Home Blog Page 10

,, არსებობს კონფლიქტის გადაჭრის ორი გზა: ერთია ომი, მეორე – ურთიერთპატიება”- მამუკა მდინარაძე

ჩვენი გმირები შეეწირნენ ერთიანი საქართველოს იდეას და ამ იდეის აღსრულებას სჭირდება დიდი შერიგება ჩვენს ოს დებთან და ძმებთან, ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან. ხოლო დიდი შერიგება ბოდიშის გარეშე შეუძლებელია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, არსებობს კონფლიქტის გადაჭრის ორი გზა: ერთია ომი, მეორე – ურთიერთპატიება, „ქართული ოცნება“ კი ირჩევს ურთიერთპატიების გზას.

„იმ ადამიანებმა, ვინც გაილაშქრეს ქვეყნის ერთიანობის, ურთიერთპატიების, შერიგების წინააღმდეგ, კარგად უნდა გააცნობიერონ, რას დაუპურისპირდნენ, რასთან დაკავშირებით სცადეს სპეკულაციები, რასთან დაკავშირებით სცადეს ამ ბინძურ პოლიტიკურ შეხლა-შემოხლაში – და სიბინძურე მხოლოდ მათი მხრიდან არის – გაერიათ, გაესვარათ გმირების სახელები და გვარები. რას ატყუებენ ისინი ქართულ საზოგადოებას და რატომ სჭირდებათ ტყუილები, თითქოს ვინმე ამბობდეს, ოკუპანტს, მკვლელს ან მწამებელს ვინმემ ბოდიში უნდა მოუხადოს. უნდა ჩამოვყალიბდეთ, ოსები და აფხაზები არიან თუ არა ჩვენი დები და ძმები თუ როგორც ისინი ამ სამი დღის განმავლობაში ასე ბინძურად აკეთებენ, არიან დამნაშავეები. დიახ, დამნაშავეა მკვლელი და მწამებელი. და ის მკვლელები და მწამებლები ისეთივე ოსები და ისეთივე აფხაზები არიან, როგორც მიხეილ სააკაშვილია ქართველი, მაგალითად. ეს უნდა შეიგნონ ბოლოს და ბოლოს. ქვეყნის გაერთიანების იდეის და ერთიანი საქართველოს იდეის აღსრულებას დიდი პოლიტიკური გამბედაობა და ვაჟკაცობა სჭირდება. ამ ვაჟკაცობის შემადგენელი ნაწილია ბოდიშის მოხდაც, სადაც ეს საჭირო და აუცილებელია ურთიერთპატიებისთვის. ბოლოს და ბოლოს, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ ვართ ვეფხის და მოყმის ქვეყანა, ძეგლი დავუდგით და ჩვენ გვაქვს შერიგების მინისტრის ინსტიტუტი. ესენი რომ მიუშვა, ერთსაც გააუქმებენ და მეორე, შეიძლება, საერთოდ აიღონ. როცა ყოფნის ვიღაცას ვაჟკაცობა, მათ შორის, პოლიტიკური გამბედაობა და ამბობს, რომ დიახ, ჩვენ ბოდიში უნდა მოვიხადოთ, ჩვენ ჩვენს შეცდომებზე უნდა ვილაპარაკოთ, მათ – თავისზე, აქ ქართველებზე, ოსებზე და აფხაზებზეა ლაპარაკი და არა – მკვლელებზე, სადისტებზე, ოკუპანტებსა და მწამებლებზე. ეს უნდა გავაცნობიეროთ, თორემ სხვა შემთხვევაში არ დასჭირდებოდათ მათ ტყუილების თქმა, აქ რომ იტყუებიან – რუსებს მოვუხადოთ ბოდიში? ან ანწუხელიძის მკვლელებს მოვუხადოთ ბოდიში? საიდან მოიტანეს ეს? როგორ აკადრეს ან ანწუხელიძის სახელს და გვარს, ან ჩვენს გმირებს, მაგრამ აკადრეს. იცით, რატომ? თავის დროზე აკადრეს, ომის დანაშაული დააბრალეს, ეს აკადრეს ომიდან ორ თვეში და ამიტომ აკადრეს დღეს ეს ყველაფერი“, – განაცხადა მდინარაძემ.

