Home Blog Page 1090

სტრასბურგის გადაწყვეტილება ნათელი დასტურია იმის, რომ სააკაშვილის გასათავისუფლებლად წარმოებული კამპანია იყო ტყუილზე დაფუძნებული – რატი ბრეგაძე

x

მინდა ყველას მოვუწოდო, მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადებებისგან თავი შეიკავონ. უკვე არაერთხელ დადასტურდა, რომ ყველა მოქმედება სააკაშვილის მიმართ იყო კორექტული, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ ქართულმა მხარემ მაქსიმალურად წარადგინა ყველა მტკიცებულება და დაიცვა პოზიციები, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ მართლმსაჯულება არ იყო პოლიტიკურად მოტივირებული.

„სტრასბურგის გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, არ არის შემთხვევითი და არ მოსულა თავისით. მოსარჩელეს ჰქონდა პრეტენზიები, ის ცდილობდა დაესაბუთებინა თავისი პოზიცია, თუმცა არსებობს მეორე მხარე, ეს არის ქართული სახელმწიფო და ჩვენ მაქსიმალურად წარვადგინეთ ყველა მტკიცებულება და დავიცავით ჩვენი პოზიციები იმის შესახებ, რომ ეს მართლმსაჯულება, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არ იყო პოლიტიკურად მოტივირებული. საბოლოო ჯამში ეს სიმართლე კიდევ ერთხელ დადასტურდა“, – აღნიშნა ბრეგაძემ.

მან ასევე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას – თუ რას უპასუხებს ნებისმიერ ოპონენტს, რომელიც ცდილობდა სააკაშვილის მიმართ წარმოებული მართლმსაჯულების პოლიტიკური ნიშნით წარმოჩენას.

„მხოლოდ და მხოლოდ ერთს ვუპასუხებ, რასაც თავიდანვე ვამბობდით, რომ ჩვენ არ ვმოქმედებთ შთაბეჭდილებების და აღქმების საფუძველზე, არამედ ვმოქმედებთ მკაცრად მხოლოდ ქართული კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც აკმაყოფილებს საკმაოდ მაღალ ევროპულ სტანდარტებს. მე მგონი ყველა დარწმუნდა, რომ ყველა მოქმედება იყო კორექტული და შესაბამისი, მათ შორის, უმაღლეს ევროპულ სტანდარტებთან. მინდა ყველას მოვუწოდო, რომ თავი შეიკავონ პოლიტიკური განცხადებებისგან, მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით. უკვე არაერთხელ დადასტურდა, რომ ყველა მოქმედება სააკაშვილის მიმართ იყო კორექტული. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე ძალიან ხშირად ეს ყველაფერი არის ტენდენციური და კარგად ვიხილეთ იგივე „ფარას“ წყალობით, რომ კამპანია, რომელიც წარმოებდა სააკაშვილის გასათავისუფლებლად, იყო ძალიან დიდი თანხებით დაფინანსებული. მთლიანი ეს კამპანია, რომელშიც საკმაოდ აქტიურად იყვნენ ჩართული ქართველი პოლიტიკოსები, იყო ტყუილზე დაფუძნებული და დღევანდელი დღე არის ამის ნათელი დასტური“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

როცა მოვა დრო, აუცილებლად დაბრუნდება – იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნების შესახებ კითხვაზე

როცა მოვა დრო, აუცილებლად დაბრუნდება, – ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ კითხვას, იგეგმება თუ არა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა.

ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი ციხეში აუცილებლად დაბრუნდება.

„მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში, შესაბამისად, ისიც აუცილებლად დაბრუნდება პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელშიც იყო, ან სხვაგან”,- განაცხადა ბრეგაძემ.

ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო ერთ-ერთი ევროკომისრის მუქარა – ირაკლი კობახიძე

საზოგადოება აკვირდება გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და ხედავს, რომ მთელი რიგი მაღალი რანგის უცხოელი პოლიტიკოსები არ ერიდებიან ღია შანტაჟსაც კი ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ. ამგვარ შეურაცხმყოფელ შანტაჟს დიდი ხანია მიჩვეული ვართ და მან საზოგადოებისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც არსებითად უკვე დაკარგა აქტუალობა, – ამის შესახებ საუბარია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებაში.

