Home Blog Page 1094

“პრეზიდენტის ვეტო უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე-გადალახავს თუ არა მას პარლამენტი და საით წავა საქართველო – ევროპისაკენ თუ რუსეთისაკენ?”-The New York Times

აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსის“ (The New York Times) 18 მაისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია „პრეზიდენტის ვეტო უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე: გადალახავს თუ არა მას პარლამენტი და საით წავა საქართველო – ევროპისაკენ თუ რუსეთისაკენ?“

(ავტორი – ივან ნეჩეპურენკო, რეპორტაჟი თბილისიდან).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტისადმი ვეტოს დადების შემდეგ მოსალოდნელია, რომ ქვეყნის პარლამენტი, რომელმაც კანონპროექტი სამი მოსმენის შედეგად მიიღო, ვეტოს გადალახავს.

მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ ამის გაკეთება უკვე 28 მაისს შეუძლია, როცა სესიის სხდომები დაიწყება.

როგორც ცნობილია, აღნიშნულმა კანონპროექტმა ქართულ საზოგადოებაში დიდი მღელვარება გამოიწვია იმ მიზეზით, რომ ოპოზიცია თვლის – დოკუმენტი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ ორიენტაციას და ქვეყანა შეიძლება კვლავ რუსეთის ორბიტაზე დააბრუნოს.
სალომე ზურაბიშვილმა თავის ვეტოს „სიმბოლური“ უწოდა, თუმცა მისი მოქმედება მაინც შეფასდა კიდევ ერთ ნაბიჯად კონფლიქტში, რომელიც ერთი მხრივ, პროდასავლურ ოპოზიციას (მას მხარს უჭერს პრეზიდენტი) და, მეორე მხრივ, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ შორის დაიწყო ერთი თვის წინათ. „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია 2012 წლიდან.

კრიზისმა გააშუქა საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების უკიდურესად პოლარიზებული ხასიათი. საეჭვო გახდა ქვეყნის პროდასავლური კურსი, რომელიც მის კონსტიტუციაშია ჩაწერილი. ევროპელი და ამერიკელი ოფიციალური პირები დაემუქრნენ ხელისუფლებას, რომ საქართველოსთან ურთიერთობა გაუარესდება, თუ კანონპროექტი საბოლოოდ შევა ძალაში და საპროტესტო აქციების ჩახშობა ძალის გამოყენებით მოხდება.

საქართველო კავკასიის ცენტრში მდებარე მთიან ქვეყანას წარმოადგენს 3,6 მილიონი მცხოვრებით, რომელიც ოდესღაც პროდასავლური გზის პირველი გამკვლევი იყო პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებს შორის. თუ ის დასავლეთს ზურგს შეაქცევს რუსეთთან უფრო მჭიდრო კავშირების სასარგებლოდ, მაშინ შეიძლება მთლიანი რეგიონის გეოპოლიტიკა შეიცვალოს – საქართველოს, როგორც უკვე აღვნიშნე, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ცენტრალური ადგილი უკავია.

კანონპროექტს, რომელსაც საკმაოდ უვნებელი სახელწოდება აქვს და როგორც მმართველი პარტია აცხადებს, აუცილებელია ქვეყნის დამოუკიდებლობის განსამტკიცებლად და მიმართულია პოლიტიკურ ცხოვრებაში გარედან ჩარევების წინააღმდეგ, დასავლეთის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის საშუალებების მეშვეობით. რადგანაც კანონპროექტის დებულებები რუსეთში მოქმედ ანალოგიურ კანონს ჰგავს, ოპოზიცია მას „რუსულ კანონს“ უწოდებს, რომელიც მიმართულია საქართველოს გადაქცევისაკენ პრომოსკოვურ სახელმწიფოდ.

სალომე ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ კანონპროექტი აბსოლუტურად პრორუსულ სამართლებრივ აქტს წარმოადგენს, ამიტომ ქვეყნის პროევროპული დემოკრატიული ორიენტაციისათვის საზიანოა.