„სკეტჩის” არ იყოს, რამდენჯერ უნდა დაგვასანქცირონ? ”- მამუკა მდინარაძე

როგორც ჩანს არაფორმალური გავლენები იმდენად მძლავრია, მათ შორის აშშ-ში, ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში, რომ ამ გავლენების შესაბამისად, კიდევ ერთხელ დაგვასანქცირეს, ოღონდ არ გვეუბნებიან ვინ და ვინ , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ 60-მდე ქართველის დასანქცირება საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობაა.

„ამ შემთხვევაში ფინანსური სანქციები დააწესეს რამდენიმე პირზე. ერთმანეთში არიეს, მათ შორის, „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები და პოლიციელები, პოლიციის მაღალჩინოსნები. ეს არის პოლიციის შეურაცხყოფა ერთი მხრივ, ინსტიტუტის შეურაცხყოფა მეორე მხრივ და მესამე მხრივ, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანზე და ნებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა და ქართულ არჩევნებში ჩარევის მცდელობა, არაფორმალური გავლენებით. რა შეიცვალა იმის მერე, რაც თქვეს, რომ 30 ადამიანი დავასანქცირეთ? – ერთადერთი რამ შეიცვალა, არჩევნები მოახლოვდა. არჩევნების მოახლოებასთან ერთად ჩვენ კიდევ ველოდებით მსგავს და შეიძლება კიდევ უფრო მძაფრ სხვადასხვა რეაქციებს განცხადებების სახით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

როგორც მამუკა მდინარაძემ სანქცირებაზე საუბრისას აღნიშნა, „ასეთი სასაცილო გადაწყვეტილებები აზიანებს თავად სანქციის დამწესებელს“.

„ჩანტლაძის ცნობილი „სკეტჩის” არ იყოს, რამდენჯერ უნდა დაგვასანქცირონ? ადგნენ და თქვან დავასანქციერეთ ესა და ეს 60 ადამიანი. არ შეიძლება, რომ ამხელა ქვეყნის, ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ოფიციალური სტრუქტურების ქმედებები სასაცილო იყოს. ძალიან უხერხულია. ეს ჩვენ ზიანს ვეღარ გვაყენებს. გაცვდა ეს მოქმედებები, ზიანს აყენებს აშშ-ის რეპუტაციას საქართველოში და ძალით რატომ აკეთებენ ამას? რას ეხვეწებიან აქედან ისეთს? – ვერაფერს ვერ ვაკეთებთ და იქნებ დაასანქციროთო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, აშშ-მა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის ქართველი ოფიციალური პირები და ექსტრემისტები დაასანქცირა. კერძოდ, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების ძალადობრივ დარბევასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ორ ოფიციალურ პირსა და ორ კერძო პირს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ დასანქცირდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, გიივე “ხარება” და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე. გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სავიზო შეზღუდვებს აწესებს საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში მონაწილე 60-ზე მეტი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ.

,,იმედი ვიქონიოთ, რომ ბატონი ივანიშვილი თავის ზრახვებში გულწრფელი იქნება”- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო

იმედი ვიქონიოთ, რომ ბატონი ივანიშვილი თავის ზრახვებში გულწრფელი იქნება და აფხაზ ხალხთან მიმართებაში სწორ სიტყვებს იპოვის , – ამის შესახებ განცხადებას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

განცხადებაში ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ ასეთი განცხადება „შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს“.

„ყურადღება მივაქციეთ საქართველოს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ბოლო განცხადებას, რომლის მიხედვითაც, 26 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ საქართველოს ხელისუფლება ძალას იპოვის ბოდიში მოიხადოს იმის გამო, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს „ოსი დები და ძმები ცეცხლის ალში გაახვია“. მიუხედავად იმისა, რომ ეს განცხადება აფხაზეთის რესპუბლიკას პირდაპირ არ ეხება, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ასეთი განცხადება შერიგებისკენ გადადგმული რეალური ნაბიჯებით გამყარების შემთხვევაში, წარსულის შეცდომების გადაფასებასა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ე.წ. საგარეო უწყების განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის განცხადება აჩვენებს, რომ „საქართველოში შიდა გადაფასებისა და შეცდომების აღიარების რესურსი ჯერ კიდევ არსებობს, როგორც ეს ჩვენ ურთიერთობებში არაერთხელ მომხდარა“.

„შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 1956 წელს საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა აგვისტოს პლენუმზე, ი. სტალინისა და ლ. ბერიას მმართველობის დროს აფხაზეთის მიმართ საქართველოს ხელმძღვანელობის ქმედება დაგმო. 1978 წლის 27 ივნისს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის XI პლენუმზე ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა: „პირდაპირ უნდა ითქვას, რომ წარსულში, ჩვენთვის ცნობილ პერიოდში, აფხაზი ხალხის მიმართ ტარდებოდა პოლიტიკა, რომელსაც პრაქტიკულად შოვინისტური უნდა ეწოდოს“. სამწუხაროდ, ამან ხელი არ შეუშალა ბატონ შევარდნაძეს, რომ 1992 წელს აფხაზეთში ომი დაეწყო“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ე.წ. საგარეო უწყება იმედს გამოთქვამს, რომ „ბატონი ივანიშვილი თავის ზრახვებში უფრო გულწრფელი იქნება და აფხაზ ხალხთან მიმართებაში სწორ სიტყვებს იპოვის, რომლებიც საქმესთან წინააღმდეგობაში არ მოვა და აფხაზეთსა და საქართველოს, სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის საერთაშორისო გარანტიების შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის ხელმოწერით დასრულდება“.

ტრამპი ამტკიცებს, რომ ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის რიტორიკამ განაპირობა მასზე განხორციელებული თავდასხმები

„რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის რიტორიკამ განაპირობა მასზე განხორციელებული თავდასხმები.

სამართალდამცველებმა დონალდ ტრამპზე თავდასხმის კიდევ ერთი მცდელობა აღკვეთეს. ინციდენტი ფლორიდაში, ექსპრეზიდენტის გოლფ-კლუბის ტერიტორიაზე მოხდა.

პოტენციური მკვლელი, რომელიც ბუჩქებში იყო ჩასაფრებული, საიდუმლო სამსახურის აგენტებმა შენიშნეს და ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგაც ის გაიქცა, თუმცა პოლიციამ მალევე დააკავა.

„მას [თავდამსხმელს] სჯეროდა ბაიდენისა და ჰარისის რიტორიკის და ამ რიტორიკიდან გამომდინარე მოქმედებდა. მათი რიტორიკა ჩემზე თავდასხმას იწვევს, როცა მე ვარ ის, ვინც ქვეყანას გადაარჩენს, ხოლო ისინი კი ქვეყანას ანგრევენ“, – აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.

აშშ-მა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის ქართველი ოფიციალური პირები დაასანქცირა

აშშ-მა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის ქართველი ოფიციალური პირები და ექსტრემისტები დაასანქცირა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ხაზინის დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების ძალადობრივ დარბევასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ორ ოფიციალურ პირსა და ორ კერძო პირს სანქციები დაუწესა.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, გიივე “ხარება” და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე დასანქცირდნენ.

,,საქართველო ბოდიშს არასდროს მოიხდის”- მიხეილ სააკაშვილი

ივანიშვილმა მწვანე შუქი აუნთო “სამხრეთ ოსეთის” და აფხაზეთის დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარებას და დიდი ალბათობით თვითონაც ემზადება ასეთი აღიარებისთვის , – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია ნათქვამი,რითაც ყოფილი პრეზიდენტი, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც სააკაშვილი თავის განცხადებაში აღნიშნავს, ყველა ვინც ამას მისცემს ხმას, ოფიციალურად თანამონაწილეობს ღალატში.

სააკაშვილის თქმით, საქართველო ბოდიშს არასდროს მოიხდის.

