Home Blog Page 1076

„ლელო“ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას იწყებს

„ლელო“ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას იწყებს. როგორც „ლელოს“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე საბა ბუაძემ აღნიშნა, ნარკოეპიდემია გამოწვეულია ხელისუფლების დანაშაულებრივი გულგრილობით.

„საქართველოში რუსული სპეცოპერაციის პარალელურად, ჩვენს ქვეყანაში მძვინვარებს ნარკოეპიდემია, რომელიც გამოწვეული არის ამ ხელისუფლების დანაშაულებრივი გულგრილობით და თანამონაწილეობით. რუსული ტიპის ნარკოპოლიტიკით და ამ მზარდი პრობლემის საპასუხოდ, დღეს ვიწყებთ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას და ასევე შევიმუშავეთ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის “ლელოს” 9-პუნქტიანი გეგმა, რომელსაც გთავაზობთ ამ უდიდესი პრობლემის გასამკლავებლად, რომლის გადაფარვასაც ეს ხელისუფლება სისტემატურად ცდილობს“,- აღნიშნა ბუაძემ.

როგორც საკრებულოს წევრმა პარტია „ლელოდან“ვატო სურგულაძემ განმარტა, ნარკომანია არ არის დანაშაული, ეს არის დაავადება და შესაბამისი მკურნალობა სჭირდება.

„ეს მოიცავს ძალიან ფართო კომპლექსს – ეს არის პრევენცია, მკურნალობა, რეაბილიტაცია, ეს არის სოციალური რეაბილიტაცია. სამწუხაროდ, ჩვენთან ყოველწლიურად დაახლოებით 20 000 ადამიანს სჭირდება მკურნალობის გავლა, სერიოზული მკურნალობის გავლა და ამ შემთხვევაში, რასაც ჩვენი სახელმწიფო აკეთებს არის ის, რომ მხოლოდ 3000 ადამიანმა გაიაროს მკურნალობა.

პრობლემაა რაც ხდება სკოლებში, პრაქტიკულად ჩვენ არ ვაძლევთ არავითარ ინფორმაციას და არავითარ საბაზისო ცოდნას რა არის ეს ნარკომანია, როგორ უნდა ვებრძოლოთ, როგორ ავარიდოთ თავი, რაც ყველა ევროპულ ქვეყანაში ხდება. სააფთიაქო ნარკომანია, კი ძალიან ადვილად შეიძლება მოგვარდეს, ამისთვის მხოლოდ პოლიტიკური ნებაა საჭირო. პრაქტიკულად, თბილისის, ბათუმის და ფოთის გარდა, არსად გვაქვს ცენტრები სადაც შეიძლება ამ ხალხის მკურნალობა, სოციალური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია ე.წ გამსვლელი ბრიგადები სოფლებში რეგიონებში არ მიდის,თვითონაც არ მოდის ,არც ექიმი მიდის. ესეც გაკეთებადია. ამას სჭირდება შესაბამისი თანხების გამოყოფა. არსებობს გეგმები ძალიან ბევრი გეგმაა დაწერილი,ძალიან ბევრი პროექტი, მაგრამ ყველაფერი შემოდებულია თაროზე და მტვრით არის დაფარული. და ბოლო, როდესაც ხდება შემუშავება რომელიმე საკანონმდებლო აქტის, რეგულაციის, სამწუხაროდ, არ არიან ჩართულები პროფესიონალები და სპეციალისტები, საქართველოში გვყავს ძალიან ძლიერი ნარკოლოგები ადიქტოლოგები, ძალიან ძლიერი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა მეშვეობითაც შეგვიძლია შევქმნათ ისეთი სისტემა , რომელიც თავიდან აგვაცილებს უამრავი ახალგაზრდის დაღუპვას და სიკვდილს. ყოველდღიურად გვაქვს ინფორმაცია, რომ ვიღაცა მოკვდა იმიტომ რომ ე.წ ზედოზირება მოუვიდა, იმიტომ რომ არასწორად მოიქცა, ეს საკითხები მოგვარებადია, ამას არ სჭირდება არც იმდენად დიდი თანხები , ამას სჭირდება პოლიტიკური ნება და ჩვენი გეგმა ზუსტად ამისკენაა მიმართული“,-აღნიშნა სურგულაძემ.

პარტიის ცნობით, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის “ლელოს” გეგმა შემდეგნაირად გამოიყურება:

1 – ნარკოტიკული საშუალებების რეალიზატორებთან უკომპრომისო ბრძოლა და სასჯელის გამკაცრება

ნარკოქსელების მფარველების, მათ შორის სასამართლო და ძალოვანი უწყებებიდან გამოვლენა და სასჯელის გამკაცრება.

