Home Blog Page 10

ტრამპი ამტკიცებს, რომ ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის რიტორიკამ განაპირობა მასზე განხორციელებული თავდასხმები

„რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის რიტორიკამ განაპირობა მასზე განხორციელებული თავდასხმები.

სამართალდამცველებმა დონალდ ტრამპზე თავდასხმის კიდევ ერთი მცდელობა აღკვეთეს. ინციდენტი ფლორიდაში, ექსპრეზიდენტის გოლფ-კლუბის ტერიტორიაზე მოხდა.

პოტენციური მკვლელი, რომელიც ბუჩქებში იყო ჩასაფრებული, საიდუმლო სამსახურის აგენტებმა შენიშნეს და ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგაც ის გაიქცა, თუმცა პოლიციამ მალევე დააკავა.

„მას [თავდამსხმელს] სჯეროდა ბაიდენისა და ჰარისის რიტორიკის და ამ რიტორიკიდან გამომდინარე მოქმედებდა. მათი რიტორიკა ჩემზე თავდასხმას იწვევს, როცა მე ვარ ის, ვინც ქვეყანას გადაარჩენს, ხოლო ისინი კი ქვეყანას ანგრევენ“, – აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.

აშშ-მა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის ქართველი ოფიციალური პირები დაასანქცირა

აშშ-მა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის ქართველი ოფიციალური პირები და ექსტრემისტები დაასანქცირა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ხაზინის დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების ძალადობრივ დარბევასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ორ ოფიციალურ პირსა და ორ კერძო პირს სანქციები დაუწესა.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, გიივე “ხარება” და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე დასანქცირდნენ.

,,საქართველო ბოდიშს არასდროს მოიხდის”- მიხეილ სააკაშვილი

ივანიშვილმა მწვანე შუქი აუნთო “სამხრეთ ოსეთის” და აფხაზეთის დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარებას და დიდი ალბათობით თვითონაც ემზადება ასეთი აღიარებისთვის , – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია ნათქვამი,რითაც ყოფილი პრეზიდენტი, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც სააკაშვილი თავის განცხადებაში აღნიშნავს, ყველა ვინც ამას მისცემს ხმას, ოფიციალურად თანამონაწილეობს ღალატში.

სააკაშვილის თქმით, საქართველო ბოდიშს არასდროს მოიხდის.

“ჩემს მიერ აშენებულ გორის ჩიხში გაკეთებულ განცხადებებზე, არამხოლოდ საქართველოს არცერთ მმართველს არ ჩაუდენია ათასწლეულების განმავლობაში ივანიშვილის მსგავსი სახელმწიფო ღალატი, არამედ ვერ ვიხსენებ, რომ ბოლო ათწლეულებში რომელიმე თანამედროვე მსოფლიოს მსგავს მაგალითს.

ივანიშვილი თავიდანვე მიჰყვებოდა გეგმას. ჯერ წულუკიანმა მისი დავალებით ხელოვნურად მოახდინა 2015 წელს პროვოცირება ჰააგის პროკურორის მიერ ქართველი სამხედროების ქმედებების გამოძიების. ივანიშვილს და რუსებს იმედი ