Home Blog Page 1070

“პუტინის ომი უკრაინაში ხელს უწყობს რუსების შემოსავლების ზრდას”-Newsweek

„მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული ახალი ანგარიშის თანახმად, რუსეთი გადაყვანილი იმ ქვეყნების სიაში, სადაც მოსახლეობას მაღალი შემოსავლები აქვთ“, – ნათქვამია ამერიკული ჟურნალის „ნიუსვიქის“ (Newsweek) ვებ-საიტზე გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით: „პუტინის ომი უკრაინაში ხელს უწყობს რუსების შემოსავლების ზრდას“ (ავტორი – ჰიუ კემერონი).

როგორც მასალაშია აღნიშნული, ეს ადასტურებს, რომ დასავლეთის ყველა მოქმედება რუსეთის ეკონომიკის ჩამოშლის მიზნით ფიასკოს განიცდის.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

დასავლური მკაცრი სანქციებისა და ძვირადღირებულ ომში ქვეყნის მონაწილეობის მიუხედავად, რუსეთის მოსახლეობის შემოსავლები მატულობს.

ამ კვირის დასაწყისში მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა განახლებული ანგარიში სახელწოდებით „2023 წელს მსოფლიოში შემოსავლების დონის შესახებ“, რომელშიც რუსეთი „საშუალო დონის შემოსავლების მქონე ქვეყნების“ კატეგორიიდან „მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების“ კატეგორიაშია გაყვანილი.

როგორც დასავლელი ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ეს ფაქტი მკაფიოდ ადასტურებს, რომ ანტირუსულმა აქციებმა ვერავითარი ეფექტური გავლენა ვერ მოახდინეს ვერც მოსკოვის საომარ ძალისხმევაზე და ვერც რუსეთის ეკონომიკაზე.

„ამჟამად თითქმის ყველა ფაქტი იმას მოწმობს, რომ დასავლურმა სანქციებმა მარცხი განიცადა“, – განუცხადა „ნიუსვიქის“ კორესპონდენტს ფილიპ კანკლიფმა, ბრიტანელმა საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორმა.

უფრო მეტიც, ფილიპ კანკლიფის თქმით, რუსეთს სანქციებმა გარკვეული სარგებლობაც კი მოუტანა: სინამდვილეში დასავლეთის ქვეყნების ლიდერთა სადამსჯელო ნაბიჯები მოსკოვს დაეხმარა რუსეთის მრეწველობის სტიმულირებაში, რის შედეგადაც რუსეთი უფრო თვითკმარი სახელმწიფო გახდა, ვიდრე ომამდე იყო. „სანქციებმა აიძულა კრემლი ახალი ბაზრები მოეძებნა და ახალი სავაჭრო პარტნიორები გაეჩინა, ექსპორტ-იმპორტისათვის ახალი მარშრუტები ეპოვნა“, – ამბობს კომენტარში პროფესორი ფილიპ კანკლიფი.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო

“სად დაიკარგა ემანუელ მაკრონი? საფრანგეთის პრეზიდენტი საარჩევნო კრიზისის დროს “რადარებიდან გაქრა”-Politico

ამერიკული გაზეთი „პოლიტიკო“ (Politico) თავის ევროპულ გამოცემაში, რომელიც ბრიუსელში იბეჭდება, აქვეყნებს სტატიას სათაურით: “სად დაიკარგა ემანუელ მაკრონი? საფრანგეთის პრეზიდენტი საარჩევნო კრიზისის დროს “რადარებიდან გაქრა” (ავტორი – ქლეა ქოლქათი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

როცა ემანუელ მაკრონი სულ ბოლოს საჯაროდ, საზოგადოების წინაშე გამოსული ნახეს, მას მოდური მზის სათვალეები ეკეთა, მუქი საზაფხულო ქურთუკი ეცვა და შავი „ბეისბოლის“ ქუდი ეხურა. პრეზიდენტი ტელეარხების კადრებში იმ დროს მოხვდა, როცა კვირას, 30 ივნისს, ხმას აძლევდა საფრანგეთის პარლამენტის (ეროვნული კრების) არჩევნების დროს, საკურორტო ქალაქ ლე-ტუკში. თავი რომ დავანებოთ მის პიჟონურ გამოხტომებს, ბოლო დროს შესამჩნევია, რომ ფრანგი ლიდერი ცდილობს ჩრდილში იყოს და საზოგადოებას ზედმეტად არ დაენახვოს. ზოგიერთ საერთაშორისო შეხვედრაში მონაწილეობის გარდა, ემანუელ მაკრონი თითქმის ორი კვირაა „მიმალვაშია“.

