Home Blog Page 1078

რა ეღირება დოლარი და ევრო 21 აპრილს – ვალუტის კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6728 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2.6753 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0025 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8532 ლარია. მაშინ, როცა მანამდე მოქმედი კურსი 2.8473 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0059 29/03/24 დან – 18/04/24 მდე ლარი შეადგინა.

ავიაკომპანია Transavia-მ ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამის მიმართულებაზე ოპერირება დაიწყო

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაბალბიუჯეტურმა ნიდერლანდურმა ავიაკომპანია Transavia-მ დაიწყო ოპერირება. ნიდერლანდების სამეფოს ავიახაზებმა ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით პირველი ფრენა შეასრულა, თბილისში 187 მგზავრი ჩამოფრინდა, ხოლო ამსტერდამში 185 გაემგზავრა.

„ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიაკომპანია ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით რეისებს კვირაში ორჯერ, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს, Boeing 737-8 ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულებს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური ღონისძიება გაიმართა, რომელსაც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე, ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში მელინე არაკელიანი, Transavia-ს აღმასრულებელი დირექტორი მარსელ დე ნოიერი და საქართველოს საავიაციო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Transavia ნიდერლანდების სამეფოს ნომერ პირველი ბიუჯეტური და სიდიდით მეორე ავიაგადამზიდავია. Air France – KLM ჯგუფის წევრი ავიაკომპანია, 50 წელია, ნიდერლანდებიდან 20-ზე მეტი ქვეყნის 100-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს და ყოველწლიურად ცხრა მილიონი მგზავრი გადაჰყავს. Transavia-ს შვიდი ბაზა აქვს. ავიაკომპანიის ხომალდები ბაზირებულია ნიდერლანდების სამეფოს, საფრანგეთისა და გერმანიის აეროპორტებში.

,,უკრაინა თითოეული ჩვენგანისთვის იბრძვის და სრულ მხარდაჭერას იმსახურებს”- პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის გადაცემის მხარდაჭერას ეხმიანება.

როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, უკრაინა თითოეული ჩვენგანისთვის იბრძვის და სრულ მხარდაჭერას იმსახურებს.

„აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინის დახმარების პაკეტის ორპარტიული მხარდაჭერა მნიშვნელოვანი მოვლენაა. უკრაინა თითოეული ჩვენგანისთვის იბრძვის და სრულ მხარდაჭერას იმსახურებს. დიდება უკრაინას!“ – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე.

ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის გადაცემას მხარი დაუჭირა. კანონპროექტის მიღებას 311-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი (210 დემოკრატი, 101 „რესპუბლიკელი“), წინააღმდეგ კი 112 წავიდა (ყველა „რესპუბლიკელი“). მის მიღებას კონგრესმენების მხრიდან ოვაციები მოჰყვა.

ახლა პაკეტი განსახილველად აშშ-ის კონგრესის ზედა პალატას, სენატს გადაეცემა ისევე, როგორც ცვლილებები სენატის კანონპროექტში HR.815 აშშ-ის საერთაშორისო დახმარების შესახებ, რომელიც თებერვალში მიიღეს. ამან უნდა გაამარტივოს პაკეტის სენატში დამტკიცების პროცედურა.

21 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს ადამიანებთან ურთიერთობაში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, რათა მოტყუებული არ დარჩეთ. თუ გრძნობთ, რომ თანამოსაუბრე სათქმელს ბოლომდე არ ამბობს და რაღაცას გიმალავთ, თავი შეიკავეთ პარტნიორზე ზეწოლისგან, რადგან ამას შეიძლება მოულოდნელი შედეგი მოჰყვეს. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ დაწყებული საქმის დასრულებისთვის ძალა არ გეყოფათ, მაგრამ ასე არაა – ყველაფერი თქვენს ხელთაა.

