Home Blog Page 1065

საქართველოს ხელისუფლება მზადაა თანამშრომლობისთვის, მეგობრობისთვის, რაც ორმხრივი უნდა იყოს -კახა კალაძე “ღირსეული პარტნიორი 2024”-ის გადადებაზე

x

ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა თანამშრომლობისთვის, მეგობრობისთვის, რაც ორმხრივი უნდა იყოს, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთან სამხედრო წვრთნების გადადების შესახებ საკითხის კომენტირებისას.

„ცხადია, ცუდია, რომ გადაიდო, თუმცა ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა თანამშრომლობისთვის, მეგობრობისთვის, რაც ორმხრივი უნდა იყოს, ცალმხრივი ვერ იქნება, აღნიშნული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის. ველოდებით, რომ ეს მიდგომები და დამოკიდებულებები იქნება შეცვლილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ვერავინ მოიყვანს მაგალითს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საგარეო პოლიტიკური კურსი შეიცვალა.

„ვერც ერთ მაგალითს ვერ მოიყვანთ, რომ საქართველოს ხელისუფლების კურსი არის შეცვლილი. ბუნებაში არ არსებობს უბრალოდ. ეს არის ფარისევლობა. არანაირი მაგალითი არ არსებობს იმისა, რომ საქართველოს კურსი შეცვლილია. ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ ვერ მოიყვანთ ვერც ერთ მაგალითს იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არადემოკრატიული, არაევროპული ნაბიჯები გადადგა. მოყოლებული 2012 წლიდან, ყველა ხელშესახები წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე გაკეთებულია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ“, – აღნიშნა მან.

დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და ხელისუფლება არ დაუშვებს, ვინმეს კარნახით ქვეყნისთვის საზიანო ნაბიჯი გადადგას.

„საქართველო ვერ იქნება ვინმეს ვასალი. შეუძლებელია. საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო. ამისთვის ჩვენმა წინაპრებმა იბრძოლეს, სისხლი დაღვარეს და არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოს ხელისუფლებას უბრძანოს და გადაადგმევინოს ისეთი ნაბიჯი, რომელიც თავიდანვე ვიცით, რომ პრობლემური იქნება ჩვენი სახელმწიფოსა და მოსახლეობისთვის. გვახსოვს მოწოდებები სანქციებთან, მეორე ფრონტთან, სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობები გაღრმავდეს, მოხდეს გადატვირთვა და თანამშრომლობა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გაურკვეველი დროით გადადებასთან დაკავშირებით, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა.

რა ჯანდაბაში გვინდა ჩვენი პორტი ჩინელების ხელში? – ანაკლიაში ჩინელებს ჩამოასახლებენ, რუსთავში ყაზახებს, ქართველების ადგილი აღარ იქნება – მიხეილ სააკაშვილი

გადაწყვიტეს ჩინელები შემოიყვანონ, ჩინელებმა ჩაანაცვლონ ქართველები. რა ჯანდაბაში გვინდა ჩვენი [ანაკლიის] პორტი ჩინელების ხელში – ანაკლიაში ჩინელებს ჩამოასახლებენ, რუსთავში ყაზახებს. ქართველების ადგილი აღარ იქნება. ვერ მოესწრებიან, ნურას უკაცრავად! ცივი წყალი დალიოს, ვინც ეს მოიგონა, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დროს, 800 ათასმა ქართველმა დატოვა საქართველო და თუ ასე გაგრძელდა, „საქართველო ქართველებისგან დაიცლება“.

