ქართველები ვინმეს სულელები ხომ არ ვგონივართ? არგუმენტებია საჭირო, რომ ავხსნათ, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი -კახა კალაძე

20
x
spot_img

რუსული კანონი ქვეყანაში არ არსებობს, არ მიღებულა. ერთადერთი, ვინც რუსულ საქმეს აკეთებდა ეს იყო სააკაშვილის ხელისუფლება თავისი პოლიტიკური ქმედებებით, თუნდაც გავიხსენოთ 2008 წელს დაკარგული ტერიტორიები, ეს იყო პირდაპირი რუსული საქმე, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რაც შეეხება დემონსტრაციებს, „ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია ისე, როგორც არასდროს“.

„ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოხატოს თავისი შეხედულება სხვადასხვა ფორმით, თუნდაც მანიფესტაციებით, მთავარია, ეს იყოს კანონის ფარგლებში. როგორც კი კანონის ჩარჩოებს გაცდება ქმედებები, სახელმწიფოს მხრიდან ყოველთვის იქნება რეაგირება. შეიძლება, ხვალვე გადაიდგას ნაბიჯი და დაიწყოს მსჯელობა კანონთან დაკავშირებით, უბრალოდ, ამდენი ხნის განმავლობაში ვითხოვთ წარმოდგენილი იყოს ერთი არგუმენტი, რატომ არის ცუდი, ან რატომ შეიძლება, შეიზღუდოს მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები. შენ თუ კეთილ საქმეს აკეთებ და არ გაქვს გულში ჩადებული ბოროტი ზრახვები, რაღაც დამალული ფინანსური მაქინაციებით ქვეყანაში მოაწყო არეულობა, რევოლუციები, დააფინანსო ექსტრემისტული ორგანიზაციები, მაშინ დეკლარაციის წარმოდგენა რა პრობლემაა. მთავრობის წევრები, თანამდებობის პირები, ყველა ვავსებთ დეკლარაციას, სადაც მივუთითებთ ჩვენს ფინანსურ ხარჯებთან, ქონებასთან დაკავშირებით და რატომ არ შეიძლება, თქვენ, ტელევიზიებმა ან თუნდაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომელთა 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება, აჩვენოთ ეს ყველაფერი – საიდან მიიღეთ თანხები და რა პროექტებში იხარჯება, მაგრამ ამასაც თავისი ახსნა აქვს. არასამთავრობო ორგანიზაცებს, ვინც რევოლუციებს აფინანსებს, ექსტრემისტულ ორგანიზაციებს აფინანსებს მოუწევთ ამის გასაჯაროება, შესაბამისად, აღმოჩნდებიან ძალიან მძიმე და უხერხულ მდგომარეობაში.

არგუმენტი ვერ მივიღეთ, რატომ არის პრობლემური კანონი და რატომ ეწინააღმდეგება ზოგადად, გამჭვირვალობა ევროპას, ევროპულ მომავალს და ღირებულებებს. ვერანაირი პასუხი ვერ მივიღეთ. მე არ მითქვამს, კანონი გადაიხედებათქო. მეგობრობა იმაში გამოიხატება, თუ მე რაიმე არასწორს ვაკეთებ, შენ მომცე მითითება კონკრეტული არგუმენტებით ჩემი გადადგმული ნაბიჯი, რატომ არის არასწორი. კანონი გამჭვირვალობას ეხება და როგორ შეიძლება, გამჭვირვალობა იყოს რუსული, უბრალოდ, ვერ წარმომიდგენია და ახლა მართლა ვინმეს სულელები ხომ არ ვგონივართ ქართველები, განათლებაც გვაქვს, აზროვნებაც შესაბამისი, ანალიზის გაკეთების შესაძლებლობაც ყველას ძალიან კარგი გვაქვს, ამიტომ არგუმენტები არის საჭირო იმისთვის, რომ ავხსნათ, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი“, – განაცხადა კალაძემ.

ჟენევაში გაერო-ს ოფისსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში 36 ქვეყნის მუდმივმა წარმომადგენლებმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონსა და საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ხელმომწერი ქვეყნების წარმომადგენლები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიოს აღნიშნული კანონი.