Home Blog Page 1093

“რატომ არ სურთ მათ ამ კანონის მიღება, ეს უკვე საზოგადოებაშიც ძალიან დიდ ეჭვს იწვევს” – ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე

რატომ არ სურთ მათ ამ კანონის მიღება, ეს უკვე საზოგადოებაშიც ძალიან დიდ ეჭვს იწვევს, – განაცხადა ოპოზიციის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გამჭვირვალობის კანონპროექტზე საუბრისას.

“ოპოზიციის პოზიცია არის ის ნარატივი, რაც ერთი წლის წინ ითქვა, რომ ეს კანონი არის რუსული. ამის უკან, გარდა იმისა, რომ ელჩმა თქვა, არც ერთი არგუმენტი არ არსებობს. გამომდინარე აქედან, რატომ არ სურთ მათ ამ კანონის მიღება, ეს უკვე საზოგადოებაშიც ძალიან დიდ ეჭვს იწვევს. ანუ მართლა არის აქ დაფარული ფული და ამ დაფარული ფულის გამოაშკარავება არ უნდათ. სხვა არგუმენტი, რატომ არის გამჭვირვალობა რუსული და გაუმჭვირვალობა ევროპული, ლოგიკური ახსნა ამას არ გააჩნია”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა დღეს გაგრძელდება. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული პროექტი პლენარულ სხდომას გუშინ მამუკა მდინარაძემ წარუდგინა.

“აი, თურმე რაში დაუხარჯავთ ის მილიონები, ჩვენ რომ არ ვიცოდით, ამიტომ ეშინიათ ამ კანონის, მერე ვეღარ გადააგვარებენ ასე ახალგაზრდობას”

თუ ამ კანონს [უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ] არ მივიღებთ, თაობებს დავკარგავთ, ეს ჩვენი ვალდებულებაა, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს პროცესი. აღდგომამდე სავალი გზა ჯვარცმაა და ჩვენ ამ გზას აუცილებლად გავივლით, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და განსაკუთრებულად საგანგაშოდ მიიჩნევს ახალგაზრდების მდგომარეობას. მისი თქმით, ქუჩაშია თაობა, რომელიც ფსევდო-ლიბერალების მიერაა გამოზრდილი და ეს ახალგაზრდების გადაგვარების საფრთხეს ქმნის.

„მთელმა ქვეყანამ დაინახა ის სიმართლე, თუ რისთვის იბრძვის ხელისუფლება. ასევე, დაინახეს ის ახალგაზრდობა, რომელიც ფსევდო-ლიბერალებმა გამოზარდეს. აი, თურმე რაში დაუხარჯავთ ის მილიონები, ჩვენ რომ არ ვიცოდით. ამიტომ ეშინიათ ამ კანონის, მერე ვეღარ გადააგვარებენ ასე ახალგაზრდობას. საგანგაშოა მდგომარეობა ახალგაზრდებში. სად არიან ამათი მშობლები? მარტო რევოლუციურ ტრენინგებზე უშვებდნენ? ვის მისცეს საკუთარი შვილები გასანადგურებლად? ეს არის განათლება? ამას გვამადლის ამერიკა? არ გვინდა ასეთ განათლებაში ფულის დახარჯვა. არ გვინდა ასეთი გადაგვარებული თაობა! თუ ამ კანონს არ მივიღებთ, თაობებს დავკარგავთ, ეს ჩვენი ვალდებულებაა, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს პროცესი. აღდგომამდე სავალი გზა ჯვარცმაა და ჩვენ ამ გზას აუცილებლად გავივლით,” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

“ცემა-ტყეპა საქართველოს პარლამენტში: მიზეზი – “პრორუსული კანონპროექტი”-რას წერს უცხოური პრესა

დასავლეთის ქვეყნების მასობრივი ინფორმაციის საშუალებები – რადიო-ტელევიზია, საინფორმაციო სააგენტოები და პრესა ყურადღებას უთმობს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს – ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ გამოხატულ უკმაყოფილებას კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში განხილვის გამო (რომელიც „პრორუსული კანონის“ სახელითაა ცნობილი) და ამ ფონზე აქტიურად აშუქებენ საკანონმდებლო ორგანოში მომხდარ ინციდენტს დეპუტატებს შორის.

გერმანული გაზეთი „ფრანკფურტერ რუნდშაუ“ (Frankfurter Rundschau) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ცემა-ტყეპა საქართველოს პარლამენტში: მიზეზი – „პრორუსული კანონპროექტი“ (ავტორი – ფრანცისკა შვარცი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვერსიას:

საქართველოს პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს დაერივნენ იმ სადაო კანონპროექტის განხილვის დროს, რომელიც, ზოგიერთების აზრით, „უცხოეთის ქვეყნების ინტერესებს გამოხატავს“.