არჩევნების პირველი ტურის შემდეგ პრეზიდენტი ერთხელაც არ გამოსულა ტელევიზიით, რომ თავისი შეშფოთებული მხარდამჭერები გაემხნევებინა იმ კატასტროფული მარცხის შემდეგ, რაც პარტიამ და ალიანსმა განიცადეს. ამის ნაცვლად ელისეის სასახლემ მოკლე განცხადება გაავრცელა და პარტიას სიმტკიცისა და ერთიანობისაკენ მოუწოდა.

ცენტრისტული ალიანსი, რომელიც ისედაც კარგად არის შეფერთხილი ევროპარლამენტის არჩევნებში განცდილი წარუმატებლობის გამო, ახლა იძულებულია ლიდერის გარეშე „თავგანწირულად“ იბრძოლოს და რაც მომხრეები ჰყავს დარჩენილი, ისიც არ დაკარგოს. რეალობა ისეთია, რომ პრეზიდენტის მოკავშირეებს წინასაარჩევნო კამპანიის დროს პრეზიდენტის დანახვა არ სურთ. ემანუელ მაკრონის ფოტოსურათები არ ჩანს არც სააგიტაციო პლაკატებზე და არც ბროშურებში.

„მას უთხრეს, რომ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა არ მიეღო. ვერ ვიტყვით, რომ იგი ნებაყოფლობით დათანხმდა ასეთ გაფრთხილებას. უფრო სწორი იქნება ვთქვათ, რომ ემანუელ მაკრონი აიძულეს“, – განაცხადა პრეზიდენტის პარტია „აღორძინების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომელმაც ამ ფრიად დელიკატური საკითხის კომენტირებისას ანონიმურობის დაცვა ითხოვა. „პრეზიდენტმა სათანადოდ ვერ შეაფასა, თუ რამდენად შემაზრზენია საზოგადოებისათვის მისი პიროვნება“, – დაამატა პარტიულმა ჩინოვნიკმა.

ვრცელდება ხმები, რომ პრეზიდენტის პარტიის ზოგიერთი „მძიმეწონიანი“ ჩინოვნიკი უკმაყოფილოა შექმნილი სიტუაციით და ისინი ამაში ბრალს ლიდერს სდებენ. ერთ-ერთმა საკვანძო მხარდამჭერმა მინისტრმა „დემაკრონიზაციის“ აუცილებლობაზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ „პრეზიდენტის იმიჯი გაცვდა“,
აქტიური და მჭევრმეტყველი 46 წლის პრეზიდენტისათვის, რომელსაც მუდამ მოვლენების ცენტრში ყოფნა უყვარს, ახალი იდეების შეთავაზება და ძველი ტრადიციების დარღვევა, რასაკვირველია, ასეთი ახალი რეალობა ძალზე არაკომფორტულია.

რა ხდება ელისეის სასახლის “ბუნკერში”

მაგრამ გადასახლებაში გაგზავნილი ნაპოლეონ ბონაპარტისაგან განსხვავებით, ემანუელ მაკრონი ელისეის სასახლის „ბუნკერში“ სამუშაო მაგიდასთან ზის და ახალი ბატალიებისათვის ემზადება – თუ როგორ უნდა მართოს ქვეყანა 7 ივლისს მოსალოდნელი მძიმე მარცხის შემდეგ. შესაძლოა, საფრანგეთის პრეზიდენტს მოუწევს „თანაარსებობის მთავრობაში“ მარინ ლე პენის პარტიასთან – „ეროვნულ გაერთიანებასთან“ ითანამშრომლოს, რომელსაც, აშკარაა, პარლამენტში ყველაზე დიდი ფრაქცია ეყოლება.