“თუმცა, ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა. კერძოდ, ჩემთან საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა – „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“.

როდესაც გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებული შანტაჟის კონტექსტში ახსენებენ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რომელზეც რამდენიმე დღის წინ ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა და რომელიც ამჟამადაც მკურნალობას გადის, ეს ჩვენთვის უკიდურესად შემაშფოთებელია. ხაზს გავუსვამ იმასაც, რომ წინასწარი ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის უკან იკვეთება ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურის კვალი, რომელიც გლობალურ ომის პარტიასთან განსაკუთრებით მჭიდროდ არის დაკავშირებული.

პრევენციის მიზნით, თავი ვალდებულად მივიჩნიე, ამ მუქარის შესახებ ინფორმაცია ქართული საზოგადოებისთვის მიმეწოდებინა. რობერტ ფიცოს მკვლელობის მცდელობასთან გავლებული პარალელი შეგვახსენებს, რომ გლობალური ომის პარტიის სახით, საქმე გვაქვს უაღრესად საშიშ ძალასთან, რომელიც საქართველოში არეულობის შემოსატანად ყველაფერზეა წამსვლელი.

დარწმუნებული ვარ, მათ გეგმებს არც ამჯერად უწერია წარმატება და საქართველო აუცილებლად შეინარჩუნებს მშვიდობას და პოლიტიკურ სტაბილურობას, რაც ქვეყნის განვითარების აუცილებელი პირობაა”, – ნათქვამია განცხადებაში.

უცხო სახელმწიფოს წარმომადგენლები ჩამოდიან და რადიკალური ჯგუფების სასარგებლოდ განცხადებებს აკეთებენ, ეს რადიკალიზმს ახალისებს – ანრი ოხანაშვილი

უცხო სახელმწიფოს წარმომადგენლები თავს საქართველოს ვითომ მეგობრებად მიიჩნევენ, ჩამოდიან და რადიკალური ჯგუფების სასარგებლოდ განცხადებებს აკეთებენ. ეს მხოლოდ რადიკალიზმს ახალისებს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალურ ჯგუფებს ახალისებს ისეთი მიდგომები, როდესაც სცენაზე უცხოელი პოლიტიკოსები გამოდიან.

„რადიკალიზმის წახალისება ხდება, სცენაზე უცხოელი პოლიტიკოსები გამოვიდნენ, რაც იმას ადასტურებს, რომ რადიკალურ ჯგუფებს ეს მიდგომები ახალისებს და მხარს უჭერს რადიკალიზაციისთვის. ეს ხომ ფაქტია? ამას შეფასება არ სჭირდება. უცხო სახელმწიფოს წარმომადგენლები თავს საქართველოს ვითომ მეგობრებად მიიჩნევენ, ჩვენთან ჩამოდიან და რადიკალური ჯგუფების სასარგებლოდ განცხადებებს აკეთებენ. ეს მხოლოდ რადიკალიზმს ახალისებს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

რა ღონისძიებები გაიმართება 26 მაისს თბილისსა და რეგიონებში

საქართველო დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ემზადება. 26 მაისს, 106 წლის წინ პირველი რესპუბლიკის დაარსებას, 33 წლის წინ კი რუსეთის საბჭოთა ოკუპაციიდან დამოუკიდებლობის აღდგენა აღინიშნება. ქვეყნის 18 ქალაქში მასშტაბური ღონისძიებები გაიმართება.

წვევამდელები ფიცს ერთდროულად ქვეყნის 6 ქალაქში დადებენ. ღონისძიებები თბილისში პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და კულმინაციას თავისუფლების მოედანზე მიაღწევს.

17:10 საათზე – იმ დროს, როდესაც ეროვნულმა საბჭომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოაცხადა, საქართველოს ყველა ცენტრალურ მოედანზე სახელმწიფო ჰიმნი აჟღერდება.

წელს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ისტორიაში პირველად, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით ხვდება.

