Home Blog Page 1082

ეს რა შფოთვა დაგმართვიათ? ძალიან შევშფოთდით გამოხატული ზომებით! – გოგა ხაინდრავა

მივიღეთ ზომები შეშფოთების გამოსახატად. თქვენ ალბათ უფრო მეტს ნახავთ – ენტონი ბლინკენი, – ამის შესახებ კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში წერს.

„მივიღეთ ზომები შეშფოთების გამოსახატად. თქვენ ალბათ უფრო მეტს ნახავთ – ენტონი ბლინკენი. ვნახეთ! მთელმა მსოფლიომ! ეს რა შფოთვა დაგმართვიათ? ძალიან შევშფოთდით გამოხატული ზომებით! მეტის ჩვენებას არ გირჩევთ! ჩვენზეც ნუღარ შფოთავთ! ჯანს მიხედეთ! ქვეყანას! ეს რა კანონი მიგვიღია!“, – წერს იგი ტვიტერში.

“მივესალმები “თავისუფლების მოედნის” დაფუძნებას”-მამუკა ხაზარაძე

მივესალმები „თავისუფლების მოედნის“ დაფუძნებას – წარმატებას ვუსურვებ ლევანს და მის გუნდს ამ რთულ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან ბრძოლაში, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, აღნიშნულ ორგანიზაციაში პროფესიონალი ადამიანები არიან გაერთიანებულები.

„მივესალმები „თავისუფლების მოედნის“ დაფუძნებას. ჩემთვის ბევრი ნაცნობი და პროფესიონალი ადამიანის ერთობაა. თავისუფალი ადამიანები, რომლებიც ასე ძალიან სჭირდება დღეს ქართულ პოლიტიკას. წარმატებას ვუსურვებ ლევანს და მის გუნდს ამ რთულ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან ბრძოლაში. არა რუსულ მთავრობას! გამარჯვება ახლოსაა“! – წერს ხაზარაძე.

ცნობისთვის, პოლიტიკური მოძრაობა – „თავისუფლების მოედანი“ დაფუძნდა. ახალი პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაცია რიყის პარკში გაიმართა, სადაც საზოგადოებას პლატფორმის ხედვები, მიზნები და წევრები გააცნეს.

როგორც „თავისუფლების მოედანი” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ლევან ცუცქირიძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, მოძრაობა შედგება არაპარტიული პროფესიონალი ადამიანებისგან, რომლებმაც საკუთარი საქმე სახელმწიფო დონეზე იციან.

იზმირის ერთ-ერთ რესტორანში აფეთქებას სულ მცირე 5 ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთის ქალაქ იზმირის ერთ-ერთ რესტორანში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, 63 კი დაშავდა. ინციდენტის ამსახველი კადრები გარე დაკვირვების კამერამ გადაღო.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, აფეთქება, სავარაუდოდ, პროპანის ავზმა გამოიწვია. პოლიციამ ერთი ადამიანი უკვე დააკავა, რომელიც შესაძლოა ინციდენტზე იყოს პასუხისმგებელი.

საქართველოს ეროვნული ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა

საქართველოს ეროვნული ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნდა. ფეხბურთელებს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გულშემატკივრები ოვაციებით დახვდნენ.

ქომაგები აეროპორტში, დილიდან, დროშებითა და სანაკრებო მაისურებით მივიდნენ.

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა. ესპანეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრებს სძლია და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. ნაკრებებს შორის შეხვედრა 4:1 დასრულდა.

ცნობისთვის, დღეს, 22:00 საათზე თავისუფლების მოედანზე დახვედრის საზეიმო ღონისძიება გაიმართება.

მანამდე, 21:30 საათზე, საფეხბურთო ნაკრები, მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობას დაიწყებს. 22:00 საათზე კი, თავისუფლების მოედანზე, ღონისძიება სახელწოდებით, – “საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს” გაიმართება.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ დააფუძნეს

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ დააფუძნეს, რომლის პრეზიეტნაციაც დღეს გაიმართა.

