Home Blog Page 1083

„ქაღალდის პირადობის მოწმობის მქონე მოქალაქეებისთვის პენსიების და სხვა სოციალური შემწეობის მიღება, მომდენო ერთი თვის განმავლობაში არ დაბრკოლდება“ – მიხეილ სარჯველაძე

იმისთვის, რათა ქაღალდის პირადობის მქონე მოქალაქეები არ დარჩნენ მომავალში პენსიის ან სხვა სოციალური გასაცემელის გარეშე, მოვუწოდებ, რომ მიმართონ იუსტიციის სახლებს და აიღონ თანამედროვე პირადობის მოწმობა , – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ე.წ. ქაღალდის პირადობის მქონე მოქალაქეების რაოდენობა, რომელთაც თავიანთი მოწმობები თანამედროვე პირადობის მოწმობით არ შეცვალეს საკმაოდ მაღალია.

„დღეიდან კანონის ძალით საქართველოში იურიდიული ძალა დაეკარგა 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემულ პირადობის მოწმობებს. ანუ, ამიერიდან იურიდიული ძალის არმქონედ ითვლება ე.წ. ქაღალდის ან ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობები. სახელმწიფოს მხრიდან დიდი ძალისხმევა მოხმარდა იმას, რომ ყველას, ვისაც ჰქონდა ე.წ. ქაღალდის პირადობის მოწმობები, შეეცვალათ თავიანთი მოწმობები თანამედროვე პირადობის მოწმობით.

ამ მიზნით მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულია უფასოდ პირადობის მოწმობის შეცვლა. მიუხედავად ამისა, საკმაოდ დიდმა ნაწილმა ჩვენი მოქალაქეებისა, რომელთაც აქვთ ე.წ. ქაღალდის პირადობის მოწმობა, არ ისარგებლეს ამ შესაძლებლობით და დღეიდან ამ ადამიანებს აღარ აქვთ მოქმედი პირადობის დამადასტურებელი საბუთი.

იმისთვის, რათა დაბრკოლება არ შეექმნას ამ ადამიანებს მათთვის გათვალისწინებული პენსიების და სხვა სოციალური შემწეობების მისაღებად, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში არ დაბრკოლდება ამ თანხების გაცემა. თუმცა, ეს არ ნიშნავს ქაღალდის პირადობის მოწმობებისთვის მოქმედების ვადის გაგრძელებას.

ეს ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ სოციალური გასაცემლების მიღებაზე არ შეექმნებათ მოქალაქეებს დაბრკოლება ამ დამატებითი პერიოდის განმავლობაში.

თუმცა, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს წესი დროებითია და ის უსაზღვროდ ვერ გაგრძელდება.

ამიტომ, იმისთვის, რათა ქაღალდის პირადობის მქონე მოქალაქეები არ დარჩნენ მომავალში პენსიის ან სხვა სოციალური გასაცემელის გარეშე, მინდა მათ მივმართო და მათ მოვუწოდო, რომ მიმართონ იუსტიციის სახლებს და აიღონ თანამედროვე პირადობის მოწმობა, რათა, ვიმეორებ, მომავალში არ შეექმნათ დაბრკოლება პენსიისა და სხვა სოციალური დახმარების მისაღებად, ასევე სხვა ნებისმიერი მომსახურების მისაღებად, რომლისთვისაც ზოგადად მათ სჭირდებათ პირადობის დადასტურება. სახელმწიფო კი კვლავაც მაქსიმალურად ხელს შეუწყობს იმ ადამიანებს, ვინც მოითხოვს პირადობის მოწმობის გამოცვლას“,-აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

ვამაყობ რომ ქართველი ვარ! – გიორგი გველესიანი

ვამაყობ რომ ქართველი ვარ! – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი გველესიანი სოციალურ ქსელში წერს.