„ანაკლიაში ლაზიკის პორტი გათვლილი გვქონდა იმისთვის, რომ მთელი სამეგრელო დაგვესაქმებინა მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებზე. ამათ გადაწყვიტეს ჩინელები შემოიყვანონ, ჩინელებმა ჩაანაცვლონ ქართველები. რა ჯანდაბაში გვინდა ჩვენი პორტი ჩინელების ხელში, გარდა საფრთხისა, უბედურებისა, სიღარიბისა, რა მოაქვს ამას?! ისევე როგორც ეკონომიკური ზონა რუსთავში, რომელიც იმისთვის შევქმენით, რომ 60 ათასი ადამიანი დაგვესაქმებინა, ახლა ყაზახებს გადასცეს მთლიანად. ჩვენ საქართველო საქართველო მოქალაქეებს უნდა დავუბრუნოთ. ძალიან უჭირს იმ თაობას, რომელმაც უნდა გააკეთოს ეს ყველაფერი. ჩემი შვილი, ნიკოლოზი მუშაობდა კაფე-ბარში აღმაშენებლის გამზირზე, საათში 4 ლარს იღებდა, მისი თანატოლები, ასევე, მუშაობენ, ოჯახები ჰყავთ შესანახი. როდესაც ასე მუშაობ, სწავლის და განვითარებისთვის დრო არ რჩებათ. ეს ის თაობაა, რომელსაც თავის დროზე „მიშას თაობა“ ვუწოდე. ეს ის თაობაა, რომელმაც ხელში უნდა აიღოს ძალაუფლება. ეს თაობაა, რომელმაც საქართველო ძალიან წინ უნდა წაიყვანოს.

ერთი ფაქტი ჯიუტია. ჩვენს დროს ბევრად მეტი ბრუნდებოდა ქვეყანაში, ვიდრე მიდიოდა. ივანიშვილის დროს, 800 ათასმა ქართველმა მიატოვა საქართველო. თუ ასე გაგრძელდა, საქართველო ქართველებისგან დაიცლება, ანაკლიაში ჩინელებს ჩამოასახლებენ, რუსთავში ყაზახებს. ქართველების ადგილი აღარ იქნება. ვერ მოესწრებიან, ნურას უკაცრავად! ცივი წყალი დალიოს, ვინც ეს მოიგონა“, – აღნიშნავს სააკაშვილი.

ამასთან, როგორც მან განმარტა, იმისთვის, რათა სოციალური უსამართლობა დავამთავროთ, „მკვეთად უნდა ამოვდოთ ლაგამი ბანკების ზემოგებას“.

„ბანკებმა “დააკაბალეს” მთელი საქართველო. ბანკების მოგებები შესამცირებელია მინიმუმ 10-ჯერ“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

რუსებმა უკრაინას კორექტირებადი საავიაციო ბომბებითა და რაკეტებით შეუტიეს

რუსულმა ძალებმა უკრაინას კორექტირებადი საავიაციო ბომბებითა და რაკეტებით შეუტიეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საჰაერო განგაში მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცხადდა.

“KAB ტაქტიკური ავიაციის გაშვება ხარკოვის ოლქში! ბალისტიკური იარაღის გამოყენების საფრთხე სამხრეთიდან! რაკეტა მიკოლაივის ოლქის ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით!“- აცხადებენ საჰაერო ძალებში.

მათივე ინფორმაციით, რაკეტები დაფიქსირდა სხვა ოლქების მიმართულებითაც.

კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ოლქსა და დედაქალაქში საჰაერო თავდაცვა მუშაობს. ამასთან, კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცადა, რომ დედაქალაქში აფეთქებების ხმები ისმის.

“რაც არ უნდა პლატფორმები შექმნან, გაერთიანდნენ, დაიშალონ, არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ აქვს რეალური შესაძლებლობა, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა მოიპოვოს – როცა ხარ მავნებელი, რადიკალი, საზოგადოება ამას შესაბამისად უპასუხებს”-კახა კალაძე

რაც არ უნდა პლატფორმები შექმნან, გაერთიანდნენ, დაიშალონ, საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ აქვს იმის რეალური შესაძლებლობა, რომ მოიპოვოს კონსტიტუციური უმრავლესობა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან „რადიკალიზმი და რადიკალები ყოველთვის განწირულები იქნებიან მარცხისთვის“.

