სტრასბურგის გადაწყვეტილება ნათელი დასტურია იმის, რომ სააკაშვილის გასათავისუფლებლად წარმოებული კამპანია იყო ტყუილზე დაფუძნებული – რატი ბრეგაძე

13
x
spot_img

მინდა ყველას მოვუწოდო, მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადებებისგან თავი შეიკავონ. უკვე არაერთხელ დადასტურდა, რომ ყველა მოქმედება სააკაშვილის მიმართ იყო კორექტული, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ ქართულმა მხარემ მაქსიმალურად წარადგინა ყველა მტკიცებულება და დაიცვა პოზიციები, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ მართლმსაჯულება არ იყო პოლიტიკურად მოტივირებული.

„სტრასბურგის გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, არ არის შემთხვევითი და არ მოსულა თავისით. მოსარჩელეს ჰქონდა პრეტენზიები, ის ცდილობდა დაესაბუთებინა თავისი პოზიცია, თუმცა არსებობს მეორე მხარე, ეს არის ქართული სახელმწიფო და ჩვენ მაქსიმალურად წარვადგინეთ ყველა მტკიცებულება და დავიცავით ჩვენი პოზიციები იმის შესახებ, რომ ეს მართლმსაჯულება, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არ იყო პოლიტიკურად მოტივირებული. საბოლოო ჯამში ეს სიმართლე კიდევ ერთხელ დადასტურდა“, – აღნიშნა ბრეგაძემ.

მან ასევე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას – თუ რას უპასუხებს ნებისმიერ ოპონენტს, რომელიც ცდილობდა სააკაშვილის მიმართ წარმოებული მართლმსაჯულების პოლიტიკური ნიშნით წარმოჩენას.

„მხოლოდ და მხოლოდ ერთს ვუპასუხებ, რასაც თავიდანვე ვამბობდით, რომ ჩვენ არ ვმოქმედებთ შთაბეჭდილებების და აღქმების საფუძველზე, არამედ ვმოქმედებთ მკაცრად მხოლოდ ქართული კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც აკმაყოფილებს საკმაოდ მაღალ ევროპულ სტანდარტებს. მე მგონი ყველა დარწმუნდა, რომ ყველა მოქმედება იყო კორექტული და შესაბამისი, მათ შორის, უმაღლეს ევროპულ სტანდარტებთან. მინდა ყველას მოვუწოდო, რომ თავი შეიკავონ პოლიტიკური განცხადებებისგან, მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით. უკვე არაერთხელ დადასტურდა, რომ ყველა მოქმედება სააკაშვილის მიმართ იყო კორექტული. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე ძალიან ხშირად ეს ყველაფერი არის ტენდენციური და კარგად ვიხილეთ იგივე „ფარას“ წყალობით, რომ კამპანია, რომელიც წარმოებდა სააკაშვილის გასათავისუფლებლად, იყო ძალიან დიდი თანხებით დაფინანსებული. მთლიანი ეს კამპანია, რომელშიც საკმაოდ აქტიურად იყვნენ ჩართული ქართველი პოლიტიკოსები, იყო ტყუილზე დაფუძნებული და დღევანდელი დღე არის ამის ნათელი დასტური“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.