“რთულია, გადმოგცეთ ჩემი გაორებული შეგრძნებები. ერთის მხრივ, ვარ ამაყი, რომ წარმოვადგენ იმ ნაკრებს,რომელმაც ასე ღირსეულად წარმოაჩინა თავი, ამ უდიდეს ასპარეზზე,თითქოს შეუძლებელი შესძლო,თითქოს, ამ დაუღალავმა 33 წლიანი წყურვილმა და მოლოდინმა სიხარულისა,ერთიანობისა და სიამაყისა, ერთიანად ამოხეთქა და მოიცვა მთელი ერი. ვისაც ოდესმე ვიცნობდი,ვისაც ოდესმე შევხევდრილვარ, ან და ვისთვისაც, თუნდაც ერთხელ ხელი ჩამომირთვამს,ყველა გახარებული და გაბრწყინებული თვალებით ვნახე.
ეს დაუვიწყარი შეგრძნებებია.

მეორეს მხრივ,რაღაც არ მასვენებს,ვიცი რომ მსოფლიოში საუკეთესოები იყვნენ,ვიცი რომ თითქმის უნაკლოდ დაბალანსებულ გუნდს შევხდით,რომელთა წინააღმდეგ “ბურთი მრგვალი” არავისთვისაა,რომელთა წინააღმდეგ არცერთი შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვს. თუმცა,ესეთ მონსტრთან დავწინაურდით,გაჩნდა შეგრძნება,რომ ჩვენ ამასაც შევძლებთ. მთელი პირველი ტაიმი თავს შეუპოვრად ვიცავდით,ისინი კი აგრძელებდნენ,წყნარად მშვიდად და ორგანიზებულად, ყველა მხრიდან შეტევებს,საბოლოოდ ეს უპირატესობა მათ გოლებში და გამარჯვებაში გადაიზარდა. ბევრს ვფიქრობ და მაქვს დაუმკაყოფილებლობის შეგრძნება,ალბათ ისე როგორც ყველა ჩვენგანს, მაგრამ,რაც უფრო დრო გადის,მით უფრო ვხვდები, რომ ფეხბურთში საბოლოოდ კანონზომიერება ყველაფერს თავის ადგილს უჩენს.

მადლობა ქართველ გულშემატკივარს, ნამდვილად გამორჩეულები იყავით. ემოციურებიც,კულტურულებიც,ერთიანებიც,ლამაზებიც და ენერგიულებიც. ეს თქვენი დიდი გამარჯვებაა!”, – აღნიშნავს იგი.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8016 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8016 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8016 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8101 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0085 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0114 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0082 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0032 ლარი შეადგინა.

თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი უკრაინის ექსპორტის ხელშესაწყობად შავი ზღვის ნაღმებისგან გაწმენდის ოპერაციებს იწყებენ

თურქეთმა, რუმინეთმა და ბულგარეთმა შავ ზღვაში ერთობლივი განაღმვითი ოპერაცია დაიწყეს, რომლის მიზანი საზღვაო გადაზიდვების უსაფრთხოების გაუმჯობესებაა, განსაკუთრებით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ სტამბოლის ინიციატივა, შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების პირველი დიდი ერთობლივი ქმედება, მიზნად ისახავს შავი ზღვის იმ ნაღმებისგან გაწმენდას, რომელიც იქ ომის შედეგად აღმოჩნდა.

მედია წერს, რომ რუსეთი და უკრაინა მარცვლეულის მთავარი მწარმოებლები არიან და ომი საფრთხეს უქმნის ტვირთების უსაფრთხო გადაზიდვას. შარშან კიევმა შავი ზღვის ექსპორტის საკუთარი მარშრუტი აამოქმედა მას შემდეგ, რაც რუსეთის, თურქეთისა და გაერო-ს მიერ მხარდაჭერილი უსაფრთხო დერეფნის შეთანხმება ჩაიშალა. ამან წარმატებით გაზარდა ექსპორტი და დაეხმარა ეკონომიკას უფრო სწრაფად განვითარებულიყო, ვიდრე პროგნოზირებული იყო, მაგრამ მარშრუტი კვლავ სარისკოა. შარშან, უკრაინის ოდესის პორტთან ახლოს რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად სავაჭრო გემის ეკიპაჟის ერთი წევრი დაიღუპა რამდენიმე დაშავდა. ნოემბერში, შავ ზღვაში უკრაინის პორტიდან გასვლისას აფეთქების შედეგად სასოფლო-სამეურნეო კომპანია Cargill Inc -ის მიერ დაქირავებული გემი დაზიანდა.

