„ხარებას“ და კუპატაძის შურისძიება!” – მიხეილ სააკაშვილი ხაბეიშვილის ცემაზე

24
spot_img

“ხარებას” და კუპატაძის შურისძიება! – ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტს. სააკაშვილის შეფასებით, ხაბეიშვილი და სხვა ახალგაზრდები, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ, გამბედავი და შეუპოვრები არიან.

„ამათ პოლიციელობასთან არაფერი საერთო არ აქვთ. ჩვეულებრივი ბანდიტები არიან. თვითონ ლევანი გამბედაობისა და შეუპოვრობის მაგალითია, ისევე, როგორც ბევრი ახალგაზრდა, რომელიც გუშინ ძალადობას არ შეუშინდა“, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა კლინიკა დატოვა. მან დაზიანებები წუხელ, პარლამენტთან გამართულ აქციაზე მიიღო.

თავად ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მას ფიზიკურად ათობით სპეცრაზმელი გაუსწორდა.

ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. მას ინგოროყვას კლინიკაში ცხვირის ოპერაცია ჩაუტარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ „ლევან ხაბეიშვილი პოლიციისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით შეიჭრა პოლიციის კორდონში, გაუწია მათ წინააღმდეგობა, რა დროსაც სხეულის დაზიანება მიიღო“.