კურო

თუ საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული ხართ, უფროსთან კამათის ნუ შეგეშინდებათ. ხელსაყრელი დღეა მიმდინარე პრობლემების მოსაგვარებლად, მაგრამ ახალი საქმის დაწყებისგან თავი უნდა შეიკავოთ. ენერგიით სავსე ხართ, ამიტომ გირჩევთ, სპორტით დაკავდეთ და თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ. დროა, პირად ცხოვრებას მეტი ყურადღება მიაქციოთ და საყვარელ ადამიანთან ერთად მეტი დრო გაატაროთ.

ტყუპები

ამ დღეს რომანტიკულ ურთიერთობებში შეიძლება უჩვეულოდ ბევრი ემოცია იყოს. სავარაუდოდ, პარტნიორისგან საინტერესო წინადადებას მიიღებთ ან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადახვალთ. მცირე უსიამოვნებები განწყობას ვერ გაგიფუჭებთ, ამიტომ შეგიძლიათ, დაწყებული საქმე მშვიდად დაასრულოთ.

კირჩხიბი

ვარსკვლავები ამბობენ, რომ ოჯახში დადებითი ცვლილებებისთვის უნდა მოემზადოთ. ეს შეიძლება სასიამოვნო შესყიდვები, სახლის რემონტი ან სასიხარულო სიახლე იყოს. ნაყოფიერი დღეა ფიზიკური მუშაობისთვის. არსებული პრობლემების გადასაჭრელად საკმარისი ძალა და მოტივაცია გაქვთ. პლანეტების ხელსაყრელი განლაგება დაგეხმარებათ, რომ არახელსაყრელი ვითარებაც კი თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ.

ლომი

მშვენიერი დროა სპორტული აქტივობებისთვის, რაც თავს გაცილებით უკეთ გაგრძნობინებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ურთიერთობაში მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ და საკუთარი გეგმების შესახებ არავის უამბოთ. მოერიდეთ გარშემო მყოფებთან კამათს – ამ დღეს ვერავის ვერაფერს დაუმტკიცებთ და დროს ტყუილად დაკარგავთ.

ქალწული

21 აპრილი კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოგვარებისა და ბიუჯეტის განაწილებისთვის. ამ დღის ამოცანა სახლში და სამსახურში დაწყებული საქმეების დროულად დასრულებაა. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. თუ შესაძლებელია, გეგმურ კვლევებზე ჩაეწერეთ. პირად ურთიერთობებში ტაქტილური კონტაქტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

სასწორი

ამ დღეს საინტერესო ამბები გელით, რომლებსაც დიდხანს ვერ დაივიწყებთ. ვარსკვლავები მარტოსულ ადამიანებს თავგადასავლებს, შეყვარებულებს კი რომანტიკას ჰპირდებიან. თუ ადამიანი რჩევას ან დახმარებას არ გთხოვთ, ინიციატივისგან თავი უნდა შეიკავოთ და საკუთარი დრო უფრო სასარგებლოდ გამოიყენოთ.

მორიელი

გირჩევთ, ურთიერთობაში საზღვრები დააწესოთ და ჩამოყალიბდეთ, რა არის თქვენთვის მისაღები და რა არა. ეს მომავალში უამრავ პრობლემას და უხერხულობას აგაცილებთ თავიდან. ეცადეთ, საყვარელ ადამიანებს მეტი დრო დაუთმოთ. მოუცლელობით თავს ყოველთვის ვერ გაიმართლებთ. დატვირთული კვირის ბოლოს სრული უფლება გაქვთ, თავი გაინებივროთ – ბოლოს და ბოლოს, ეს დაიმსახურეთ.

მშვილდოსანი

წვრილმანებზე დროს ნუ დაკარგავთ და ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილეთ. კარგი იქნება, თუ მეგობრის რჩევას დაუჯერებთ და საღამოს იმ ადგილს ეწვევით, სადაც არასოდეს ყოფილხართ.

თხის რქა

თუ გსურთ, მენეჯმენტის შექება დაიმსახუროთ, თავი მთლიანად სამსახურს უნდა მიუძღვნათ. შესაძლოა, ამ დღეს რაღაც ისეთი გააკეთოთ, რაც გარშემო მყოფებს გააოცებს და კმაყოფილებას მოგიტანთ. იყავით მომთმენი და ნუ ეცდებით, საკუთარი სიმართლე ძალით დაამტკიცოთ.

მერწყული

მშვენიერი დროა შვებულების დასაგეგმად. შეგიძლიათ წინასწარ ბილეთებიც კი შეიძინოთ. სიფრთხილით მოეკიდეთ ნებისმიერ ინფორმაციას, რადგან ვიღაც თქვენს მოტყუებას ეცდება. ბედმა შეიძლება კონკურენტების დამარცხების შანსი მოგცეთ, რაც აუცილებლად უნდა გამოიყენოთ.

თევზები

ეცადეთ, რეალობას მეტი ყურადღება მიაქციოთ. იქნებ ის, რაზეც ოცნებობთ, ძალიან ახლოსაა, მაგრამ ვერ ამჩნევთ. ამ დღეს არცერთ გადაწყვეტილებას არ ინანებთ. საკუთარ თავს და საჭიროებებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ. აუცილებელი არ არის, რომ საკუთარი სურვილები გარშემო მყოფებს შეუთანხმოთ და მათგან ნებართვა ითხოვოთ.

ზურაბიშვილი აქციის მონაწილეებს, რომლებიც პრეზიდენტის სასახლესთან მივიდნენ, მადლობას უხდის

არ მეშინია, თქვენ ხელში ეს ქვეყანა იქნება ევროპულიც, დემოკრატიულიც, რაც მთავარია დამოუკიდებელი და ძალიან ქართული -ამ გზას გავივლით ერთად! – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ზურაბიშვილი აქციის მონაწილეებს, რომლებიც პრეზიდენტის სასახლესთან მივიდნენ, მადლობას უხდის.

„ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს შენი ქვეყნის ახალგაზრდობა, ქვეყნის მომავალი, რომ მადლობის სათქმელად მოდის პრეზიდენტის სასახლესთან.

მეც მადლობას გიძღვნით, რომ ხართ თავისუფალნი და ღირსეულნი, ძლიერნი და მართალნი.

არ მეშინია, თქვენ ხელში ეს ქვეყანა იქნება ევროპულიც, დემოკრატიულიც, და რაც მთავარია დამოუკიდებელი და ძალიან ქართული. ამ გზას გავივლით ერთად!“ – წერს ზურაბიშვილი.

აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ

მოძრაობების, „ჯიუტისა“ და „დაფიონის“ ორგანიზებით მიმდინარე აქციის მონაწილეები გმირთა მოედანზე იმყოფებოდნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, გმირთა მემორიალთან მათ დადეს ფიცი, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ. მათი თქმით, არასოდეს დაუშვებენ ისეთი კანონის მიღებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს.

„არასოდეს დავთმობთ მოქალაქის თავისუფლებას, არასოდეს შევურიგდებით ძალას, რომელიც ჩვენი ქვეყნის მტრისთვის, რუსეთისთვის დათმობას ცდილობს. ვიდგებით ერთმანეთის მხარდამხარ, დავიცავთ საქართველოს სახელმწიფობრიობას, ჩვენს მამულსა და ერთიანობას. გაუმარჯოს დამოუკიდებელ, ერთიან საქართველოს!“ – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა ფიცის დადებისას.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის გადაცემას მხარი დაუჭირა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის გადაცემას მხარი დაუჭირა.

ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

კანონპროექტის მიღებას 311-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი (210 დემოკრატი, 101 „რესპუბლიკელი“), წინააღმდეგ კი 112 წავიდა (ყველა „რესპუბლიკელი“). მის მიღებას კონგრესმენების მხრიდან ოვაციები მოჰყვა.

ახლა პაკეტი განსახილველად აშშ-ის კონგრესის ზედა პალატას, სენატს გადაეცემა ისევე, როგორც ცვლილებები სენატის კანონპროექტში HR.815 აშშ-ის საერთაშორისო დახმარების შესახებ, რომელიც თებერვალში მიიღეს. ამან უნდა გაამარტივოს პაკეტის სენატში დამტკიცების პროცედურა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ის მას ხელს მოაწერს.