ხმები ხმებად, მაგრამ ბოლო დღეებში ემანუელ მაკრონი იმასაც ცდილობს, რომ მისი პარტიის კრიზისის მოსალოდნელი გაღრმავების ფონზე თავისი გავლენა როგორმე განამტკიცოს. მან ქვეყანაში რამდენიმე მაღალჩინოსანი შეცვალა და პარალელურად ევროკავშირისაგან ითხოვს, რომ მისი მოკავშირეები ბრიუსელის სტრუქტურებში მნიშვნელოვან პოსტებზე დაინიშნონ. ამის საპასუხოდ, მარინ ლე პენმა ემანუელ მაკრონი „ადმინისტრაციული გადატრიალების“ ორგანიზების მცდელობაში დაადანაშაულა.
მოკლედ, ჩრდილში მყოფი პრეზიდენტი მძიმე გამოცდისათვის ემზადება. ოთხშაბათს მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პოლიციასა და უშიშროების ორგანოებში ახალი პირების დანიშვნები გამოაცხადა. მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები განხორციელდა სახმელეთო ჯარებში, სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალებში – ათობით ახალმა [პრეზიდენტის ერთგულმა] ჩინოვნიკმა ძველები ჩაანაცვლა.

მაკრონის ზოგიერთი მოკავშირის თქმით, შესაძლებელია მყიფე პარტიული კოალიციის შექმნა – ისეთისა, როგორის ჩამოყალიბება გერმანიაში და ესპანეთში მოხერხდა. „შესაძლოა ეს არის შანსი იმისა, რომ ჩვენი მმართველობის სისტემა შეიცვალოს“, – განაცხადა რადიოინტერვიუში პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა. როგორც მან აღნიშნა, არჩევნების შემდეგ შეიძლება „პლურალისტური ეროვნული კრება“ ვიხილოთ, რომელშიც პოლიტიკური ფრაქციები – მემარჯვენეები, მემარცხენეები და ცენტრისტები ერთად იმუშავებენ და საინტერესო სახელმწიფოებრივ პროექტებს ურთიერთშეთანხმებებით განახორციელებენ“.

მაგრამ ასეთი ალიანსის გაჩენა 7 ივლისის ხმის მიცემის შედეგებზეა დამოკიდებული. გარდა ამისა, ეს შესაძლებელი იქნება: ა) იმ შემთხვევაში, თუ ემანუელ მაკრონი უკიდურესად მემარცხენეებთან ერთად მუშაობაზე დათანხმდება და ბ) თუ სოციალისტები, მწვანეები და კომუნისტები (ანუ მემარცხენე ძალების წარმომადგენლები) კავშირს გაწყვეტენ თავიანთ პარტნიორ პარტია „დაუმორჩილებელ საფრანგეთთან“, რომლის ლიდერს ჟან-ლუკ მელანშონი წარმოადგენს. ერთიც და მეორეც, დღევანდელი მონაცემებით, ნაკლებსავარაუდოა.

ძველებურად ისევ ანგარიშგასაწევი?

მაგრამ განა რამდენ ხანს აარიდებს თავს პრეზიდენტი ტელეკამერებს? როგორც ჩანს, არცთუ ისე დიდხანს. როცა კვირა საღამოს ნათელი გახდება მარინ ლე პენის პარტიის „ეროვნული გაერთიანების“ გამარჯვების მასშტაბები, პრეზიდენტს მოუწევს ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნაზე იზრუნოს. თუ პარლამენტში მემარჯვენეებს აშკარა უმრავლესობა არ ეყოლებათ, მაშინ მთავრობის მეთაურის დანიშვნას და მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბებას შეიძლება კვირები დაჭირდეს.
„მაკრონი ისევ თავის ხელში აიღებს ინიციატივას როგორც საფრანგეთის ინსტიტუტების ხელისუფლების გარანტი“, – ამბობს ზემოხსენებული ანონიმური პარტიული ჩინოვნიკი. თუ მემარჯვენეები გაიმარჯვებენ და აბსოლუტურ უმრავლესობას მიიღებენ, ემანუელ მაკრონი იძულებული გახდება პრემიერ-მინისტრის პოსტზე მარინ ლე პენის პარტიის წარმომადგენელი ჟორდან ბარდელა წამოაყენოს. თუ მემარჯვენეები უმრავლეს ადგილებს ვერ დაიკავებენ, მაშინ პრეზიდენტი ხანგრძლივ მოლაპარაკებას დაიწყებს კოალიციის შესაქმნელად იმ პარტიებთან, რომლებიც დღეს მისი მეტოქეები არიან – მემარცხენე და მემარჯვენე ფლანგიდან.
მაგრამ ძალზე ძნელია წინასწარ იმის პროგნოზირება, თუ როგორ შეიძლება ურთიერთობის დამყარება ემანუელ მაკრონის ლიბერალ მოკავშირეებთან და მათი რეპუტაციის გაუმჯობესება ფართო საზოგადოების თვალში იმ დროს, როცა მაკრონისტების რეიტინგი და პოპულარობა, უბრალოდ, დაინგრა, რასაც ბოლო საზოგადოებრივი გამოკითხვები ადასტურებს.
გაბრიელ ატალი, რომელიც ერთ-ერთი იშვიათი მეტ-ნაკლებად პოზიტიური ფიგურაა მაკრონის მომხრეებიდან და რომელიც ჯერ კიდევ ინარჩუნებს გარკვეულ პოპულარობას, როცა მის შეფს აკრიტიკებენ, ფართოდ იღიმება და თან ბრაზისაგან კბილებს აკრაჭუნებს. ფრანგული პოლიტიკა კრიზისშია, ემანუელ მაკრონს „უგუნურს“, „ქაოსის აგენტს“ უწოდებენ და ადანაშაულებენ, რომ სწორედ ის არის ფიასკოს ავტორი.
როგორც ჩანს, უახლოეს პერსპექტივაში პრეზიდენტის ვერავითარი ქარიზმა, ვერავითარი მოდური ქურთუკები და ჰოლივუდის ბლოკბასტერებით რეკლამირებული სათვალეები სიტუაციას ვერ შეცვლის.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