საინტერესოა, რომ 2018 წელს მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ მხარი დაუჭირა სალომე ზურაბიშვილს და მან საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, მაგრამ დიდ ხანს არ გაუვლია, რომ პრეზიდენტმა თავისი მხარდამჭერი „ქართული ოცნების“ კრიტიკა დაიწყო. გაუცხოების პროცესი გაღრმავდა და თავის პიკს მიაღწია, როცა მმართველმა პარტია მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას შეეცადა 2023 წელს.

სალომე ზურაბიშვილი პარიზში დაიბადა და გაიზარდა. მისი მშობლები – ცნობილი ემიგრანტები – რუსი ბოლშევიკების მიერ ოკუპირებული საქართველოდან 1921 წელს გაიქცნენ. იგი 2003 წელს საფრანგეთის ელჩად დაინიშნა საქართველოში, მომდევნო წელს კი საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და ქვეყნის პირველი საგარეო საქმეთა ქალი-მინისტრი გახდა, რომელსაც ეს პოსტი 2005 წლამდე ჰქონდა დაკავებული, [მოგვიანებით კი იგი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დაუპირისპირდა]. სანამ თვითონ მას აირჩევდნენ პრეზიდენტად, სალომე ზურაბიშვილმა თავისი პოლიტიკური პარტია შექმნა და 2016 წელს საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა.
იმის მიუხედავად, რომ კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი ძირითადად ცერემონიალურია, სალომე ზურაბიშვილი მმართველი პარტიის წინააღმდეგ დაპირისპირებულ ყველაზე ცნობილ და მოქმედ თანამდებობის პირს წარმოადგენს. იგი საპროტესტო აქციის საჯარო ფიგურა გახდა ქართული ოპოზიციის სისუსტის ფონზე.

მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ მიერ აპრილის დასაწყისში განსახილველად იქნა წარდგენილი პარლამენტში, თბილისი საპროტესტო აქციებმა მოიცვა. ანტისამთავრობო მიტინგების მონაწილეთა ძირითად ნაწილს ახალგაზრდები და სტუდენტები წარმოადგენენ, რომლებიც თბილისის ქუჩებში ყოველდღიურად მარშირებენ და გაჰყვირიან „არა რუსულ კანონს!“. მათ არაერთხელ შემოარტყეს ალყა რუსთაველის გამზირზე მდებარე საბჭოთა მონუმენტური არქიტექტურის ნიმუშს – პარლამენტის შენობას და შესასვლელების ბლოკირებას ცდილობდნენ.

პროტესტები თანდათან ძალადობაში გადაიზარდა – პოლიციის სპეცდანიშნულების ქვედანაყოფებმა მომიტინგეები ცრემლმდენი გაზის გამოყენებით დაშალეს, ზოგიერთები სცემეს და დააკავეს. მოგვიანებით ბევრმა განაცხადა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათზე ზეწოლა განახორციელეს და დაშინებას მიმართავდნენ.

აპრილის ბოლოს მმართველი პარტია, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი – განდეგილი ოლიგარქი – ხელმძღვანელობს (იგი საქართველოში 2000-იანი წლების დასაწყისში დაბრუნდა რუსეთიდან, სადაც თავისი ქონება დააგროვა), აპრილის ბოლოს სამთავრობო მიტინგი ჩაატარა კანონპროექტის მხარდასაჭერად. გარდა ამისა, პარასკევს, 17 მაისს გამართულ საეკლესიო მსვლელობაში მონაწილეობა მიიღო ათასობით კონსერვატიულად განწყობილმა ქართველმა, რომელთაგან ბევრმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს კანონპროექტის ამოქმედებას და ძალაში შესვლას.

