Home Blog Page 1087

📌სპორტსმენების, ფეხბურთელების, მსახიობებისა და სხვადასხვა დარგის წარმომადგენლების მიმართ უდიდესი ბულინგი ხორციელდება – ფაშისტები არიან -კახა კალაძე

კონკრეტული პოლიტიკოსები, პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ფაშისტები, რომლებიც ახალისებენ ძალადობასა და ბულინგს , – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო დღეებში სპორტსმენების, მსახიობების, მედიისა და სხვადასხვა დარგის წარმომადგენლების მიმართ ბულინგი ხორციელდება.

„ჩვენთვისაც, ყველასათვის მნიშვნელოვანია მშვიდობა. ჩვენი მიზანი, რომლისკენაც მივისწრაფვით, არის ევროპული მომავალი. ჩვენი ფეხბურთელების, ზოგადად სპორტსმენების, მსახიობებისა და სხვადასხვა დარგის წარმომადგენლების მიმართ უდიდესი ბულინგი ხორციელდება. ვერ წარმოიდგენთ რა ხდება მათ პირად შეტყობინებებში, რას წერენ, როგორ შეურაცხყოფას აყენებენ. ვინ აკეთებს ამას და ვინ დგას ამის უკან, საზოგადოებისთვის ყველაფერი ცხადია. ეს ადამიანები თავის ხელწერას ინარჩუნებენ – ჩვეულებრივი ფაშისტები არიან. ლიბერალიზმთან, დემოკრატიასთან და ევროპულ ღირებულებებთან საერთოდ კავშირი არ აქვთ. ანალოგიური ბულინგი ხორციელდება მედიის წარმომადგენლების მიმართ. ერთი ადამიანი არ გამოსულა, რომ ეს ყველაფერი და ეს ზოგადი ბულინგი დაეგმო. თუნდაც მამუკა მდინარაძეს ელისაშვილი რომ მიეპარა, ხომ ნახეთ, ამას რა განცხადებები მოჰყვა. ძალადობის წახალისება მიმდინარეობდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ვისაც ხელისუფლების არ სჯერა, თავად შეუძლია წაიკითხოს კანონპროექტი და დარწმუნდეს, რომ ის ევროპულ მომავალს არ ეწინააღმდეგება.

„კონკრეტული პოლიტიკოსები, პოლიტიკური პარტიები და კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ფაშისტები. მე ყველაზე არ ვსაუბრობ და არ მინდა ყველამ თავის თავზე მიიღოს. არიან ადამიანები, რომლებსაც გულწრფელად სჯერათ, გაურკვევლობაში არიან ან არ აქვთ სწორი ინფორმაცია. ამიტომ ყველას მინდა ვთხოვო, ახალგაზრდებს მათ შორის, ჩვენც ნუ დაგვიჯერებთ. თქვენ თვითონ ნახეთ, წაიკითხეთ და გამოიტანთ დასკვნას, რომ აღნიშნული კანონპროექტი ევროპულ მომავალს არ ეწინააღმდეგება“, – აღნიშნა კახა კალაძემ „იმედის“ ეთერში.

მთავრობის ადმინისტრაციასთან ხაბეიშვილსა და ერთ-ერთ სამართალდამცავს შორის დაპირისპირება მოხდა

მთავრობის ადმინისტრაციასთან “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილსა და ერთ-ერთ სამართალდამცავს შორის დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ლევან ხაბეიშვილმა პოლიციის წარმომადგენელმა მიმართა, რომ ისინი “მამუკა მდინარაძეს არ ჩამორჩებიან”.