“ჩემს მიერ აშენებულ გორის ჩიხში გაკეთებულ განცხადებებზე, არამხოლოდ საქართველოს არცერთ მმართველს არ ჩაუდენია ათასწლეულების განმავლობაში ივანიშვილის მსგავსი სახელმწიფო ღალატი, არამედ ვერ ვიხსენებ, რომ ბოლო ათწლეულებში რომელიმე თანამედროვე მსოფლიოს მსგავს მაგალითს.

ივანიშვილი თავიდანვე მიჰყვებოდა გეგმას. ჯერ წულუკიანმა მისი დავალებით ხელოვნურად მოახდინა 2015 წელს პროვოცირება ჰააგის პროკურორის მიერ ქართველი სამხედროების ქმედებების გამოძიების. ივანიშვილს და რუსებს იმედი ჰქონდათ, რომ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სასამართლო დამადანაშაულებდა მე და ქართველ ჯარისკაცებს. სინამდვილეში მოხდა ის რომ 2022 წელს ჰააგის პროკურორმა მთლიანად გაამართლა ჩვენი ქმედებები.

გაწბილებულმა ივანიშვილმა/რუსებმა გადაწყვიტეს იგივე გააკეთონ ახლა ყოველგვარი საერთაშორისო ლეგიტიმაციის გარეშე. ამის პარალელურად გორის განცხადებით ივანიშვილმა ავტომატურად ჩააყენა საქართველო მილოშევიჩის სერბეთის მდგომარეობაში (ოღონდ იმ განსხვავებით, რომ სერბებს დღემდე არანაირი ბოდიში არ მოუხდა) ამით მან მწვანე შუქი აუნთო “სამხრეთ ოსეთის” და აფხაზეთის დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარებას და დიდი ალბათობით თვითონაც ემზადება ასეთი აღიარებისთვის.

ყველა ვინც ამას მისცემს ხმას, ოფიციალურად თანამონაწილეობს ღალატში. როგორც ყველასთვის ნათელი გახდა, ასეთია მისი ვალდებულებები რუსების წინაშე. ვშიშობ, ივანიშვილმა ეს არჩევნებამდე არ გააკეთოს, რათა უზრუნველყოს როგორც მინიმუმ რუსების მიერ ნების დართვა არჩევნების შემდეგ გადასახლდეს მის მიერ მოსკოვში იანუკოვიჩის მახლობლად ახლახან შეძენილ სასახლეში.

და ბოლოს მინდა მივმართო მათ ვისაც კიდევ სჯერა (ასეთი დღეს აბსოლუტური უმცირესობაა) რომ მე რაღაც რეალური დანაშაულისთვის ვარ პუტინის საამებელ ტყვეობაში. მე უკვე სამი წელია ვარ გამომწყვდეული მხოლოდ ერთი რამის გამო, რომ არ ჩავაბარე ჩვენი ქვეყანა, არ მივატოვე თბილისი და ორგანიზება გავუკეთეთ აგრესორისადმი წინააღმდეგობას. საქართველო არასდროს მოიხდის ბოდიშს!“,- ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში.

,,გახარიას პარტიასთან შეთანხმება შეიძლება შედგეს მხოლოდ ორმხრივი მოლაპარაკებებით და შემდგომ წარედგინოს პრეზიდენტს” – ბადრი ჯაფარიძე

კოალიციასა და გახარიას პარტიას შორის შეთანხმება შეიძლება შედგეს მხოლოდ ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად. შეთანხმება თუ შედგება, შემდგომ უნდა მოხდეს პრეზიდენტთან ამ შეთანხმების წარდგენა, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა სალომე ზურაბიშვილის მოწოდებასთან დაკავშირებით, რომ მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიები გაერთიანდნენ.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, კოალიცია „ძლიერი საქართველო“ მხარს დაუჭერს ორმხრივ ფორმატს და მზად არის ამ რეჟიმში განხილვისთვის.