ოპოზიციურმა დეპუტატმა, კანონპროექტისადმი პროტესტის ნიშნად, მუშტი უთავაზა მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის ლიდერს, რომელიც კანონპროექტისადმი მხარს დასაჭერად ტრიბუნაზე გამოდიოდა. ატეხილი ფიზიკური შეხლა-შემოხლის გამო პლენარული სხდომის პირდაპირი სატელევიზიო ტრანსლაცია შეწყდა.

იმავდროულად კი საკანონმდებლო შენობის წინ თავმოყრილი 10 ათასამდე ადამიანი კანონპროექტს აპროტესტებდა: ევროკავშირის დროშებს აფრიალებდნენ და გაჰყვიროდნენ – „არა – რუსულ კანონმდებლობას“.

„პრორუსული კანონი“ და „სახელმწიფოს მტრები“

საქართველოს მმართველი პარტიის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს ანალოგიური მიზნები აქვს, რაც 2012 წელს მიღებულ რუსეთის კანონს, რომელსაც კრემლი მასმედიაზე ზეგავლენის მოსახდენად, აგრეთვე მთავრობის კრიტიკოსებისა და სხვა ოპოზიციონერების წინააღმდეგ იყენებს. კანონპროექტში დაფიქსირებულია ტერმინი „უცხოეთის გავლენის აგენტი“, რომლის ფესვები საბჭოთა პერიოდში მიდის და იმას ნიშნავს, რომ ასეთი ადამიანები სახელმწიფოს მოღალატეები და მტრები არიან.

კანონპროექტის თანახმად, ის ორგანიზაციები, რომლებიც საზღვარგარეთიდან ფინანსდებიან თავიანთი ბიუჯეტის 20%-ზე მეტი თანხით, სახელმწიფო რეგისტრაცია უნდა გაიარონ. დოკუმენტის ადრინდელ, პირველ ვარიანტში ასეთი ორგანიზაციები „უცხოურ აგენტებს“ წარმოადგენენ, ხოლო ამჟამინდელში – „უცხოეთის სახელმწიფოს ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებს“.

ევროკავშირ-ნატოსაკენ და რუსეთისაკენ – ერთდროულად?

ქართულ საზოგადოებაში მმართველი პარტიის მიმართ ეჭვი არსებობს, რომ „ქართული ოცნება“ კრემლთან ფარულად თანამშრომლობს.

საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ბევრი პროექტის განხორციელება დასავლურ ფულზეა დამოკიდებული. კანონპროექტის კრიტიკოსები თვლიან, რომ ქვეყნის მთავრობამ დასავლური განვითარების კურსიდან გადაუხვია, ამიტომ ხელისუფლებას პროდასავლური ძალების დასუსტებისა და პრორუსული ინტერესების გატარების სურვილში ადანაშაულებენ.
საქართველო, რომელიც ექს-საბჭოთა რესპუბლიკას წარმოადგენს, ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ ისწრაფვის, ქვეყანა გასული წლის დეკემბერში ოფიციალურად ევროკავშირში მიღების კანდიდატიც გახდა.

ბრიუსელმა ნეგატიურად შეაფასა ზემოთ აღნიშნული კანონპროექტი და თბილისს მისი განხილვის შეჩერება მოსთხოვა. ბოლო დროს ქვეყნის მთავრობის მიერ მიღებული ზომები და გადაწყვეტილებები (ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში) იმას მიანიშნებს, რომ საქართველო შეიძლება კვლავ რუსეთისაკენ შებრუნდეს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

“ირაკლი კუპრაძე პოლიციამ სხვა მომიტინგეებთან ერთად მშვიდობიანი პროტესტის დროს უკანონოდ დააკავა” – „ლელო“

პარტია „ლელო“ ირაკლი კუპრაძის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

მათივე ცნობით, ირაკლი კუპრაძე პოლიციამ სხვა მომიტინგეებთან ერთად მშვიდობიანი პროტესტის დროს უკანონოდ დააკავა.

როგორც „ლელოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა და დაკავებულებზე სასტიკად იძალადა.

„ირაკლი კუპრაძე პოლიციამ სხვა მომიტინგეებთან ერთად მშვიდობიანი პროტესტის დროს უკანონოდ დააკავა. როგორც დაკავებულები ჰყვებიან, პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა და დაკავებულებზე სასტიკად იძალადა. უმეტესობა ნაცემია, მათ შორის, ირაკლი კუპრაძეც.

„ლელოს“ გენერალური მდივანი ამ დრომდე დროებითი დაკავების იზოლატორში იმყოფება. როდის ჩაინიშნება სასამართლო მოსმენები და როდის გათავისუფლდებიან დაკავებული მომიტინგეები ჯერ-ჯერობით უცნობია.

ამ წუთებში „ლელოს“ იურისტი და ადვოკატი ლევან სამუშია პოლიციის მთავარი სამმართველოს დროებითი დაკავების იზოლატორში იმყოფება და დაკავებულების მდგომარეობას ეცნობა”, – აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ტრაგიკულად წარმოაჩინოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ” – გია ცაგარეიშვილი პრეზიდენტზე

ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ტრაგიკულად, დამღუპველად წარმოაჩინოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართვის კომენტირებისას განაცხადა. კერძოდ, სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს სხდომაზე განიხილონ.