დიქტატურის და ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხების სამი მაგალითი არსებობს და სამივე კოალიციური ერთიანი სიით – სხვა გზა კაცობრიობას ჯერ არ გამოუგონია – მიხეილ სააკაშვილი

რუსი ტერორისტები სარგებლობენ იმით, რომ უკრაინა ჯერ კიდევ მოკლებულია საჰაერო თავდაცვის სისტემებით საკმარისად დაცვას და საიმედო შესაძლებლობას, გაანადგუროს ტერორისტების გამშვები დანადგარები ზუსტად იქ, სადაც მდებარეობს – ჩვენს საზღვრებთან ახლოს და ეს არის სისუსტე, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ ხარკოვზე განხორციელებულ სარაკეტო შეტევას.

მისი თქმით, ესაა არა უკრაინის, არამედ მსოფლიოს სისუსტე, რომელიც ვერ ბედავს, მოექცეს ტერორისტებს ზუსტად ისე, როგორც იმსახურებენ.

„უკიდურესად სასტიკი რუსული თავდასხმა ხარკოვისა და ლიუბოტინის წინააღმდეგ. წინასწარი მონაცემებით, ერთდროულად 15 რაკეტა გამოუშვეს. არიან დაღუპულები და დაშავებულები. რუსი ტერორისტები სარგებლობენ იმით, რომ უკრაინა ჯერ კიდევ მოკლებულია საჰაერო თავდაცვის სისტემებით საკმარისად დაცვას და საიმედო შესაძლებლობას, გაანადგუროს ტერორისტების გამშვები დანადგარები ზუსტად იქ, სადაც მდებარეობენ – ჩვენს საზღვრებთან ახლოს და ეს არის სისუსტე – არა ჩვენი, არამედ მსოფლიოსი, რომელიც უკვე მესამე წელია, ვერ წყვეტს მოექცეს ტერორისტებს ზუსტად ისე, როგორც იმსახურებენ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ტერორი უნდა დამარცხდეს ყველგან – ნებისმიერ პირობებში, ნებისმიერ კონტინენტზე.

„ჩვენი საერთო მოვალეობა – მსოფლიოში ყველასი, ვისაც აქვს შესაძლებლობა, დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე ტერორისგან. უკრაინა ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია. მადლობა ყველას ვინც გვეხმარება. მაგრამ მეტი მონდომებაა საჭირო.და სწორედ მსოფლიოს ლიდერებისგან“, – განაცხადა ზელესკიმ.

შეგახსენებთ, რუსებმა დღეს C-300 რაკეტებით ხარკოვზე 15 დარტყმა განახორციელეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 7 და დაშავდა 16 ადამიანი.

“სააკაშვილის მიმართ განხორციელებული მართლმსაჯულება გირგვლიანის გარდაცვალებისა და გელაშვილზე თავდასხმის საქმეებზე სამართლიანი და სათანადო მტკიცებულებებით იყო გამყარებული”

2024 წლის 23 მაისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და დაადგინა, რომ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული მართლმსაჯულება სანდრო გირგვლიანის გარდაცვალებისა და პარლამენტარ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის სისხლის სამართლის საქმეებზე იყო სამართლიანი, სათანადო მტკიცებულებებით გამყარებული და არ ისახავდა მიზნად მისი პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოშორებას, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის განმარტებით, სანდრო გირგვლიანის გარდაცვალებისა და პარლამენტარ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიებას საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი აწარმოებდა და დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პროკურატურამ საგამოძიებო პროცესი მაღალი სტანდარტით წარმართა და მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი სასამართლოს განაჩენები ეფუძნება საქართველოს პროკურატურის მიერ მოპოვებულ და წარდგენილ სანდო და მყარ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

„აღსანიშნავია, რომ სასამართლო განხილვების ეტაპზე, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები არაერთგზის მიუთითებდნენ, რომ საქართველოს პროკურატურის მხრიდან ბრალდებულის მიმართ ადგილი ჰქონდა პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას.