 ეუთო-ს რეზოლუციას მხარს არ დავუჭერთ, რადგან მიკერძოებულია და იმ სამარცხვინო პოლიტიკის გაგრძელებაა, რასაც „არა რუსულ კანონს“ ჰქვია -ქადაგიშვილი

„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ქადაგიშვილი განმარტავს, ქართული დელეგაცია რატომ არ უჭერს მხარს ეუთო-ს რეზოლუციას.

„ეუთო-ს რეზოლუციას მხარს არ დავუჭერთ, რადგან მიკერძოებულია და იმ სამარცხვინო პოლიტიკის გაგრძელებაა, რასაც „არა რუსულ კანონს“ ჰქვია, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ქადაგიშვილის თქმით, „რეზოლუციაში საქართველოს დეოკუპაციის ჩაწერაც კი ეშინიათ“.

კონკრეტული ადამიანები არიან, რომელთაც საქართველოს წარმატება არ უხარიათ, ნებისმიერს გადათელავენ, თუ მათ ინტერესებს არ შეესაბამება -ირაკლი ქადაგიშვილი

მთელ ქვეყანას ეროვნული ნაკრების წარმატება რომ უხაროდა, იძულებული იყვნენ, კბილების ხრჭიალით ამისთვის მხარი აებათ, მაგრამ როგორც კი, მათი გაგებით, ფეხბურთელებზე თავდასხმისთვის საბაბი მიეცათ, ეს გააკეთეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერს გადათელავენ, თუ მათ ინტერესებს არ შეესაბამება.

„კონკრეტული ადამიანები არიან, რომელთაც საქართველოს წარმატება არ უხარიათ. მთელ ქვეყანას ეროვნული ნაკრების წარმატება რომ უხაროდა, იძულებული იყვნენ, რამენაირად კბილების ხრჭიალით ამისთვის მხარი აებათ. მათი გაგებით, როგორც კი საბაბი მიეცათ, რომ ფეხბურთელებს თავს დასხმოდნენ, ეს განახორციელეს. მათი მიზანია ნებისმიერი გზით ხელისუფლებაში დაბრუნება და ამისთვის ნებისმიერ მეთოდს გამოიყენებენ. მნიშვნელობა არ აქვს, ფეხბურთელი იქნება თუ ვინმე სხვა, ნებისმიერს გადათელავენ, თუ მათ ინტერესებს არ შეესაბამება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ეუთო-ში ამერიკულმა მხარემ ისეთი წინადადება დააყენა, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამაც“ არ დაუჭირა მხარი, ეს მეტყველებს, რომ საქართველოს უცხოური ძალები ებრძვიან -მაჭარაშვილი

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ამერიკულმა მხარემ ისეთი წინადადება დააყენა, რომ მას მხარი კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამაც“ კი არ დაუჭირა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს დელეგაციამ განგაში ატეხა.

„ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ მართლები ვართ, როცა ვამბობთ, რომ უცხოური ძალები საქართველოს ებრძვიან. სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს. ხალხმა იცის, ვის უნდა დაუჭიროს მხარი 26 ოქტომბერს“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინე ხვედელიძე ლიანა ისაკაძის ოჯახს სამძიმარს უცხადებენ

ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ გამორჩეული მუსიკოსის, მევიოლინე ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო, – ამის შესახებ აღნიშნულია ბიძინა ივანიშვილის და მისი მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის სამძიმრის წერილში.

ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინე ხვედელიძე ლიანა ისაკაძის ოჯახს სამძიმარს უცხადებენ.

„ლიანა ისაკაძე გახლდათ თანამედროვეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მევიოლინე, უდიდესია მისი წვლილი მუსიკალური ხელოვნების განვითარების, პოპულარიზაციის საქმეში. მისი შესრულება გამოირჩეოდა არტისტიზმით, ღრმა მუსიკალურობითა და ვირტუოზულობით.

საქართველოს სახალხო არტისტს სხვა უმნიშვნელოვანეს ჯილდოებთან ერთად მიღებული აქვს ღირსების ორდენი, თბილისისა და ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება.

გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებთ ქალბატონი ლიანა ისაკაძის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და მთელ ჩვენს საზოგადოებას“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

მუსიკოსი, მევიოლინე ლიანა ისაკაძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7613 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7613 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7613 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7860 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0247 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9886 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0089 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0203 ლარი შეადგინ

 უნგრეთი, როგორც ჩანს, მალე გახდება ევროპაში ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც კონფლიქტის ყველა მხარესთან შეუძლია საუბარი -ვიქტორ ორბანი

უნგრეთი, როგორც ჩანს, მალე ევროპაში ერთადერთი ქვეყანა გახდება, რომელსაც კონფლიქტის ყველა მხარესთან შეუძლია საუბარი, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა კრემლში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს განაცხადა.

„მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და თქვენთან ერთად განვიხილო რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. მსურს, ვიცოდე თქვენი პოზიცია ევროპისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. ქვეყნების რაოდენობა, რომლებსაც შეუძლიათ კონფლიქტის ორივე მხარესთან საუბარი, სწრაფად მცირდება. მალე უნგრეთი, როგორც ჩანს, გახდება ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, რომელსაც შეუძლია კონფლიქტის ყველა მხარესთან საუბარი“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

თავის მხრივ, რუსეთის ლიდერმა განაცხადა, რომ მოხარულია მოსკოვში უნგრეთის მთავრობის მეთაურის ხილვით.

„რა თქმა უნდა, მზად ვარ, თქვენთან ერთად განვიხილო ნიუანსები ამ საკითხთან დაკავშირებით და იმედი მაქვს, შემატყობინებთ თქვენს და თქვენი ევროპელი პარტნიორების პოზიციას“, – თქვა ვლადიმერ პუტინმა.

ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და უნგრეთს შორის ვაჭრობა 35 პროცენტით შემცირდა, თუმცა ქვეყნებს დიდი პროექტები აქვთ.

თიბისის ბიზნეს მობაილ ბანკში გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

თიბისის მისიაა გაუმარტივოს მომხმარებლებს ცხოვრება, ამ მიზნით მუდმივად მიმდინარეობს სიახლეების დანერგვა ციფრულ არხებში.

ამჯერად სიახლეა  ბიზნეს მობაილ ბანკში, სადაც გადარიცხვების განხორციელება ერთ-ერთი ყველაზე გამოყენებადი ფუნქციონალია. როგორ გადავრიცხოთ რამდენიმე მიმღებთან შაბლონების გამოყენებით?

აქამდე რამდენიმე შაბლონზე გადარიცხვის შესასრულებლად, იმდენჯერ უნდა გაგვევლო გადარიცხვის ყველა საფეხური, რამდენ მიმღებთანაც გვსურდა თანხის გადარიცხვა. ახალ გადაწყვეტაში, ნებისმიერი რაოდენობის შაბლონების გაერთიანებით ტრანზაქცია 1 დიჯიპასით ავტორიზდება.

შევდივართ გადარიცხვების გვერდზე და ვირჩევთ გადარიცხვას რამდენიმე მიმღებთან. შემდეგ გვერდზე ვირჩევთ ანგარიშს, რომლიდანაც გვინდა რომ ტრანზაქცია განხორციელდეს. სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია ავირჩიოთ საერთო თარიღი და დანიშნულება.