“მე მაქვს უფლება თავისუფლად შევიდე მთავრობის ადმინისტრაციაში. რატომ იმალება [ირაკლი კობახიძე]? თქვენ რატომ გეფარებათ?” – განაცხადა ხაბეიშვილმა, რაზეც სამართალდამცავმა ის პროვოკაციაში დაადანაშაულა. აღნიშნულის საპასუხოდ ხაბეიშვილმა მას ისევ მიმართა: “სად მნახე სადმე შევარდნილი? ხომ სირცხვილია, რასაც ლაპარაკობთ? ერთი სული გაქვთ რაიმე მიზეზი მოძებნოთ. მდინარაძეს არ ჩამორჩებით, სამწუხაროდ”, – მიმართა ხაბეიშვილმა სამართალდამცავს.

საბოლოოდ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ ხაბეიშვილი ტერიტორიიდან გაიყვანა.

📌შეჩერდეს სადავო კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების პროცედურები – მიტროპოლიტი გრიგოლი

შეჩერდეს სადავო კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების პროცედურები – ფოთისა და ხობის ეპარქია მიტროპოლიტ გრიგოლის მიმართვას ავრცელებს.

მიტროპოლიტი გრიგოლი აცხადებს, რომ კანონის უკლან გაწვევა დიდსულოვანი ნაბიჯი იქნება, რომელიც გაუხსნის გზას სამოქალაქო მშვიდობას, ხოლო ჩვენს სამშობლოს ააცილებს იმ საფრთხეს, რასაც დაძაბულობის შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში უკიდურესად გაღიზიანებული მტერი რევანშისთვის გამოიყენებს.

“ძვირფასო თანამემამულენო და თანამოქალაქენო,
ქრისტესმიერ საყვარელო ძვირფასო ძმანო და დანო,
ჩვენი სამშობლო და მისი სახელმწიფოებრიობა, თავისი უახლესი ისტორიის მანძილზე, უმძიმეს და ურთულეს გზას გადის. მიუხედავად ამ გზაზე არსებული სირთულეებისა და განსაცდელისა, საქართველო მაინც შეუპოვრად მიიწევს წინ!

ვერავინ იტყვის, რომ ოდესმე ვინმემ მარტივად და იოლად გაიარა ცივილიზაციის მოცემული ეტაპი. ისტორიული განვითარების ამ ეტაპზე ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია ზეგარდამო კურთხევა, ხოლო გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხალხის ნებას, რის აღსრულებასაც ხალხი მიანდობს თავის რჩეულებს.
ეს რჩეულნი დღეს არიან საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს, პარლამენტის წევრები და ქვეყნის მთავრობა, ე.ი. ჩვენი ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, უდიდესია ქვეყნის ხელისუფლების პასუხისმგებლობის ტვირთი ისტორიისა და საკუთარი ხალხის წინაშე!

საქართველოს კონსტიტუციის მერვე მუხლში აღიარებული საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლი საქართველოს ისტორიაში, რითაც ასევე ხაზგასმულია ამ უმნიშვნელოვანესი უხუცესი ინსტიტუტის ისტორიული პასუხისმგებლობა ღვთისა და ერის წინაშე.

შექმნილი მდგომარეობა, მაღალი სულიერი პასუხისმგებლობის ტვირთი და წარსულის მძიმე გამოცდილება მავალებს, რომ მოგმართოთ, როგორც ერთმა თქვენგანმა და თქვენ შორის უკანასკნელმა:
ის დაძაბულობა და საზოგადოებრივი პროტესტი, რაც უკანასკნელი დღეების განმავლობაში ვითარდება საქართველოს პარლამენტში და მის ირგვლივ, ის, რაც ამ დაძაბულობის ესკალაციას შეიძლება მოჰყვეს ამ ქვეყნის ცხოვრებაში, საკმარისზე მეტ არგუმენტს იძლევა საიმისოდ, რომ შეწყდეს/შეჩერდეს სადავო კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების პროცედურები, რამაც შექმნა უკიდურესი დაძაბულობის საფუძვლები ქართულ საზოგადოებაში.