საზოგადოებას შევახსენებთ, მომჩივანი მიხეილ სააკაშვილი ევროპული სასამართლოს წინაშე დაობდა, რომ მისი მსჯავრდების ზემოაღნიშნულ ორ სისხლის სამართლის საქმეზე განხორციელებული მართლმსაჯულება არ იყო სამართლიანი, კერძოდ, მის მიმართ 2018 წელს გამოტანილი სასამართლოს განაჩენები ეფუძნებოდა მხოლოდ მისი ორი პოლიტიკური ოპონენტის არასანდო და გადაუმოწმებელ ირიბ ჩვენებებს. მომჩივანი დამატებით დაობდა, რომ მოსამართლე, რომელმაც მის მიმართ განაჩენი გამოიტანა ე.წ სანდრო გირგვლიანის საქმეზე, არ იყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. (კონვენციის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევა). ამ უკანასკნელ საქმეში, მომჩივანი ასევე მიუთითებდა ევროპული კონვენციის მე-7 მუხლის (არავითარი სასჯელი კანონის გარეშე) სავარაუდო დარღვევაზე, რადგან მას არ შეეძლო განეჭვრიტა, რომ კონსტიტუციით მინიჭებული შეწყალების უფლების გამოყენება გამოიწვევდა მის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

მომჩივანი ევროპული სასამართლოს წინაშე ასევე ამტკიცებდა, რომ მისი მსჯავრდების სისხლის სამართლის საქმეების ფარულ მოტივს – მისი პოლიტიკური დევნა წარმოადგენდა (კონვენციის მე-18 მუხლის სავარაუდო დარღვევა).

სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლე იყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი.

ევროპულმა სასამართლომ შეუძლებლადაც კი მიიჩნია ამ საკითხების ეჭვქვეშ დაყენება, ნებისმიერი საფუძვლით.

ევროპულმა სასამართლომ ასევე დაადასტურა, რომ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიმართ შიდა სასამართლოების მიერ გამოტანილი განაჩენები ეფუძნება საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას, მათ შორის ძირითად მოწმეთა პირდაპირ ჩვენებებს. შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა მომჩივნის პოზიცია, რომ თითქოსდა მისი მსჯავრდების სისხლის სამართლის საქმეებში, ძირითადმა მოწმეებმა მისცეს არასანდო და ირიბი ჩვენებები.

ევროპული სასამართლო სრულად დაეთანხმა შიდა სასამართლოების პოზიციას, რომ ძირითად მოწმეთა ჩვენებები იყო დამაჯერებელი და სარწმუნო. ასევე, შიდა სასამართლოების სამართლებრივი შეფასება მის მიერ შეწყალების გამოყენებასთან დაკავშირებით იყო თანმიმდევრული და გონივრული.

ევროპული სასამართლო ასევე დაეთანხმა შიდა სასამართლოებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა წინასწარ გასცა დაპირება სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმის ბრალდებულების შეწყალებაზე, რომლის მიზანიც ამ საქმეზე არასრული გამოძიების წარმოებისა და ზოგადად მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლა იყო.

დღევანდელი გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მომჩივნის პოზიცია მისი პოლიტიკური ნიშნით დევნის თაობაზე, თითქოსდა მის მიმართ განხორციელებული მართლმსაჯულება მის გაჩუმებასა და პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოშორებას ისახავდა მიზნად.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი სამივე ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილზე თავდასხმისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეებზე და საბოლოო სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. მსჯავრდებული დაკისრებულ სასჯელს ფაქტობრივი დაკავების დღიდან – 2021 წლის 1 ოქტომბრიდან იხდის.

პარლამენტარ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმეზე, სასამართლო განაჩენით დადგენილია, რომ 2005 წლის 14 ივლისს, იმჟამინდელი პრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი სტატიის გამო, მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილის და ერეკლე კოდუას ორგანიზებით, ,,სოდი“-ს სპეცრაზმის თანამშრომლები, შურისძიების მიზნით, თავს დაესხნენ პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილს და ცეცხლსასროლი იარაღის კონდახების გამოყენებით სასტიკად სცემეს, ასევე გასტაცეს ცეცხლსასროლი იარაღი, თანხა და ძვირფასი ნივთი. თავდასხმის შედეგად ვალერი გელაშვილმა მიიღო ცხვირის და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, რამაც სახის წარუშლელი დამახინჯება გამოიწვია და რაც სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებად შეფასდა.

სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე, ასევე სასამართლოს განაჩენით დადგენილია, რომ 2006 წლის 27 იანვარს, ქ. თბილისში, კაფე ,,შარდენ ბარში“ შინაგან საქმეთა სამინისტროს იმჟამინდელ მაღალი თანამდებობის პირებს, ამავე ბარში მყოფ სანდრო გირგვლიანთან და მის მეგობარ ლევან ბუხაიძესთან მოუხდათ ურთიერთშელაპარაკება.