როგორც „უცხოური გამჭვირვალობის გავლენის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლევან ცუცქირიძემ პოლიტიკური გაერთიანების პრეზენტაციისას განაცხადა, ხელისუფლების ცვლილება აუცილებლად უნდა მოხდეს 26 ოქტომბრის არჩევნებზე.

„ხელისუფლების ცვლილება აუცილებლად უნდა მოხდეს 2024 წლის 26 ოქტომბერს, მაგრამ ამან აუცილებლად უნდა მოიტანოს ისეთი ცვლილებები, რომელთა შედეგადაც ვერცერთი ხელისუფლება ვეღარ გაბედავს ხალხისთვის მიცემული სიტყვის გატეხვას, როგორც ეს „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ გააკეთა. მიგვაჩნია, რომ ამ საქმეში ყველა, ვინც ჩვენი წინააღმდეგი არ არის, არის ჩვენთან. ამიტომ მზად ვართ, ყველა იმ სამოქალაქო თუ  პოლიტიკურ ჯგუფთან თანამშრომლობისთვის, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ხედვას“, – განაცხადა ცუცქირიძემ და აღნიშნა, რომ ასევე მხარს უჭერენ პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ ქარტიას.

ლევან ცუცქირიძემ ასევე წარადგინა გაერთიანების წევრები, რომელთა შორის არიან სიმონ ჯანაშია, ბაკურ კვაშილავა, ზურაბ ფარჯიანი, დავით გზირიშვილი.

2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს მოვლენების განვითარების სხვადასხვა განსხვავებული ვარიანტი გაჩნდება. ეცადეთ საკუთარი სურვილები მოთოკოთ, რომ წესიერების ფარგლებს არ გასცდეთ. გირჩევთ, საღამო სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროთ. სასიცოცხლო პოტენციალი მაღალია, შეუძლოდ ყოფნა არ გემუქრებათ.

კურო

ხელსაყრელი დღეა ფიზიკური აქტივობის, ურთიერთობების, აქტიური დასვენებისა და გართობისთვის. დროა, თქვენი ხანგრძლივი და დაძაბული შრომის ნაყოფი მოიწიოთ. ხშირად შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ ახალი საქმის დაწყებამდე ყველაფერი კარგად უნდა აწონ-დაწონოთ.

ტყუპები

ხელიშემშლელი ფაქტორების და დაბრკოლებების მიუხედავად, შეიძლება მიზანს მიაღწიოთ. ეცადეთ ეს შესაძლებლობა სამომავლო გეგმების შესადგენად გამოიყენოთ. საოჯახო საქმეები ჩვეულებრივზე მეტ ყურადღებას მოითხოვს. შესანიშნავი ინტუიციის წყალობით ადამიანებში კარგად ერკვევით. თუ ვინმე მოგწონთ, ის ამას იმსახურებს.

კირჩხიბი

საუკეთესო დღეა უძრავი ქონების ან მანქანის შესაძენად. ყურადღება მიაქციეთ ფულს და ძვირფას ნივთებს – ვიღაც თქვენს გაძარცვას ცდილობს. ბევრ კირჩხიბს შესაძლებლობა ექნება, რომ ოჯახური საკითხები მოაგვაროს და სახლის რემონტი დაიწყოს. გირჩევთ სხვების რჩევები ნაკლებად გაითვალისწინოთ – ისინი პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ.

ლომი

ოჯახის ბიუჯეტისადმი თქვენი დამოკიდებულება შეიძლება ოჯახში კამათის, შემდეგ კი კონფლიქტის მიზეზი გახდეს. თუ შინაგან სიმშვიდეს შეინარჩუნებთ, შეიძლება, ბევრი პრობლემა მოაგვაროთ. მოერიდეთ სარისკო ფინანსურ გარიგებებს და აზარტულ თამაშებს. ამ დღის მოვლენები მიზნის მიღწევაში თუ არა, მასთან დაახლოებაში დაგეხმარებათ.

