თურქეთი ახლო მომავალში წყლით ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანა გახდება – რას წერს უცხოური პრესა

45
spot_img

თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის სახელმწიფო კორპორაცია TRT-ის (Turkish Radio and Television Corporation) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „რატომ არის ჰიდრავლიკური ენერგია მნიშვნელოვანი? თურქეთი ახლო მომავალში წყლით ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანა გახდება“.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

2023 წელს თურქეთმა ელექტროენერგიის წარმოების 36,3% გამოიმუშავა ნახშირისგან, 21,4% ბუნებრივი აირით ციკლური ელექტროსადგურების მეშვეობით, 10,4% ქარიდან, 5,7% მზისგან და 3,4% გეოთერმული ენერგიით, ხოლო 19,6 პროცენტი მიიღო ჰიდრავლიკური ენერგიის წყალობით.

თურქეთი მთლიანი ელექტროენერგიის მესამედს ჰიდროელექტროსადგურების (ჰესები) 32 ათას 400 მეგავატით უზრუნველყოფს.

ჰესები, რომლებიც ელექტროენერგიის წარმოების ეროვნული და სუფთა მეთოდია, არ იწვევს ნარჩენების ან ნახშირბადის გამოყოფას ენერგიის წარმოების პროცესში და დიდად უწყობს ხელს ქვეყნის ელექტრო მოთხოვნილების დაკმაყოფილებას.

2002 წლიდან ამოქმედდა 650-მდე ჰიდროელექტროსადგური, მათ შორის მსოფლიოში მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა იუსუფელის კაშხალი და ჰესი, ილისუს კაშხალი და ჰესი, დერინერის კაშხალი და ერმენექის კაშხალი და ჰესი.

ჰიდროელექტროსადგურის წარმოების წლიური სიმძლავრე, რომელიც 2000-იანი წლების დასაწყისში შეადგენდა 45 მილიარდ კილოვატ საათს, დაახლოებით 120 მილიარდ კილოვატ საათამდე გაიზარდა.
ამრიგად, თურქეთში ყოველი სამი ნათურის ანთება დაიწყო ჰესებში წარმოებული ელექტროენერგიით.

ჰესების გაფართოების მიზანი განისაზღვრა, როგორც რესურსების ყველაზე ეფექტური გამოყენება და „ენერგეტიკაში სრულიად დამოუკიდებელი თურქეთი“.

იუსუფელის კაშხალი და ჰესი არის ყველაზე მაღალი კაშხალი თურქეთში და მე-5 ყველაზე მაღალი კაშხალი თავის კატეგორიაში მსოფლიოში, სიმაღლით 275 მეტრი. ამ პროექტს შეუძლია დააკმაყოფილოს 2,5 მილიონი ადამიანის ელექტროენერგიის საჭიროება, რაც შეესაბამება ანტალიის ზომის ქალაქის მოსახლეობას, რომლის საშუალო წლიური ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრეა 1,9 მილიარდი კილოვატ/საათი.

ილისუს კაშხალი და ჰესი არის თურქეთის მე-4 უდიდესი ელექტროსადგური დადგმული სიმძლავრის მიხედვით, ათათურქის, ქარაქაიასა და ქებანის კაშხლების შემდეგ. ილისუ არის თურქეთის სიდიდით მე-2 კაშხალი შევსების მოცულობით.

ილისუს კაშხალი, საძირკვლიდან 135 მეტრი სიმაღლით, 24 მილიონი კუბური მეტრი შევსების მოცულობით და 2 ათას 327 მეტრი სიგრძით, არის მსოფლიოში ყველაზე დიდი პროექტი სიგრძისა და ბეტონის ზედაპირის თვალსაზრისით.

ობიექტმა, რომელმაც პირველი ელექტროენერგია 2020 წლის 19 მაისს გამოუშვა და სრული სიმძლავრით, 2020 წლის 23 დეკემბერს დაიწყო ფუნქციონირება, ქვეყნის ეკონომიკაში დაახლოებით 23 მილიარდი ლირა შეიტანა, დღეისათვის 8 მილიარდი კილოვატი ელექტროენერგიის წარმოებით.

დერინერის კაშხალი და ჰესი არის თურქეთის მე-2 ყველაზე მაღალი კაშხალი იუსუფელის შემდეგ, 249 მეტრი სიმაღლით და შეუძლია ყოველწლიურად აწარმოოს საშუალოდ 2 მილიარდ 118 მილიონი კილოვატ/საათ ელექტროენერგია.

ჰიდროელექტროენერგიის დადგმული სიმძლავრის გლობალურ რეიტინგში თურქეთი მე-9 ადგილზეა მსოფლიოში და მე-2 ევროპაში 32 გგვტ-ით, ხოლო ჩინეთი პირველ ადგილზეა 415 ათასი მეგავატით, მეორეზე ბრაზილია 110 ათასი მეგავატით, აშშ კი მესამე 102 ათასი მეგავატით.
თურქეთის კაშხლის ინვესტიციებს დიდი მნიშვნელობა აქვს ელექტროენერგიის წარმოების კუთხით, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც კაშხლის მშენებლობას მნიშვნელობა ენიჭება.

ერთ სულ მოსახლეზე არსებული წყლის რაოდენობის გათვალისწინებით, თურქეთი ითვლება წყლის სტრესით დაავადებულ ქვეყნად. პროგნოზების მიხედვით, თურქეთში წყლის რაოდენობა ერთ სულ მოსახლეზე, რომელიც დღეს 1519 კვადრატული მეტრია, სავარაუდოდ 2030 წელს 1100 კვადრატულ მეტრამდე შემცირდება, როცა მოსახლეობა 100 მილიონს მიაღწევს. ეს კი თურქეთს წყლის ღარიბი ქვეყნების სიაში შეიყვანს. ამ მიზეზით მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება წყლის ეფექტური გამოყენებისთვის.

წყარო

მოამზადა – სიმონ კილაძემ