„მე პირადად ბევრი მეგობარი მყავს უკრაინაში, რუსეთში და მოლდოვაში“, – ამბობს

„ნიუ-იორკ თაიმსის“ კორესპონდენტთან საუბარში 62 წლის ფერმერი გოჩა კეკენაძე, რომელიც კახეთის მხარიდან ჩამოვიდა დედაქალაქში, საეკლესიო მსვლელობაში მონაწილეობისათვის, – „ჩვენ გვინდა ისე ვიცხოვროთ, როგორც ადრე, [უკრაინის ომის დაწყებამდე] ვცხოვრობდით. ამერიკელები კი გვთავაზობენ ხელში თოფი ავიღოთ და რუსეთის წინააღმდეგ ვიომოთ“.

წყარო:

ირანის კონსტიტუციით, პრეზიდენტის მოვალეობა ვიცე-პრეზიდენტმა უნდა შეასრულოს, არჩევნები კი 50 დღის ვადაში უნდა ჩატარდეს – BBC

ირანის მთავრობის საგანგებო სხდომას, რომელიც ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის დაღუპვის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ გაიმართა, ვიცე-პრეზიდენტმა მოჰამედ მოხბერიმ უხელმძღვანელა, – ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მთავრობამ სამძიმარი გამოუცხადა უზენაეს ლიდერს აიათოლა ალი ხამენეის და ირანელ ერს და განაცხადა, რომ მუშაობას შეფერხების გარეშე გააგრძელებს. საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ის ცნობით, მინისტრებმა ასევე პატივი მიაგეს გარდაცვლილ პრეზიდენტს და მის „დაუღალავ ძალისხმევას“.

BBC-ი წერს, რომ ირანის კონსტიტუციის თანახმად, იმ შემთხვევაში, როდესაც პრეზიდენტს არ შეუძლია შეასრულოს თავისი მოვალეობები ავადმყოფობის, სიკვდილის ან იმპიჩმენტის და პარლამენტის მიერ გადაყენების გამო, ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტს – ამ შემთხვევაში მოჰამედ მოხბერს – ევალება მართოს ქვეყანა და პარლამენტის ხელმძღვანელებთან და სასამართლო ხელისუფლებასთან ერთად ზედამხედველობა გაუწიოს ახალი საპრეზიდენტო არჩევნებს ჩატარებას მაქსიმუმ 50 დღის განმავლობაში. თუმცა, ეს მხოლოდ უზენაესი ლიდერის დასტურის შემდეგ უნდა მოხდეს, რომლის სიტყვაც გადამწყვეტია ყველა სახელმწიფო საკითხზე.

ყველა მეთორმეტე კლასელს გილოცავთ სკოლის დამთავრებას – გიორგი ამილახვარი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას ულოცავს.

„დღეს საქართველოს სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა!


ჩემო ძვირფასებო, ყველა მეთორმეტე კლასელს გილოცავთ სკოლის დამთავრებას და ცხოვრების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადასვლას.

წინ უამრავი შესაძლებლობებითა და თავგადასავლებით სავსე წელი გელით. დარწმუნებული ვარ, მომავალში კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობითა და შემართებით გააგრძელებთ ცოდნის გაღრმავებას.

თქვენ ხართ ის თაობა, რომელიც საქართველოს განვითარებისა და წინსვლის მყარ საფუძველს ქმნის. მჯერა, თითოეული თქვენგანი სასურველი პროფესიის დაუფლებით, სკოლაში მიღებულ განათლებასა და თქვენს შესაძლებლობებს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობასა და წინსვლას მოახმართ.

კიდევ ერთხელ, მთელი გულით გილოცავთ,
ვულოცავ ჩვენს ღირსეულ მასწავლებლებს, მშობლებს და ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე!“- აღნიშნულია მინისტრის მილოცვაში.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მოსაზრება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მოსაზრება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. მმართველმა გუნდმა დისკუსიისთვის მზაობა არაერთხელ დაადასტურა.

„ხალხის ძალაში“ აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა კანონზე ვეტოს დადებით მანამ, სანამ ვენეციის კომისიის მოსაზრება გახდება ცნობილი, განხილვისთვის ყველა გზა დაკეტა.