ქალწული

სიურპრიზებით სავსე დღეა. ეცადეთ მეტი იაქტიუროთ და ნებისმიერ სიტუაციაში დიპლომატიური თვისებები გამოავლინოთ. ნუ იქნებით ზედმეტად თავდაჯერებული და გულუბრყვილო, თორემ პრობლემებს ვერ აიცილებთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობისას – მატყუარა ადამიანი თქვენს ცდუნებას ეცდება.

სასწორი

საშუალება გექნებათ, რომ თქვენი საქმიანი თვისებები გამოავლინოთ და გარშემო მყოფებს თავი მოაწონოთ, რაც აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. რომანტიკული შეხვედრა გაიძულებთ ამაღელვებელი გრძნობები და ემოციები განიცადოთ. გირჩევთ მთელი ყურადღება პირადი პრობლემების გადაჭრისკენ მიმართოთ. ახლობელი ადამიანები საოჯახო საქმეებთან გამკლავებაში გეხმარებიან, მაგრამ ზოგჯერ თქვენს ცხოვრებაში უხეშად ჩარევასაც ცდილობენ. ეცადეთ, ამას იუმორით შეხედოთ.

მორიელი

ამ დღეს საუკეთესო ტაქტიკა მოულოდნელი მოქმედებაა. ის დაგეხმარებათ, რომ ჩანაფიქრი განახორციელოთ და სასურველი შედეგი მიიღოთ. გირჩევთ საყვარელი ადამიანების მიმართ მეტი თანაგრძნობა გამოიჩინოთ. თუ გრძნობთ, რომ პარტნიორი ცუდ ხასიათზეა, მიზეზი ჰკითხეთ და ეცადეთ დაეხმაროთ. ახალი ნაცნობობა სასარგებლოა, თუმცა ადამიანები, რომლებსაც დღეს შეხვდებით, იმედებს გაგიცრუებენ.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა. თუ არ იზარმაცებთ, ამ დღეს თქვენი სანუკვარი ოცნება ახდება. ეცადეთ დილიდან დადებითად განეწყოთ. ზოგადად ეცადეთ, რომ ადრე გაღვიძება წესად აქციოთ. ეს თქვენი დღის ყველაზე ნაყოფიერი დროა. თქვენი თანდაყოლილი ღირსებები სწორედ გამთენიისას აქტიურდება.

თხის რქა

ნუ გაჯიუტდებით. უმჯობესია, ტაქტიკა შეცვალოთ და ოპონენტებს დაეთანხმოთ, მაგრამ მიზნისკენ სვლა გააგრძელოთ. თუ ჯანმრთელობის პრობლემები გაწუხებთ, ექიმთან მისვლას ნუ დააგვიანებთ. თუ მოინდომებთ, ნებისმიერი რთული სიტუაციიდან გამოსავალს იპოვით, მაგრამ ზოგჯერ მიზნის მისაღწევად ეშმაკობა მოგიწევთ და ამას უნდა შეეგუოთ.

მერწყული

რთული დღეა. დღის პირველ ნახევარში შეიძლება მცირე პრობლემები წარმოიშვას, თანამოაზრეების დახმარებით გაუმკლავდებით. ამ დღეს გაჯიუტება პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ, ამიტომ გირჩევთ საჭიროების შემთხვევაში კომპრომისზე წახვიდეთ. საღამოს მოულოდნელი შეხვედრა გელით, რომელიც თქვენს ცხოვრებაზე ძლიერ გავლენას მოახდენს.

