თქვენ მოგვეცით მკაფიო მანდატი და ჩვენ მას გამოვიყენებთ ცვლილებების განსახორციელებლად -ბრიტანეთის ახალი პრემიერი საზოგადოებას

21
spot_img

მიუხედავად იმისა, მიეცით თუ არა ხმა „ლეიბორისტებს“, პირდაპირ გეუბნებით: ჩემი მთავრობა მოგემსახურებათ თქვენ, – ამის შესახებ კეირ სტარმერმა განაცხადა, რომელმაც მოსახლეობას გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის რანგში პირველად მიმართა.

„პოლიტიკა შეიძლება იყოს სიკეთის ძალა. ჩვენ ამას ვაჩვენებთ. ჩვენ შევცვალეთ “ლეიბორისტული პარტია”, დავაბრუნეთ იგი ქვეყნის სამსახურში და სწორედ ასე ვმართავთ: პირველია ქვეყანა, მეორე – პარტია“, – აღნიშნა კეირ სტარმერმა.

მისი თქმით, ქვეყანას დიდი გადატვირთვა სჭირდება. სტარმერის მტკიცებით, მთავრობა ყოველდღე იბრძოლებს იმისათვის, რომ ხალხს მათი სჯეროდეს.

„ამიერიდან თქვენ გყავთ მთავრობა, რომელიც ხელმძღვანელობს მხოლოდ მტკიცე გადაწყვეტილებით, რომ თქვენს ინტერესებს ემსახუროს. თქვენ მოგვეცით მკაფიო მანდატი და ჩვენ მას გამოვიყენებთ ცვლილებების განსახორციელებლად. ჩვენი საქმე გადაუდებელია და დღესვე ვიწყებთ“, – აღნიშნა კეირ სტარმერმა.

შეგახსენებთ, გაერთიანებულ სამეფოში გუშინ გამართულ საპარლამენტო არჩევნებში „ლეიბორისტულმა პარტიამ“ გაიმარჯვა. მეფე ჩარლზმა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, კეირ სტარმერი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრად ოფიციალურად დანიშნა.