Home Blog Page 1089

ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე, კონცეპტუალური დიზაინ-პროექტი დგება და ტარდება შესაბამისი ექსპერტიზები, რომლის შემდეგაც სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერები გამოცხადდება.

„სამგორის რაიონში, მოსკოვის გამზირზე, პირველი კომპლექსის  N4-ში 9-სართულიანი ავარიული კორპუსის დემონტაჟი მოხდება, სადაც 126 ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივი მოსახლეობისგან შენობის დემონტაჟზე თანხმობა მივიღეთ. აღნიშნული კორპუსის ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების 20-სართულიანი კორპუსი აშენდება, რომელსაც -2 სართულზე ექნება საპარკინგე ადგილები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ავარიული კორპუსის დემონტაჟი განხორციელდება დიდუბის რაიონშიც.

„დიდუბის რაიონში, დიღმის მასივის პირველ კვარტალში, 14 ა კორპუსის დემონტაჟი მოხდება, სადაც 135 ოჯახი ცხოვრობს. აქაც 20-სართულიანი კორპუსი აშენდება და -2 სართულზე პარკინგი მოეწყობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რუსებმა ჩერნიგოვი დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსებმა ჩერნიგოვი დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები, – ამის შესახებ ინფორმაციას ჩერნიგოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიაჩესლავ ჩაუსი ავრცელებს.

„მტერმა ჩერნიგოვს რაკეტები ესროლა. არიან დაღუპულები და დაჭრილები“, – აცხადებს ვიაჩესლავ ჩაუსი.

ჩაუსის ცნობით, რუსებმა ჩერნიგოვის ცენტრში დარტყმა სამი რაკეტით განახორციელეს.

ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე მაშველები და ექიმები მუშაობენ.

“ტერორისტების მფარველი ზურაბიშვილი თავისი მორიგი ზონდერის ხელით მოსაკლავად იმეტებს ქართველ პოლიციელს” – დავით ქართველიშვილი

„ტერორისტების მფარველად“ მოიხსენიებს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და მის მოწოდებას ევროპის საბჭოს პრეზიდენტისადმი სოციალურ ქსელში ეხმიანება. ზურაბიშვილმა წუხელ შარლ მიშელს ევროპის საბჭოს სხდომის მოწვევისკენ მოუწოდა, სადაც რიგგარეშედ განიხილავდნენ საქართველოში შექმნილ ვითარებას.

„ტერორისტების მფარველი ზურაბიშვილი თავისი მორიგი ზონდერის ხელით მოსაკლავად იმეტებს ქართველ პოლიციელს და მიმართავს შარლ მიშელს თხოვნით – მოიწვიოს ევროსაბჭოს სხდომა თავისი კრიმინალური ქმედებების გასაპრავებლად და საქართველოს ერთი იმპერიის ხელში მიტოვებული მენშევიკების საქმის ბოლომდე მიყვანის: მისი ახალ კოლონიად გადაქცევის მიზნით“, – წერს დავით ქართველიშვილი.

“რატომ არ სურთ მათ ამ კანონის მიღება, ეს უკვე საზოგადოებაშიც ძალიან დიდ ეჭვს იწვევს” – ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე

რატომ არ სურთ მათ ამ კანონის მიღება, ეს უკვე საზოგადოებაშიც ძალიან დიდ ეჭვს იწვევს, – განაცხადა ოპოზიციის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გამჭვირვალობის კანონპროექტზე საუბრისას.

“ოპოზიციის პოზიცია არის ის ნარატივი, რაც ერთი წლის წინ ითქვა, რომ ეს კანონი არის რუსული. ამის უკან, გარდა იმისა, რომ ელჩმა თქვა, არც ერთი არგუმენტი არ არსებობს. გამომდინარე აქედან, რატომ არ სურთ მათ ამ კანონის მიღება, ეს უკვე საზოგადოებაშიც ძალიან დიდ ეჭვს იწვევს. ანუ მართლა არის აქ დაფარული ფული და ამ დაფარული ფულის გამოაშკარავება არ უნდათ. სხვა არგუმენტი, რატომ არის გამჭვირვალობა რუსული და გაუმჭვირვალობა ევროპული, ლოგიკური ახსნა ამას არ გააჩნია”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა დღეს გაგრძელდება. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული პროექტი პლენარულ სხდომას გუშინ მამუკა მდინარაძემ წარუდგინა.

“აი, თურმე რაში დაუხარჯავთ ის მილიონები, ჩვენ რომ არ ვიცოდით, ამიტომ ეშინიათ ამ კანონის, მერე ვეღარ გადააგვარებენ ასე ახალგაზრდობას”

თუ ამ კანონს [უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ] არ მივიღებთ, თაობებს დავკარგავთ, ეს ჩვენი ვალდებულებაა, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს პროცესი. აღდგომამდე სავალი გზა ჯვარცმაა და ჩვენ ამ გზას აუცილებლად გავივლით, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და განსაკუთრებულად საგანგაშოდ მიიჩნევს ახალგაზრდების მდგომარეობას. მისი თქმით, ქუჩაშია თაობა, რომელიც ფსევდო-ლიბერალების მიერაა გამოზრდილი და ეს ახალგაზრდების გადაგვარების საფრთხეს ქმნის.

„მთელმა ქვეყანამ დაინახა ის სიმართლე, თუ რისთვის იბრძვის ხელისუფლება. ასევე, დაინახეს ის ახალგაზრდობა, რომელიც ფსევდო-ლიბერალებმა გამოზარდეს. აი, თურმე რაში დაუხარჯავთ ის მილიონები, ჩვენ რომ არ ვიცოდით. ამიტომ ეშინიათ ამ კანონის, მერე ვეღარ გადააგვარებენ ასე ახალგაზრდობას. საგანგაშოა მდგომარეობა ახალგაზრდებში. სად არიან ამათი მშობლები? მარტო რევოლუციურ ტრენინგებზე უშვებდნენ? ვის მისცეს საკუთარი შვილები გასანადგურებლად? ეს არის განათლება? ამას გვამადლის ამერიკა? არ გვინდა ასეთ განათლებაში ფულის დახარჯვა. არ გვინდა ასეთი გადაგვარებული თაობა! თუ ამ კანონს არ მივიღებთ, თაობებს დავკარგავთ, ეს ჩვენი ვალდებულებაა, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს პროცესი. აღდგომამდე სავალი გზა ჯვარცმაა და ჩვენ ამ გზას აუცილებლად გავივლით,” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

“ცემა-ტყეპა საქართველოს პარლამენტში: მიზეზი – “პრორუსული კანონპროექტი”-რას წერს უცხოური პრესა

დასავლეთის ქვეყნების მასობრივი ინფორმაციის საშუალებები – რადიო-ტელევიზია, საინფორმაციო სააგენტოები და პრესა ყურადღებას უთმობს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს – ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ გამოხატულ უკმაყოფილებას კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში განხილვის გამო (რომელიც „პრორუსული კანონის“ სახელითაა ცნობილი) და ამ ფონზე აქტიურად აშუქებენ საკანონმდებლო ორგანოში მომხდარ ინციდენტს დეპუტატებს შორის.

გერმანული გაზეთი „ფრანკფურტერ რუნდშაუ“ (Frankfurter Rundschau) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ცემა-ტყეპა საქართველოს პარლამენტში: მიზეზი – „პრორუსული კანონპროექტი“ (ავტორი – ფრანცისკა შვარცი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვერსიას:

საქართველოს პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს დაერივნენ იმ სადაო კანონპროექტის განხილვის დროს, რომელიც, ზოგიერთების აზრით, „უცხოეთის ქვეყნების ინტერესებს გამოხატავს“.

ოპოზიციურმა დეპუტატმა, კანონპროექტისადმი პროტესტის ნიშნად, მუშტი უთავაზა მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის ლიდერს, რომელიც კანონპროექტისადმი მხარს დასაჭერად ტრიბუნაზე გამოდიოდა. ატეხილი ფიზიკური შეხლა-შემოხლის გამო პლენარული სხდომის პირდაპირი სატელევიზიო ტრანსლაცია შეწყდა.

იმავდროულად კი საკანონმდებლო შენობის წინ თავმოყრილი 10 ათასამდე ადამიანი კანონპროექტს აპროტესტებდა: ევროკავშირის დროშებს აფრიალებდნენ და გაჰყვიროდნენ – „არა – რუსულ კანონმდებლობას“.

„პრორუსული კანონი“ და „სახელმწიფოს მტრები“

საქართველოს მმართველი პარტიის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს ანალოგიური მიზნები აქვს, რაც 2012 წელს მიღებულ რუსეთის კანონს, რომელსაც კრემლი მასმედიაზე ზეგავლენის მოსახდენად, აგრეთვე მთავრობის კრიტიკოსებისა და სხვა ოპოზიციონერების წინააღმდეგ იყენებს. კანონპროექტში დაფიქსირებულია ტერმინი „უცხოეთის გავლენის აგენტი“, რომლის ფესვები საბჭოთა პერიოდში მიდის და იმას ნიშნავს, რომ ასეთი ადამიანები სახელმწიფოს მოღალატეები და მტრები არიან.

კანონპროექტის თანახმად, ის ორგანიზაციები, რომლებიც საზღვარგარეთიდან ფინანსდებიან თავიანთი ბიუჯეტის 20%-ზე მეტი თანხით, სახელმწიფო რეგისტრაცია უნდა გაიარონ. დოკუმენტის ადრინდელ, პირველ ვარიანტში ასეთი ორგანიზაციები „უცხოურ აგენტებს“ წარმოადგენენ, ხოლო ამჟამინდელში – „უცხოეთის სახელმწიფოს ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებს“.

ევროკავშირ-ნატოსაკენ და რუსეთისაკენ – ერთდროულად?

ქართულ საზოგადოებაში მმართველი პარტიის მიმართ ეჭვი არსებობს, რომ „ქართული ოცნება“ კრემლთან ფარულად თანამშრომლობს.

საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ბევრი პროექტის განხორციელება დასავლურ ფულზეა დამოკიდებული. კანონპროექტის კრიტიკოსები თვლიან, რომ ქვეყნის მთავრობამ დასავლური განვითარების კურსიდან გადაუხვია, ამიტომ ხელისუფლებას პროდასავლური ძალების დასუსტებისა და პრორუსული ინტერესების გატარების სურვილში ადანაშაულებენ.
საქართველო, რომელიც ექს-საბჭოთა რესპუბლიკას წარმოადგენს, ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ ისწრაფვის, ქვეყანა გასული წლის დეკემბერში ოფიციალურად ევროკავშირში მიღების კანდიდატიც გახდა.

ბრიუსელმა ნეგატიურად შეაფასა ზემოთ აღნიშნული კანონპროექტი და თბილისს მისი განხილვის შეჩერება მოსთხოვა. ბოლო დროს ქვეყნის მთავრობის მიერ მიღებული ზომები და გადაწყვეტილებები (ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში) იმას მიანიშნებს, რომ საქართველო შეიძლება კვლავ რუსეთისაკენ შებრუნდეს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

“ირაკლი კუპრაძე პოლიციამ სხვა მომიტინგეებთან ერთად მშვიდობიანი პროტესტის დროს უკანონოდ დააკავა” – „ლელო“

პარტია „ლელო“ ირაკლი კუპრაძის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

მათივე ცნობით, ირაკლი კუპრაძე პოლიციამ სხვა მომიტინგეებთან ერთად მშვიდობიანი პროტესტის დროს უკანონოდ დააკავა.

როგორც „ლელოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა და დაკავებულებზე სასტიკად იძალადა.

„ირაკლი კუპრაძე პოლიციამ სხვა მომიტინგეებთან ერთად მშვიდობიანი პროტესტის დროს უკანონოდ დააკავა. როგორც დაკავებულები ჰყვებიან, პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა და დაკავებულებზე სასტიკად იძალადა. უმეტესობა ნაცემია, მათ შორის, ირაკლი კუპრაძეც.

„ლელოს“ გენერალური მდივანი ამ დრომდე დროებითი დაკავების იზოლატორში იმყოფება. როდის ჩაინიშნება სასამართლო მოსმენები და როდის გათავისუფლდებიან დაკავებული მომიტინგეები ჯერ-ჯერობით უცნობია.

ამ წუთებში „ლელოს“ იურისტი და ადვოკატი ლევან სამუშია პოლიციის მთავარი სამმართველოს დროებითი დაკავების იზოლატორში იმყოფება და დაკავებულების მდგომარეობას ეცნობა”, – აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ტრაგიკულად წარმოაჩინოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ” – გია ცაგარეიშვილი პრეზიდენტზე

ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ტრაგიკულად, დამღუპველად წარმოაჩინოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართვის კომენტირებისას განაცხადა. კერძოდ, სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს სხდომაზე განიხილონ.

„ყველანაირად ცდილობენ, საგარეო მეგობრების მეშვეობით როგორმე ქვეყნის შიგნით საპროტესტო მუხტი შეინარჩუნონ. ქალბატონი ზურაბიშვილი ამაშია გაწაფული, განსაკუთრებით უკანასკნელი თვეების მანძილზე. იგი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ტრაგიკულად, დამღუპველად წარმოაჩინოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ, შეუქმნას გაუკუღმართებული წარმოდგენა თავის კოლეგებს”, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

“აბსოლუტურად გაუგებარია, როგორ შეიძლება გამჭვირვალობამ საფრთხე შეუქმნას ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას” – მაკა ბოჭორიშვილი

აბსოლუტურად გაუგებარია, როგორ შეიძლება გამჭვირვალობამ საფრთხე შეუქმნას ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა მედიასთან განაცხადა.

„იგივე საკითხებზე მსჯელობა მიმდინარეობს ევროკავშირშიც და ევროკავშირი წევრი ქვეყნები ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევენ საკუთარი მოქალაქეების დაცულობის გარანტიებს“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა დღეს გაგრძელდება. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული პროექტი პლენარულ სხდომას გუშინ მამუკა მდინარაძემ წარუდგინა.

“ჩინეთს შეუძლია, უკრაინას სამართლიანი მშვიდობის აღდგენაში დაეხმაროს” – ზელენსკი

ჩინეთს შეუძლია, ხელი შეუწყოს უკრაინისთვის სამართლიანი მშვიდობის აღდგენას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ჩინეთს აგრეთვე შეუძლია, საერთაშორისო ურთიერთობებში სტაბილურობა შემოიტანოს.

„ჩინეთს მართლაც შეუძლია, ხელი შეუწყოს უკრაინისთვის სამართლიანი მშვიდობის აღდგენას და საერთაშორისო ურთიერთობებში სტაბილურობის დამყარებას“, – აცხადებს ზელენსკი.

ინფორმაციისთვის, 16 აპრილს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ჩინეთში ჩავიდა და ქვეყნის მმართველ სი ძინპინს მოუწოდა, მოსკოვზე ზეწოლა მოახდინოს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებისა და მისი ტერიტორიიდან ჯარების გაყვანის მიზნით.

პარლამენტში დღესაც უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 17 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.

„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 17 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.

შეზღუდვა არ შეეხება ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართვველოს პარლამენტში 15 აპრილიდან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ. 15-16 აპრილსაც საკანონმდებლო ორგანოში უსაფრთხოების მსგავსი რეჟიმი მოქმედებდა.

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი პარლამენტთან დღეს, 12:00 საათიდან განახლდება

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გასაპროტესტებლად მოქალაქეები პარლამენტთან დღეს, 12:00 საათიდან შეიკრიბებიან.

ამის შესახებ პარლამენტის წინ აქციაზე ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მოქალაქეებს განუცხადა.

შეგახსენებთ, პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მოქალაქეები უკვე რამდენიმე დღეა აპროტესტებენ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა 17 აპრილს გაგრძელდება.