,,რუსეთი, რა თქმა უნდა, გააკეთებს ისეთ განცხადებებს, რომელიც ქვეყნის შიგნით ესკალაციას შეუწყობს ხელს”- ირაკლი ქადაგიშვილი

ვისაც ქართულ პოლიტიკაში რაიმე გამოცდილება ჰქონია, მით უმეტეს, იმ პერიოდში, როცა პირდაპირი რუსული პოლიტიკური გავლენა გაცილებით მეტი იყო საქართველოში, მისთვის ეს არის ანაბანა, – ამის შესახებ  პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „გამჭვირვალობის კანონპროექტზე“ რუსეთის გამოხმაურებაზე საუბრისას „იმედთან“ განაცხადა.

„ამ შემთხვევაში რუსეთი, რა თქმა უნდა, გააკეთებს ისეთ განცხადებებს, რომლებიც აქ ქვეყნის შიგნით ესკალაციას შეუწყობს ხელს. ანუ ოპოზიციის მიერ, რომლისთვისაც მთავარი არის ძალაუფლებისთვის ბრძოლა და არა სახელმწიფო და ეროვნული ინტერესები, ასეთი განცხადებები ბრუტალურად, ბრმად, ბრიყვულად იქნება გამოყენებული. ასეთი განცხადებების ტირაჟირებით ხდება ცეცხლზე ნავთის დასხმა, რაც არის ამ განცხადებების მიზანი. ეს არის აქედან სულის შებერვა, რომ კარგად აგიზგიზდეს კოცონი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მამული, ენა, სარწმუნოება – ამ ტრიადას ერთი პოსტულატიც რომ გამოაკლდეს, იდეისგან აღარაფერი დარჩება და საქართველოც დასრულდება – ვასილ მაღლაფერიძე

მამული, ენა, სარწმუნოება – ამ ტრიადას ერთი პოსტულატიც რომ გამოაკლდეს, იდეისგან აღარაფერი დარჩება და საქართველოც დასრულდება, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მამული ქართველების სამშობლო და საცხოვრისი ადგილია; ენა არის სამყაროს აღქმის, შემეცნების და აზროვნების წესი; სარწმუნოება მსოფლმხედველობის საფუძველი და ცივილიზაციური კუთვნილების განმსაზღვრელია.

„მამული, ენა, სარწმუნოება – სიტყვებით კეკლუცობისთვის მოგონილი ტრიადა კი არ არის, არამედ ეს ტრიადა ქმნის იდეას, რასაც საქართველო ეფუძნება. საქართველოს ისტორია, არსებითად, სწორედ ამ იდეის დაცვის ისტორიას წარმოადგენს – ომის დროს ხმლით და თოფით იცავდნენ, მშვიდობიანობის დროს – კულტურის და ეკონომიკის ასპარეზზე.

მამული ქართველების სამშობლო და საცხოვრისი ადგილია; ენა არის სამყაროს აღქმის, შემეცნების და აზროვნების წესი; სარწმუნოება მსოფლმხედველობის საფუძველი და ცივილიზაციური კუთვნილების განმსაზღვრელია; როდესაც საქართველომ რომის იმპერიის კვალდაკვალ ქრისტიანობა მიიღო, ეს იმას ნიშნავდა, რომ გეოგრაფიულად აზიაში მდებარე ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი გახდა (და დღემდე არის) იმ ცივილიზაციის ნაწილი, რასაც დღეს ევროპული ცივილიზაციას ვეძახით! ვახტანგ გორგასლის ანდერძი – „აწ გამცნებ თქუენ, რათა მტკიცედ სარწმუნოებასა ზედა სდგეთ და… სიყუარულსა ბერძენთასა ნუ დაუტეობთ”, საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრავდა ქვეყნის განვითარების ხაზს და დღემდე უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ გზავნილად რჩება (ბერძენთა სიყვარულში ვახტანგ მეფე რომის იმპერიასთან ცივილიზაციურ ერთობას გულისხმობდა). ამ ტრიადას რომელიმე ერთი პოსტულატი თუ გამოაკლდა, იდეისგან აღარაფერი დარჩება და საქართველოც დასრულდება.

იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ახალგაზრდებმა ემოციურ ფონზე ყურადღება არ მიაქციეს ამ ტრიადაში ერთი სიტყვის შეცვლას, თუმცა, ვინც „სარწმუნოების” „ერთობით” ჩანაცვლება ჩაიფიქრა, იმან ზუსტად იცის, რომ ამით საქართველოს იდეას კლავს, ხოლო უადგილოდ გამოყენებული თავისთავად მშვენიერი სიტყვა და ცნება „ერთობა”, სინამდვილეში ერთობის წინააღმდეგაა მიმართული და მხოლოდ განხეთქილებას გააღრმავებს.

ქვეყნის შიგნით მსოფლმხედველობრივი დაპირისპირება სულ უფრო მწვავდება, რასაც ყველანაირად აღვივებენ ათასი ჯურის პოლიტიკანები, მედროვეები და ავანტიურისტები, რომლებიც ქვეყნის გადაწვით აპირებენ ხელის მოთბობას, თუმცა, არც იმის დაუნახაობა შეიძლება, რომ ერთმანეთის აღარ გვესმის – ბევრ ადამიანს გულწრფელად კარგი სურს თავისი ქვეყნისთვის და ასევე ძალიან გულწრფელად დამნაშავედ და მოღალატედ მიაჩნია, მისივე თანამოქალაქე, რომელიც განსხვავებულად აზროვნებს.

სამწუხაროდ, ჩვენში დისკუსიის კულტურა უიმედოდ გარდაიცვალა და მისი ადგილი ბულინგის ხელოვნებამ დაიკავა, თორემ ამ ტრიადის ასე ხელაღების შეცვლის მცდელობამ, კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ „სწორედ დროც არის და საჭიროებაც მოითხოვს”, რომ დიდი ეროვნული დისკუსია დაიწყოს იმის გასარკვევად, როგორ ვიაზრებთ საქართველოს რაობას, კულტურულ ფასეულობებს, ეროვნულ მიზნებს, წარსულს, ფუნდამენტურ ცნებებს, როგორ ვხედავთ მომავალს და ასე შემდეგ. დაგვრჩა კი რაიმე საერთო?! სამწუხაროდ, ეს რიტორიკული შეკითხვა არ გახლავთ! თუ აღმოჩნდა, რომ აღარც მამული, ენა და სარწმუნოება გვაერთიანებს, აღარც ქვევრი, აღარც ვეფხისტყაოსანი, აღარც ისტორია, აღარც ეროვნული იდენტობის გამომხატველი სიმბოლოები და სიწმინდეები, თამარ მეფეზე პრეზერვატივი გვაგონდება, ერეკლეზე ღალატი, აღარც საერთო მიზნები გვაქვს და საერთოდაც ერთმანეთის დანახვა გვძაგს, მაშინ რა დაგვრჩა ის დამაკავშირებელი, რაც ერს ერთ მთლიანობად ქმნის?!

რომელიმე ერთი კანონის გამო ერთმანეთის ხოცვას რა აზრი აქვს, თუ წინასწარვე ვიცით, რომ მომავალშიც კატეგორიულად არ მოგვეწონება ერთმანეთის მიერ მიღებული მხოლოდ კანონები კი არა, არამედ, უბრალოდ გამოთქმული აზრიც კი და წინდაწინვე მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ მომავალშიც არაფერზე შევთანხმდეთ. დისკუსია აუცილებელია არა რომელიმე კანონთან დაკავშირებით, არამედ იმის გასარკვევად, რა დაგვრჩა საერთო ფასეულობა და ღირებულება. თუ მამული, ენა, სარწმუნოება მავანისთვის ჩამორჩენილობა, მოღალატეობა და პრორუსობაა, აქ, ცხადია, ერთობაზე საუბარი აღარ ღირს, აღარც საკამათო გვაქვს რამე, გვეცოდინება, რომ ერთმანეთის არ გვესმის, ვერც გავიგებთ და სჯობს, თანაცხოვრების რაიმე სხვა ფორმა ვეძებოთ“, – წერს ვასილ მაღლაფერიძე.