თევზები

ამ დღეს ბედი გაგიღიმებთ. შესანიშნავი დღეა, რომ ბედი აზარტულ თამაშებში სცადოთ და მაგალითად, ლატარიის ბილეთი იყიდოთ. ნუ დაკარგავთ ძვირფას დროს და მოაგვარეთ პრობლემები, რომლებიც ადრე ძალიან რთული ჩანდა. საკუთარ თავში არ უნდა „ჩაიკეტოთ“, თუნდაც გარშემო მყოფებთან ურთიერთობა დამღლელი ჩანდეს, ახლა ყველაზე მეტად ურთიერთობები გჭირდებათ.

2 ივლისს, 22:00 საათზე თავისუფლების მოედანზე ნაკრების დახვედრის ღონისძიება გაიმართება

საქართველოს მთავრობა ეროვნული ნაკრების დახვედრის საზეიმო ღონისძიებას აანონსებს.

„2 ივლისს, 22:00 საათზე ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე.

ერთად შევხვდეთ და ერთად ვუთხრათ მადლობა ჩვენს საფეხბურთო ნაკრებს.
ერთად შევასრულოთ საქართველოს ჰიმნი და ერთად აღვნიშნოთ ქართული საფეხბურთო სასწაული.

21:30 საათზე, საფეხბურთო ნაკრები, მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით მსვლელობას დაიწყებს თავისუფლების მოედნისკენ.

22:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს“,- აღნიშნულია განცხადებაში.

“ჩვენ არამხოლოდ გამოვთქვით შეშფოთება საქართველოში “უცხოური აგენტების შესახებ” კანონზე, ასევე მივიღეთ ზომები ამ შეშფოთების გამოსახატად, ვფიქრობ, კიდევ მეტსაც ნახავთ”-ენტონი ბლინკენი

ჩვენ და მრავალმა სხვა ქვეყანამ არამხოლოდ გამოვთქვით შეშფოთება კანონის მიღებასთან დაკავშირებით, ასევე მივიღეთ ზომები ამ შეშფოთების გამოსახატად, ვფიქრობ, კიდევ მეტსაც ნახავთ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოში მიღებულ კანონთან დაკავშირებით განაცხადა.

ბლინკენმა მონაწილეობა მიიღო ბრუკინგსის ინსტიტუტის დისკუსიაში თემაზე – აშშ-ის საგარეო პოლიტიკა. დისკუსიაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანს კითხვა დაუსვეს საქართველოზე, კერძოდ, მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე და, ზოგადად, სამხრეთ კავკასიაზე. ბლინკენს ჰკითხეს, როგორია აშშ-ის ხედვა რეგიონში გლობალური ძალების ინტერესებთან დაკავშირებით.

„თქვენ ძალიან სწორედ აღნიშნეთ უზარმაზარი ძვრების შესახებ რეგიონში. ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული შეშფოთებები, თუმცა ასევე გვაქვს რეალური შესაძლებლობები. თქვენ აღნიშნეთ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი საქართველოში. ჩვენ და მრავალმა სხვა ქვეყანამ არამხოლოდ გამოვთქვით ჩვენი ღრმა შეშფოთება ამასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მის მიღებასთან დაკავშირებით, ჩვენ ასევე მივიღეთ ზომები ამ შეშფოთების გამოსახატად. ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტსაც ნახავთ. ეს ცხადია. ვფიქრობ, ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ მიმართულებას, რომელიც საქართველოსა და ქართველის ხალხის უმრავლესობას სურს. ასე რომ, ჩვენთვის ცნობილია ეს გამოწვევები, მათ შორის საქართველოში. ასევე ძალიან ფოკუსირებული ვართ გარკვეულ შესაძლებლობებზე და ეს შესაძლებლობები რეალურია“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპს პრეზიდენტობის პერიოდის ოფიციალურ ქმედებებზე სისხლის სამართლებრივი დევნისგან აბსოლუტური იმუნიტეტი მიანიჭა

უზენაესმა სასამართლომ ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპს ოფიციალურ ქმედებებზე სისხლის სამართლებრივი დევნისგან აბსოლუტური იმუნიტეტი მიანიჭა.