ვაჭერთ ღილაკს – გაგრძელება და მოვნიშნავთ შაბლონების სიას, მივუთითებთ თანხას თითოეული შაბლონისთვის და ერთი დიჯიპასით ვადასტურებთ.

(R)

თქვენ მოგვეცით მკაფიო მანდატი და ჩვენ მას გამოვიყენებთ ცვლილებების განსახორციელებლად -ბრიტანეთის ახალი პრემიერი საზოგადოებას

მიუხედავად იმისა, მიეცით თუ არა ხმა „ლეიბორისტებს“, პირდაპირ გეუბნებით: ჩემი მთავრობა მოგემსახურებათ თქვენ, – ამის შესახებ კეირ სტარმერმა განაცხადა, რომელმაც მოსახლეობას გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის რანგში პირველად მიმართა.

„პოლიტიკა შეიძლება იყოს სიკეთის ძალა. ჩვენ ამას ვაჩვენებთ. ჩვენ შევცვალეთ “ლეიბორისტული პარტია”, დავაბრუნეთ იგი ქვეყნის სამსახურში და სწორედ ასე ვმართავთ: პირველია ქვეყანა, მეორე – პარტია“, – აღნიშნა კეირ სტარმერმა.

მისი თქმით, ქვეყანას დიდი გადატვირთვა სჭირდება. სტარმერის მტკიცებით, მთავრობა ყოველდღე იბრძოლებს იმისათვის, რომ ხალხს მათი სჯეროდეს.

„ამიერიდან თქვენ გყავთ მთავრობა, რომელიც ხელმძღვანელობს მხოლოდ მტკიცე გადაწყვეტილებით, რომ თქვენს ინტერესებს ემსახუროს. თქვენ მოგვეცით მკაფიო მანდატი და ჩვენ მას გამოვიყენებთ ცვლილებების განსახორციელებლად. ჩვენი საქმე გადაუდებელია და დღესვე ვიწყებთ“, – აღნიშნა კეირ სტარმერმა.

შეგახსენებთ, გაერთიანებულ სამეფოში გუშინ გამართულ საპარლამენტო არჩევნებში „ლეიბორისტულმა პარტიამ“ გაიმარჯვა. მეფე ჩარლზმა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, კეირ სტარმერი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრად ოფიციალურად დანიშნა.

კირ სტარმერი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გახდა

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი კირ სტარმერი ოფიციალურად დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გახდა.

კირ სტარმერი ბუკინგემის სახლეში ქვეყნის მონარქს, ჩარლზს შეხვდა.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, შეხვედრა უკვე დასრულდა და კირ სტარმერმა სასახლე დატოვა.

ამის შემდეგ გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ხელმძღვანელი დაუნინგ სთრითზე მივა და მოსახლეობას მიმართავს.

 ჩვენი მხრიდან პარტიებთან გაერთიანება არ იგეგმება, როგორც “ნაცმოძრაობასთან”, ასევე “ახლებთან” გაერთიანებას არ ვაპირებთ -მიხეილ დაუშვილი

ჩვენი მხრიდან პოლიტიკურ პარტიებთან გაერთიანება არ იგეგმება, როგორც „ნაცმოძრაობასთან“, ასევე „ახლებთან“ გაერთიანებას არ ვაპირებთ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიას ინდივიდუალური მოლაპარაკებები აქვს.

„რაღაც ტექნიკურ გაერთიანებებში შინაარსს არ ვხედავთ. ჩვენი კარი ღიაა ინდივიდუალური პოლიტიკოსებისთვის და ჩვენს ნაწილში ეს მიმდინარეობს. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებთან გაერთიანებას, ჩვენი მხრიდან ეს არ იგეგმება. „ნაცმოძრაობასთან“ გაერთიანება გამორიცხულია. ასეთი შანსი 0,1 პროცენტიც კი არ არის.

რა თქმა უნდა, ლოგიკურია, რომ ვინც ქვეყანაში „ნაცმოძრაობაა“, ისინი უნდა გაერთიანდნენ, ეს სწორია და მოქალაქეები შეცდომაში არ უნდა შეიყვანონ. ინდივიდუალური მოლაპარაკებები გვაქვს და ალბათ სიახლეები იქნება. ისევე როგორც „ნაცმოძრაობასთან“, ასევე „ახლებთან“ გაერთიანებას არ ვაპირებთ“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.