Home Blog Page 1063

„ხარებას“ და კუპატაძის შურისძიება!” – მიხეილ სააკაშვილი ხაბეიშვილის ცემაზე

“ხარებას” და კუპატაძის შურისძიება! – ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტს. სააკაშვილის შეფასებით, ხაბეიშვილი და სხვა ახალგაზრდები, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ, გამბედავი და შეუპოვრები არიან.

„ამათ პოლიციელობასთან არაფერი საერთო არ აქვთ. ჩვეულებრივი ბანდიტები არიან. თვითონ ლევანი გამბედაობისა და შეუპოვრობის მაგალითია, ისევე, როგორც ბევრი ახალგაზრდა, რომელიც გუშინ ძალადობას არ შეუშინდა“, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა კლინიკა დატოვა. მან დაზიანებები წუხელ, პარლამენტთან გამართულ აქციაზე მიიღო.

თავად ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მას ფიზიკურად ათობით სპეცრაზმელი გაუსწორდა.

ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. მას ინგოროყვას კლინიკაში ცხვირის ოპერაცია ჩაუტარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ „ლევან ხაბეიშვილი პოლიციისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით შეიჭრა პოლიციის კორდონში, გაუწია მათ წინააღმდეგობა, რა დროსაც სხეულის დაზიანება მიიღო“.

ღმერთმა დაგვიფაროს ისეთი საქართველოსგან, რომ ყველას ერთი მოსაზრება გვქონდეს-კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებული პროტესტი, რეალურად, ქვეყანაში რევოლუციური სცენარის განხორციელებას ემსახურება.

მისივე განმარტებით, კანონის მიღება უზრუნველყოფს გამჭვირვალობას, თუ რომელი ორგანიზაცია საიდან ფინანსდება და რა პროექტებზე იხარჯება თანხები.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მშვიდობიანი აქციის დასახელება უბრალოდ შენიღბვაა იმ სიბინძურის, რაც გარე ძალებს აქვთ გააზრებული ამ რადიკალების გამოყენებით. ყველამ ვიცით, ვინ ვინ არის – რომელი ორგანიზაციაა, პარტიაა, საიდან ფინანსდება და როგორ. ეს ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე. შესაბამისად, კანონის მიღება მოგვცემს შესაძლებლობას, ყველამ გააკეთოს დეკლარირება იმისა, თუ საიდან ფინანსდება, რა პროექტებზე და რა მიზნით იხარჯება თანხები. ამავდროულად, ყველა ადამიანს შეუძლია, გამოხატოს თავისი მოსაზრება. ცხადია, ქვეყანაში ყველა ერთ აზრზე ვერ იქნება. ღმერთმა დაგვიფაროს ისეთი საქართველოსგან, რომ ყველას ერთი მოსაზრება გვქონდეს. გვყავს განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანები. ბევრმა შეიძლება, არ იცოდეს და ვერ ერკვეოდეს დეტალებში, რადგან არ უხსნიან სიმართლეს. ერთი არგუმენტი ვერ დაასახელეს ამდენი ხნის განმავლობაში, თუ რატომ არის აღნიშნული კანონპროექტი ცუდი. ჩვენ არაფერს ვმალავთ – პირდაპირ ვამბობთ, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს უცხოური გავლენების შემცირება ქვეყანაში“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურ პარტიებს გამარჯვების შესაძლებლობა არ აქვთ, რადგან მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს მმართველ პოლიტიკურ ძალას უჭერს.

„არ არის სწორი მოწოდებები და ერთმანეთისთვის შეურაცხყოფის მიყენება. შეიძლება, რაღაცაში არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს, არ მოგწონდეს ეს ხელისუფლება, მაგრამ არჩევნები მოდის, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, რა პრობლემაა? კარგად იცით, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ უჭერს. ისიც იცით, რომ არჩევნებში გამარჯვების შესაძლებლობა არის ნულს ქვემოთ. ამიტომაა მცდელობა, რომ დაპირისპირება, შუღლი შემოიტანონ და ისეთი ქმედებები განახორციელონ, რაც რევოლუციასთან იქნება დაკავშირებული. არავის არაფერი გამოუვა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“ივანიშვილისთვის მიმართვას აზრი აღარ აქვს, მივმართავ პოლიციელებს – არ დაუშვათ ქართველის დაპირისპირება ქართველთან!” – გიორგი გახარია

ივანიშვილისთვის მიმართვას აზრი აღარ აქვს, მივმართავ პოლიციელებს – არ დაუშვათ ქართველის დაპირისპირება ქართველთან! – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც აქციაზე გუშინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.


მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მშვიდობიან მომიტინგეებს არალეგიტიმური ძალა დაუპირისპირა.


გახარია საქართველოს მეგობრებს მოუწოდებს ვაშინგტონში, ბრიუსელში, პარიზში, ბერლინში და სხვაგან, ჩამოაყალიბონ ერთიანი და მკაფიო პოზიცია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, თავისუფალი, კონკურენტული და სამართლიანი არჩევნების დასაცავად.


