ავიაკომპანია Transavia-მ ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამის მიმართულებაზე ოპერირება დაიწყო

14
spot_img

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაბალბიუჯეტურმა ნიდერლანდურმა ავიაკომპანია Transavia-მ დაიწყო ოპერირება. ნიდერლანდების სამეფოს ავიახაზებმა ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით პირველი ფრენა შეასრულა, თბილისში 187 მგზავრი ჩამოფრინდა, ხოლო ამსტერდამში 185 გაემგზავრა.

„ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიაკომპანია ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით რეისებს კვირაში ორჯერ, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს, Boeing 737-8 ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულებს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური ღონისძიება გაიმართა, რომელსაც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე, ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში მელინე არაკელიანი, Transavia-ს აღმასრულებელი დირექტორი მარსელ დე ნოიერი და საქართველოს საავიაციო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Transavia ნიდერლანდების სამეფოს ნომერ პირველი ბიუჯეტური და სიდიდით მეორე ავიაგადამზიდავია. Air France – KLM ჯგუფის წევრი ავიაკომპანია, 50 წელია, ნიდერლანდებიდან 20-ზე მეტი ქვეყნის 100-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს და ყოველწლიურად ცხრა მილიონი მგზავრი გადაჰყავს. Transavia-ს შვიდი ბაზა აქვს. ავიაკომპანიის ხომალდები ბაზირებულია ნიდერლანდების სამეფოს, საფრანგეთისა და გერმანიის აეროპორტებში.