წარმოქმნილი კონფლიქტის საფუძველზე, შურისძიების მიზნით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის – დავით ახალაიას დავალებით, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებმა სანდრო გირგვლიანი და ლევან ბუხაიძე ძალის გამოყენებით გაიტაცეს ქალაქგარეთ, ოქროყანის სასაფლაოზე და მიღებული დავალების შესაბამისად, უმოწყალოდ სცემეს და აწამეს. კუდ-ის თანამშრომლებმა დამცირების მიზნით, გაუსაძლის სიცივესა და ყინვაში გააშიშვლეს ლევან ბუხაიძე, ხოლო სანდრო გირგვლიანის გაშიშვლება შეძლეს წელს ზემოთ და მჩხვლეტავი ბასრი საგნის გამოყენებით, სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენეს მრავლობითი ჭრილობები, მათ შორის – 12 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა კისრის არეში. გარდა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობებისა, სანდრო გირგვლიანს მიაყენეს ნაკვეთი ჭრილობები მარცხენა ზედა კიდურის არეში. მას სხეულზე ასევე აღინიშნებოდა მრავლობითი სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები, რის შედეგად იგი გარდაიცვალა.

აღნიშნულ საქმეზე, 2006 წელს გასამართლდნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის 4 თანამშრომელი.

ხსენებულ პირებს, იმის სანაცვლოდ რომ არ ეთანამშრომლათ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობაზე ჩადენილ უმძიმეს დანაშაულში, რაც მნიშვნელოვნად დააზიანებდა იმჟამინდელი მმართველი პარტიის რეპუტაციას, წინასწარ შეთანხმებულად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ამყოფებდნენ კომფორტულ და პრივილეგირებულ მდგომარეობაში. ასევე, მათ წინასწარ მიიღეს დაპირება, რომ დაკავებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ პრეზიდენტი შეიწყალებდა, რაც 2008 წლის ნოემბერში მიხეილ სააკაშვილის შესაბამისი გადაწყვეტილებით სისრულეში იქნა მოყვანილი.

მიხეილ სააკაშვილის მიერ სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მონაწილე პირების შეწყალების ფაქტზე, სტრასბურგის სასამართლომ ჯერ კიდევ 2011 წლის აპრილის გადაწყვეტილებაში (საქმე ,,ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“) იმსჯელა, სადაც მითითებულია, რომ: ,,სასამართლო გაოცებულია სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებების – შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების თავდაპირველი წარუმატებლობიდან გამომდინარე, ადგილობრივი სასამართლოების მიერ პროცესების არასწორად წარმართვითა და მსჯავრდებულების ადრე გამოშვებით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების მიმართ გაუმართლებელი სირბილის გამოჩენით – შეთანხმებულად მოქმედებით, რაც ამ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელების ხელის შეშლისკენ იყო მიმართული“.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეებში მტკიცებულებითი სტანდარტის შესაფასებლად საქართველოს პროკურატურის მიერ საწყის ეტაპზევე მოწვეულ იყვნენ უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე საერთაშორისო ექსპერტები – ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის განყოფილების ყოფილი უფროსი პოლ კოფი, ისრაელის ყოფილი სახელმწიფო პროკურორი მოშე ლადორი და იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის მოადგილე სერ ჯეფრი ნაისი. საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, სისხლის სამართლის საქმეებში არსებული მტკიცებულებები ქმნიდა საკმარის სტანდარტს მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად.

საზოგადოებას ასევე შევახსენებთ, რომ ამჟამად, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია 3 სისხლის სამართლის საქმეზე – საზღვრის უკანონო კვეთის, „ტელეიმედი“-ს დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი – 9 მილიონ ლარამდე პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე, რომლებზეც თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვა მიმდინარეობს“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაჭაში მიკროავტობუსი გზიდან გადავარდა – არის მსხვერპლი

რაჭაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ აგარასთან მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, შემთხვევის შედეგადაც ერთი ადამიანი ადგილზევე გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავდა.