„გუშინ ვნახეთ არაპროვოცირებული ძალადობა მშვიდობიან მოქალაქეებზე, სტუდენტებზე, ახალგაზრდებზე, ქალებსა და სკოლის მოსწავლეებზე. სამაგალითო სადამსჯელო ძალადობა, რომლის კვალი, ამჯერად ღიად მიდის ივანიშვილამდე და რომლის მიზანია, მოქალაქეების დაშინება. ივანიშვილმა მშვიდობიან მომიტინგეებს არალეგიტიმური ძალა დაუპირისპირა. ზოგიერთები გამახსენებთ 20 ივნისს. არ მჭირდება გახსენება. არც 20 ივნისს დავმალულვარ და ამოვფარებივარ პოლიციელებს ან თანამდებობას, როგორც ახლა ეს პატარა მშიშარა ბიჭები იმალებიან. არც „ბასიანის“ მოვლენებისას მიმიტოვებია ახალგაზრდები. პანკისშიც ხალხსა და პოლიციას შორის ვიდექი. ახლაც ვიდგები ყველგან, სადაც მშვიდობას, ქვეყნის ევროპულ მომავალს და სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილებას დასჭირდება – ევროპის დედაქალაქებში, პარლამენტში, ქუჩაში. ივანიშვილისთვის მიმართვას აზრი აღარ აქვს. მივმართავ პოლიციელებს! თქვენ, ფიცი ქვეყნის და მოქალაქეების წინაშე გაქვთ დადებული არა – პარტიის. ესენი თქვენს ზურგს უკან დაიმალებიან და მომავლის წინააღმდეგ მარტო დაგტოვებენ პირისპირ ხალხთან. არ დაუშვათ ქართველის დაპირისპირება ქართველთან. მოვუწოდებთ საქართველოს მეგობრებს ვაშინგტონში, ბრიუსელში, პარიზში, ბერლინში და სხვაგან, ჩამოაყალიბონ ერთიანი და მკაფიო პოზიცია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, თავისუფალი, კონკურენტული და სამართლიანი არჩევნების დასაცავად. ჩვენ გვჭირდება ერთმანეთი. ამიტომ, ერთობლივი ძალისხმევით დავაბრუნოთ საქართველო ნორმალური დემოკრატიული განვითარების გზაზე. ჩვენს მოქალაქეებს მინდა ვუთხრა, მიიღებს ივანიშვილი ამ კანონს თუ არ მიიღებს, ის უკვე დამარცხებულია. 26 ოქტომბერს კი ერთად გავაფორმებთ საქართველოს დაბრუნებას ევროპულ ოჯახში“, – განაცხადა გახარიამ.

“ხელისუფლება შევიდა უმძიმეს და არასაჭირო პროცესში და მას მოუწევს დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა” – გიორგი კვირიკაშვილი

ხელისუფლება შევიდა უმძიმეს და არასაჭირო პროცესში და ვფიქრობ, მას მოუწევს დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა, – ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

როგორც კვირიკაშვილი განმარტავს, ის დიდ შეცდომად თვლის ხელისუფლების მხრიდან მთელს დასავლეთსა და ე.წ. “ომის პარტიას” შორის ტოლობის ნიშნის დასმას და დონორული პროექტების განმახორციელებელი ყველა ორგანიზაციის უცხო ძალის ინტერესის გამტარებლად წარმოჩენას.

ამასთან, კვირიკაშვილი განმარტავს, რომ “ ქართული ოცნების” ბოლოდროინდელი ნაბიჯების ერთ-ერთი და გარდაუვალი შედეგი იქნება დასავლეთთან საქართველოს დაახლოების ფლაგმანის როლის გადაბარება ოპოზიციისთვის.

“სამწუხაროდ, “ქართული ოცნება” გულმოდგინედ ცდილობს, რომ გააქროს შუა სივრცე და საზოგადოება გაყოს ერთი მხრივ ხელისუფლების, ხოლო მეორე მხრივ “ნაციონალური მოძრაობის” და მასთან დაკავშირებული რამდენიმე პოლიტიკური ძალის მხარდამჭერებად, არადა სულ უფრო და უფრო აშკარა ხდება, რომ განსაკუთრებით იმ ახალგაზრდების უმრავლესობა, რომლებმაც ცნობილი კანონპროექტი და “ოცნების” თანდართული რიტორიკა ავტორიტარული მმართველობის დამყარების მცდელობად შეაფასეს და რომელთა მიმართაც გასულ ღამეს გამოყენებული იქნა შეუსაბამოდ უხეში ძალა, არცერთი პოლიტიკური პარტიის მოწოდებას არ გამოუყვანია ქუჩაში.