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მესამე მოსმენით 14 მაისს მიიღო. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი 18 მაისს კანონს ვეტო დაადო

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო

დღეიდან პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო, რომელიც 13 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე განხორციელდება .

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვის სისტემაში რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი.

„ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა სკოლებში 14 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

პირველ კლასში ჩასარიცხი დოკუმენტები: მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).

მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).

პირველ კლასებში არსებული ადგილების რაოდენობის შესამოწმებლად გადადით ბმულზე: skolebi.emis.ge

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ აქ: elfiles.emis.ge

შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, სასკოლო ასაკთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა. კერძოდ, 2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ.

ცვლილების თანახმად, ბავშვის მზაობისა და მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სასწავლო წლის დაწყების მომდევნო დღიდან 1-ელ დეკემბრამდე დაბადებული პირების მშობლებს ან კანონიერ წარმომადგენლებს უფლება აქვთ, გააკეთონ არჩევანი: გააგრძელონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიღება სასკოლო მზაობის პროგრამაში ჩართვით, ან დარეგისტრირდნენ პირველკლასელებად.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებსა და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ“,- აღნიშნულია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.

ირანის დროებით პრეზიდენტად პირველი ვიცე-პრეზიდენტი მოჰამად მოჰბერია დაინიშნა

იბრაჰიმ რაისის ნაცვლად დროებით პრეზიდენტად ირანის პირველი ვიცე-პრეზიდენტი მოჰამად მოჰბერია დაინიშნა. ის თანამდებობაზე ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის თანხმობით დაინიშნა.

მოჰამად მოჰბერია თანამდებობას ორი თვის განმავლობაში დაიკავებს. ირანის კონსტიტუციის თანახმად კი საპრეზიდენტო არჩევნები მომდევნო 50 დღის განმავლობაში გაიმართება.

ირანის პოლიტიკური წყობა ასეთია – სახელმწიფო მეთაურად ითვლება ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი, ხოლო მთავრობის მეთაურად ქვეყნის პრეზიდენტი.

ირანული მედია პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის დაღუპვას ადასტურებს.

მედიის ინფორმაციით, ვერტმფრენში მყოფი ყველა პირი დაიღუპა. ვერტმფრენში, პრეზიდენტის გარდა, ცხრა პირი იმყოფებოდა, მათ შორის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი.

ირანულმა მედიამ ირანის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის დაღუპვა დაადასტურა

ირანული მედია პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის დაღუპვას ადასტურებს. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ვერტმფრენში მყოფი ყველა პირი დაიღუპა.

მანამდე ირანელმა მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ ვერტმფრენს, რომელშიც ცხრა პირი იმყოფებოდა, უამინდობის გამო პრობლემები შეექმნა.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მედიის ცნობით, რაისი ირან-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან ბრუნდებოდა და ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდა. მანამდე, ირანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა კაშხლის გახსნის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.

ვერტმფრენში, პრეზიდენტის გარდა, ცხრა პირი იმყოფებოდა, მათ შორის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი

ყველამ ერთ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ და ძლიერი სახელმწიფო უნდა შევქმნათ. ახალგაზრდობა და ჩვენ ერთად ვიქნებით იმ ნათელ მომავალში, რომელიც მოსატანია თითოეული ქართველისთვის- მეუფე იაკობი

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, იაკობმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რომ 17 მაისის, ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნამ საქართველო გააერთიანა.

„ვნახეთ, ხალხი როგორ გაერთიანდა. ანუ, ხალხი ვართ ერთად. ჩვენ ახლა ამას ყველაფერს ვუყურებთ, ვუფრთხილდებით ახალგაზრდებს. ლანბერგისმა, თუ ვინც იქნება, თავის სახელმწიფოს მიხედოს. ჩვენი სახელმწიფოა და არავის მივცემთ უფლებას, მაიდანი გაიმეოროს“, – დასძინა მეუფე იაკობმა.

მისივე თქმით, ყველამ ერთ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ და ძლიერი სახელმწიფო უნდა შევქმნათ.