„ჩვენ იდენტიფიცირებული გვყავს ყველა ის ადამიანი, რომელიც სტუდენტებისა და ახალგაზრდების სახელით საუბრობს”- გიორგი ჩაკვეტაძე

მინდა მივმართო თითოეულ ახალგაზრდას – ის პროცესები, რომელიც ახლა ქუჩაში მიმდინარეობს ემსახურება ერთ მთავარ მიზანს – ამ ქვეყანაში შეიქმნას არეულობა, დესტაბილიზაცია და შემდეგ გარკვეულმა რადიკალურმა ჯგუფებმა მოახერხონ ხელისუფლების არეულობის გზით ჩანაცვლება, თუმცა მინდა მათ გარანტია მივცე, რომ ეს ასე არ მოხდება, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ჩვენ იდენტიფიცირებული გვყავს ყველა ის ადამიანი, რომელიც სტუდენტებისა და ახალგაზრდების სახელით საუბრობს. ეს ადამიანები არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. მაგალითად: ნიკო მანაგაძე, რომელიც დღეს თსუ-ში პროვოკაციული ქმედებებით გამოირჩეოდა და პირდაპირ მიუვარდა პრემიერს და სცადა ლექციის ჩაშლა, რაც რა თქმა უნდა არ გამოუვიდა.

ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი ამ დღეების განმავლობაში აქტიური პროცესები მიმდინარეობს ზვიად ცეცხლაძის მონაწილეობით. ეს ადამიანი წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაცია „დაფიონს“. ის პლაკატები, რომელიც ქუჩებში გაიკრა, ორგანიზებული იყო „ლელოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მონაწილეობით. მთელ ამ პროცესებში ჩართულია მოძრაობა „ნაბიჯის“ დამფუძნებელი დავით ჩხობაძე, რომელიც არის დავით კეზერაშვილის წრესთან დაახლოებული პირი. ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც დღეს გადაბარგებულია გვარამიასა და მელიას პარტიაში და ეს არის ნიკა ნოზაძე. ასევე იგორ ნარმანია, რომელიც ახლა არის „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანი. ეს არის ის ადამიანი, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე წაიკითხა მიშა სააკაშვილის სიტყვა“, – აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ.

აქციის მონაწილეები, რომლებიც პარლამენტთან ე.წ. რუსულ კანონს აპროტესტებდნენ მსვლელობით პრეზიდენტის სასახლისკენ მიემართებიან

ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტის შენობის წინ არიან შეკრებილები მსვლელობით პრეზიდენტის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან.

თუ სად წავლენ აღნიშნული ლოკაციის შემდეგ, ჯერ უცნობია. ისინი გეგმას აქციის მონაწილეებს გზადაგზა შეატყობინებენ.

ორგანიზატორების თქმით, შესაძლოა იყოს გარკვეული სახის პროვოკაციები. ისინი აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, რომ მსგავს პროვოკაციას არ აჰყვნენ.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორები პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაუკავშირდნენ და შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილი მათთან შესახვედრად გამოვიდეს.

რუსთაველის გამზირი ამ წუთებში გადაკეტილია.

პარლამენტთან აქცია სახელწოდებით „არა რუსულ კანონს” მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან ახალგაზრდების აქცია, სახელწოდებით „არა რუსულ კანონს” მიმდინარეობს.

საკანონმდებლო ორგანოსთან აქციას “ქალთა მარშის” მონაწილეებიც შეუერთდნენ.

მათ მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყეს და პარლამენტთან დაასრულეს. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია.

ცნობისთვის, ახალგაზრდები გუშინ, თავდაპირველად პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ, ამის შემდგომ კი, მსვლელობით იუსტიციის სახლთან გადაინაცვლეს, რის შემდეგაც, ასევე მსვლელობით გაემართნენ გმირთა მოედანზე. მათ გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რაც მათივე თქმით, არის პირობა იმისა, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს ხელისუფლება ვერ მიიღებს. გმირთა მოედნის შემდეგ აქცია პარლამენტთან დაასრულეს.