უკრაინამ მარტში განაცხადა, რომ შავი ზღვის პორტებიდან ექსპორტი თითქმის ომამდელ დონეს დაუბრუნდა, თუმცა ოდესის ირგვლივ მდებარე პორტები რუსეთის მხრიდან თავდასხმებს ხშირად განიცდიან, რაც მათ საქმიანობას აფერხებს.

ივანიშვილმა აშშ-ში მთავრობის წარმომადგენელი “პერსონალურ შიკრიკად” გაგზავნა-გიორგი გახარია

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს ამერიკაში საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენელი თავის პერსონალურ შიკრიკად ჰყავს გაგზავნილი და ჯობდა, რომ არ გაეგზავნა.

ძალიან საინტერესო არის შემდეგი: ერთმნიშვნელოვნად, ჩვენი ხელისუფლება რომ პოზებში დგას, რომ აი, ჩვენ რაღაც, ჩვენი სუვერენიტეტი და სხვისი აზრი არ გვაინტერესებს, გულში მჯიღებს რომ ირტყამენ, სინამდვილეში, იმდენად შეშინებულები არიან, რომ შიკრიკს შიკრიკზე აგზავნიან, იქნებ, როგორმე გაიგონ მაინც, იქ რა ხდება. ახლაც მორიგი შიკრიკი, ფოსტალიონი ჰყავდათ გაგზავნილი, საკმაოდ მაღალი დონის და სჯობს, სხვა დროსაც გავიგებთ. ბიძინა ივანიშვილს ჰყავს გაგზავნილი საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენელი თავის პერსონალურ შიკრიკად, გაგზავნილი ჰყავს იქ და ჯობდა, რომ არ გაეგზავნა. – ამის შესახებ პარტია “საქართველოს” ლიდერმა განაცხადა.

“ეს კიდევ ერთი მაგალითია, როგორ არ ესმის დღევანდელ ხელისუფლებას, როგორ ფუნქციონირებს ინსტიტუციონალური დემოკრატია, მათ მართლა ჰგონიათ, რომ ტრამპი, დემოკრატები იქნებიან თუ რესპუბლიკელები, ეს გრძელვადიან და საშუალოვადიან ამერიკულ სტრატეგიაზე საქართველოსთან მიმართებით, რაიმეს რადიკალურად შეცვლის, ეს ჰგონიათ და მეორე, მეორე კიდევ ჰგონიათ, რომ პოლიტიკიდან გაწეული ეგრეთ წოდებული საპატიო თავმჯდომარე ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ, პოლიტიკურ? ნუ, ძალოვან ფიგურას რომ აგზავნის შიკრიკად, ფოსტალიონად უცხო ქვეყანაში, აი, ეს ჰგონია ან სწორად, ან თავისი უძლეველობის წარმომსახველად, საოცარია?!! ფოსტალიონების ასეთი გზავნა დაიწყება ახლა ხშირად. კიდევ ერთხელ, სერიოზულად ვამბობ, სჯობდა, რომ არ გაეგზავნა, ეს ისეთი ფორმით მოხდა, მაგრამ დავანებოთ ამას თავი. მთავარი რა არის და რა არის შეცვლილი. ამერიკაში ბოლოს 6 თვის წინ ვიყავი. რა არის დღეს მთავარი, აბსოლუტურად გააზრებული აქვთ ის, რაც ხდება დღეს საქართველოში, ეს ერთი. აბსოლუტურად გააზრებული აქვთ, რომ ქართველი ხალხი არის სრულად თავისი ცივილიზაციური ევროპული დასავლური არჩევანის ერთგული და ჩვენი დღევანდელი პოლიტიკური ელიტა, მხოლოდ პოლიტიკური ელიტა, არა საჯარო სექტორი მთლიანად, მხოლოდ პოლიტიკური ელიტა, არის გაურკვეველ ორიენტაციის, პრორუსი, პროჩინელი, რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ანტიდასავლური!ანტიდასავლური! ეს აქვთ აბსოლუტურად მკაფიოდ გაგებული. ეს ერთი. რა არის ამის მოტივები, ეს მეორე საკითხია, ზოგი თვლის, რომ იქ რაღაც აშლილობების თემაა, არ აქვს ამას მნიშვნელობა, ყველა კარგად ხედავს, რომ ქართველ ხალხს სჭირდება მხარდაჭერა – ქართველ ხალხს, მათი ცივილიზაციური არჩევანის დასაცავად სჭირდება მხარდაჭერა.