„შევქმნით იმით, თუ ერთად ვიქნებით და არა იმით, თუ უცხოელები რაღაცას გვეტყვიან. კი, მათ უნდა მოვუსმინოთ. პირველ რიგში, აუცილებელია, ამერიკელებთან კონტაქტი და შემდეგ ევროპელებთან“, – განაცხადა მთავარეპისკოპოსმა.

მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ასევე, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაელ როთის ეკლესიაზე გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა.

„რომ მოდის საქართველოში, თავად რა დამსახურებები აქვს?! 80 წლის წინანდელი გერმანია რომ შევახსენო, ჩემგან ლამაზი ხომ არ იქნება?! დღევანდელ ჩემს საქართველოს, მართლმადიდებლობას, ახალგაზრდობას თავი გაანებოს. ახალგაზრდობა და ჩვენ ერთად ვიქნებით იმ ნათელ მომავალში, რომელიც მოსატანია თითოეული ქართველისთვის“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.

ირანის ხელისუფლებამ იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენის ჩამოვარდნის ზუსტი ადგილმდებარეობა დაადგინა –  CNN

ირანის ხელისუფლებამ იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენის ჩამოვარდნის ზუსტი ადგილმდებარეობა დაადგინა. ამის შესახებ CNN-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, შესაბამისმა სამსახურებმა ვერტმფრენიდან და ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრის მობილური ტელეფონიდან მიიღეს სიგნალი. პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურმა განაცხადა, რომ მაშველები ლოკაციისკენ უკვე მიემართებიან.

„იმედია, მალე კარგი ამბები გვექნება“, – განაცხადა მან.

ჩვენთან თუ ვინმეს არ აწყობს დალაგებული სიტუაცია, ერთ-ერთი რუსეთიცაა. არ აღმოჩნდეს ისე, რომ ახალგაზრდებს რუსული საქმე გააკეთებინონ – მეუფე იაკობი

დღეს ჩვენთან თუ ვინმეს არ აწყობს დალაგებული სიტუაცია, ერთ-ერთი რუსეთიც არის, ისევე, როგორც საზღვარგარეთ სხვებიც. არ აღმოჩნდეს, რომ ამ ახალგაზრდებს რუსული საქმე გააკეთებინონ. კარგად შეხედონ, დაფიქრდნენ. რუსეთის ხელს მე უკვე ვხედავ, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, იაკობმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მან ქვეყანაში გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე, რადიკალურ ოპოზიციაზე და ამ პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობაზე ისაუბრა. მეუფემ მიმართა ახალგაზრდებს, სიფრთხილე გამოიჩინონ.

„თუ შეძლეს და ხელისუფლებაში მოვიდნენ მაგ რუსულის ძახილით, ჩვეულებრივი ტერორი შეუძლიათ აწარმოონ და ეს კანონის სახელით მოხდება. ამიტომ ამაზე რაიმე დათმობა არ შეიძლება. ახალგაზრდებთან საუბარი აუცილებელია და მიხარია, რომ პრემიერმა გამოთქვა სურვილი ახალგაზრდებთან საუბრის. ახალგაზრდები უნდა დაელაპარაკონ, რადგან თუ შევხედავთ, რომ ახალგაზრდები მართლები არიან, რა თქმა უნდა, უფროსი თაობა ყოველთვის დავეთანხმებით იმას, რაც მართალია. უნდა მივიღოთ ის, რაც მართალია და არა ის, რასაც უცხოეთიდან მოგვიწოდებენ“, – განაცხადა მთავარეპისკოპოსმა.

მან ასევე ისაუბრა გარკვეულ ჯგუფებზეც, რომლებსაც მაიდნის მოვლენების განვითარება სურთ საქართველოში.

