ვშიშობ, თუ დონალდ ტრამპს არ დავიცავთ, მის დაკრძალვაზე ვისაუბრებთ, – განაცხადა ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა და გერმანიაში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, რიჩარდ გრენელმა.
სამართალდამცველებმა დონალდ ტრამპზე თავდასხმის კიდევ ერთი მცდელობა აღკვეთეს. ინციდენტი ფლორიდაში, ექსპრეზიდენტის გოლფ-კლუბის ტერიტორიაზე მოხდა. პოტენციური მკვლელი, რომელიც ბუჩქებში იყო ჩასაფრებული, საიდუმლო სამსახურის აგენტებმა შენიშნეს და ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგაც ის გაიქცა, თუმცა პოლიციამ მალევე დააკავა.
„როდესაც ხედავთ იმ საფრთხეებს, რომლებიც აშკარად არსებობს პრეზიდენტი ტრამპის მიმართ, მე არ მივიჩნევ, რომ ჩვენ ამ საფრთხის შესაბამისად ვმოქმედებთ. უნდა იყოს შეფასება. და ამ ქვეყანაში ჩვენ საკმარისად მდიდრები ვართ და საკმარისად წარმატებულნი ვართ იმისთვის, რომ შევძლოთ საფრთხის შესაბამის დონეზე დავიცვათ საპრეზიდენტო კანდიდატი და ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც შეიძლება მომავალი პრეზიდენტი გახდეს“, – აღნიშნა რიჩარდ გრენელმა.