აშშ-ს უზენაესი სასამართლოს დადგენილებით, ექსპრეზიდენტებზე აბსოლუტური იმუნიტეტი ვრცელდება ყველა იმ ოფიციალურ ქმედებაზე, რომელიც მათ პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის დროს განახორციელეს. თუმცა იმუნიტეტი არ ვრცელდება არაოფიციალურ, პირადი ხასიათის ქმედებებზე.

„პრეზიდენტი ვერ ისარგებლებს იმუნიტეტით არაოფიციალურ ქმედებებზე და ყველაფერი, რასაც პრეზიდენტი აკეთებს, ოფიციალურ ქმედებას არ წარმოადგენს. პრეზიდენტი კანონზე მაღლა არ დგას“, – განაცხადა უზენაესი სასამართლოს მთავარმა მოსამართლემ, ჯონ რობერტსმა.

უზენაესი სასამართლოს დადგენილებით, რომელიც ექვსი ხმით სამის წინააღმდეგ შეჯერდა, ქვედა ინსტანციის სასამართლოებს მოუწევთ, თავად გამიჯნონ პრეზიდენტის ოფიციალური და არაოფიციალური ქმედებები.

 ჩვენ ვაჩვენეთ რომ ქართული ფეხბურთი უნიკალურია, ის არ ჰგავს რაიმეს სხვას მადლობა ეროვნულ ნაკრებს -გიორგი ქინქლაძე

ჩვენ ვაჩვენეთ რომ ქართული ფეხბურთი უნიკალურია, ის არ ჰგავს რაიმეს სხვას მადლობა ეროვნულ ნაკრებს,- ამის შესახებ ვეტერანი ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ემოციებისგან დაცლილი ვარ, ჩვენი ფეხბურთელებისა და მთლიანი შემადგენლობის მიმართ მხოლოდ პატივისცემისა და მადლიერების გრძნობა მამოძრავებს.
საქართველომ დაწერა ისტორია, გარდა სპორტული შედეგისა, ჩვენ მოვიგეთ მსოფლიოს გულები.
ჩვენ ვაჩვენეთ რომ ქართული ფეხბურთი უნიკალურია, ის არ ჰგავს რაიმეს სხვას.
მადლობა ეროვნულ ნაკრებს, რომ საქართველოს დროშა, ჩვენი ფერები, ჩვენი გერბი, ჩვენი სულისკვეთება, ჩვენი ბრძოლა და ჩვენი დაუოკებელი სწრაფვა წარმატებისკენ მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოაქციეთ.
გაუმარჯოს საქართველოს!“,- წერს ქინქლაძე

 ოპოზიცია ცდილობს არჩევნები წაართვას მოსახლეობას -არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე ეხმაურება ოპოზიციის მცდელობებს, რომ მომავალი არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დააყენოს და აცხადებს, რომ მათი მთავარი მიზანია არჩევნები წაართვან მოსახლეობას და ამის ნაცვლად ძალადობრივი აქციებით მოიპოვონ ხელისუფლება.

“ამას აქვს ერთადერთი ახსნა, თუ რატომ მოქმედებს ასე რადიკალური ოპოზიცია. შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს აქვს მრავალპარტიული პარლამენტი, თუმცა ეს ოპოზიცია არ დადის სხდომებზე და არ უნდა, რომ იყოს ნამდვილი ოპოზიცია. ასეთი საქციელი დემოკრატიასთან შეუთავსებელია და ანომალიაა.

პოლიტიკურ პარტიებს ჩვენ მივეცით საკმაოდ სოლიდური საბიუჯეტო დაფინანსება, ასევე დავწიეთ ბარიერი, რომ პოლიტიკური პარტიები შესულიყვნენ პარლამენტში და საქართველოს ჰქონოდა მრავალპარტიული პარლამენტი. მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდა არაერთ დემოკრატიულ არჩევნებში, მათ რეალურად არ აქვთ იმედი, რომ რაიმე შედეგს აჩვენებენ და ექნებათ წარმატებული მცდელობა როგორმე ხელისუფლებაში დაბრუნდნენ არჩევნებით, ამიტომ აირჩიეს ანტიდემოკრატიული გზა.