„მივესალმებით პრეზიდენტის განცხადებას, რომ კოალიცია „ძლიერი საქართველო“ არის გამარჯვების ფორმულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. ამავდროულად, დღეს მამუკა ხაზარაძემ ცალსახად თქვა, რომ ახლა პიროვნული პრობლემები ყველამ გვერდზე უნდა გადავწიოთ და ვიფიქროთ ქვეყნის ინტერესებზე. თუ ეს გულისხმობს და მოითხოვს იმას, რომ მოხდეს შეთანხმება კოალიციასა და გახარიას პარტიას შორის, კოალიცია მზად არის ამ განხილვისთვის. მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს შეთანხმება უნდა მოხდეს ორმხრივი განხილვის შედეგად. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ შეთანხმებას აქვს შანსი, შედგეს, თუ ის იქნება ორმხრივი განხილვის რეჟიმში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს შეთანხმება თუ შესაძლებელია, შედგეს, ის შეიძლება შედგეს მხოლოდ ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად. თუკი შედგება, შემდგომ უნდა მოხდეს პრეზიდენტთან ამ შეთანხმების წარდგენა“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს და კონსულტაციებისთვის ორბელიანების სასახლეში ეპატიჟება.

,,კონსტიტუცია პრეზიდენტის ინსტიტუტს აღიარებს, როგორც პარტიულად ნეიტრალურს”- გიორგი კახიანი

პრეზიდენტი პარტიებთან მიმართებაში როცა აკეთებს მოწოდებებს და გამოხატავს თავის დამოკიდებულებას, ამით არღვევს კონსტიტუციის იმ ნორმას, რომელიც პარტიული თვალსაზრისით ნეიტრალიტეტს ავალდებულებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.

როგორც კახიანმა აღნიშნა, კონსტიტუციის მიმართ პრეზიდენტის დამოკიდებულება მიუღებელია.

„კონსტიტუციით მიხედვით, პრეზიდენტს პარტიული კუთვნილება ეკრძალება, რადგან კონსტიტუცია პრეზიდენტის ინსტიტუტს აღიარებს, როგორც პარტიულად ნეიტრალურ ინსტიტუტს. როცა პრეზიდენტი პარტიებთან მიმართებაში აკეთებს მოწოდებებს და გამოხატავს თავის დამოკიდებულებას ამა თუ იმ პარტიასთან მიმართებაში, ამით არღვევს კონსტიტუციის იმ ნორმას, რომელიც მას პარტიული თვალსაზრისით ნეიტრალიტეტს ავალდებულებს.

სამწუხაროდ, პრეზიდენტისგან მივეჩვიეთ, რომ ის ხშირად არღვევს კონსტიტუციის ნორმებს, ეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებითაც გამოვლინდა. სამწუხაროდ, არის სხვა შემთხვევებიც, როცა პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევეს. ფაქტია, რომ მას პრეზიდენტად ყოფნა დიდხანს არ დარჩენია და მისი ასეთი დამოკიდებულება კონსტიტუციასთან მიმართებაში, მიუღებელია“, – განუცხადა გიორგი კახიანმა საქართველოს პირველ არხს.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს და კონსულტაციებისთვის ორბელიანების სასახლეში ეპატიჟება.

,,ჩვენ პატივს ვცემთ პრეზიდენტს, ამიტომ შეხვედრასთან დაკავშირებით მის მოწოდებასაც გავითვალისწინებთ”- ბექა ლილუაშვილი

„გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, გიორგი გახარიას პარტია მზად არის ხვალ, ორბელიანების სასახლეში შეხვდეს „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლებს.

როგორც ლილუაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აღნიშნა, „გახარია საქართველოსთვის“ ყოველთვის პატივს სცემდა პრეზიდენტს, ამიტომ მის მოწოდებას გაითვალისწინებენ.

„ჩვენ პატივს ვცემთ პრეზიდენტს, ეს არ არის ჩვენ და პრეზიდენტს შორის ახალი პოზიცია, ამიტომ მის მოწოდებასაც გავითვალისწინებთ. შეხვედრასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოწოდება ჩვენი მხრიდან გათვალისწინებული იქნება“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

კითხვაზე, შეხვედრასთან ერთად მზად არიან თუ არა წინსაარჩევნოდ კოალიცია „ძლიერი საქართველოსთან“ გაერთიანდნენ, ლილუაშვილი პასუხობს, რომ პრეზიდენტის მოწოდება მხოლოდ შეხვედრასთან დაკავშირებით იყო და არა გაერთიანებასთან.