2 – მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების რეგულარული ნარკოტესტირება

3 – ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების დეკრიმინალიზაცია

საკანონმდებლო ცვლილებების დაანონსება (მომხმარებელთა შეწყალება, ფლობის განსაზღვრა) შეწყალებულ მომხმარებელთა რეაბილიტაციის პროგრამებში ჩასმა.

4 – რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეგულაციის დაწესება

რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსული გაზრდილი ნაკადების ფონზე, ნარკოტიკების შემოდინების რისკების შესამცირებლად უვიზო რეჟიმის გაუქმება.

5 – პირველადი პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმების დანერგვა

სასკოლო სასწავლო პროგრამებში დამოკიდებულების მართვის შესახებ დამოუკიდებელი საგნის დაინტეგრირება, განსაკუთრებით დამამთავრებელ კლასებში.

სკოლის გარემოში ახალგაზრდებს ნივთიერებების მოხმარებისგან დამცავ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს დანერგვა.

სპეციალურად გადამზადებული ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების რაოდენობის გაზრდა საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

6 – დასჯიდან მზრუნველობა/პრევენციაზე გადასვლა

ჯანდაცვის სერვისების რეფორმა. სახელმწიფო ფსიქო-სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობა. სახელწიფო ბალანსზე არსებული ნარკოლოგიური სივრცეების EU სტანდარტებთან დაახლოება.

7 – სააფთიაქო ნარკომანიასთან ბრძოლა

მედიკამენტებზე რეგულაციის გადახედვა და აღსრულების კონტროლი

8 – ნარკოდამოკიდებული პირებისთვის სამკურნალო და სარეაბილიტაციო რეგიონალური ცენტრების შექმნა

მომხმარებლებში ზიანის შემცირების მიზნით სახელმწიფო სერვისების გაფართოება და EU სტანდარტებთან დაახლოება.

ნარკოდამოკიდებული პირებისათვის სერვისების მუნიციპალურ დონეზე მიწოდება. (მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში მართვა/რეაბილიტაციის სერვისების კომპონენტის გამოყოფა)

9 – საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავების პროცესში ნარკოლოგიის და ზოგადად ადიქტოლოგიის პროფესიონალური ასოციაციების და ექსპერტების ჩართვა.

ვადამდელი არჩევნების გარეშე ქვეყანაში ქაოსი იქნებოდა -ემანუელ მაკრონი

არსებობს „მდუმარე უმრავლესობა“, რომელიც ულტრამემარჯვენეებით გამოწვეული არეულობის წინააღმდეგია, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყანა ქაოსში იქნებოდა, თუ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს არ დანიშნავდა. მაკრონის თქმით, ევროპარლამენტის არჩევნებში მისი პარტიის დამარცხების შემდე ეროვნული ასამბლეის დათხოვნა „ყველაზე მძიმე, ყველაზე სერიოზული, მაგრამ ყველაზე საპასუხისმგებლო“ გადაწყვეტილება იყო.

ამასთან, Bloomberg-ის გამოკითხვის მიხედვით, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე ეროვნული პარტია, სავარაუდოდ, ხმების 32,7%-ს მიიღებს, მემარცხენე ახალი სახალხო ფრონტი კი  – 26,3%-ს. მაკრონის „რენესანსი“ მოკავშირეებთან ერთად მესამე ადგილს იკავებს.

ოპოზიცია აუცილებლად მიიღებს შესაბამის განაჩენს ქართული საზოგადოებისგან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე-დავით მათიკაშვილი

ოპოზიცია აუცილებლად მიიღებს შესაბამის განაჩენს ქართული საზოგადოებისგან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„ოპოზიციის დამოკიდებულება ასახავს მათ რეალურ სულისკვეთებას. ისინი არა თუ არ ემხრობიან ამ პროპაგანდის წინააღმდეგ არსებულ საკანონმდებლო სივრცეს, ისინი მას მხარს უჭერენ. აუცილებლად შესაბამის პასუხს, განაჩენს ქართული საზოგადოებისგან მიიღებენ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე“,- აღნიშნა მათიკაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ გიორგი ცაგარეიშვილი დაინიშნა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ სარჯველაძის მოადგილედ პარლამენტის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი დაინიშნა.

გიორგი ცაგარეიშვილი 2022 წლიდან დღემდე საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო.

2004-2016 წლებში საქართველოს პარლამენტის მე-6, მე-7 და მე-8 მოწვევის დეპუტატი იყო. სხვადასხვა წლებში გიორგი ცაგარეიშვილი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, აგრარულ საკითხთა კომიტეტის, ასევე იურიდიულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი იყო. 2017-2018 წლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩევლის პოზიციას იკავებდა.

ქართველების გადასაწყვეტია, სურთ თუ არა ევროკავშირის წევრობა, ჩვენი მხრიდან კი საკითხი ნათელია, საქართველო წევრობის კანდიდატია და გელით -პაველ ჰერჩინსკი

ქართველების გადასაწყვეტია, სურთ თუ არა ევროკავშირის წევრობა, ჩვენი მხრიდან კი საკითხი ნათელია, საქართველო წევრობის კანდიდატია და გელით, – ამის შესახებ ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ჰერჩინსკის თქმით, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა რთულ პერიოდს გადის, თუმცა იმედოვნებს, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და სირთულის ეტაპი დასრულდება.

„საქართველოს გადასაწყვეტია, თუ როგორი ურთიერთობები სურს რომელიმე ქვეყანასთან. ქართველების გადასაწყვეტია, ვინ იქნება თქვენი მეგობარი და ვინ – მტერი. ევროკავშირი აქ საქართველოსთვის არის, ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც. უკვე 16 წელია, გვყავს ჩვენი მონიტორინგის მისია, რომელიც ყველაფერს აკეთებს დეესკალაციისა და გამოსავლის მოსაძებნად ორ ოკუპირებულ რეგიონთან დაკავშირებით. ჩვენ მხარს ვუჭერდით საქართველოს უზარმაზარი ფინანსური მხარდაჭერით, თქვენ ნახეთ ეს ციფრები. ჩვენ მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მიმართ 10-ჯერ მეტია, ვიდრე სამოქალაქო საზოგადოების მიმართ გაწეული მხარდაჭერა.

ჩვენ ჩვენს ინსტრუმენტებსა და ექსპერტულ ცოდნას, სწავლებებს ყოველთვის ვიყენებდით, რათა გაგვეძლიერებინა ქართული ინსტიტუციები და დემოკრატია. ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს გადასაწყვეტია, ვინაა მისი მეგობარი და ვინ – მტერი. ჩვენ საქართველოს, ქართველი ხალხისა და მთავრობის სრულ განკარგულებაში ვართ. გვსურს, საქართველო იყოს ძალიან წარმატებული ქვეყანა, მოთმინებით ველით. ამჟამად ჩვენი ურთიერთობები რთულ პერიოდს გადის. იქნება არჩევნები ოქტომბერში, გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს რთული პერიოდი დასრულდება, საღი აზრი გაიმარჯვებს. ქართველების გადასაწყვეტია, სურთ თუ არა ევროკავშირის წევრობა. ჩვენი მხრიდან საკითხი ნათელია, საქართველო წევრობის კანდიდატია და გელით“, – აღნიშნა ჰერჩინსკიმ.

ფინანსურ ბაზრებზე ბოლო პერიოდში დაფიქსირებული რყევების გათვალისწინებით, რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად შევინარჩუნეთ – ნათია თურნავა

ბოლო პერიოდში ფინანსურ ბაზრებზე დაფიქსირებული რყევების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად – 8%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მივიღეთ, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ფინანსურ ბაზრებზე რყევები მეტწილად ხელოვნური აჟიოტაჟით იყო განპირობებული, რამაც ინფლაციური მოლოდინების გარკვეული გაუარესება გამოიწვია.

„აქედან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად – 8%-ზე შევინარჩუნეთ. თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები კვლავ ძლიერი და დადებითია. ეს ეხება ყველა შემადგენელ ნაწილს – დაწყებული დაბალი ინფლაციითა და ეკონომიკური ზრდით, დამთავრებული ფულადი გზავნილებით, ტურიზმიდან შემოსავლებით და სხვა. შესაბამისად, გვაქვს ყველა საფუძველი ვივარაუდოთ, რომ სხვა თანაბარ პირობებში გავაგრძელებთ მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 31 ივლისს ჩატარდება

 ღრმა მწუხარებით უნდა გითხრათ, რომ საქართველოსთან ურთიერთობაში ურთულეს პერიოდს გავდივართ- პაველ ჰერჩინსკი

ევროკავშირში ინტეგრაციას სჭირდება ერთსულოვნება, უკვე მოვისმინეთ რამდენიმე ლიდერის საჯარო განცხადება, რომ საქართველოსთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების წინააღმდეგი იქნებიან, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საპასუხოდ რა ზომები იქნება მიღებული მოლაპარაკებების გახსნის ჭრილში, მომდევნო კვირაში გამოჩნდება.