მიკროავტობუსი, რომელიც გზიდან გადავარდა, ამბროლაური-თბილისის სამარშრუტო ხაზე მუშაობდა.

მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

დიქტატურის და ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხების სამი მაგალითი არსებობს და სამივე კოალიციური ერთიანი სიით – მიხეილ სააკაშვილი

დიქტატურის და ბოლომდე ოლიგარქიული რეჟიმის (რომელიც ახლა დამყარდა საქართველოში) დამარცხების სამი მაგალითი არსებობს და სამივე კოალიციური ერთიანი სიით. მხედველობაში მაქვს პინოჩეტის დროინდელი ჩილე, მილოშევიჩის იუგოსლავია და მალაიზიის რაზაკის ხელისუფლება, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მისივე თქმით, როდესაც ერთიანი სიის მოწინააღმდეგეებსა პოლონეთისა და უნგრეთის მაგალითები მოჰყავთ, მხედველობიდან რჩებათ, რომ ამ ქვეყნებში დემოკრატიაა.

„როდესაც პოლონეთისა და უნგრეთის მაგალითები მოჰყავთ ერთიანი სიის მოწინააღმდეგეებს, მათ მხედველობიდან რჩებათ ის, რომ ორივე ამ ქვეყანაში დემოკრატია არავის გაუუქმებია და ნამდვილი არჩევნები ტარდება. უბრალოდ, ორივე შემთხვევაში საქმე გვქონდა ძლიერ მთავრობებთან.

დიქტატურის და ბოლომდე ოლიგარქიული რეჟიმის (რომელიც ახლა დამყარდა საქართველოში) დამარცხების სამი მაგალითი არსებობს და სამივე კოალიციური ერთიანი სიით. მხედველობაში მაქვს პინოჩეტის დროინდელი ჩილე, მილოშევიჩის იუგოსლავია და მალაიზიის რაზაკის ხელისუფლება. მალაიზიის შემთხვევაში არჩევნების წინ ორი მოსისხლე მტერი ანვარ იბრაჰიმი და მაჰატირ მოჰამედი გაერთიანდა და დაამარცხეს უსაზღვრო ფინანსური რესურსის მქონე რაზაკის ოლიგარქიული რეჟიმი. სხვა გზა ჯერ კაცობრიობას არ გამოუგონია. აგერ, დიდი გამოცდილების მქონე მიჩ მაკკონელი და ბუნდესტაგის მაიკლ როთი პრაქტიკულად ხმამაღლა მოგვიწოდებენ გაერთიანებისკენ“, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

გამჭვირვალობის კანონი როგორც კი შევა ძალაში შევა, გატარდება აბსოლუტურად ყველა ღონისძიება რაც კანონით არის გათვალისწინებული და რაც აუცილებელია კანონის მიზნების მისაღწევად – რატი ბრეგაძე

x

[უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ] კანონი როგორც კი შევა ძალაში, გატარდება აბსოლუტურად ყველა ღონისძიება, რაც კანონით არის გათვალისწინებული, მათ შორის იუსტიციის სამინისტროს მიერ და რაც აუცილებელია კანონის მიზნების მისაღწევად, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ამ ეტაპზე, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ ორგანიზაციას აქვს უცხოეთიდან 20%-ზე მეტი დაფინანსება, მე ნამდვილად არ მაქვს, რადგან კანონი ჯერ ძალაში შესული არ არის“, – აღნიშნა მინისტრმა.

ყოველთვიური განახლება მთავარი ეკონომისტისგან – რას აჩვენებს უახლესი მაკროეკონომიკური მონაცემები?

თიბისის არხებით ტურისტებისა და მიგრანტების ხარჯები, მაისის ჩათვლით პერიოდში წინა თვეებთან შედარებით და სეზონური ფაქტორების გათვალისწინებით, ჯერჯერობით რაიმე გამოკვეთილი შემცირების ტენდენციით არ ხასიათდება. წლიურ ჭრილში კი კვლავ მნიშვნელოვან ზრდას აქვს ადგილი. დაახლოებით ანალოგიური ტენდენცია იკვეთება „ტავ ჯორჯიას” თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპოტრებში მგზავრთნაკადის დინამიკაზე დაყრდნობით. კერძოდ, ჩამოსვლების მაჩვენებელი 1-20 მაისს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 45.6%-ით არის გაზრდილი. თავისთავად გასათვალისწინებელია, რომ ტურისტული სექტორის წარმომადგენლების ინფორმაციაზე დაყრდნობით, არის გარკვეული გზავნილები ჯავშნების გაუქმებასთან დაკავშირებით. თუმცა ფაქტია, რომ საბაზო მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია, ისევე როგორც მთლიანობაში წმინდა სავალუტო შემოდინებების შეფასება. ამასთან, 20 მაისის მგდომარეობით, კვლავ იკვეთება ლართან მიმართებით ვალუტის დეპოზიტების უფრო მეტი ზრდა, რაც ლარის კურსზე ზემოქმედების კუთხით ტრადიციულად ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