„ცდილობენ, რომ ვიღაც დაშავდეს და ჩვენ არ გვინდა, რომ საერთოდ ვინმე დაშავდეს, არავინ უნდა დაშავდეს. მაიდნის განმეორების შანსი არ აქვთ, რადგან უცხოეთმა ამათ მხარი რომ დაუჭიროს, იმდენი ხალხია, რომელიც ამათ მხარს არ უჭერს. ახალგაზრდებს ჩვენ აბსოლუტურად სიფრთხილით ვუყურებთ.

მინდა, ახალგაზრდებმა ერთი რამ გაითვალისწინონ. იძახიან „რუსული კანონი, რუსული კანონი“ – დიდი ბოროტებაა, ამას რომ იძახიან. რატომ არის რუსული და რატომ არ არის ქართული, ამერიკული ან რატომ ადარებენ მაინც და მაინც რუსეთს? რუსეთს სისხლის სამართლის კანონმდებლობაც აქვს და ჩვენიც რუსულია?! ერთი რამ იცოდნენ, რომ დღეს ჩვენთან თუ ვინმეს არ აწყობს დალაგებული სიტუაცია, ერთ-ერთი რუსეთიც არის, ისევე, როგორც საზღვარგარეთ სხვები. არ აღმოჩნდეს ისე, რომ ამ ახალგაზრდებს რუსული საქმე გააკეთებინონ. კარგად შეხედონ, დაფიქრდნენ. რუსეთის ხელს მე უკვე ვხედავ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და ერაყი ირანს პრეზიდენტის ვერტმფრენის ძიების სამუშაოებში დახმარებას სთავაზობს – თურქეთი კი ქვეყანაში ღამის ხედვის ვერტმფრენებს, მანქანებს და პერსონალს აგზავნის

აზერბაიჯანი, სომხეთი რუსეთი და ერაყი ირანს ვერტმფრენის სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში დახმარებას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

რუსეთმა ასევე შესთავაზა ირანს დახმარება ავიაკატასტროფის მიზეზების გამოძიებაში.

ასევე, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმაც გამოუცხადა ქვეყანას მხარდაჭერა და განაცხადა, რომ ირანის გვერდით დგას.

თურქეთი კი აგზავნის სამძებრო-სამაშველო აღჭურვილობას ირანის დასახმარებლად. ქვეყნის კატასტროფების სააგენტოს ცნობით, ქვეყანაში ღამის ხედვის სამძებრო-სამაშველო ვერტმფრენი, 32 პერსონალი და ექვსი მანქანაა გაგზავნილი. საჭიროების შემთხვევაში კიდევ 15 ჯგუფი მზადყოფნაშია მოყვანილი.

ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი იმყოფებოდნენ, ავარიაში მოყვა. გავრცელებული ინფორმაციით, ვერტმფრენმა მას შემდეგ, რაც პრობლემები შეექმნა ქვეყნის ჩრდილოეთით ძლიერ ნისლში “უხეში დაშვება” განახორხიელა. ადგილობრივი მედიის ცნობით, რაისი ირანის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდა, ირან-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან დაბრუნების შემდეგ.

ქალბატონ სალომეს ალბათ პოლიტიკაში უნდა დარჩენა და უნდა, რომ ჩამოყალიბდეს ოპოზიციის – მეუფე იაკობი

მეუფე იაკობმა გამჭვირვალობის კანონთან მიმართებით პრეზიდენტის ვეტო შეაფასა. ამ თემაზე ბოდბელმა ეპისკოპოსმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

„მე ვფიქრობ, რომ რასაც ბოლო წლებში ქალბატონი სალომე აკეთებს, მას ალბათ პოლიტიკაში უნდა დარჩენა და უნდა, რომ ჩამოყალიბდეს ოპოზიციის ლიდერად. კრებითი „ნაცმოძრაობის“ და კიდევ ახალგაზრდების იმედი აქვს. საინტერესო იქნება, ასე თუ გაგრძელდა. არჩევნებამდე უნდა მივიდეთ მშვიდობით, ჰოდა იქ გამოჩნდეს ყველაფერი – ვის უჭერს ხალხი მხარს“, – მიიჩნევს მეუფე იაკობი.