„რეალურად, ეს ერთი დაჯგუფებაა და მათ ერთი პატრონი ჰყავთ. შეიძლება დღეს სხვადასხვა სახელებით გამოდიან, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ისევე როგორც მათ გაერთიანებას არ აქვს მნიშვნელობა. რადიკალიზმი და რადიკალები ყოველთვის განწირულები იქნებიან მარცხისთვის. 2012 წლიდან მოყოლებული ეს ადამიანები აჯანჯღარებენ ჩვენს ქვეყანას. ყველაფერს ცდილობენ იმისთვის, რომ ცუდი შემოიტანონ. საზოგადოების დაპირისპირება, გახლეჩა – ასეთი ქმედებები ყოველთვის განწირულია მარცხისთვის.

არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, სად იქნებიან, როგორ იქნებიან ეს კონკრეტული ადამიანები. კი პარტიებს, რაღაც ახალ სახელებს ქმნიან, აქვთ მცდელობა საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, თითქოს ახალი პოლიტიკური სახეები არიან, თუმცა დავიწყებული ძველი სახეები არიან. ვინ არიან ეს ადამიანები? – ყველა „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში აღმოცენებული რადიკალები არიან. „ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი არ იყო, ზუსტად იმ ადამიანებით შედგებოდა, ვინც თავი საკუთარი ბინძური ქმედებებით დაგვამახსოვრა. გავიხსენოთ გვარამია, მელია, ბოკერია და ა.შ. ჩამონათვალი და სია დიდია. საზოგადოებამ კარგად იცის ყველაფერი. რაც არ უნდა პლატფორმები შექმნან, გაერთიანდნენ, დაიშალონ, საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ აქვს იმის რეალური შესაძლებლობა, რომ მოიპოვოს კონსტიტუციური უმრავლესობა.

ეს არის საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის მცდელობა. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ეს კონკრეტული პარტიები ცალ -ცალკე გამოვლენ არჩევნებზე, გაერთიანდებიან და ერთიან პლატფორმაზე იქნებიან, როცა ხარ მავნებელი, რადიკალი ამას საზოგადოება ყოველთვის შესაბამისად უპასუხებს“, – განაცხადა კალაძემ.

პროკურორად საქმიანობის 18-წლიანი გამოცდილება საშუალებას მაძლევს, აქტიურად გავაგრძელო სისტემის გაუმჯობესების და პრაქტიკული ხარვეზების აღმოფხვრის პოლიტიკა – გიორგი გაბიტაშვილი

პროკურორად საქმიანობის 18-წლიანი გამოცდილება საშუალებას მაძლევს, აქტიურად გავაგრძელო სისტემის გაუმჯობესების და პრაქტიკული ხარვეზების აღმოფხვრის პოლიტიკა ,- ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გაბიტაშვილმა საპროკურორო საბჭოს წევრებთან გასაუბრებაზე განაცხადა.

მისი თქმით, აცნობიერებს პასუხისმგებლობას, რომელიც გენერალურ პროკურორს აქვს საზოგადოები და პროკურატურის თანამშრომლების მიმართ.

„ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, წარვდგე საპროკურორო საბჭოს წინაშე საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად. სრულად ვაცნობიერებ იმ პასუხისმგებლობას, რაც გენერალურ პროკურორს აქვს როგორც საზოგადოების, ასევე პროკურატურის თითოეული თანამშრომლის წინაშე“, – განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა საპროკურორო საბჭოს სხდომაზე.