მიმაჩნია, რომ ეს გაბედული და დიდსულოვანი ნაბიჯი გაუხსნის გზას სამოქალაქო მშვიდობას, ხოლო ჩვენს სამშობლოს ააცილებს იმ საფრთხეს, რასაც დაძაბულობის შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში უკიდურესად გაღიზიანებული მტერი რევანშისთვის გამოიყენებს და შექმნილ ვითარებაში გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს საქართველოს ისტორიულ მისწრაფებას; მაშინ კი ჩვენი მეგობრები და პარტნიორები ვეღარ დაიხსნიან ჩვენს მრავალჭირნახულ სამშობლოს.
პატივცემულო ხელისუფლების წარმომადგენელნო, მდაბლად მოგმართავთ უმორჩილესი თხოვნით:
თქვენ შეგიძლიათ ამ სახიფათო დაძაბულობის განმუხტვა და შესაძლო მძიმე შედეგების აცილება ჩვენი შვილებისა და სრულიად საქართველოსთვის.
მჯერა, თქვენ შეძლებთ დაძლიოთ პიროვნული წყენები! მჯერა თქვენი ქრისტიანული დიდსულოვნებისა!
ამ დიდმარხვაში, მოახლოებული ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულის ზღურბლზე მყოფთ, ყველას გვმართებს ურთიერთმიტევება და მოყვასისათვის თავის დადება და არა პირიქით!
ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო!
ღმერთმა დალოცოს ჩვენთა წინაპართა უკვდავი სულები!
ღმერთმა დალოცოს ქართული სახელმწიფო!
ქრისტესმიერ საყვარელნო, მომავალი თქვენია!” ნათქვამია მეუფე გრიგოლის მიმართვაში.

შსს განცხადებას ავრცელებს

შსს მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობრივი მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციამ ჩაიაროს მშვიდ
ვითარებაში.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მესამე დღეა თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით, მობილიზებული არიან
და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.

მოვუწოდებთ აქციის ყველა მონაწილეს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის
ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მითითებებს.

ასევე, მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობრივი მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციამ ჩაიაროს მშვიდ
ვითარებაში.

კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ნიკა გვარამია, გიგი უგულავა და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ

ნიკა გვარამია, გიგი უგულავა და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ და აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნაა „არა რუსულ მთავრობას“.

ისინი აქციის მონაწილეებთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციასთან იმყოფებიან. მათი განცხადებით, ელოდებიან ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას და დაშლას არ აპირებენ.

ნიკა გვარამიას განცხადებით, დღეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღების შემდეგ მოთხოვნა შეიცვალა და გახდა „არა რუსულ მთავრობას“. კითხვაზე, „თუ არ შეგხვდებათ, რას აპირებთ?“, – გვარამიამ უპასუხა: „ამ თუზე იფიქროს კობახიძემ, ჩვენ ვიცით, რაც მოხდება“.

მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელებთან მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

მთავრობის ადმინისტრაციასთან სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს

მთავრობის ადმინისტრაციასთან სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს.

სამართალდამცველების ინფორმაციით, დაკავებულ პირს ცივი იარაღი, დანა ჰქონდა.

„რად გინდოდა ბიჭო დანა“, – მიმართა სამართალდამცავმა დაკავებულ პირს.

მთავრობის კანცელარიასთან ამ წუთებში ხმაურია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ადმინისტრაციაში შესვლას და პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ. აღნიშნულს პოლიტიკოსებს, სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება ახლავს, ვინაიდან პოლიცია შეკრებილებს ამის საშუალებას არ აძლევს.

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსს შეხვდნენ

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსს შეხვდნენ.

შესაბამის ფოტოს სოციალურ ქსელში თავად ევროპარლამენტარი ავრცელებს.