„ევროკავშირი – საქართველოს ურთიერთობაში, ღრმა მწუხარებით უნდა გითხრათ, რომ ურთულეს პერიოდს გავდივართ. არაერთხელ ვთქვით, რომ უცხოური გავლენის შესახებ მოქმედი კანონი არახელსაყრელ ეფექტს მოახდენს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე. სამწუხაროდ, ეს მოხდა. მომდევნო კვირაში ევროკავშირი განიხილავს შედეგებს, დისკუსია ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გაიმართება, რამდენიმე დღის შემდეგ კი, ლიდერების დონეზე. პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები განიხილავენ და გადაწყვეტენ, რა ზომებს მივიღებთ საქართველოში ამ მოვლენებზე საპასუხოდ. ამ კანონმა საქართველოს წინსვლის პერსპექტივაზე უდავოდ უარყოფითად იმოქმედა. ამ კანონის მიღებამ გაყინა საქართველოს ევროინტეგრაცია. როგორც იცით, ევროკავშირში ინტეგრაცია საჭიროებს ერთსულოვნებას. ჩვენ უკვე მოვისმინეთ რამდენიმე ლიდერის საჯარო განცხადებები, რომ ისინი წინააღმდეგი იქნებიან საქართველოსთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების, თუკი ეს კანონი ამოქმედდება, ის უკვე ამოქმედდა და შედეგები მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

კითხვაზე, კანონის ამოქმედების შემდეგ ევროკავშირის მხრიდან რა ვერსიები განიხილება საქართველოს წინააღმდეგ, პაველ ჰერჩინსკიმ აღნიშნა: „ეს ითქვა ხმამაღლა და მკაფიოდ ჩემი ხელმძღვანელების მიერ, ევროპული კომისიის პრეზიდენტმაც თქვა, ისევე როგორც უმაღლესმა კომისარმა, მაგიდაზე ყველა ვარიანტი დევს. ევროკომისიის სამსახურმა, საგარეო ქმედებათა სამსახურმა, ჩვენ მოვამზადეთ სხვადასხვა ვარიანტი, ეს ჩამონათვალი გავუზიარეთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს და ისინი გადაწყვეტენ, რა ვარიანტები განახორციელონ. ეს გადაწყვეტილებები მიღებული უნდა იქნას საგარეო მინისტრების დონეზე ორშაბათს ლუქსემბურგში და შემდეგ 27 ივნისს ევროპული საბჭოს დონეზე – პრეზიდენტების და პრემიერების, რაც ევროკავშირში ყველაზე მაღალი დონეა. მინდა, დავამატო, რომ ეს ხდება უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის კონტექსტში, ზუსტად მომდევნო კვირას. ასე რომ, ძალიან გულდასაწყვეტია იმის ნახვა, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი პრაქტიკულად გაჩერებული, გაყინულია და ამავდროულად, ჩვენ წინ მივიწევთ უკრაინასთან და მოლდოვასთან“.

ზუსტი ინფორმაცია მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილს დაბარებული ჰყავდა როგორც კობახიძე, ასევე ღარიბაშვილი და ორივეს გამოუცხადა, „ეს რა შარში გამხვიეთო“ – გიორგი ვაშაძე

ზუსტი ინფორმაცია მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილს დაბარებული ჰყავდა როგორც კობახიძე, ასევე ღარიბაშვილი და ორივეს გამოუცხადა, “ეს რა შარში გამხვიეთო“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან საქართველოში აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის “ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში გაკეთებული განცხადება შეაფასა, რომლის თქმით, შეზღუდვის პირველი ტრანში უკვე განხორციელდა და ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ვიზა, ეცნობათ, რომ მათი ვიზა ვალიდური აღარ არის.

გიორგი ვაშაძის შეფასებით, ხელისუფლება ამას იმიტომ მალავს, რომ არ უნდა ბოლომდე ჩამოიშალოს.