გიორგი გაბიტაშვილმა აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, „სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევით ცენტრს“ და პროკურატურის თანამშრომლებს მისი კანდიდატურის წარდგენისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„პროკურორად საქმიანობის 18 წლიანი გამოცდილება, საშუალებას მაძლევს, აქტიურად გავაგრძელო სისტემის გაუმჯობესების და პრაქტიკული ხარვეზების აღმოფხვრის პოლიტიკა, რომელიც დაფუძნებული იქნება ერთი მხრივ, პროკურატურის თანამშრომლების განვითარებასა და დაცულობის ხელშეწყობაზე, მეორე მხრივ, საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესების მექანიზმების დანერგვაზე“, – აღნიშნა გიორგი გაბიტაშვილმა.

მისასალმებელი სიტყვის დროს, გიორგი გაბიტაშვილმა პროკურატურის რეფორმირებაში და პროკურორის პროფესიის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა ყოფილ გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს და მას ჯანმრთელობა და წარმატებები უსურვა.

“ყველაზე დიდი სიურპრიზი საფრანგეთის არჩევნების ისტორიაში”-Sky news

„პროგნოზების მიუხედავად, 7 ივლისს საფრანგეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიხედვით, მარინ ლე პენის პარტიამ „ეროვნულმა გაერთიანებამ“ მემარცხენეთა კოალიციას და ცენტრისტებს წინააღმდეგობა ვერ გაუწია და პირველი ადგილის ნაცვლად, მესამე ადგილი მიიღო“, – ნათქვამია ბრიტანული ტელეარხის „სქაი ნიუსის“ (Sky news) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: „ყველაზე დიდი სიურპრიზი საფრანგეთის არჩევნების ისტორიაში“ (ავტორი – ადამ პარსოსნსი, პარიზელი კორესპონდენტი). „ანუ ქვეყანაში არ იქნება უკიდურესად მემარჯვენე მთავრობა, მაგრამ საფრანგეთს წინ პოლიტიკური უთანხმოება და არასტაბილურობა ელოდება“, – ხაზგასმულია მასალაში.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის – ეროვნული კრების არჩევნების მეორე ტურმა, რომელიც 7 ივლისს გაიმართა, გასაოცარი შედეგები მოიტანა. ეს არის, ალბათ, ყველაზე დიდი სიურპრიზი არჩევნების ისტორიაში: მისი წინასწარმეტყველება ვერვინ ვერ შეძლო – ვერც სოციოლოგებმა, ვერც საზოგადოებამ და ვერც პოლიტიკოსებმა.

საფრანგეთში ულტრამემარჯვენე მთავრობა არ იქნება, მაგრამ იქნება არასტაბილურობა და გაურკვევლობა. არჩევნებს, რომლებსაც სიტუაციაში სინათლე უნდა შეეტანა, საპირისპირო შედეგი მოიტანა. წინ ფრანგებს პოლიტიკური ჩიხები, ძველი წყენების გახსენება და ურთიერთბრალდებები ელოდებათ.

ნათელია მხოლოდ ის, რომ საფრანგეთის პარლამენტი სამ ფრაქციად იქნება გაყოფილი:

ყველაზე დიდი, მაგრამ არა აბსოლუტური უმრავლესობის მქონე, იქნება მემარცხენე კოალიცია „ახალი სახალხო ფრონტი“. ცენტრისტულმა ჯგუფმა, რომელიც პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ირგვლივ არის გაერთიანებული, ყველა ნეგატიური პროგნოზის მიუხედავად, მაინც შეძლო მეორე ადგილის დაკავება, ხოლო მარინ ლე პენის პარტიამ „ეროვნულმა გაერთიანებამ, რომელსაც აბსოლუტურ უმრავლესობას (ანუ 300-მდე სადეპუტატო ადგილის მოპოვებას უწინასწარმეტყველებდნენ), მხოლოდ მესამე ადგილის მოპოვება მოახერხა.

აქედანვე აშკარაა, რომ ფრაქციები ერთმანეთის მიმართ მტრულად იქნებიან განწყობილნი. შესაბამისად, კოალიციური მთავრობის შედგენა ძალიან ძნელი იქნება და ამ მიზნით მოლაპარაკებები დიდხანს გაგრძელდება.