„ამ დღეებში მედიასა და სოციალურ ქსელებში ჩვენ ვხედავთ მასიური პროტესტის ფოტოებს საქართველოდან, რომლებიც აპროტესტებენ „უცხოური აგენტის“ რუსული კანონის ანალოგს. ჩემთვის, ქართველი ხალხი და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ყოველთვის იყვნენ აქტივიზმისა და მოქალაქეობის მაგალითები, ევროკავშირში ინტეგრაციის მისწრაფების დასაცავად. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა დელეგაციის ვიზიტმა, რომელიც შედგება სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისგან, შეაფასეს საქართველოს მთავრობის მუშაობა ბრიუსელში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად ევროკავშირის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესრულებაში.

მე მოვისმინე მათი შეშფოთება და სურვილი, რომ ევროპულმა პარლამენტმა მკაცრი და კონკრეტული მესიჯი გაუგზავნოს მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“. უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღება, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის ან ლიეტუვის მხარდაჭერის მქონე ორგანიზაციებიც კი „უცხოური გავლენის აგენტებად“ ჩაითვლება, ხელს შეუშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას. ვეცდები, ეს მკაფიო მესიჯი გავუგზავნო ოფიციალურ თბილისს მომავალ კვირას სტრასბურგში გამართულ სესიაზე“, – წერს აუსტრევიჩუსი.

როგორც გავრცელებული ფოტოდან ხდება ცნობილი, პეტრას აუსტრევიჩუსთან ერთად შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ფონდ „ღია საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ხუციშვილი, „სასამართლოს გუშაგის“ ხელმძღვანელი ნაზი ჯანეზაშვილი, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ თანასწორობის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დირექტორი თამარ ხიდაშელი.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი სოციალურ ქსელში დღეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ვარდების რევოლუციის“ სულისკვეთებას შეუძლია, გადაარჩინოს საქართველოს ევროპული მომავალი“.

,,იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა, ძალადობა მოხდება, კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ”- ვაჟა სირაძე

ამ ეტაპისათვის პოლიცია დგას. არანაირი განკარგულება არ აქვს, გარდა ერთისა, დაიცვას კანონი და იმოქმედოს კანონის შესაბამისად, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ მოხდება რაიმე სახის სამართალდარღვევა, ძალადობა, პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

“არაერთხელ განვაცხადე და კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ როდესაც აქცია მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში და არ სცდება შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონით დადგენილ ნორმებს, პოლიცია არის სტანდარტულად მშვიდ რეჟიმში. იმ შემთხვევაში, თუ მოხდება რაიმე სახის სამართალდარღვევა, ძალადობა კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ. ამ ეტაპისათვის პოლიცია დგას. არანაირი განკარგულება არ აქვს, გარდა ერთისა, დაიცვას კანონი და იმოქმედოს კანონის შესაბამისად. ამასთან, ყველა სამართალდარღვევაზე ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება. წინასწარ რაიმე განცხადების გაკეთების საშუალება არ გვაქვს. ვიმყოფებით და ვმოქმედებთ არსებული რეალობიდან გამომდინარე”, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

,,აუცილებლად მივაღწევთ ჩვენს საწადელს! ივანიშვილი გაიწვევს “რუსულ კანონს” და გაიგებს თქვენ ხმას”-ბოკუჩავა

აუცილებლად მივაღწევთ ჩვენს საწადელს! ივანიშვილი გაიწვევს “რუსულ კანონს” და გაიგებს თქვენ ხმას, რომელიც ამბობს: “კი, ევროპას, არა რუსულ კანონს!”, – ასე მიმართა ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ.

 

მისი თქმით, “ქართული ოცნება” ევროპულ მომავალს ვერ წაგვართმევს და აღნიშნა, რომ “ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ერთიანობის ეშინია”.