„ჩვენ დღეს, რაც მოვისმინეთ პრეზიდენტისგან, ეს იყო შეხვედრასთან დაკავშირებული მოწოდება“,- აღნიშნა ლილუაშვილმა.

ინფორმაციისათვის, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , ხვალ, 17 სექტემბერს ორ პოლიტიკურ ძალას : „ძლიერ საქართველოსა“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ “მოლაპარაკებების ბოლო ეტაპის” გამართვისთვის ორბელიანების სასახლეში იწვევს. პრეზიდენტი ,,ძლიერი საქართველოს” და ,,გახარია საქართველოსათვის” წარმომადგენლებს 15:00 საათზე ელოდება.

 ვშიშობ, თუ დონალდ ტრამპს არ დავიცავთ, მის დაკრძალვაზე ვისაუბრებთ – რიჩარდ გრენელი

ვშიშობ, თუ დონალდ ტრამპს არ დავიცავთ, მის დაკრძალვაზე ვისაუბრებთ, – განაცხადა ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა და გერმანიაში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, რიჩარდ გრენელმა.

სამართალდამცველებმა დონალდ ტრამპზე თავდასხმის კიდევ ერთი მცდელობა აღკვეთეს. ინციდენტი ფლორიდაში, ექსპრეზიდენტის გოლფ-კლუბის ტერიტორიაზე მოხდა. პოტენციური მკვლელი, რომელიც ბუჩქებში იყო ჩასაფრებული, საიდუმლო სამსახურის აგენტებმა შენიშნეს და ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგაც ის გაიქცა, თუმცა პოლიციამ მალევე დააკავა.

„როდესაც ხედავთ იმ საფრთხეებს, რომლებიც აშკარად არსებობს პრეზიდენტი ტრამპის მიმართ, მე არ მივიჩნევ, რომ ჩვენ ამ საფრთხის შესაბამისად ვმოქმედებთ. უნდა იყოს შეფასება. და ამ ქვეყანაში ჩვენ საკმარისად მდიდრები ვართ და საკმარისად წარმატებულნი ვართ იმისთვის, რომ შევძლოთ საფრთხის შესაბამის დონეზე დავიცვათ საპრეზიდენტო კანდიდატი და ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც შეიძლება მომავალი პრეზიდენტი გახდეს“, – აღნიშნა რიჩარდ გრენელმა.

პრეზიდენტი “ძლიერ საქართველოსა” და გიორგი გახარიას პარტიას კონსულტაციებისთვის ორბელიანების სასახლეში იწვევს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , ხვალ, 17 სექტემბერს ორ პოლიტიკურ ძალას : „ძლიერ საქართველოს“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ორბელიანების სასახლეში ელოდება მოლაპარაკებების ბოლო ეტაპის დაუყოვნებლივ გამართვისთვის.

მისივე თქმით, ეს ნაბიჯი ამომრჩეველს დაარწმუნებს, რომ პოლიტიკურ პარტიებს შეუძლიათ ქვეყნის გადარჩენის გულისთვის ბევრი რამ დათმონ და უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშონ ევროპული მომავლის გადარჩენაში, რასაც მათ არვინ დაუვიწყებს.