ეს არის ძალადობრივი სცენარი, როცა სურთ უმცირესობის ძალადობრივი გეგმით მოხდეს ქვეყანაში ცვლილება, გადაწყვეტილება თავს მოახვიონ მოქალაქეებს, არჩევნები წაართვან და არა არჩევნებით მიიღოს ხალხმა გადაწყვეტილება, არამედ ძალადობრივი აქციებით. პარლამენტზე და ცესკოზე შეტევით.

მას შემდეგ, რაც ჩვენ დავნერგეთ ელექტრონული არჩევნების სისტემა, რომელიც გამორიცხავს ჩარევებს და მანიპულაციას ხმების დათვლის პროცესში, ისინი პირდაპირ გადავიდნენ გეგმაზე და წინასწარ ცდილობენ არჩევნების დისკრედიტაციას. არჩევნები მათთვის ჩაითვლება “გაყალბებულად” თუ მათ ვერ გაიმარჯვეს, ეს არის მათი მიდგომა დემოკრატიაზე” –განაცხადა თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძემ ასევე განმარტა, რომ უკვე ჩატარებულ შუალედურ არჩევნებში, სადაც ცესკომ ხმების დათვლის ელექტრონული სისტემა გამოიყენა, დათვლილი ხმები სრული სიზუსტით დაემთხვა რეალური ბიულეტენების რაოდენობას.

“ელექტრონული დათვლის სისტემას წინასწარ აკრიტიკებენ, არა და ამას ითხოვდა ყველა, მაშინ როდესაც არ ჰქონდა საქართველოს ეს სისტემა დანერგილი. 12–მა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ იმ 5 შუალედურ არჩევნებში, სადაც საქართველომ ეს სისტემა გამოიყენა, ხმები ზუსტად, ერთი–ერთში დაემთხვა რეალური ბიულეტენების რაოდენობას” – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

ცესკომ ISO 9001:2015-ის ფარგლებში მორიგი საერთაშორისო საკონტროლო აუდიტი წარმატებით გაიარა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) არჩევნების მართვის სფეროში მორიგი საერთაშორისო საკონტროლო აუდიტი წარმატებით გაიარა. ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015-ის ფარგლებში ჩატარებული აუდიტი ორ ეტაპად განხორციელდა.

ISO-ს სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, შპს „მენეჯმენტის სისტემების“ აუდიტორის მიერ 2024 წლის მაისში განხორციელდა შიდა აუდიტი, ივნისში კი საერთაშორისო აუდიტორების მიერ დისტანციურად განხორციელდა საკონტროლო აუდიტი. ორივე სახის აუდიტი წარმატებით დასრულდა და ცესკომ შეინარჩუნა მის მიერ მოპოვებული საერთაშორისო სერტიფიკატი.

აუდიტის შედეგად კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ადმინისტრაციის მიზნები, ამოცანები, მონიტორინგი და ანგარიშგება შეესაბამება ხარისხის მენეჯმენტის მიერ მოთხოვნილ ყველა სტანდარტს.

როგორც აუდიტის დასკვნაშია ნათქვამი – „საარჩევნო პროცესში მუდმივად ინერგება სიახლეები და დაინტერესებულ მხარეებს მუდმივად მიეწოდებათ ხარისხზე ორიენტირებული, გამჭვირვალობისადმი მიმართული მომსახურება. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია მუდმივად ზრუნავს გაუმჯობესებაზე და ახორციელებს მთელ რიგ ინოვაციურ პროექტებს“.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ISO სერტიფიკატი 2019 წელს მიიღო, რითაც დადასტურდა, რომ ცესკოს ხარისხის მართვის სისტემა სრულად შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტის – ISO 9001:2015 მოთხოვნებს.