 

“ჩემო ძვირფასებო, ძალიან ამაყი ვარ, რომ მე ერთ-ერთი თქვენგანი ვარ დღეს, რომ თქვენთან ერთად ვდგავარ აქ, რუსთაველზე და თქვენთან ერთად ვიცავ ჩვენი ქვეყნის მომავალს, ჩვენს ევროპულ მომავალს. მე ვხედავ, რომ თქვენ აქ ხართ გამარჯვებისთვის და მხოლოდ გამარჯვებისთვის! ეს ჩანდა გუშინ, ეს ჩანს დღეს, ეს გამოჩნდება ხვალ და ყოველ დღე, სანამ ივანიშვილი არ გაიწვევს “რუსულ კანონს”! ივანიშვილმა მერამდენედ მოატყუა ქართველი ხალხი, მერამდენედ მოგატყუათ თქვენ, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი თქვენგანი აქ იდგა შარშან, აქ ამბობდა: “არა რუსულ კანონს” და სწორედ თქვენი დამსახურებით გაიწვია ივანიშვილმა “რუსული კანონი”. სწორედ თქვენი დამსახურებით მიიღო საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ეს ძალიან დიდი მონაპოვარი, რომლის წართმევასაც ახლა ცდილობს ივანიშვილის პარტია, მაგრამ ვერ წაგვართმევენ! ვერ წაგვართმევენ ევროპულ მომავალს. იცით რატომ? იმიტომ, რომ თქვენ ხართ აქ, იმიტომ, რომ ერთიანი ვართ და ამის ეშინია ყველაზე მეტად ივანიშვილს! ივანიშვილს სწორედ ჩვენი ერთიანობის ეშინია!,” – განაცხადა ბოკუჩავამ.

,,მოვითხოვოთ, რომ გამოვიდეს პრემიერ – მინისტრი და დაგველაპარაკოს”- ლევან ცუცქირიძე

აქციის – “არა რუსულ კანონს” მონაწილეების მიერ ხელისუფლებისთვის “უცხოური გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტისგაწვევისთვის მიცემული 1 – საათიანი ვადა ამოიწურა.

აქციის ერთ-ერთმა წამყვანმა, ლევან ცუცქირიძემ მოუწოდა აქციის მონაწილეებს, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლონ.

„ჩვენ გვინდა შემოგთავაზოთ, რომ ახლა ჩვენთან ერთად, მშვიდობიანად, წყნარად წავიდეთ სახელმწიფო კანცელარიასთან და მოვითხოვოთ, რომ გამოვიდეს პრემიერ – მინისტრი და დაგველაპარაკოს”, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

ლევან ცუცქირიძის განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან გადანაცვლების შემდეგ,ისინი ხელისუფლებისგან კანონის უკან გაწვევასთან ერთად და დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გასაპროტესტებლად მოქალაქეები პარლამენტის უკანა შესასვლელთან დღეს, 12:00 საათიდან შეიკრიბნენ, ხოლო 19:00 საათიდან აქცია პარლამენტის წინ გაგრძელდა. კანონპროექტს მოქალაქეები მესამე დღეა აპროტესტებენ.

საქართველოს პარლამენტმა, 83 ხმით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დღეს პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის კენჭისყრას სამდღიანი ხმაურიანი საკომიტეტო და სასესიო განხილვა უძღოდა წინ.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავთა გადაჯგუფება შეინიშნება

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავთა გადაჯგუფება შეინიშნება.

უფრო კონკრეტულად, ამ დროისთვის თავისუფლების მოედანზე შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, მათ შორის სპეცდანიშნულების რაზმია განთავსებული. სპეცრაზმელები ადგილზე განთავსებულ ავტობუსებში იმყოფებიან. თავისუფლების მოედანზე დგას წყლის ჭავლის მანქანაც.

გარდა ამისა, სამართალდამცავთა მობილიზებაა მთავრობის ადმინისტრაციის ტერიტორიაზეც.

როგორც ცნობილი ხდება, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები გამაგრებული არიან უშუალოდ პარლამენტის ეზოშიც.