ემანუელ მაკრონი, მაგალითად, უკვე დიდი ხნის განმავლობაში ზიზღით უყურებს ჟან-ლიუკ მელანშონს – მემარცხენე კოალიციის ყველაზე მსხვილი პარტიის – „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ ლიდერს. ასევე საძულველია მაკრონისათვის მარინ ლე პენი და მისი პარტია ეროვნული გაერთიანება“. აღსანიშნავია, რომ ერთმანეთისადმი სიყვარულით არც მემარცხენე ბლოკის წევრები არ გამოირჩევიან – ჟან-ლიუკ მელანშონს განუდგნენ რიგი პარტიის ლიდერები მას შემდეგ, რაც მან პროვოკაციული კომენტარები გააკეთა ისრაელისა და არაბების მიმართ.

ამიტომაც, როცა „დაუმორჩილებელი ფრანგი“ ჟან-ლიუკ მელანშონი ითხოვს, რომ მისი წარმომადგენელი იქნას ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დანიშნული, მისი პარტნიორები ამას არ დათანხმდებიან. ვინ იქნება საფრანგეთის მთავრობის მეთაური? ეს ჯერ არავინ არ იცის და, ალბათ, საკმაო ხნის განმავლობაში უცნობი იქნება. გაბრიელ ატალმა, პრემიერ-მინისტრმა, რომელიც ემანუელ მაკრონის თანამზრახველია, უკვე გამოაცხადა, რომ პოსტიდან გადადგება, თუმცა, ალბათ, დროებით მოვალეობის შესრულებას გააგრძელებს.

ეროვნული გაერთიანების ლიდერები მარინ ლე პენი და ჟორდან ბარდელა დიდი მხარდაჭერით სარგებლობენ პარიზისა და სხვა მსხვილი ქალაქების გარეთ – ქვეყნის სასოფლო რეგიონებში. პრინციპში, ეს რეალობა საერთო ჩარჩოებში ჯდება: საფრანგეთშიც ისეთივე სიტუაციაა, როგორც სხვა ქვეყნებში, სადაც პოპულისტი პოლიტიკოსები „ჰყვავიან“, მაგალითად, უნგრეთში. ქალაქებსა და სოფლებს შორის ამ მხრივ განხეთქილება არსებობს.

რა მოხდება წინ კონკრეტულად, არავინ იცის. საფრანგეთი, მსოფლიოს ერთ-ერთი მდიდარი და გავლენიანი სახელმწიფო, არასტაბილურობის პერიოდში შევიდა“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად, „ქართულმა ოცნებამ“ იკადრა და აშშ-თან ურთიერთობა შეაჩერა – ბექა ლილუაშვილი

პირველად, საქართველოს ისტორიაში, „ქართულმა ოცნებამ“ იკადრა და აშშ-თან ურთიერთობა შეაჩერა თავისი ნაბიჯებით, ხოლო ევროკავშირში ჩვენი ინტეგრაციის პროცესი გაყინა, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

დეპუტატის შეფასებით, პასუხისმგებლობა იმაზე, რომ „აშშ-ის მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვის პროცესი მიმდინარეობს, სრულად „ქართულ ოცნებას“ ეკისრება”.

„სამწუხაროდ, იმ ნაბიჯებს, რაც “ქართულმა ოცნებამ” გადადგა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან მიმართებით, მოჰყვა ძალიან მკაფიო პოზიცია აშშ-სგან. ეს გაჟღერდა, მათ შორის, ელჩის განცხადებაშიც, რომ დიახ, იმ ანტიდემოკრატიული ნაბიჯებისა და რიტორიკის გამო, რომელიც პირდაპირ ძირს უთხრის აშშ-ს, როგორც ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორს, მათი მხრიდან [აშშ], ურთიერთობის გადახედვის პროცესი მიმდინარეობს.