„ყველანაირად ცდილობენ, საგარეო მეგობრების მეშვეობით როგორმე ქვეყნის შიგნით საპროტესტო მუხტი შეინარჩუნონ. ქალბატონი ზურაბიშვილი ამაშია გაწაფული, განსაკუთრებით უკანასკნელი თვეების მანძილზე. იგი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ტრაგიკულად, დამღუპველად წარმოაჩინოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ, შეუქმნას გაუკუღმართებული წარმოდგენა თავის კოლეგებს”, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

“აბსოლუტურად გაუგებარია, როგორ შეიძლება გამჭვირვალობამ საფრთხე შეუქმნას ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას” – მაკა ბოჭორიშვილი

აბსოლუტურად გაუგებარია, როგორ შეიძლება გამჭვირვალობამ საფრთხე შეუქმნას ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა მედიასთან განაცხადა.

„იგივე საკითხებზე მსჯელობა მიმდინარეობს ევროკავშირშიც და ევროკავშირი წევრი ქვეყნები ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევენ საკუთარი მოქალაქეების დაცულობის გარანტიებს“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა დღეს გაგრძელდება. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული პროექტი პლენარულ სხდომას გუშინ მამუკა მდინარაძემ წარუდგინა.

“ჩინეთს შეუძლია, უკრაინას სამართლიანი მშვიდობის აღდგენაში დაეხმაროს” – ზელენსკი

ჩინეთს შეუძლია, ხელი შეუწყოს უკრაინისთვის სამართლიანი მშვიდობის აღდგენას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ჩინეთს აგრეთვე შეუძლია, საერთაშორისო ურთიერთობებში სტაბილურობა შემოიტანოს.

„ჩინეთს მართლაც შეუძლია, ხელი შეუწყოს უკრაინისთვის სამართლიანი მშვიდობის აღდგენას და საერთაშორისო ურთიერთობებში სტაბილურობის დამყარებას“, – აცხადებს ზელენსკი.

ინფორმაციისთვის, 16 აპრილს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ჩინეთში ჩავიდა და ქვეყნის მმართველ სი ძინპინს მოუწოდა, მოსკოვზე ზეწოლა მოახდინოს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებისა და მისი ტერიტორიიდან ჯარების გაყვანის მიზნით.

პარლამენტში დღესაც უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 17 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.

„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 17 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.

შეზღუდვა არ შეეხება ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართვველოს პარლამენტში 15 აპრილიდან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ. 15-16 აპრილსაც საკანონმდებლო ორგანოში უსაფრთხოების მსგავსი რეჟიმი მოქმედებდა.

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი პარლამენტთან დღეს, 12:00 საათიდან განახლდება

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გასაპროტესტებლად მოქალაქეები პარლამენტთან დღეს, 12:00 საათიდან შეიკრიბებიან.

ამის შესახებ პარლამენტის წინ აქციაზე ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მოქალაქეებს განუცხადა.

შეგახსენებთ, პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მოქალაქეები უკვე რამდენიმე დღეა აპროტესტებენ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა 17 აპრილს გაგრძელდება.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

17 აპრილს ქუთაისში +31 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +22 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც დარია. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18. ბათუმში დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა ფოთშიც. დღისით +33 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი. ანალოგიური ამინდია ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +31 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +22 გრადუსია ნავარაუდევი. +30 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც მზიანი დღეა. დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +7 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +28 იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +27 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც გამოიდარებს. დღე +17 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +17, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +28 გრადუსი და უნალექო მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

ამხანაგმა სალომემ ცკ-ში გვიჩივლა -გოგა ხაინდრავა

რეჟისორი გოგა ხაინდრავა X-ზე ეხმაურება ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისადმი სალომე ზურაბიშვილის მიმართვას, რომ საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ.

„ამხ. სალომემ ცკ-ში გვიჩივლა! ესაუბრა საკავშირო სამშობლოს პირველ მდივანს ამხ. მაკრონს და კავშირის მდივანს ამხ.მიშელს. გამოთქვა მწუხარება ამხანაგების, როდიონოვის და ლებედის უდროო გარდაცვალების გამო! მოითხოვა თბილისის მეიდანზე პარტიული წესრიგის აღსადგენად ევროს-სპეცნაზის გადმოსროლა“, – წერს გოგა ხაინდრავა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა დღეს გაგრძელდება

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა დღეს გაგრძელდება. გუშინდელ სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა სრულად ვერ მოესწრო.

ფრაქცია “ქართული ოცნების” ინიციატივით ინიცირებული პროექტი პლენარულ სხდომაზე მამუკა მდინარაძემ წარადგინა.

“ქართული ოცნების“ კანონპროექტი “გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა – 20%-ზე მეტი – უცხოეთიდან არის მიღებული. პროექტის მიხედვით, ყველა, ვინც “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად” მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.