმე ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანია, ეს არის ერთადერთი საქმე, რომელზე სასამართლო სხდომებიც, 5 ნოემბრის არჩევნებამდე გარანტირებულად ჩატარდება.
დონალდ ტრამპმა თავი უდანაშაულოდ გამოაცხადა. თუ მსჯავრს დასდებენ, მას თანამდებობის დაკავება მაინც შეეძლება. მაგრამ, „როიტერ/იპსოსის“ გამოკითხვა აჩვენებს, რომ გამამტყუნებელ განაჩენს მისი პერსპექტივის დაბრკოლება შეეძლება.

წყარო:

“ბავშვებს დაშლით?! – დედა გეტირებათ!” – თაკო ჩარკვიანი

ბავშვებს დაშლით?! დედა გეტირებათ! ხომ ჩემზე უკეთ იცით?! – კატასტროფაა! ჩვენ თუ 27 ქვეყანას დავუპირისპირდით, რუსეთის შესაჭმელად ტოვებთ ქვეყანას, კაცო?! ქვეყანას რას უკეთებთ?!, – ასე მიმართა პარტია „კანონი და სამართლის“ დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა უმრავლესობის დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისივე თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ: კანონპროექტი შინაარსით უთუოდ, რუსულია და დასავლური სივრცე გამადიდებელი შუშით გვიყურებს. ჩარკვიანი სიტყვით გამოსვლისას ასევე, კომიტეტის სხდომაზე გუშინ მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასაც შეეხო.

„გუშინ მართლაც მძიმე დღე იყო. ნუ შევყვებით ჩვენ რა მართლდება, რა არ მართლდება. ცუდი სანახაობაა ყოველთვის ასეთი ცემა-ტყეპა. მე განმიცდია ეს ყველაფერი ქუთაისის აეროპორტში. მე და ჩემი შვილი ვიყავით და მეუღლე გვახლდა. სამარცხვინო თავდასხმა მოგვიწყვეს. ეს იყო 6-კაციანი თავდასხმა. თავდასხმა ნაკლებად მაინტერესებს, მაინტერესებს პასუხი, რომელიც კახი კალაძემ ტელევიზიით გააკეთა. მაშინ პირველად გავოცდი და ჩავფიქრდი, რომ ეს ბიჭი საზიზღრობის ზღვარს გაცდა. ვციტირებ, „რასაც დასთეს იმას მოიმკიო“. ერთი წამით არ მიფიქრია გუშინ, მაგალითად, რომ ეს მეკადრებინა და მეთქვა მდინარაძისთვის, რომელსაც თხემით ტერფამდე არ ვეთანხმები არც ერთ სიტყვაში, არც ერთ ნააზრევში, შეურაცხმყოფელ გამონათქვამებში, რასაც ის აკეთებს ხოლმე. ჯაჭვია და ამ ჯაჭვის ყველას უნდა ეშინოდეს და ზოგადად ადამიანები ერთმანეთს უნდა გაუფრთხილდნენ. რაც შეეხება კანონს – დიახ, ეს კანონი შინაარსით არის უთუოდ რუსული. სულ ვსვამთ კითხვას – რატომ?! რისთვის არის ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, საშემოსავლო, აუდიტი, ვერ გავიგე, მიტოვებული გაქვთ აბა ისე ქვეყანა? არაფერს ამოწმებთ? ხომ გასაგებია, რომ ეს თითიდან გამოწოვილია და ნაბრძანებია ამ სიტუაციაში. რას შვრებით ხალხო? მოდით ასე დავალაგოთ – ბავშვებს დაშლით? – დედა გეტირებათ! ხომ ჩემზე უკეთ იცით?! კატასტროფაა! ვისთან ტოვებთ ქვეყანას?! ჩვენ თუ 27 ქვეყანას დავუპირისპირდით რუსეთის შესაჭმელად ტოვებთ ქვეყანას, კაცო?! მომგებიანია ახლა ჩვენთვის ამ კანონის მიღება?! აბა რას აკეთებთ?! ქვეყანას რას უკეთებთ?! არ მჯერა, რომ გამყიდველები ხართ, გეფიცებით…,“ – განაცხადა ჩარკვიანმა.