არ მეგონა, გიორგი გახარია თუ ასე დაბლა დაეცემოდა და ნულს ქვემოთ, იატაკს ქვემოთ ჩავარდებოდა – რა სისულელეებს ლაპარაკობს! რა შიკრიკი?! ბატონი გახარია ზრდილობასთან ერთად, ლოგიკასაც მოისაკლისებს! – ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პარტია “საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას ინფორმაციას, რომლის თანახმად, ბიძინა ივანიშვილს აშშ-ში “პერსონალურ შიკრიკად“ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ძალოვანი ფიგურა ჰყავდა გაგზავნილი.
ჟურნალისტის კითხვაზე, ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი, ვისზეც გახარიამ ისაუბრა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილია და რატომ არ გაავრცელა აღნიშნული ვიზიტის თაობაზე ინფორმაცია თავად სუს-მა, ვოლსკიმ განაცხადა, რომ “მსოფლიოში არსებული საკმაოდ რთული ვითარება, ასევე, სამსახურების სპეციფიკა, შესაძლოა, იმასაც ითვალისწინებდეს, რომ ამაზე წინასწარი პრესრელიზი არ გავრცელდეს“.
კითხვაზე, ლილუაშვილმა აშშ-დან ჩამოიტანა თუ არა ინფორმაცია აშშ-ს მიერ დასანქცირებული პირების შესახებ, ვოლსკიმ აღნიშნა, რომ “ეს პარტიული ვიზიტი არ იყო, ლილუაშვილი პარტიის აქტივისტს არ წარმოადგენს და პარტნიორებთან გაცილებით უფრო სიღრმისეული საკითხებია განსახილველი, რაც უსაფრთხოებას ეხება“.
“სპეციალურ სტრუქტურებს – თავდაცვის სამინისტროს, უსაფრთხოების სამსახურებს შორის ძალიან ინტენსიური, მჭიდრო ურთიერთობები არსებობს, რაც მხოლოდ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს არ ეხება. ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს ტერორიზმთან ბრძოლის, სხვადასხვა საფრთხეების დაძლევის მიმართულებით. თუ ლილუაშვილი აშშ-ში ამასთან დაკავშირებით იმყოფებოდა, არ ვიცი, ამას შიკრიკი რატომ ჰქვია. უშიშროების სამსახურს რაც ევალება, იმას აკეთებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.