საქართველოს ეროვნული ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა

22
spot_img

საქართველოს ეროვნული ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნდა. ფეხბურთელებს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გულშემატკივრები ოვაციებით დახვდნენ.

ქომაგები აეროპორტში, დილიდან, დროშებითა და სანაკრებო მაისურებით მივიდნენ.

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა. ესპანეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრებს სძლია და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. ნაკრებებს შორის შეხვედრა 4:1 დასრულდა.

ცნობისთვის, დღეს, 22:00 საათზე თავისუფლების მოედანზე დახვედრის საზეიმო ღონისძიება გაიმართება.

მანამდე, 21:30 საათზე, საფეხბურთო ნაკრები, მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობას დაიწყებს. 22:00 საათზე კი, თავისუფლების მოედანზე, ღონისძიება სახელწოდებით, – “საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს” გაიმართება.