“ყველას ხომ კარგად ესმის, რომ ეს ყველაზე სწრაფი ნაბიჯია, რაც ამერიკულმა მხარემ გადადგა. ამის შემდგომ იქნება ფინანსური სანქციებიც, კიდევ უფრო გაფართოება ამ წრის, ანუ, რადგან ერთი სია შეიკრა, ახლა იმ სიაში უბრალოდ, ხალხი დაემატება. „ქართული ოცნება“ ამას იმიტომ მალავს, რომ შიდა ტოტალური ჩამოშლის ეშინია. ისედაც ჩამოშლილები არიან, ერთმანეთს არ ენდობიან, დიდი ჩხუბი აქვთ, სპეცსამსახურებს ქუჩური და კრიმინალური გარჩევები აქვთ ერთმანეთში, პოლიტიკური წარმომადგენლები ერთმანეთს აღარ ელაპარაკებიან, რა შარში გაგვხვიეთო ერთმანეთს ეუბნებიან და აბრალებენ. ახლა რომ იცოდეთ „ქართულ ოცნებაში“ რა ხდება – კობახიძე ღარიბაშვილს აბრალებს, ღარიბაშვილი კობახიძეს, ბიძინა ივანიშვილი კი ორივეს. აი, ეს ხდება ახლა რომ იცოდეთ „ქართულ ოცნებაში“. ზუსტი ინფორმაცია მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილს დაბარებული ჰყავდა როგორც კობახიძე, ასევე ღარიბაშვილი და ორივეს გამოუცხადა, ეს რა შარში გამხვიეთო. შესაბამისად, ველი, რომ შეიძლება საერთოდ მოაძრონ იმ თანამდებობიდან და ახალი ტრიუკი ჩაატაროს ბიძინა ივანიშვილმა. ოღონდ ჩვენ ეს არ უნდა „ვიყიდოთ“. გეტყვით რაში ედავება-მას თავის დროზე მიუტანეს ანგარიში, რომ ახალგაზრდებზე ისე იმუშავა მათმა დეზინფორმაციის კამპანიამ, ახალგაზრდების მხრიდან არანაირი დიდი პროტესტი არ იქნებოდა. რეალურად, „ქართული ოცნება“ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ახალგაზრდების მასობრივმა პროტესტმა გამოფიტა. შესაბამისად, ახლა არის შიდა გარჩევები, ვისი ბრალია. დახარჯული აქვთ “ობშიაკის” დაახლოებით 80 მლნ, რომელიც არის შეგროვებული, ადგილიც კი ვიცი, სად არის ეს ფული. როცა ხელისუფლებას შევცვლით, გავხსნით და ხალხს დავურიგებთ ამ ფულს რომ იცოდეთ. ხალხი მიიღებს ამ ფულს, დაახლოებით მილიარდამდეა მობილიზებული. ახლა ხდება კაპიკ-კაპიკ განხილვა, რომ დახარჯეთ ეს ფული, შედეგი რატომ არ დაიდოო“,-განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რობინ დანიგანმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ვიზა, ეცნობათ, რომ მათი ვიზა ვალიდური აღარ არის და მათ, ვისაც არ აქვთ ვიზა, ვეღარ მიიღებენ მას.

ევროკავშირი მხარს უჭერდა და დაუჭერს საქართველოში სამოქალაქო ორგანიზაციებს, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიის მნიშვნელოვანი ხერხემალია -პაველ ჰერჩინსკი

x

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა სოციაციის (საია) ახლად გახსნილ ოფისში იმყოფებოდა.

როგორც ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ვროკავშირი მხარს უჭერს საქართველოში ყველა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას.

„ახლახან გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა, მნიშვნელოვანი დიალოგი საია-სთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციასთან, რომელსაც ევროკავშირი უჭერს მხარს. საია ეხმარება ყველაზე მოწყვლად ადამიანებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც იურიდიული დახმარება სჭირდებათ. საია ასევე აქტიურია ადგილობრივ საარჩევნო სადამკვირვებლო პროცესში. ევროკავშირი მხარს ვუჭერდით და დავუჭერთ საია-ს და საქართველოში ყველა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას, რადგან აქტიური სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხერხემალია“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

„ქართული ოცნება“ იტყუება, როცა ამბობს, რომ მათზე სანქციები არ დადებულა – ირაკლი კუპრაძე

ელჩმა დანიგანმა დაადასტურა, რომ სანქციების შესახებ ინფორმაცია „ქართულ ოცნებას“ მიუვიდა, – ასე გამოეხმაურა „ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რობინ დანიგანის მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებას, რომელიც სანქციებს შეეხებოდა.

როგორც კუპრაძე აღნიშნავს, სანქციების მომდევნო ტალღებიც იქნება.

„ქართული ოცნება“ იტყუება, როცა ამბობს, რომ მათზე სანქციები არ დადებულა. ელჩმა დანიგანმა დაადასტურა, რომ სანქციების შესახებ მათ ინფორმაციაც მიუვიდათ. მალავენ იმ შედეგს, რისიც მათ ეშინოდათ. ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისია, რაც სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან დაანონსებულია, რომ სანქციების მომდევნო ტალღები იქნება, რომლებიც არა მხოლოდ სამგზავრო შეზღუდვებში გადაიზრდება, არამედ ფინანსურ სანქციებში, რისიც „ქართულ ოცნებას ყველაზე მეტად ეშინია“, – განაცხადა კუპრაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა “ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ შეზღუდვის პირველი ტრანში უკვე განხორციელდა და ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ვიზა, ეცნობათ, რომ მათი ვიზა ვალიდური აღარ არის და მათ ვისაც არ აქვთ ვიზა, ვეღარ მიიღებენ მას.

ფხენიანი უპირობოდ დაუჭერს მხარს რუსეთის ყველანაირ პოლიტიკას -კიმ ჩენ ინი

ფხენიანი უპირობოდ დაუჭერს მხარს რუსეთის ყველანაირ პოლიტიკას, – ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა.

კიმ ჩენ ინის თქმით, ფხენიანი აპირებს, რომ კიდევ უფრო მეტად გააუმჯობესოს სტრატეგიული თანამშრომლობა რუსეთთან.

„ჩრდილოეთ კორეა სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს რუსეთის მთავრობას, არმიას და ხალხს, უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის განხორციელებისას მათი სუვერენიტეტის, უსაფრთხოების ინტერესების და ასევე ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად“, – აღნიშნა კიმ ჩენ ინმა.

პუტინი ფხენიანში დღეს ჩავიდა. ეს 24 წლის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქში.

უცხოური გამოცემები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების დებიუტს დადებითად აფასებენ

მოიგო თურქეთმა, თუმცა, ყველა ქართველი ფეხბურთელების თამაშზე წერს. საქართველომ მარცხი განიცადა, თუმცა თავი გმირულად წარმოაჩინა. დებიუტანტებს თავის მაღლა აწევა მართებთ. მათ ახლა უკვე ნამდვილად იციან, რომ მათი ადგილი ამ სცენაზეა, – ნათქვამია „უეფას“ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში.

ვილი სანიოლის გუნდმა დაამტკიცა, რომ მისი ადგილი სწორედ ამ დონის ჩემპიონატზეა, – წერს გამოცემა Eurosport-ი და აღნიშნავს, რომ „ქართველების დებიუტი ყველას დიდხანს ემახსოვრება. მარცხის მიუხედავად, მათ მრავალრიცხოვანი დამაიმედებელი მომენტი შექმნეს“.

„საქართველოს მწვრთნელის თქმით, ნაკრები გააკეთებდა ყველაფერს პირველ დიდ შეჯიბრზე, რაც ზუსტად ასე მოხდა თამაშის პირველივე წუთიდან. დორტმუნდის ქულების გარეშე დატოვების მიუხედავად, მომავალ თამაშებზე ბევრი პოზიტივი ელით“, – წერს BBC.

საქართველოს ნაკრების სადებიუტო თამაშს ევრო 2024-ზე დადებითად აფასებენ სხვა გამოცემებიც. New York Times-ი წერს, რომ თურქეთისა და საქართველოს მატჩმა ტურნირი ახალ დონეზე აიყვანა.

მოედანზე აბსოლუტური აჟიოტაჟი იყო. ეს ის გრძნობებია, რომელიც მხოლოდ ფეხბურთს შეუძლია გამოიწვიოს. „ეს არის სპორტი“, – წერს The Guardian-ი.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი გამართა და მძიმე ბრძოლაში თურქეთთან დამარცხდა. 25-ე წუთზე ანგარიში თურქებმა გახსნეს, ხოლო საქართველოს ნაკრებიდან გიორგი მიქაუტაძემ პირველი, ისტორიული გოლი 31-ე წუთზე გაიტანა და პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა. თურქებმა ორი გოლის გატანა მატჩის მეორე ნახევარში შეძლეს, საბოლოოდ კი შეხვედრა ანგარიშით 3:1 დასრულდა.

ევროპის ჩემპიონატზე მომდევნო შეხვედრას „ჯვაროსნები“ 22 ივნისს, ჰამბურგში გამართავენ, სადაც ჩეხეთს დაუპირისპირდებიან.