“ოცნების” ბოლოდროინდელი ნაბიჯების ერთ-ერთი და გარდაუვალი შედეგი იქნება დასავლეთთან საქართველოს დაახლოების ფლაგმანის როლის გადაბარება ოპოზიციისთვის; არადა “ოცნების” გუნდმა, რომელთა მცირე ნაწილიც დღემდე რჩება ხელისუფლებაში, წინა წლებში მიაღწია იმას, რომ გახდა პატივსაცემი პარტნიორი ყველა მეგობარი სახელმწიფოსთვის (დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც), და ყოფილი ხელისუფლების როგორც დასავლეთისთვის შესაძლო ალტერნატიული პარტნიორის, სივრცე დრამატულად უმნიშვნელომდე დაიყვანა. დარწმუნებით შემიძლია თქმა, რომ ყოველივე ეს ნამდვილად არ ყოფილა მიღწეული ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაკნინების ხარჯზე – პირიქით, საქართველოს ინტერესების დასაცავად დიდი ქვეყნების წარმომადგენლებთან მწვავე და გახსნილი საუბრები ადრეც ხშირად გვქონია, ოღონდ არა საჯაროდ და არა რუსეთის ხელისუფლების გასახარად.

დიახ, გეოპოლიტიკური კონიუნქტურა მნიშვნელოვნად შეიცვალა და ხელისუფლების დღევანდელი რიტორიკის უკან ზოგ შემთხვევაში დგას ანგარიშგასაწევი არგუმენტები; დიახ, სამხედრო სამრეწველო კომპლექსების ძლიერი ზეგავლენის ქვეშ მყოფი პოლიტიკური ძალები ნამდვილად არსებობენ მთელს მსოფლიოში და ამის უარყოფა ოპოზიციურ პარტიათა უმრავლესობის მხრიდან დიდი ფარისევლობაა; დიახ, არასამთავრობო ორგანიზაციების მცირე ნაწილსა და პოლიტიკურ ძალებს შორის ზღვარი წაშლილია; დიახ, ჩვენი საზოგადოებისთვის უცხო ფასეულობების თავსმოხვევა ღია პროპაგანდით არასწორად კვალიფიცირდება ადამიანის უფლებების დაცვად; დიახ, ვეტინგის სისტემა, რომელსაც ასე დაჟინებით გვთავაზობს დასავლეთი ჩემთვისაც მიუღებელია და ძირეული ცვლილებები, რომლებიც უდავოდ სჭირდება ჩვენს მართლმსაჯულების სისტემას, საქართველოს მოქალაქეების განსასაზღვრია, ისევე როგორც არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებების საპასუხოდ, ხაზს ვუსვამ, პოლიტიკური განაჩენის გამოტანის ექსკლუზიური უფლება უნდა აღსრულდეს ქართველი ამომრჩევლის ნებით და არა უცხოური სანქციების დაწესებით და ა.შ.

მიუხედავად ყოველივე ამისა, საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა მაინც უალტერნატივოდ გადის მჭიდრო ინტეგრაციაზე დასავლეთთან, სადაც საქართველოს თვითმყოფადობა და ტრადიციები უფრო დაცვადი (და არა ავტომატურად დაცული) იქნება. შესაბამისად, დიდ შეცდომად ვთვლი ხელისუფლების მხრიდან მთელს დასავლეთსა და ე.წ. “ომის პარტიას” შორის ტოლობის ნიშნის დასმას და დონორული პროექტების განმახორციელებელი ყველა ორგანიზაციის უცხო ძალის ინტერესის გამტარებლად წარმოჩენას. მთავრობის მიერ დეკლარირებული გამჭვირვალობის ამოცანების გადაჭრა აბსოლუტურად მიღწევადი შეიძლებოდა ყოფილიყო საზოგადოებაში ამ მასშტაბის დაპირისპირების გარეშე – არსებულ კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებებით, ან თუნდაც ახალ კანონმდებლობაში უფრო კორექტული ფორმულირებებით.

ამის საპირისპიროდ, ხელისუფლება შევიდა უმძიმეს და არასაჭირო პროცესში და ვფიქრობ, მას მოუწევს დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა:

ა) არჩევნებზე ოცნების მომხრე დასავლეთთან დაახლოების მოსურნე ელექტორატის მნიშვნელოვნად შემცირებით;

ბ) დასავლეთთან ურთიერთობების მკვეთრი გაუარესებით;

და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია

გ) ახალგაზრდობის დიდ ნაწილთან უზარმაზარი კედლის აშენებით.

ჯერ კიდევ არის დრო ხელისუფლების ქმედებებში მნიშვნელოვანი კორექტივების შეტანისთვის. აქციებზე სასტიკად ნაცემი თითოეული ადამიანის ნახვა მძიმე ასოციაციებს აჩენს 2012 წლამდე არსებულ რეალობასთან. ყველა მხარე მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ შევინარჩუნოთ სტაბილურობა და არ დავუშვათ ძალადობა, რათა თავიდან ავიცილოთ გამოუსწორებელი შედეგი, რისი დადგომის რისკიც საკმაოდ მაღალია და რაზეც პასუხისმგებელი ხელისუფლება იქნება”, – წერს კვირიკაშვილი.