სრული პასუხისმგებლობა ამ პროცესზე, “ქართული ოცნების” მხარეს არის. მათ შორის, იმაზე, რომ შესაძლოა, ჩვენ დავკარგოთ მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა: ფინანსური, ტექნიკური. ასევე, კითხვის ნიშნის ქვეშ და გარკვეული რისკის ქვეშ აყენებს გრძელვადიან ურთიერთობებს ჩვენთან სტაბილური, მშვიდობიანი, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის ნაწილში, რაშიც ბოლო სამი ათწლეულია პარტნიორი გვეხმარება. უნდა გაიაზრონ ეს პასუხისმგებლობა.

ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები გვყავს, არა ირაკლი კობახიძის ძმაკაცი ან სამეგობრო წრე, ან ბიძინა ივანიშვილის სანაცნობო ოლიგარქატი, არამედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები წარმოადგენენ ჩვენი ქვეყნის და ხალხის პარტნიორებს.

ხელისუფლებები იცვლებიან. ბოლო 30 წლის განმავლობაში, ამ ქვეყანაში მილიონი ადამიანი შეიცვალა, ისევე, როგორც პარტიები. მაგრამ ამერიკელების და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერა იყო ყოველთვის შეუქცევადი. პირველად, საქართველოს ისტორიაში, “ქართულმა ოცნებამ” იკადრა და აშშ-თან ურთიერთობა შეაჩერა თავისი ნაბიჯებით, ხოლო ევროკავშირში ჩვენი ინტეგრაციის პროცესი გაყინა. ეს ჩემი შეფასება არაა, არამედ, ერთი მხრივ, შტატების, მეორე მხრივ – ევროკავშირის”, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გაურკვეველი დროით გადაიდო. მოგვიანებით, აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. უწყების განმარტებით, აშშ-ის გადაწყვეტილება დასანანია. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ფორმატები არსებობს. „სწავლების გადადების მიუხედავად, ზემოთ ხსენებული ფორმატები გრძელდება, მათ შორის, მიმდინარეობს მზადება მრავალეროვნული სწავლებისთვის „მტკიცე სული 2025“, – ნათქვამია განცხადებაში.

დღეს აბიტურიენტები ინგლისური ენის გამოცდას აბარებენ

დღეს აბიტურიენტები ინგლისური ენის გამოცდას აბარებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

„დღეს აბიტურიენტები ინგლისური ენის გამოცდას ორ სესიად აბარებენ. პირველ დღეს განაწილებულ აბიტურიენტთაგან გამოცხადდა 93%-ზე მეტი. დაიგვიანა სამმა აბიტურიენტმა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ სთხოვს აბიტურიენტებს ყურადღებით გაეცნონ საგამოცდო ბარათზე მითითებულ ინფორმაციას – ცენტრის მისამართსა და გამოცხადების დროს.

მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვაფასებთ თქვენს სამშვიდობო ინიციატივას უნგრეთის მეზობელ ქვეყანაში კონფლიქტთან დაკავშირებით – ვიქტორ ორბანი სი ძინპინს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს პეკინში შეხვდა, – ინფორმაცია Reuters-ი ავრცელებს.

„ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს სამშვიდობო ინიციატივას უნგრეთის მეზობელ ქვეყანაში კონფლიქტთან დაკავშირებით. უნგრელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთი მსოფლიოში მშვიდობის მოწოდებით გამოდის”, – აღნიშნა ორბანმა შეხვედრის შემდეგ.

ამასთან, უნგრეთის პრემიერმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ჩინეთი არის მთავარი ძალა რუსეთ-უკრაინის ომში მშვიდობისთვის პირობების შესაქმნელად“.

შეგახსენებთ, ვიქტორ ორბანი პეკინში დღეს ჩავიდა. რამდენიმე დღის ადრე კი ის უკრაინასა და რუსეთს სტუმრობდა, სადაც პრეზიდენტებს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

პარიზში სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

პარიზში სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

აქციის მონაწილეები პარიზის რესპუბლიკის მოედანზე იყვნენ შეკრებილები და ეგზიტპოლის შედეგებს ზეიმობდნენ.

