“ცემა-ტყეპა საქართველოს პარლამენტში: მიზეზი – “პრორუსული კანონპროექტი”-რას წერს უცხოური პრესა

47
spot_img

დასავლეთის ქვეყნების მასობრივი ინფორმაციის საშუალებები – რადიო-ტელევიზია, საინფორმაციო სააგენტოები და პრესა ყურადღებას უთმობს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს – ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ გამოხატულ უკმაყოფილებას კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში განხილვის გამო (რომელიც „პრორუსული კანონის“ სახელითაა ცნობილი) და ამ ფონზე აქტიურად აშუქებენ საკანონმდებლო ორგანოში მომხდარ ინციდენტს დეპუტატებს შორის.

გერმანული გაზეთი „ფრანკფურტერ რუნდშაუ“ (Frankfurter Rundschau) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ცემა-ტყეპა საქართველოს პარლამენტში: მიზეზი – „პრორუსული კანონპროექტი“ (ავტორი – ფრანცისკა შვარცი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვერსიას:

საქართველოს პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს დაერივნენ იმ სადაო კანონპროექტის განხილვის დროს, რომელიც, ზოგიერთების აზრით, „უცხოეთის ქვეყნების ინტერესებს გამოხატავს“.

ოპოზიციურმა დეპუტატმა, კანონპროექტისადმი პროტესტის ნიშნად, მუშტი უთავაზა მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის ლიდერს, რომელიც კანონპროექტისადმი მხარს დასაჭერად ტრიბუნაზე გამოდიოდა. ატეხილი ფიზიკური შეხლა-შემოხლის გამო პლენარული სხდომის პირდაპირი სატელევიზიო ტრანსლაცია შეწყდა.

იმავდროულად კი საკანონმდებლო შენობის წინ თავმოყრილი 10 ათასამდე ადამიანი კანონპროექტს აპროტესტებდა: ევროკავშირის დროშებს აფრიალებდნენ და გაჰყვიროდნენ – „არა – რუსულ კანონმდებლობას“.

„პრორუსული კანონი“ და „სახელმწიფოს მტრები“

საქართველოს მმართველი პარტიის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს ანალოგიური მიზნები აქვს, რაც 2012 წელს მიღებულ რუსეთის კანონს, რომელსაც კრემლი მასმედიაზე ზეგავლენის მოსახდენად, აგრეთვე მთავრობის კრიტიკოსებისა და სხვა ოპოზიციონერების წინააღმდეგ იყენებს. კანონპროექტში დაფიქსირებულია ტერმინი „უცხოეთის გავლენის აგენტი“, რომლის ფესვები საბჭოთა პერიოდში მიდის და იმას ნიშნავს, რომ ასეთი ადამიანები სახელმწიფოს მოღალატეები და მტრები არიან.

კანონპროექტის თანახმად, ის ორგანიზაციები, რომლებიც საზღვარგარეთიდან ფინანსდებიან თავიანთი ბიუჯეტის 20%-ზე მეტი თანხით, სახელმწიფო რეგისტრაცია უნდა გაიარონ. დოკუმენტის ადრინდელ, პირველ ვარიანტში ასეთი ორგანიზაციები „უცხოურ აგენტებს“ წარმოადგენენ, ხოლო ამჟამინდელში – „უცხოეთის სახელმწიფოს ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებს“.

ევროკავშირ-ნატოსაკენ და რუსეთისაკენ – ერთდროულად?

ქართულ საზოგადოებაში მმართველი პარტიის მიმართ ეჭვი არსებობს, რომ „ქართული ოცნება“ კრემლთან ფარულად თანამშრომლობს.

საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ბევრი პროექტის განხორციელება დასავლურ ფულზეა დამოკიდებული. კანონპროექტის კრიტიკოსები თვლიან, რომ ქვეყნის მთავრობამ დასავლური განვითარების კურსიდან გადაუხვია, ამიტომ ხელისუფლებას პროდასავლური ძალების დასუსტებისა და პრორუსული ინტერესების გატარების სურვილში ადანაშაულებენ.
საქართველო, რომელიც ექს-საბჭოთა რესპუბლიკას წარმოადგენს, ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ ისწრაფვის, ქვეყანა გასული წლის დეკემბერში ოფიციალურად ევროკავშირში მიღების კანდიდატიც გახდა.

ბრიუსელმა ნეგატიურად შეაფასა ზემოთ აღნიშნული კანონპროექტი და თბილისს მისი განხილვის შეჩერება მოსთხოვა. ბოლო დროს ქვეყნის მთავრობის მიერ მიღებული ზომები და გადაწყვეტილებები (ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში) იმას მიანიშნებს, რომ საქართველო შეიძლება კვლავ რუსეთისაკენ შებრუნდეს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: