Home Blog Page 1088

რუსეთის ტყვეობიდან უკრაინის 10 მოქალაქე გაათავისუფლეს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ტყვეობიდან უკრაინის 10 მოქალაქე გაათავისუფლეს.

„ყველა სირთულის მიუხედავად, 10 ადამიანის ტყვეობიდან დახსნა მოვახერხეთ. გათავისუფლებულთა შორის არის ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარის მოადგილე ნარიმან ჯელიალი, რომელიც ყირიმიდან 2021 წელს გაიტაცეს. ასევე, გათავისუფლებულია ელენეა პეხი და ვალერი მატიუშენკო, რომლებიც ტყვეობაში 2017-2018 წლიდან იმყოფებოდნენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი ინფორმაციით, ჯგუფის ნაწილი კიევის საერთაშორისო აეროპორტში ვერტმფრენით ჩაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ კიევის აეროპორტმა მგზავრები რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან პირველად მიიღო.

 უნდა ვიბრძოლოთ, რადგან დასაკარგი აღარაფერი გვაქვს – შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე ევრო 2024 ჩემპიონები ვართ -ვილი სანიოლი

უნდა ვიბრძოლოთ, რადგან დასაკარგი აღარაფერი გვაქვს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე ევრო 2024 ჩემპიონები ვართ. – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ესპანეთთან ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ესპანეთის ნაკრებს ბოლო 3 წელიწადში 4-ჯერ შევხვდით და ოთხივეჯერ დავმარცხდით, მაგრამ ხვალინდელი თამაში სრულიად განსხვავებული იქნება. კარგად მახსოვს ის წაგებები. ერთი მატჩი 1:7-ით დავთმეთ და შეიძლება აქ რომ ვართ მაშინდელი მარცხის დამსახურებაც იყოს, რადგან წარუმატებლობიდან სწორი დასკვნები გავაკეთეთ.

პორტუგალიასთან იყო ეპიზოდები, როდესაც ბურთს კარგად ვაკონტროლებდით და ვუტევდით, მინდა რომ ხვალინდელ თამაშზეც ასეთი სცენარი ვნახო, რადგან თუ მხოლოდ დაცვაზე იზრუნებ, შედეგს ვერ მიაღწევ“, – აღნიშნა მწვრთნელმა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით მან პლეი ოფის საგზური მოიპოვა. მერვედფინალში „ჯვაროსნები“ ესპანეთს შეხვდებიან. მატჩი 30 ივნისს, 23:00 საათზე დაიწყება.

ქართველები ვინმეს სულელები ხომ არ ვგონივართ? არგუმენტებია საჭირო, რომ ავხსნათ, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი -კახა კალაძე

x

რუსული კანონი ქვეყანაში არ არსებობს, არ მიღებულა. ერთადერთი, ვინც რუსულ საქმეს აკეთებდა ეს იყო სააკაშვილის ხელისუფლება თავისი პოლიტიკური ქმედებებით, თუნდაც გავიხსენოთ 2008 წელს დაკარგული ტერიტორიები, ეს იყო პირდაპირი რუსული საქმე, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რაც შეეხება დემონსტრაციებს, „ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია ისე, როგორც არასდროს“.

„ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოხატოს თავისი შეხედულება სხვადასხვა ფორმით, თუნდაც მანიფესტაციებით, მთავარია, ეს იყოს კანონის ფარგლებში. როგორც კი კანონის ჩარჩოებს გაცდება ქმედებები, სახელმწიფოს მხრიდან ყოველთვის იქნება რეაგირება. შეიძლება, ხვალვე გადაიდგას ნაბიჯი და დაიწყოს მსჯელობა კანონთან დაკავშირებით, უბრალოდ, ამდენი ხნის განმავლობაში ვითხოვთ წარმოდგენილი იყოს ერთი არგუმენტი, რატომ არის ცუდი, ან რატომ შეიძლება, შეიზღუდოს მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები. შენ თუ კეთილ საქმეს აკეთებ და არ გაქვს გულში ჩადებული ბოროტი ზრახვები, რაღაც დამალული ფინანსური მაქინაციებით ქვეყანაში მოაწყო არეულობა, რევოლუციები, დააფინანსო ექსტრემისტული ორგანიზაციები, მაშინ დეკლარაციის წარმოდგენა რა პრობლემაა. მთავრობის წევრები, თანამდებობის პირები, ყველა ვავსებთ დეკლარაციას, სადაც მივუთითებთ ჩვენს ფინანსურ ხარჯებთან, ქონებასთან დაკავშირებით და რატომ არ შეიძლება, თქვენ, ტელევიზიებმა ან თუნდაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომელთა 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება, აჩვენოთ ეს ყველაფერი – საიდან მიიღეთ თანხები და რა პროექტებში იხარჯება, მაგრამ ამასაც თავისი ახსნა აქვს. არასამთავრობო ორგანიზაცებს, ვინც რევოლუციებს აფინანსებს, ექსტრემისტულ ორგანიზაციებს აფინანსებს მოუწევთ ამის გასაჯაროება, შესაბამისად, აღმოჩნდებიან ძალიან მძიმე და უხერხულ მდგომარეობაში.

არგუმენტი ვერ მივიღეთ, რატომ არის პრობლემური კანონი და რატომ ეწინააღმდეგება ზოგადად, გამჭვირვალობა ევროპას, ევროპულ მომავალს და ღირებულებებს. ვერანაირი პასუხი ვერ მივიღეთ. მე არ მითქვამს, კანონი გადაიხედებათქო. მეგობრობა იმაში გამოიხატება, თუ მე რაიმე არასწორს ვაკეთებ, შენ მომცე მითითება კონკრეტული არგუმენტებით ჩემი გადადგმული ნაბიჯი, რატომ არის არასწორი. კანონი გამჭვირვალობას ეხება და როგორ შეიძლება, გამჭვირვალობა იყოს რუსული, უბრალოდ, ვერ წარმომიდგენია და ახლა მართლა ვინმეს სულელები ხომ არ ვგონივართ ქართველები, განათლებაც გვაქვს, აზროვნებაც შესაბამისი, ანალიზის გაკეთების შესაძლებლობაც ყველას ძალიან კარგი გვაქვს, ამიტომ არგუმენტები არის საჭირო იმისთვის, რომ ავხსნათ, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი“, – განაცხადა კალაძემ.

ჟენევაში გაერო-ს ოფისსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში 36 ქვეყნის მუდმივმა წარმომადგენლებმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონსა და საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ხელმომწერი ქვეყნების წარმომადგენლები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიოს აღნიშნული კანონი.

სწორი ტაქტიკით და სათამაშო დისციპლინით, რა თქმა უნდა, ესპანეთთანაც ძალიან მაგრად ვითამაშებთ -კახა კალაძე

„რაც არ უნდა ძლიერი და ფავორიტი გუნდი იყოს, საქართველოს ნაკრებთან თამაში მაინც ყველას გაუჭირდება“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საქართველო-ესპანეთს შორის 30 ივნისს გასამართი მატჩის შესახებ ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე ვხვდებით ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ ნაკრებს, თუმცა, საქართველოს ნაკრებმა დაამტკიცა, რომ ყველასთან შეუძლია თამაში.

„მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით, რომელიც წლევანდელი ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია. ესპანეთის ნაკრები დაკომპლექტებულია ძლიერი ფეხბურთელებით. ეს არის გუნდი, რომელიც ლამაზ ფეხბურთს თამაშობს. თუმცა, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დაამტკიცა და აჩვენა არა მხოლოდ ევროპას, არამედ მთელ მსოფლიოს, რომ ყველასთან შეუძლია თამაში.

ჩვენ გვყავს ძალიან მაგარი მწვრთნელი, მაგარი ბიჭები და დარწმუნებული ვარ, სწორი ტაქტიკით და სათამაშო დისციპლინით, რა თქმა უნდა, ესპანეთთანაც ძალიან მაგრად ვითამაშებთ. ყველასთან შეიძლება თამაში, წარმატების მიღწევა. ეს დადასტურდა წინა შეხვედრებშიც. რაც არ უნდა ძლიერი და ფავორიტი გუნდი იყოს, საქართველოს ნაკრებთან თამაში მაინც ყველას გაუჭირდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

 ცუდი დებატები ხდება ხოლმე, მერწმუნეთ, მე ეს ვიცი -ბარაკ ობამა

ცუდი დებატები ხდება ხოლმე, მერწმუნეთ, მე ეს ვიცი – ასე გამოეხმაურა ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა საპრეზიდენტო კანდიდატების, ჯო ბაიდენისა და დონალდ ტრამპის დებატებს.

მისივე თქმით, ნოემბრის არჩევნებში სასწორზე ბევრი რამ დევს.

„ეს არჩევნები მაინც არჩევანია მას შორის, ვინც მთელი ცხოვრება იბრძოდა უბრალო ადამიანებისთვის და ვინც მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავს; მათ შორის, ვინც სიმართლეს ამბობს, ვინც იცის სწორი და არასწორი და ვინც იტყუება საკუთარი სარგებლისთვის. ეს გუშინდელ დებატებშიც ასე იყო და სწორედ ამიტომაა, რომ ნოემბერში ბევრი რამ დევს სასწორზე“, – აღნიშნა ობამამ.

ევრო 2024-ის დაწყებიდან დღემდე გერმანიის პოლიციამ სასაზღვრო შემოწმების დროს 600-ზე მეტი ადამიანი დააკავა

ევრო 2024-ის დაწყებიდან დღემდე გერმანიის პოლიციამ სასაზღვრო შემოწმების დროს 600-ზე მეტი ადამიანი დააკავა.

ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

გერმანიის პოლიციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, სასაზღვრო შემოწმებაზე დაახლოებით 85 ადამიანი გააჩერეს ისეთი დანაშაულებისთვის, როგორებიცაა საერთაშორისო ტერორიზმი, ასევე მემარცხენე და მემარჯვენე ექსტრემიზმი.

პოლიციის უფროსის განცხადებით, ფედერალური პოლიციის 22 000 თანამშრომელი ყოველდღიურად მუშაობს მხოლოდ ფეხბურთთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომების უზრუნველსაყოფად.

ევრო 2024 14 ივნისს დაიწყო და 14 ივლისს დასრულდება. გერმანიის საზღვრებზე კი დროებითი შემოწმებები 19 ივლისამდე გაგრძელდება.

ტელედებატების შემდეგ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ამომრჩეველთა 60 პროცენტი მიიჩნევს, რომ არჩევნებზე ჯო ბაიდენის კანდიდატურა უნდა შეიცვალოს

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს, ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის გამართული სატელევიზიო დებატების შემდეგ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ამომრჩეველთა 60 პროცენტი მიიჩნევს, რომ დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა შეიცვალოს.

გამოკითხვა morning consult-მა ჩაატარა.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, დემოკრატების მომხრეთა 21 პროცენტი თვლის, რომ ჯო ბაიდენის კანდიდატურის შეცვლა არ ღირს.

29 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მოსალოდნელია ბედ-იღბლის რადიკალური ცვლილებები, ვარსკვლავური განლაგება შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში უსიამოვნებების შემომტანი გახდეს, თუ ყურადღებას მოადუნებთ, ნუ მისცემთ ნეგატიურ აზრებს თქვენი მართვის საშუალებას.

კურო

დღეს, უმჯობესია,  პირად ურთიერთობებში მოერიდოთ სპონტანურ ქმედებებს. სასიკეთოა სხვადასხვა სამედიტაციო პრაქტიკა. იყავით კეთილგანწყობილი ირგვლივ მყოფთა მიმართ.

ტყუპები

ხშირად მოუსმინეთ თქვენს გულსა და ინტუიციას, შესაძლოა, საჭირო გახდეს ცვლილებების შეტანა თქვენს ცხოვრებასა და, ზოგადად, აზროვნებაში, რათა მიაღწიოთ ახლობლებთან ურთიერთგაგებასა და ჰარმონიას.

კირჩხიბი

დღეს, უმჯობესია, იზრუნოთ თქვენი შინაგანი სამყაროზე, ყური მიუგდეთ ახლობლების რჩევებს და შეცვალეთ ნელ-ნელა თქვენი გარემო. თუ ამის საჭიროება იქნა, განმარტოვდით, შეიქმენით თქვენთვის კომფორტული გარემო.

ლომი

იფიქრეთ და დაიმუხტეთ პოზიტიური ენერგიებით, საკუთარი ძალების რწმენა, ვარსკვლავური კეთილგანწყობა და ლიდერის თვისებები დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში.

ქალწული

იყავით უფრო მოქნილი და შეეცადეთ, პასუხისმგებლობით მოეკიდოთ საერთო, თუ პირად საქმეებს, ნუ გაექცევით პრობლემებს, გააანალიზეთ და მშვიდობიანად იმუშავეთ მათი გადაჭრის გზებზე.

სასწორი

შესაძლოა, დღევანდელმა დღემ თქვენს ცხოვრებაში გარკვეული სირთულეები შეიტანოს. შეეცადეთ, ემოციური ბალანსი შეინარჩუნოთ. მედიტაცია დაგეხმარებათ არასასიკეთო ენერგიების განეიტრალებაში.

მორიელი

გათავისუფლდით ზედმეტი განცდებისა და ემოციებისგან, შეეცადეთ, განსაკუთრებული ყურადღება მიმართოთ პირადი ურთიერთობებისკენ, წინასწარ დაგეგმეთ მოქმედების სცენარი.

მშვილდოსანი

ნეგატივს საპასუხო ნეგატივით ნუ დაუპირისპირდებით. ეცადეთ, გამონახოთ საერთო ენა მოწინააღმდეგეებთან და კომპრომისით მოახერხოთ თანაარსებობა საერთო გარემოში.

თხის რქა

ჩამოაყალიბეთ თქვენი კონკრეტული მიზანი, მეტი თანაგრძნობით მოეკიდეთ ახლობელთა სურვილებსა და საჭიროებებს, იზრუნეთ ოჯახის ხანდაზმულ წევრებსა და ბავშვებზე, დაამყარეთ ჰარმონია თქვენს სივრცეში.

მერწყული

აკეთეთ მხოლოდ ის საქმე, რაც სიხარულსა და კმაყოფილებას განიჭებთ, იფიქრეთ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და წინსვლაზე, იაქტიურეთ და დროულად მიიღეთ გადაწყვეტილებები.

თევზები

დაისვენეთ, მოიშორეთ ნეგატიური აზრები. განწყობას გამოგიკეთებთ ენერგიის მიმართვა რაიმე კონკრეტული ფიზიკური საქმისკენ, ამ გზით სწორად გადაანაწილებთ თქვენს ძალებს და თავიდან აიცილებთ იმპულსურობას და უხეშობას სხვების მიმართ.

36 ქვეყანა მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გაიწვიოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი

საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, გაიწვიოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი” და შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების ყველა აქტი. ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ჟენევაში გაეროს ოფისსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში 36 ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლობა ავრცელებს.

“ვეხმაურებით უმაღლესი კომისრის მიერ მის გლობალურ ანგარიშში გაჟღერებულ შეშფოთებას საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებთან, განსაკუთრებით ე.წ. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან დაკავშირებით. ეს კანონი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ადამიანის უფლებებისთვისა და კანონის უზენაესობისთვის საქართველოში.

ეს კანონი გამიზნულია, რომ შემაკავებელი ეფექტი ჰქონდეს მედიასაშუალებების, უფლებადამცველების, და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობაზე, იმ მიზნით, რომ ჩაახშოს მათი ხმები.

კანონი მიღებულ იქნა ქართველი ხალხის დიდი ნაწილის წუხილების უგულებელყოფით და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კანონპროექტის წინ წაწევისგან თავშეკავების არაერთი მოწოდების, მათ შორის, ვენეციის კომისიის დეტალური იურიდიული არგუმენტების მიუხედავად.

საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, გაიწვიოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი, დაასრულოს დაშინების კამპანია მათ წინააღმდეგ, ვინც ეწინააღმდეგება ამ კანონს და დაიცვას გამოხატვის, შეკრებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება.

სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიების ხერხემალია, რომელიც ეხმარება ანგარიშვალდებულების, ნამდვილი გამჭვირვალობისა და მავნე გავლენებისგან გამძლეობის უზრუნველყოფაში.

საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, მთლიანად შეწყვიტოს და გამჭვირვალედ გამოიძიოს ძალის გამოყენების ყველა აქტი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც კანონს ეწინააღმდეგებიან, განახორციელოს შესაბამისი ქმედებები, რათა უზრუნველყოს დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოების ან ოპოზიციონერი აქტივისტების, ჟურნალისტებისა და სხვა მედია მუშაკების უსაფრთხოება და თავი შეიკავოს რიტორიკისგან, რომელიც ქვეყანაში უკიდურესი პოლარიზაციის კიდევ უფრო გამწვავება შეუძლია. სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებისა და სხვების წინააღმდეგ ცილისწამების, დაშინებისა და ფიზიკური ძალადობის ორკესტრირებული კამპანია მიუღებელია და უნდა შეწყდეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

36 ხელმომწერ ქვეყანას შორის არის ევროკავშირის 25 ქვეყანა (უნგრეთისა და სლოვაკეთის გარდა), აშშ, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, შვეიცარია, ნორვეგია, კანადა, ალბანეთი, მონტენეგრო, მონაკო, ლიხტენშტეინი და ისლანდია.

აშშ-ის ქმედებების გამო რუსეთმა უნდა დაიწყოს საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების წარმოება და შესაძლოა, განლაგებაც – პუტინი

აშშ-ის ქმედებების გამო რუსეთმა უნდა დაიწყოს საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების წარმოება და შესაძლოა, განლაგებაც. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს წევრებთან სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის მიერ საკუთარი საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში განლაგება რუსეთის შეშფოთებას იწვევს და რეაგირებას საჭიროებს, ამიტომ, შესაძლოა, მოსკოვმა თავად დაიწყოს მსგავსი რაკეტების წარმოება და შემდგომში განლაგება.

“დღეს ცნობილია, რომ აშშ არა მხოლოდ აწარმოებს მსგავს სარაკეტო სისტემებს, არამედ უკვე ჩაუტანიათ ისინი სწავლებებზე ევროპაში – დანიაში, და სულ ცოტა ხნის წინ გამოცხადდა, რომ ისინი ფილიპინებზეა. ამავდროულად უცნობია, იქიდან მათ რაკეტები გაიტანეს თუ არა…

ნებისმიერ შემთხვევაში ამაზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ და გადაწყვეტილებები მივიღოთ იმაზე, თუ რას გავაკეთებთ შემდგომ ამასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ამ დამრტყმელი სისტემების წარმოება უნდა დავიწყოთ და შემდგომ, რეალურად არსებული ვითარებიდან გამომდინარე, გადაწყვეტილებები მივიღოთ იმაზე, თუ სად განვალაგოთ – თუ ეს საჭირო გახდება ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”, – განაცხადა პუტინმა.

ესპანეთთან თამაშის გამოცდილება მაქვს და ვეცდები გოლი ვერ გაიტანონ – გიორგი მამარდაშვილი

ესპანეთთან თამაშის გამოცდილება მაქვს და ვეცდები გოლი ვერ გაიტანონ, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი მედიასთან განაცხადა.

„ესპანეთი არის ერთ-ერთი ფავორიტი გუნდი, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ ერთხელ სასწაული მოვახდინოთ. ესპანეთი ითამაშებს შემტევ ფეხბურთს, ეცდებიან რაც შეიძლება მეტი გოლი გაიტანონ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ ვინ გვყავს შეტევაში, ესენი არიან მიქაუტაძე და კვარაცხელია, მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს ხიფათი შექმნან და გოლი გაიტანონ, ასე რომ ფრთხილად იყვნენ“, – აღნიშნა მამარდაშვილმა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 2: ამ გამარჯვებით მან პლეი ოფის საგზური მოიპოვა. მერვედფინალში „ჯვაროსნები“ ესპანეთს შეხვდებიან. მატჩი 30 ივნისს, 23:00 საათზე დაიწყება.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განახლებული Primeclass Lounge და სწრაფი გასასვლელი სივრცე ოფიციალურად გაიხსნა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების დარბაზში Primeclass Lounge – ის განახლებული სივრცე და სწრაფი გასასვლელი (Fast Track) ოფიციალურად გაიხსნა. გაფართოებული ლაუნჯი უფრო მეტი მგზავრის კომფორტულ გარემოში მომსახურების საშუალებას იძლევა.


აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე – მარიამ ქვრივიშვილი, ,,ტავ აეროპორტს ‘’ აღმასრულებელი საბჭოს წევრი და კომიტეტის თავმჯდომარე – ფრენკ მერეიდი, ,,ტავ ჯორჯიას’’ – ს გენერალური მენეჯერი – თეა ზაქარაძე და ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.


თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველმა კომპანია ,,ტავ ჯორჯიამ‘’ აეროპორტის გამტარუნარიანობის ზრდის მიზნით, თბილისის აეროპორტში გამგზავრების დარბაზი გააფართოვა, რომლის ფარგლებშიც ტერმინალს ახალი სივრცეები შეემატა, მათ შორის, ,,Fast Track’’, რომელიც TAV Operation Service – სა და VISA – ს თანამშრომლობლის შედეგად განნხორციელდა. Fast Track (სწრაფი გასასვლელი) ვიზა პრემიუმ ბარათის მფლობელებს რიგის გარეშე, სწრაფი გასასვლელით მოემსახურება. პროექტის საინვესტიციო ღირებულებამ ჯამურად 2 200 000 ლარი შეადგინა.


თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად, ბიზნეს ლაუნჯის ფართობი 84%, ხოლო მგზავრთა ადგილების რაოდენობა 73% პროცენტით გაიზარდა. Primeclass Lounge – ის პროექტი განახლებული დიზაინით TAV Operation Services – მა განახორციელა, რომლის ჯამურმა ინვესტიციამ 700 000 ლარი შეადგინა.


Primeclass Lounge – ს ოპერირებას უწევს TAV Airports Holding-ისა და Groupe ADP- ის შვილობილი კომპანია, აეროპორტებისა და ტურისტული მასპინძლობის სერვისების წამყვანი გლობალური პროვაიდერი TAV Operation Services-ი, რომელიც პრემიუმ მგზავრთა მომსახურებით 19 ქვეყნის 90 -ზე მეტ ლაუნჯშია წარმოდგენილი.