“ნამდვილი იანუკოვიჩი, თქვენი პარტიის ლიდერი სააკაშვილი ზის ციხეში, ნამდვილი უკრაინელი იანუკოვიჩი” – შალვა პაპუაშვილი დავით ხაჯიშვილს

ნამდვილი უკრაინელი იანუკოვიჩი, თქვენი პარტიის ლიდერი სააკაშვილი ზის ციხეში, – ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, დავით ხაჯიშვილს, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს ქართველი იანუკოვიჩი უწოდა.

„ქართველი კი არა, ნამდვილი იანუკოვიჩი, თქვენი პარტიის ლიდერი სააკაშვილი ზის ციხეში, ნამდვილი უკრაინელი იანუკოვიჩი. ნამდვილი. თქვენი ლიდერი არის ნამდვილი, თან უკრაინელიც არის. უკრაინელი ლიდერი გყავთ“, – მიმართა პაპუაშვილმა ხაჯიშვილს.

მანამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა უმრავლესობას მიმართა, რომ მათ მხოლოდ ქართველი იანუკოვიჩის, ბიძინა ივანიშვილის ესმით.

„რა აუცილებლობა არის, რომ თქვენ დღეს მიიღოთ „რუსული კანონი“? ამ კანონით ჩვენ ვერ შევალთ ევროკავშირში. რატომ არ გესმით არც ჩვენი ხალხის, არც ჩვენი მეგობრების და მარტო გესმით ბიძინა ივანიშვილის, ქართველი იანუკოვიჩს?!“, – განაცხადა ხაჯიშვილმა.

“ამ ურთულესი გამოწვევებისას ქართველ ხალხს ჩვენი ევროპელი პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერა სჭირდება” – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების საკითხებში გენერალურ დირექტორთან გერტ იან კოპმანთან ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა განიხილა და აღნიშნა, რომ ვიზიტი საქართველოს ევროინტეგრაციისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვან დროს ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, გასულ წელს კანდიდატის სტატუსის მოპოვებამ უდიდესი იმედი და სტიმული მისცა ქართველ ხალხს, რომელიც დღეს საქართველოს ევროპულ მომავალს იცავს და „ამ ურთულესი გამოწვევების დროს მას ჩვენი ევროპელი პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერა სჭირდება“. პრეზიდენტის განცხადებით, ნათელია, რუსეთი ყველა ხერხს იყენებს იმისათვის, რომ საქართველოს ევროპისკენ სვლა შეჩერდეს.

„როგორც პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებს და ამ არჩევნებში ახალგაზრდებისა და დიასპორის აქტიურ ჩართულობას. მნიშვნელოვანია, რომ სტაბილურ და მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს არჩევნები, რომელზეც ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა აირჩიოს საქართველოს ევროპული მომავალი.

საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა ევროპულ პლატფორმაზე, ერთიან სამოქმედო გეგმაზე, რომელსაც შეუერთდებიან პოლიტიკური ძალები და არჩევნების შემდეგ განახორციელებენ იმ ინსტიტუციურ რეფორმებს, რაც აუცილებელია ევროკავშირში გაწევრიანებისათვის მოლაპარაკებების დასაწყებად.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს, რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას.

გერტ იან კოპმანმა განმარტა, რომ ევროკავშირი უკიდურესად შეშფოთებულია საქართველოში მიმდინარე მოვლენებით და ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯებით. ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება დიდი საფრთხეა საქართველოს ევროინტეგრაციისათვის და უდავოდ შეაფერხებს ამ პროცესს. მისი თქმით, ივნისის თვეში ევროკავშირი გაფართოების ახალ ეტაპზე იმსჯელებს და შესაბამისად, უკიდურესად მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლება კონსტრუქციული გახდეს და არ დააზიანოს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი.

საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა ქართველი ხალხის ერთსულოვნება ქვეყნის ევროინტეგრაციასთან მიმართებით და მოუწოდა პარტნიორებს კვლავაც მტკიცედ დაუჭირონ მხარი ქართველ ხალხს ევროპისკენ მიმავალ გზაზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

“არსებობს კადრები, როდესაც ლევან ხაბეიშვილი გარბის, შევარდა პოლიციის კორდონში და იქ ალბათ, რომელიმეს ფიზიკურადაც გაუსწორდა” – კახა კალაძე

სამწუხაროდ არსებობს კადრები, როდესაც ლევან ხაბეიშვილი გარბის, შევარდა პოლიციის კორდონში და იქ რა მოხდა? – ალბათ, რომელიმეს [სპეცრაზმელს] ფიზიკურადაც გაუსწორდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კალაძის თქმით, არავის აქვს უფლება, რომ პოლიციის კორდონში შევარდეს ისევე, როგორც არავის აქვს უფლება, რომ ხალხს მოუწოდოს პარლამენტის ბლოკირებისკენ, ისროლოს ქვები, ბოთლები და ა.შ.