,,საქართველოს სირცხვილი იქნება თუ გიგაურისა და ლომჯარიას დეკლარაციის გამო ქვეყანას რევოლუციას მოუწყობენ”- ყაველაშვილი

პრიმიტიულ, უმეცარ კითხვაზე – სად გინდა შენ, რუსეთში თუ ევროპაში? რა თქმა უნდა ყველა ჩვენგანის პასუხი ერთია, – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, აქციების უკან, რომელიც რამდენიმე დღეა იმართება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ დგას, რომელშიც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია და „ნაციონალური მოძრაობიდან“ ხალხის დასანახად გასული ცნობილი სახეები შედიან.

ყაველაშვილმა ისაუბრა საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებზეც და მოუწოდა მათ დრო დაუთმონ პრემიერ-მინისტრის დღეს გამართულ ბრიფინგს, სადაც ის დეტალურად საუბრობს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.

„განა ფეხბურთელებს თავიანთი პოზიცია არ უნდა ჰქონდეთ პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებზე, ამას არავინ ამბობს – საქართველო მათი ქვეყანაა და დიახ, ყველა მოვლენაზე თავიანთი აზრი უნდა გააჩნდეთ. უბრალოდ რჩევის სახით ვეტყვი, დღეს ბრიფინგი ჰქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, სხვათა შორის ნაკრების დიდი გულშემატკივარია და დეტალებში განმარტა, თუ რა პროცესებთან გვაქვს დღეს საქმე. ექნებათ ბიჭებს იმის საშუალება, რომ ოცი წუთი გამოყონ და მოუსმინონ რას საუბრობს პრემიერ-მინისტრი გამჭვირვალობის საკითხთან დაკავშირებით. სხვათა შორისს ისინი ევროპაში თამაშობენ და დიახ, ჩვენ გავკვალეთ გზა, რომ მათ დღეს ევროპაში ეთამაშათ. ამ ბიჭებსაც უწევთ გამოწვევების გადალახვა, თქვენ რა გგონიათ, რომ ყველა კეთილად არის განწყობილი მათ მიმართ?

ამ პრიმიტიულ, უმეცარ კითხვაზე – სად გინდა შენ, რუსეთში თუ ევროპაში? რა თქმა უნდა ყველა ჩვენგანის პასუხი ერთია.

მინდა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც დგანან აქციაზე ვუთხრა, იმ ადამიანების უკან, რომლებიც მათ აქციებში ჩართვისკენ მოუწოდებენ, დგას ეკა გიგაური, რომლის ორგანიზაციას გამჭვირვალობა ჰქვია და რომელმაც დღეს გააზიარა პოსტი, სადაც წერია, რომ 83 კუბო უნდა წარმოადგინონ პარლამენტარებისთვის და ჩვენ ამ კუბოში უნდა შევწვეთ. არის მოწოდებები, რომ მოღალატეებს გაგვანადგურებენ და რატომ უნდა გაგვანადგურონ? ჩვენს სახელმწიფოს რომ ვიცავთ და მათი ორგანიზაციების გამჭვირვალობას რომ მოვითხოვთ? იმისთვის, რომ გვინდა საზოგადოებას ჰქონდეს საშუალება ნახოს ის დეკლარაცია, სადაც ასახული იქნება თუ საიდან ფინანსდებიან.

საქართველოს სირცხვილი იქნება თუ გიგაურისა და ლომჯარიას დეკლარაციის გამო ჩვენს ქვეყანას რევოლუციას მოუწყობენ. სულის ამოხდით ემუქრებოდა საქართველოს გივი თარგამაძე, რომელიც აქციაზე გამოჩნდა და პოლიციელებს ამუნათებს. შოთა უტიაშვილი, ბაჩო ახალაია, გვარამია, მელია და მთლიანად „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“. ეს ხალხი გვამუნათებს დღეს ჩვენ. ეს ადამიანები დგანან ამ აქციების უკან. ამიტომაც გვსურს, ჩვენ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ველიდან გაქრობა და გასამართლება“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.