როგორც სააგენტო წერს, აქციის მონაწილეების უმეტესობა მშვიდობიანი იყო, თუმცა შეინიშნებოდა ვანდალიზმის ფაქტებიც, რის გამოც პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

წინასწარი ეგზიტპოლის თანახმად, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილს მემარცხენეთა ალიანსი იკავებს, მეორე ადგილზეა მაკრონის პარტია, ხოლო მესამეზე – ლე პენის პოლიტიკური გაერთიანება.

 გვინდა ყველანაირი თანადგომა გამოვუცხადოთ უკრაინელ ხალხს, განსაკუთრებით მებრძოლებს, ოჯახებს და მათ შვილებს-გიორგი ამილახვარი

პრემიერის ინიციატივით ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინელი მებრძოლების შვილების მასპინძლობას საქართველოში, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა უკრაინელი სამხედროების შვილებთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

„პრემიერი თავად შეხვდა ამ ბავშვებს და ჰქონდა მათთან ძალიან თბილი შეხვედრა და საუბარი. ძალიან მოსწონთ მათ საქართველო. გვინდა ყველანაირი თანადგომა გამოვუცხადოთ უკრაინელ ხალხს, განსაკუთრებით მებრძოლებს, ოჯახებს და მათ შვილებს“, – აღნიშნა ამილახვარმა.

პრემიერ-მინისტრი განათლების მინისტრთან ერთად კიევიდან ჩამოსულ ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეების შვილებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით საზაფხულო ბანაკში ისვენებენ.

6 თვეში, ყველაზე მეტი შემოწირულება, 1 403 706 ლარი „ქართულ ოცნებას“ აქვს მიღებული, „ლელოს“ – 910 490 ლარი, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 464 402 ლარი

საპარლამენტო პარტიების ნაწილმა, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში, ჯამში, 2 839 895 ლარის შემოწირულება მიიღო.

კერძოდ, საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მიმდინარე წლის, პირველ ექვს თვეში, ყველაზე მეტი შემოწირულება, 1 403 706 ლარი „ქართულ ოცნებას“ აქვს მიღებული. შემომწირველებს შორისაა თამაზ თამაზაშვილი, რომელმაც პარტიას 10 ათასი ლარი შესწირა. თბილისის მერი, კახა კალაძე, რომელმაც პარტიისთვის 12 ათასი ლარი გაიღო და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, ბადრი ნანეტაშვილი, რომელსაც „ქართული ოცნებისთვის“ 50 426 ლარი აქვს შეწირული.

პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ 2024 წლის 6 თვეში 910 490 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო. შემომწირველებს შორის არიან პარტიის დამფუძნებლები ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე, რომლებმაც პარტიას, შესაბამისად, 60-60 ათასი ლარი შესწირეს.

რაც შეეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემოწირულებას, პარტიამ იმავე პერიოდში 464 402 ლარის შემოწირულება მიიღო. შემომწირველებს შორის არიან „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი, რომელმაც პარტიას ჯამში, რამდენიმე ტრანზაქციის შედეგად, 58 300 ლარი გადაურიცხა.

რაც შეეხება პარტიას „საქართველოსთვის“, მას მიმდინარე წლის, 6 თვეში 50 997 ლარის შემოწირულება აქვს მიღებული. შემომწირველებს შორის არიან: ბერდია სიჭინავა და ანა ბუჩუკური.

საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიამ „ევროპელმა სოციალისტებმა“ კი ამავე პერიოდში 10 300 ლარის შემოწირულება მიიღო.

საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2024 წლის პირველ 6 თვეში, ორ საპარლამენტო პარტიას, „მოქალაქეებსა“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“ შემოწირულება არ მიუღიათ.