„სამწუხაროდ არსებობს კადრები, როდესაც ლევან ხაბეიშვილი გარბის, შევარდა პოლიციის კორდონში და იქ რა მოხდა? – ალბათ, რომელიმეს [სპეცრაზმელს] ფიზიკურადაც გაუსწორდა.

რა თქმა უნდა, ეს სწორი არ იყო და არავის არ აქვს უფლება, რომ პოლიციის კორდონში შევარდეს ისევე, როგორც არავის არ აქვს უფლება, რომ [ხალხს] მოუწოდოს პარლამენტის ბლოკირებისკენ, ისროლოს ქვები, ბოთლები და ა.შ.

მშვიდობიანად ნებისმიერ ადამიანს აქვს იმისი შესაძლებლობა, რომ თავისი მოსაზრება გამოხატოს“, – განაცხადა კალაძემ.

ამავე თემაზე საუბრისას კალაძემ აღნიშნა, რომ მშვიდობიანი აქციის დასახელება, „უბრალოდ შენიღბვაა იმ სიბინძურის, რაც გარე ძალებს გააზრებული აქვთ ამ რადიკალების გამოყენებით“.

„ყველამ ვიცით ვინ ვინ არის. კონკრეტული ორგანიზაცია და პარტია საიდან და როგორ ფინანსდება – ეს ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე, შესაბამისად აღნიშნული კანონი ჩვენ იმის შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ყველამ გააკეთოს იმის დეკლარირება თუ საიდან ფინანსდება, რა პროექტებზე და რა მიზნით იხარჯება“, – აღნიშნა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, შეისმენს თუ არა ის ახალგაზრდების ხმას, კახა კალაძემ აღნიშნა ცხადია, რომ ქვეყანაში ყველა ერთ აზრზე ვერ იქნება.

„ცხადია, ქვეყანაში ყველა ერთ აზრზე ვერ იქნება და ღმერთმა დაგვიფაროს, რომ მთელ საქართველოს ერთი მოსაზრება გვქონდეს. არის განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანები. ბევრმა შეიძლება არ იცოდეს და ვერ ერკვეოდეს დეტალებში, რადგან თქვენი ლიდერები არ უხსნიან დეტალებს და არ ეუბნებიან რეალობა რა არის. ერთი არგუმენტი ვერ დაასახელეს, თუ რატომ არის აღნიშნული კანონპროექტიო ცუდი.

ჩვენ გამოვდივართ და პირდაპირ ვამბობთ, რომ ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად უცხოური გავლენების შემცირება უდევს. უნდა შემცირდეს ყველა უცხოური გავლენა და ქართული გაიზარდოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, არ არის სწორი ეს მოწოდებები და შეურაცხყოფის მიყენება.

„როდის გინახავთ რომ პოლიციელი გამოვიდეს და მშვიდობიანი მომიტინგე რაღაცას აპროტესტებდეს, დაეტაკოს და რაღაც შეურაცხყოფის მიყენება დაუწოს. პირიქით, მასაც იცავს, მაგრამ არ არის სწორი ეს მოწოდებები, შეურაცხყოფის მიყენება“, – განაცხადა კალაძემ.

“მოწოდებები ისმოდა, რომ პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება მომხდარიყო – ვინ აკეთებს ამას?” – კახა კალაძე

მოწოდებები ისმოდა გუშინაც, რომ ბლოკირება მომხდარიყო. ვინ აკეთებს ამას? – აკეთებენ ის რადიკალები, რომლებიც შემდეგ გაიპარებიან ხოლმე და ახალგაზრდებს შეატოვებენ პოლიციას პირისპირ – ეს არის სამწუხარო რეალობა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, გუშინდელ აქციაზე განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

კალაძის თქმით, ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია და ყველა იმ ადამიანს, რამდენადაც განსხვავებული აზრი არ უნდა ჰქონდეთ, აქვთ უფლება და საშუალება, გამოხატოს საკუთარი აზრი.

„ღირსებით შესვლა [ევროკავშირში] არის კანონების დაცვა და ის, რომ დღეს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება გვაქვს ქვეყანაში, ეს არის ევროპულობა და ევროპული ღირებულებები. განსხვავებული აზრის მოსმენის შესაძლებლობა უნდა გვქონდეს და რამდენადაც მიუღებელი არ უნდა იყოს, შეიძლება არასწორი იყოს, ეს არის ჩვეულებრივი ევროპული ღირებულება. ეს ყველაფერი უნდა კეთდებოდეს კანონის ფარგლებში.