სხვა განახლებული მაკროეკონომიკური პარამეტრების კუთხით, აღსანიშნავია, რომ სრული 2024 წლისათვის თიბისი კაპიტალის ბოლოდროინდელ 6.4%-იან საბაზო სცენართან შედარებით, აპრილის ეკონომიკის ზრდის წინასწარი შეფასება, ისევე როგორც პირველი კვარტალის დასაქმების მაჩვენებლები, მოლოდინებზე მაღალია.

მთლიანობაში, იმ არგუმენტით რომ ჯერჯერობით არსებული მონაცემები მოლოდინებზე მაღალია, პროგნოზების კუთხით, ლარის კურსის ჩათვლით, მნიშვნელოვან ცვლილებებს არ განვიხილავთ. ამასთან, ამ მხრივ საყურადღებოა, რომ ლარის გავცვლითი კურსის ჩარჩოს კუთხით, წმინდა სავალუტო შემოდინებების შეფასება, სენტიმენტების ჩათვლით, ადრე პოზიტიური იყო. თუმცა, ეს არა ლარის გამყარებას, არამედ სებ-ის მიერ სავალუტო რეზერვების დამატებით შევსებას ითვალისწინებდა. სადღეისოდ, შეიძლება ითქვას, რომ მოლოდინი არაა ნეგატიური, თუმცა უფრო ნეიტრალურია, რაც საჭიროების შემთხვევაში სავალუტო რეზერვების გაყიდვასაც ითვალისწინებს. ასევე, როგორც ყოველთვის, მნიშვნელოვანია რეგიონული ვალუტების დინამიკაც. ევრო-დოლარის წყვილის კუთხით, მომდევნო წლებში ჩვენი საბაზო სცენარი კვლავ ევროს გამყარებაა.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე.

საფრანგეთი კიდევ ერთი ქვეყანაა, რომელიც უცხოურ ჩარევას უდიდეს პრობლემად ხედავს ქვეყნის ინტერესების დაცვის პროცესში, ამ ფონზე ჩვენი გაკიცხვა გამჭვირვალობის კანონის მიღებაზე, სხვა არაფერია თუ არა უთანასწორო მიდგომა – ნინო წილოსანი

x

საფრანგეთი კიდევ ერთი ქვეყანაა, რომელიც უცხოურ ჩარევას უდიდეს პრობლემად ხედავს საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვის პროცესში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლების გაკიცხვა იგივე შინაარსის კანონის მიღების გამო სხვა არაფერია, თუ არა უთანასწორო მიდგომა.

„საფრანგეთის სენატის მიერ მიღებული კანონი ფარავს ყველა ქვეყანას გარდა ევროკავშირის ქვეყნებისა. ეს ზუსტად იმას უსვამს ხაზს, რომ უცხოური ჩარევის რისკები ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან შეიძლება მოდიოდეს და ნებისმიერი რისკის შემთხვევაში ქვეყანას მზად უნდა ჰქონდეს სათანადო კანონმდებლობა. ამის ფონზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფო ლიდერების მხრიდან ჩვენი გაკიცხვა ამ კანონის მიღებასთან დაკავშირებით – ქართულ კანონზე რუსულის ძახილი, სხვა არაფერია თუ არა უთანასწორო მიდგომა და ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად აკნინებს საქართველოს ფუნქციას და როლს მსოფლიო პოლიტიკაში“, – განაცხადა წილოსანმა.

საფრანგეთის სენატმა უცხოურ ჩარევასთან ბრძოლის შესახებ კანონპროექტი მიიღო.