ამ მხარდაჭერისთვის არჩევნები არის ყველაზე კარგი შესაძლებლობა. და მესამე, კრიტიკულად მნიშვნელოვანი – აბსოლუტურად კოორდინირებული იქნება ნაბიჯები, მესიჯები, ქმედებები და პოლიტიკა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის. ეს არის ხარისხობრივად განსხვავებული და ის, რასაც „ოცნება“ აქამდე წარმატებით ახერხებდა, რომ ევროპელებს ელაპარაკებოდა, ამერიკელებს ლანძღავდა, ამერიკელებს ელაპარაკებოდა, ამერიკელებს აბრალებდა ყველაფერს, ამას ვეღარ შეძლებენ იმიტომ, რომ ეს იქნება სრულად კონსოლიდირებული, ერთიანი მიდგომა და აქ ამ ტყუილებით და ორმაგი პოლიტიკით ფონს უკვე ვეღარ გავლენ. საბოლოო ჯამში, ბოლო ორ თვის განმავლობაში ისეთი შეცდომები დაუშვეს, რომ არავის უკვე ილუზიები აღარა აქვს იმასთან დაკავშირებით, რა ხდება საქართველოში და ყველანი კარგად ხვდებიან, რომ ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, არის მიზანმიმართული პოლიტიკა დღევანდელი პოლიტიკური ელიტების, რომ აქ მოაწყონ რაღაც რუხი ზონა და ამ რუხ ზონაში მარტივად აკეთონ ბიზნესი, ხან ჩინეთთან, ხან რუსეთთან, ხან ირანთან, ხან კიდევ ვიღაცასთან და უბრალოდ გამდიდრდნენ და ქვეყნის თითოეული საქართველოს მოქალაქეს ევროპული, ნორმალური, დემოკრატიული ცივილიზაციური არჩევანისაერთოდარაინტერესებთ.

დღევანდელი ჩვენი ხელისუფლების პროგნოზი წარმოუდგენელია, შეუძლებელია, მაგრამ რაიმე მიზეზით, კონსპირაციების თეორიებით, ამ კანონის მიზეზით ან რაღაც გადატრიალებების მიზეზით მათ რომ დამკვირვებლებს უარი უთხრან, ეს ნიშნავს იმას, რომ კიდევ უფრო უარესად დაამთავრებენ და კიდევ უფრო დააზიანებენ ქვეყანას. უბრალოდ, არ შეიძლება ამდენად გონიერების მიღმა მოქმედებდე!

მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს გონიერება გაიმარჯვებს. თუმცა, ყველაფერი შესაძლებელია, მე არ გამოვრიცხავ, რომ მათ ეს ნაბიჯი გადადგან, რას ვიზამთ? უნდა ვიმოქმედოთ იმ პირობებში, რა პირობებიც გვექნება. ამიტომ არის, რომ არჩევნების დაცვის ყველაზე მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენს ხელთ არის, არის, რა თქმა უნდა, რომ მაქსიმალურად ბევრი ადამიანი უნდა მივიდეს არჩევნებზე. რაც უფრო მეტი ადამიანი მივა, ვერ გააყალბებენ, რაც უფორ ნაკლები მივა – უფრო მარტივად გააყალბებენ. ეს არის და ეს.” – განაცხადა გიორგი გახარიამ გადაცემაში “გიორგი გახარიას კვირა”.

საგამოცდო ცენტრებამდე მისასვლელად მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები ამოქმედდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ საგამოცდო პერიოდში, 3 ივლისიდან 6 აგვისტომდე, მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, იმ პირებს, რომელთაც გამოცდების ჩაბარება ან სხვადასხვა საჯარო სკოლაში აბიტურიენტთა მომსახურება უწევთ, ავტობუსები გადაიყვანენ შემდეგ საგამოცდო ცენტრებში: თბილისის N39, N103, N133 და N147 საჯარო სკოლები. ასევე, N175 საჯარო სკოლა, სადაც განთავსდება ორი საგამოცდო ცენტრი; N177 საჯარო სკოლა; N191 საჯარო სკოლა და N207 საჯარო სკოლა.