„საქართველოს ისტორიის არჩევნებში გარდამტეხი დღე გვიახლოვდება და ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა მიიღონ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მომავალს. ამას ყოველდღიურად უფრო და უფრო ნათლად ვხედავთ. ეს არჩევანი განსაზღვრავს იმას, იქნება თუ არა ჩვენი მომავალი ევროპა თუ ვიქნებით რუსეთის გავლენის ქვეშ, რისკენაც ბატონი ივანიშვილი გვიბიძგებს, ამიტომ 26 ოქტომბერი არ არის მხოლოდ ჩვეულებრივი არჩევნების დღე, ეს არის მთავარი არჩევანის დღე, რეფერენდუმის დღე, ვარჩიოთ სუვერენიტეტი,თავისუფლება , დამოუკიდებლობაა და ევროპული ფასეულობები თუ ჩვენი მომავალი დავუთმოთ რუსეთს. დღეს არჩევანი ერთია, ან ევროპა ან რუსეთი. ჩვენ ეს ქვეყანა არავისთვის არასდროს დაგვითმია და არც არავის დავუთმობთ. ეს არჩევანი ჩვენი ერთობლივი პასუხისმგებლობაა. ამ პასუხისმგებლობას ვერ გავექცევით. მე, ჩემ წილ პასუხისმგებლობას ბოლომდე ავიღებ და შევასრულებ , ხელს შევუწყობ ყველა პროევროპულ ძალას , ამისთვის შეიქმნა ქარტია და ქარტიის შესრულებისთვის დადებული ერთობლივი პირობა, ამით ევროპის გზაზე სწრაფი და ეფექტური დაბრუნების სამოქმედო გეგმა ერთად დავხაზეთ და ერთად შევასრულებთ.

ახლა საჭიროა ერთი რამ, რომ ოპოზიციური ამომრჩევლისთვის არჩვნა გავამარტივოთ. პოზიტიური მესამე ცენტრი რომელსაც გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ელოდება და რომელსაც უნარი აქვს გააჩინოს საზოგადოებაში სრული მობილიზაციისთვის საჭირო მუხტი. მე ამის მჯერა დ ამიტომ ყველასთან კონსულტაციებში მივიღე მონაწილეობა და მზად ვარ, როგორც ნეიტრალური მხარე ამ პროცესს ხელი შევუწყო. გადაწყვეტილება კი 2 პროევროპულ ძალას, ერთის მხრივ, გაერთიანება „ძლიერი საქართველო“ და მეორეს მხრივ, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათ ხელშია. ვიმედოვნებ ,რომ ქვეყნისთვის ამ ნიშვენლოვან ეტაპზე შეძლებენ გადადგან ის ნაბიჯი, რომელიც ამომრჩევლისთვის მეტ სიცხადეს , გარკვეულობას და მეტ ძალის განცდას მისცემს. ნაბიჯი,რომელიც ამომრჩეველს დაარწმუნებს, რომ პოლიტიკურ პარტიებს შეუძლიათ ქვეყნის გადარჩენის გულისთვის ბევრი რამ დათმონ და უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშონ ევროპული მომავლის გარადჩენაშო, რასაც მათ არავინ დაუვიწყებს.

ამიტომ, მივესალმები მამუკა ხაზარაძის საჯარო გამოთქმულ მზადყოფნას, ასევე ვიცი რომ არსებობს ასეთივე მზაობა გიორგი გახარიას მხრიდან, საარჩევნო კალენდარი ძალიან ცოტა დროს გვიტოვებს საბოლო გადაწყვეტილებისთვის. ამიტომ, ხვალ ორბელიანების სასახლეში ვეპატიჟები ორივე პოლიტიკურ ძალს , რათა მოლაპარაკეკებსი ბოლო ეტაპი დაუყოვნებლივ გაიმართოს. ჩემი სრული მხარდაჭერაა და მზად ყოფნაა,რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდეს და მივიყვანოთ ბოლომდე. თქვენგან სწორედ ამას ელოდება საზოგადოება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

„ყაზბეგის“ საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, ორივე ქვეყნის მიმართულებით შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის, 18 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით 06:00 სთ-დან-09:00 სთ-მდე „ყაზბეგის“ საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, ორივე ქვეყნის მიმართულებით შეიზღუდება.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სგპ „ყაზბეგის“მიმდებარე ტერიტორიაზე, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე, დაგეგმილია გადაუდებელი საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება, რის გამოც, სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში ავტომობილების გადაადგილება შეჩერებული იქნება.მათივე ცნობით, აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები, დროის ამ მონაკვეთში ვერ განხორციელდება.„გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ზემოაღნიშნული დროის (06:00-09:00 საათი) ამოწურვის შემდეგ, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად განხორციელდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.