კატეგორიულად მიუღებელია პოლიციის კორდონებში შევარდნა, რაც გუშინ ვნახეთ და ეს არ იყო პირველი შემთხვევა. ალეკო ელისაშვილი იყო პირველი, ვინც იკადრა კანცელარიასთან რამდენიმე დღის წინ, როდესაც აქცია იყო. მოწოდებები, რომ მას გაჰყოლოდნენ და იგივე ვიხილეთ გუშინ [ლევან] ხაბეიშვილის ჩართულობით. მოწოდებები ისმოდა გუშინაც, რომ ბლოკირება მომხდარიყო. ვინ აკეთებს ამას? – აკეთებენ ის რადიკალები, რომლებიც შემდეგ გაიპარებიან ხოლმე და ახალგაზრდებს შეატოვებენ ხოლმე პოლიციას პირისპირ. ეს არის სამწუხარო რეალობა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია და ყველა იმ ადამიანს, რამდენადაც განსხვავებული აზრი არ უნდა ჰქონდეთ, ყველას აქვს უფლება და საშუალება რომ გამოხატოს თავისი აზრი“, – აღნიშნა კალაძემ.

ამავე თემაზე საუბრისას კახა კალაძემ აღნიშნა,რომ ისინი მიესალმებიან მშვიდობიან აქციას, თუმცა რაც გუშინ იხილეს, ყველაფერს აცდენილი იყო. მისი თქმით, ეს არ იყო ევროპულობა, არამედ ეს იყო რადიკალიზმი.

“გთხოვთ, მოგიწოდებთ, გააჩერეთ ამ კანონპროექტის განხილვა დროებით მაინც!” – თინა ბოკუჩავა

შეგიძლიათ თუ არა, ახლა შევთანხმდეთ იმაზე, რომ დროებით მაინც შეჩერდეს აღნიშნული კანონპროექტის განხილვა? რადგან წარმოუდგენელია ეს ძალადობა, ის რომ ახალგაზრდებს ყოველდღიურად სცემთ, იჭერთ, მხოლოდ იმისთვის, რომ ისინი საკუთარ ევროპულ მომავალს იცავენ, – ასე მიმართა ფრაქცია „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პლენარულ სხდომაზე უმრავლესობას.

ბოკუჩავას თქმით, ახლა ეს არის ერთადერთი გონივრული გადაწყვეტილება. „შეგიძლიათ თუ არა რომ ახლა შევთანხმდეთ იმაზე, რომ დროებით მაინც შეჩერდეს აღნიშნული კანონპროექტის განხილვა? რადგან წარმოუდგენელია ეს ძალადობა, ის რომ ახალგაზრდებს ყოველდღიურად სცემთ, იჭერთ, მხოლოდ იმისთვის, რომ ისინი საკუთარ ევროპულ მომავალს იცავენ. გთხოვთ, მოგიწოდებთ, გააჩერეთ ამ კანონპროექტის განხილვა. ეს არის ერთადერთი გონივრული [გადაწყვეტილება]“, – მიმართა ბოკუჩავამ უმრავლესობას.

ამის საპასუხოდ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მას მიკროფონი გამოურთო და მიმართა, რომ აღნიშნული განცხადება არანაირ კავშირში არ არის იმ მუხლთან, რომელიც სხდომაზე განიხილება და შემდეგ ჯერზე კითხვის დასმის შესაძლებლობას საერთოდ არ მისცემს.

„არანაირ კავშირში არ არის ამ მუხლთან, ქალბატონო თინა. თქვენ შემთხვევაშიც, [დროს] იყენებთ პოლიტიკური პოზიციის დასაფიქსირებლად, როგორ ბატონი არმაზს ვუთხარი, შემდეგ ჯერზე კითხვის დასმის შესაძლებლობას საერთოდ არ მოგცემთ“, – მიმართა პაპუაშვილმა თინა ბოკუჩავას.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში, სესიაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მეორე მოსმენით – მუხლობრივად გრძელდება. პარლამენტის პლენარულ სხდომა ხმაურის – სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა.

პარლამენტთან დღევანდელი აქცია 17:00 საათზე დაიგეგმა

პარლამენტთან დღეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია კვლავ გაიმართება.

აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, საპროტესტო აქცია 17:00 საათზე, საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან დაიწყება.

როგორც ცნობილია, დღევანდელ აქციას მოქალაქეები რეგიონებიდანაც შეუერთდებიან.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომა ხმაურის – სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა. სესიაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მეორე მოსმენით – მუხლობრივად გრძელდება.

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი სულ 11 მუხლისგან შედგება. 30 აპრილის სხდომაზე მხოლოდ სამი მუხლის განხილვა მოასწრეს.

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან ერთად, წარდგენილია პარლამენტის ოპოზიციონერი წევრის თეონა აქუბარდიას ალტერნატიული საკანონმდებლო წინადადება, რომელიც “1921 წლის 25 თებერვლის რეესტრის“ შექმნას ითვალისწინებს.

“საქართველო სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა” – ნინო ბურჯანაძე

პარტია „ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საქართველო სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა.

„მიუღებელია ძალის გამოყენება, მით უფრო სრულიად გულწრფელი ახალგაზრდების მიმართ.

მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, სასწრაფოდ გაიწვიოს ჯერ კიდევ ერთი წლის წინ უარყოფილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი.