მერიის განმარტებით, ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც შარშან, წელსაც დაწესდება ავტობუსების დროებითი მარშრუტები, რომლებიც მოქალაქეებს სტანდარტული ტარიფით, 06:00-დან 20:00 საათამდე მოემსახურებიან.

N175 საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებენ ალექსანდრე გობრონიძის ქუჩიდან (მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორია);

N39, N177 და N191 საჯარო სკოლების მიმართულებით ავტობუსები მგზავრებს ასევე გობრონიძის ქუჩიდან (მეტროსადგურ ახმეტელის მიმდებარე ტერიტორია) მოემსახურებიან;

N103 საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსები გადაადგილდებიან მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან (კახეთის გზატკეცილი);

N147 საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიიდან (ანზორ აბულაშვილის ქუჩა, ყოფილი ტრანსპორტის ქუჩა);

რაც შეეხება N133 და N207 საჯარო სკოლებს, საგამოცდო ცენტრები მეტროსადგურ „ღრმაღელის“ მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული. შესაბამისად, მგზავრები დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად, უკვე არსებულ მარშრუტებს გამოიყენებენ.

საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაცია ძლიერია, მაგრამ სიმართლე უფრო ძლიერია -გურამ მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილმა ბოლო დროს საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული მონაცემები შეაფასა. „ხალხის ძალი“ აღმასრულებელი მდივანი მიიჩნევს, რომ ეს ფაქტები ქვეყნის შესახებ დეზინფორმაციას გააქარწყლებს.

„რა თქმა უნდა, საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაცია ძლიერია, მაგრამ სიმართლე უფრო ძლიერია და ის დოკუმენტები, რომელიც ჩვენ სასარგებლოდ მეტყველებს, (საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებებს ვგულისხმობ), ნებისმიერ დეზინფორმაციას გააცამტვერებს. ის, რომ ეკონომიკურ ზრდას აფიქსირებს არა მხოლოდ ჩვენი სტატისტიკის უწყება ან თვითონ ეკონომიკის სამინისტრო, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციები, ნიშნავს ზუსტად იმას, რომ სწორი პოლიტიკით მიდის დღევანდელი სახელმწიფო და ხელისუფლება“, – მიიჩნევს მაჭარაშვილი.

2024 წლის ხუთი თვის მაჩვენებლით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 9,3%-ია. ეკონომიკური ზრდით საქართველო პირველია, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატებთან, ისე თავად ევროკავშირთან შედარებით. ასევე საქართველო პირველია კანდიდატ ქვეყნებს შორის სამართლის უზენაესობის და კორუფციის აღქმის საერთაშორისო რეიტინგებში.

იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა და ურთიერთობა აღდგეს, ამისთვის აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება – თინა ბოკუჩავა

საქართველო – ამერიკის ურთიერთობები დაფუძნებულია ღირებულებებსა და ფასეულობებზე, რომელსაც ივანიშვილმა არაერთხელ უღალატა,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავა ყოფილი პრემიერის, პარტია „გახარია საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა, რომ „ბიძინა ივანიშვილს ამერიკის შეერთებულ შტატებში მთავრობის წარმომადგენელი შიკრიკად ჰყავს გაგზავნილი”.

მისი თქმით, იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა და ურთიერთობა აღდგეს, აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება.

„საქართველო-ამერიკის ურთიერთობები დაფუძნებულია ღირებულებებსა და ფასეულობებზე, რომელსაც ივანიშვილმა არაერთხელ უღალატა. ახლა მისი პერსონალური ემისიის გაგზავნა ვაშინგტონში, ვეღარ შეცვლის იმას, რომ მისი და მისი ხელისუფლების ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან კომპრომეტირებულია. აშშ ადასტურებს, რომ მხარს უჭერს და გვერდით უდგას ქართველ ხალხს, ქართველი ხალხის სწრაფვას ევროატლანტიკური სტრუქტურებისთვის, თუმცა იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა და ურთიერთობა აღდგეს, ამისთვის აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება და არა ივანიშვილის მარიონეტებისა და ემისრების ვაშინგტონში გაგზავნა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სინამდვილეში იმდენად არიან შეშინებულები, რომ “შიკრიკს შიკრიკზე აგზავნიან, იქნებ როგორმე გაიგონ მაინც იქ რა ხდება”.

„ახლაც მორიგი შიკრიკი ჰყავდათ გაგზავნილი, ფოსტალიონი, საკმაოდ მაღალი დონის. ბიძინა ივანიშვილს ჰყავს გაგზავნილი. საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენელი თავის პერსონალურ შიკრიკად გაგზავნილი ჰყავს იქ”, – განაცხადა გახარიამ.

არ მეგონა, გიორგი გახარია თუ ასე დაბლა დაეცემოდა და იატაკს ქვემოთ ჩავარდებოდა – გია ვოლსკი

არ მეგონა, გიორგი გახარია თუ ასე დაბლა დაეცემოდა და ნულს ქვემოთ, იატაკს ქვემოთ ჩავარდებოდა – რა სისულელეებს ლაპარაკობს! რა შიკრიკი?! ბატონი გახარია ზრდილობასთან ერთად, ლოგიკასაც მოისაკლისებს! – ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პარტია “საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას ინფორმაციას, რომლის თანახმად, ბიძინა ივანიშვილს აშშ-ში “პერსონალურ შიკრიკად“ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ძალოვანი ფიგურა ჰყავდა გაგზავნილი.

ჟურნალისტის კითხვაზე, ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი, ვისზეც გახარიამ ისაუბრა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილია და რატომ არ გაავრცელა აღნიშნული ვიზიტის თაობაზე ინფორმაცია თავად სუს-მა, ვოლსკიმ განაცხადა, რომ “მსოფლიოში არსებული საკმაოდ რთული ვითარება, ასევე, სამსახურების სპეციფიკა, შესაძლოა, იმასაც ითვალისწინებდეს, რომ ამაზე წინასწარი პრესრელიზი არ გავრცელდეს“.

კითხვაზე, ლილუაშვილმა აშშ-დან ჩამოიტანა თუ არა ინფორმაცია აშშ-ს მიერ დასანქცირებული პირების შესახებ, ვოლსკიმ აღნიშნა, რომ “ეს პარტიული ვიზიტი არ იყო, ლილუაშვილი პარტიის აქტივისტს არ წარმოადგენს და პარტნიორებთან გაცილებით უფრო სიღრმისეული საკითხებია განსახილველი, რაც უსაფრთხოებას ეხება“.

“სპეციალურ სტრუქტურებს – თავდაცვის სამინისტროს, უსაფრთხოების სამსახურებს შორის ძალიან ინტენსიური, მჭიდრო ურთიერთობები არსებობს, რაც მხოლოდ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს არ ეხება. ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს ტერორიზმთან ბრძოლის, სხვადასხვა საფრთხეების დაძლევის მიმართულებით. თუ ლილუაშვილი აშშ-ში ამასთან დაკავშირებით იმყოფებოდა, არ ვიცი, ამას შიკრიკი რატომ ჰქვია. უშიშროების სამსახურს რაც ევალება, იმას აკეთებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ივანიშვილს მცდელობა ექნება, როგორმე დაალაგოს ურთიერთობა აშშ-სთან, მაგრამ ვფიქრობ, რომ მან წითელი ხაზები უკვე ბოლომდე გადაკვეთა-გიორგი ვაშაძე

ბიძინა ივანიშვილს მცდელობა ექნება, რომ როგორმე დაალაგოს ურთიერთობა აშშ-სთან, მაგრამ ვფიქრობ, რომ მან წითელი ხაზები უკვე ბოლომდე გადაკვეთა,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ერთადერთი, რაც ბიძინა ივანიშვილს „უშველის, ხელისუფლებიდან მშვიდობიანად წასვლაა“.