გარანტირებულად და დამაჯერებლად უზრუნველყოს სამართლიანი არჩევნების ჩატარება.

ყველას უნდა ესმოდეს, პირველ რიგში ხელისუფლებას, რომ სამოქალაქო დაპირისპირება დამანგრეველი იქნება ქვეყნისათვის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება ხელისუფლებას”, – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

„ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნეს რეიტინგის XXIII დაჯილდოება 30 მაისს გაიმართება

30 მაისს, მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” ბიზნეს რეიტინგის რიგით XXIII საზეიმო დაჯილდოება – ბიზნესის ეროვნული ჯილდოს მფლობელის გამოვლენის ცერემონიალი, გაიმართება.

  გრანდიოზულ, უკვე ტრადიციად ქცეულ ღონისძიებაში, წარმატებული კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას.  

“ჯორჯიან თაიმსის” ბიზნეს რეიტინგი საუკეთესო კომპანიებს, სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით ავლენს, მათ შორისაა მეწარმეთა მეწარმეთა ინტერესების დაცვა, საზოგადოებრივი იმიჯი, ქველმოქმედება/მეცენატობა, ახალი სამუშაო ადგილები, საქმიანობის სტაბილურობა, სოციალური კორპორატიული პასუხისმგებლობა, კომპანიის ზრდა და წარმატებულობა, აღიარება საზღვარგარეთ, საზოგადოებასთან ურთიერთობა, ეფექტური მარკეტინგი, ფინანსური გამჭვირვალეობა, საინვესტიციო მიმზიდველობა, მსხვილი ექსპორტიორი, ინოვაციური პროექტები, გუნდის პროფესიონალიზმი, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, მუდმივი პროგრესი და ახალი ტექნოლოგიები, ხარისხის გარანტი.

   წლებია ღონისძიება  საერთაშორისო სტატუსით სარგებლობს და მაღალი რეპუტაციიდან გამომდინარე მუდმივად მედიის და საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს. ბიზნეს – არეალის გაფართოებასთან ერთად იზრდება მონაწილეთა რაოდენობაც. პროექტმა არა ერთ კომპანიას და ბიზნესმენს მისცა განვითარების, ცნობადობის ამაღლების, გაყიდვების სტიმულირების, ინვესტიციების მოზიდვის საშუალება, წინსვლის და განვითარების პერსპექტივა.

 ტრადიციულად, ღონისძიების გალა საღამოზე, მედიისა და საზოგადოების თანდასწრებით, ექსპერტების  მიერ დასახელებული გამარჯვებული კომპანიები, კომპეტენტური ჟიურის მიერ შერჩეული კრიტერიუმებით გამოვლინდებიან.

ღონისძიების მთავარი ჯილდო, – „გრან – პრი“, წლის საუკეთესო კომპანია/ბიზნესმენს გადაეცემა, რომელსაც თავად ბიზნესმენები, გალა ვახშამზე კენჭისყრის საფუძველზე რჩეულთა შორის რჩეულს გამოავლენენ.

    პროექტის მიზანია:  ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა, დიალოგის მხარდაჭერა ბიზნესს, ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. ქართული ბიზნესის ახალი იმიჯის ჩამოყალიბება, ახალი პერსპექტიული კომპანიების წარმოჩენა და რაც მთავარია, ქართული ბიზნესის მიმართ მსოფლიო ბიზნეს-საზოგადოების ყურადღების მიპყრობა.

დაჯილდოების ცერემონიალზე სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლენილი ბიზნესმენები ტრადიციისამებრ, სამკერდე „ოქროს ჯვრით“ დაჯილდოვდებიან. საუკეთესოთა შორის საუკეთესოს კი, გადაეცემა გრან-პრი, – ბიზნესის ეროვნული ჯილდო, ხელნაკეთი და ექსკლუზიური კომპოზიცია „ბოლნური ჯვარი“, რომელიც დამზადებული ძვირფასი ლითონებისგან: ოქრო (31,5გრ) ვერცხლი (12გრამი), ბრილიანტი (1 ცალი), ლურჯი საფირონი (1ცალი), ფირუზი (4 ცალი), ცირკონი (2 ცალი), მწვანე ძოწი (2 ცალი). 

 წლების მანძილზე  ბიზნესრეიტინგში გამარჯვებული კომპანიები და ბიზნესმენები იყვნენ:

 

  1. TBC ჯგუფი – მამუკა ხაზარაძე
  2. კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯია – თემურ ჭყონია
  3. ყაზბეგი – გოგი თოფაძე
  4. ყაზბეგი კასტელი – გოგი თოფაძე
  5. GWS _ ლევან გაჩეჩილაძე
  6. შპს სამგორი 94 – ავთო წერეთელი
  7. შპს თბილავიამშენი – პანტიკო თორდია
  8. TBC ბანკი – ვახტანგ ბუცხრიკიძე
  9. გაერთიანებული ქართული ბანკი – ვანო ჩხარტიშვილი
  10. შპს სამგორი 94 – ავთო წერეთელი
  11. ჯეოსელი – ოსმან თურანი
  12. ჯეოსელი – ოსმან თურანი
  13. ჯეოსელი – ოსმან თურანი და საქართველოს ბანკი-ირაკლი გილაური
  14. სოკარ ენერჯი ჯორჯია – მაჰირ მამმედოვი
  15. საქართველოს ბანკი – ირაკლი გილაური
  16. ვისოლ ჯგუფი – სოსო ფხაკაძე
  17. სოკარ პეტროლეუმ ჯორჯია – დავით ზუბიტაშვილი
  18. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი – ზურაბ გელენიძე
  19. კომპანია ავერსი – პაატა კურტანიძე
  20. ჯორჯიან პროდაქტს – დავით ბარდაველიძე
  21. RMG
  22. პეტროკასი – ივანე ნაკაიძე

კომპანიები შეფასება ხდება შემდეგი მიმართულების მიხედვით:

 

  • ბაზარზე ოპერირების
  • ეკონომიკური კონტრიბუციის
  • სოციალური პასუხისმგებლობის
  • მწვანე ეკონომიკის
  • მაღალი ტექნოლოგიების
  • რენტაბელურობის
  • ეკონომიკაში შეტანილი წვლილის
  • დასაქმებაში შეტანილი წვლილის
  • ბიუჯეტში შენატანების
  • გეოგრაფიული პოზიციონირების
  • ფინანსური გამჭვირვალობის
  • ექსპორტზე ორიენტირების
  • გუნდის პროფესიონალიზმის
  • ინოვაციური ტექნოლოგიების
  • მაღალი ხარისხის და პროგრესირების
  • ეფექტიანი მარკეტინგის
  • ექსპორტის განვითარების
  • საინვესტიციო მიმზიდველობის
  • უცხოეთში აღიარების
  • სტაბილური საქმინობის

ბიზნეს რეიტინგის ღონისძიების ფარგლებში წელსაც დაჯილდოვდებიან საუკეთესო ინვესტორები.  Investment Award – ის მიზანია წარმოაჩინოს და პოპულარიზაცია გაუწიოს ინვესტორებს, საინვესტიციო პროექტებს, რომლებიც უკვე განხორციელდა, ან მიმდინარეა და ჯერ არ დასრულებულა.

 

გასული წლების Investment Award – ის გარდამავალი ჯილდოს მფლობელები იყვნენ:

 

  • ომეგა ჯგუფი და ზაზა ოქუაშვილი
  • ანაკლიის განვითარების კონსორციუმი და ლევან ახვლედიანი
  • დრიმლენდ ოაზისი და ნიკოლოზ გეგუჩაძე
  • აი გრუპი და კახაბერ გულედანი
  • სოკარ ენერჯი ჯორჯია და მაირ მამედოვი.
  • კასლენდი და ვონდერნეტ გრუპი

 

გარდამავალი ჯილდოს მფლობელები დღემდე გახდნენ:

 

  • პეტროკას ენერჯი ჯგუფი – საუკეთესო დამსაქმებელი
  • RMG გოლდს – უმსხვილესი ექსპორტიორი, CSR
  • სოკარი – ყველაზე დიდი შენატანი ბიუჯეტში.
  • კავკასიის ავტოიმპორტი – CSR
  • ჯორჯიან პროდაქტს – საუკეთესო ექსპორტიორი
  • კომპანია ზარაფხანა – ჟიურის ფავორიტი
  • PSP ,ზარაფხანა, RMG – მედიის რჩეული ბიზნესები
  • TV პირველი, GT მედია – ბიზნესის რჩეული მედიები

 

 წლების განმავლობაში პროექტის მხარდამჭერები იყვნენ:

 

  • ქალაქ თბილისის მერია
  • ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო
  • სოფლის მეურნეობის სამინისტრო
  • ფინანსთა სამინისტრო
  • ინფრასტრუქტურის სამინისტრო
  • საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა
  • საერთაშორისო სავაჭრო პალატა
  • საპარტნიორო ფონდი
  • ბიზნესომბუდსმენი

  

მედიამხარდამჭერები:

 

  1. საზოგადოებრივი მაუწყებელი
  2. რუსთავი 2
  3. იმედი
  4. TV პირველი
  5. BMG
  6. ჯორჯიან თაიმსი
  7. რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“
  8. GT media
  9. award.com.ge
  10. რადიო „ჯორჯიან თაიმსი“

ტრადიციულად, ბიზნეს  რეიტინგის საზეიმო გალა ვახშამს, მონაწილე კომანიების წარმომადგენლებთან ერთად,   საკანონმდებლო და აღმასრულებელი, ხელისუფლების წარმომადგენლები, ბიზნესმენები,საპატიო სტუმრები უცხოეთიდან, პოლიტოლოგები, ექსპერტები,  ინტელიგენციის, დიპლომატიური კორპუსის, და მასმედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.