„ივანიშვილს, რა თქმა უნდა, მცდელობა ექნება, რომ როგორმე დაალაგოს ურთიერთობა აშშ-სთან, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მან წითელი ხაზები უკვე ბოლომდე გადაკვეთა. ერთადერთი, რაც მას უშველის, ეს არის ხელისუფლებიდან მშვიდობიანი წასვლა და მისი გადაბარება დემოკრატიული ძალებისთვის. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება, ეს მისთვის გამოსავალი გახდეს ამ მძიმე ვითარებიდან, რაშიც თვითონ ჩაიყენა თავი“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გარდა ამისა, ვაშაძემ ისაუბრა აშშ-სგან ხელისუფლების წარმომადგენელთა დასანქცირების შესახებ და აღნიშნა, რომ მთავარი სანქცია „ქართული ოცნებისთვის“ ქართველი ხალხის მხრიდან ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე იქნება.

„მთავარი სანქცია 26 ოქტომბერს იქნება ქართველი ხალხის მხრიდან. ამაში დარწმუნებული ვარ. ყველა, ვინც აყალბებს ქართველი ხალხის ნებას, ვინც დემოკრატიული სისტემის წინააღმდეგ იბრძვის და ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას ცდილობს რუსული მეთოდებით, უნდა იცოდნენ, რომ ძალიან დიდი რისხვა იქნება მათთან მიმართებით საერთაშორისო აქტორების მხრიდან. ჯერ სანქციებისა და შეზღუდვების, მხოლოდ და მხოლოდ, პირველი ნაბიჯებია. დარწმუნებული ვარ, კიდევ მეტი იქნება ჩვენი პარტნიორების მხრიდან იმიტომ, რომ მათთვის ძალიან მკაფიოა – ისინი მხარს უჭერენ ქართველ ხალხს და ვინც ხალხის ნებას აყალბებს, ყველა ის ადამიანი კონკრეტული პასუხისმგებლობის ქვეშ მოექცევა. ამის, რა თქმა უნდა, ძალიან ეშინია „ქართული ოცნების“ ყველა ლიდერს“,- განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა.

„ნაციონალური მოძრაობა“ დეზინფორმაციის გავრცელებას არ ეშვება, სააკაშვილის პოლიტპატიმრობაზე საუბარი არის სტრასბურგის სასამართლოს და კანონის უზენაესობის შეურაცხყოფა-რატი იონათამიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრობაზე საუბარი სტრასბურგის სასამართლოს და კანონის უზენაესობის შეურაცხყოფაა.

იონათამიშვილმა კომენტარი გააკეთა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ნიშნით იმყოფება პატიმრობაში.

„„ნაციონალური მოძრაობა“ დეზინფორმაციის გავრცელებას არ ეშვება, დეზინფორმაცია მათი სამარკო ნიშანია. მაშინ, როცა არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, სადაც ცალსახად არის ნათქვამი, რომ სააკაშვილი სისხლის სამართლის დამნაშავეა, მის პოლიტპატიმრობაზე საუბარი შეურაცხყოფაა როგორც სტრასბურგის სასამართლოს, ასევე კანონის უზენაესობის. ამ ადამიანებს მოუწევთ იმ ტვირთით სიარული, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან მთავარ ევროპულ ღირებულებას – სტრასბურგის სასამართლოს. ისინი არიან კანონის უზენაესობის მტრები. მათი მიზანია საქართველოს დაზიანება და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მხოლოდ საკუთარ თავებს აზიანებენ. მათი სიცრუის გამოა, რომ ამომრჩეველს ყოველდღე კარგავენ“, – განუცხადა რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს.

წარმატებებს ვუსურვებ უნგრეთს, საქართველოს კარგ მეგობარსა და მხარდამჭერს, რომელიც ევროპული საბჭოს თავმჯდომარე გახდა – ილია დარჩიაშვილი

ილია დარჩიაშვილი უნგრეთს ევროპული საბჭოს თავმჯდომარეობას ულოცავს. შესაბამისი გზავნილი სოციალურ ქსელში X საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ანგარიშზე გამოქვეყნდა.

„წარმატებებს ვუსურვებ უნგრეთს, საქართველოს კარგ მეგობარსა და მხარდამჭერს, რომელიც ევროპული საბჭოს თავმჯდომარე გახდა. მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის გასაძლიერებლად, იმისთვის რომ ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრობის გზასთან დავაახლოოთ“, – წერს დარჩიაშვილი.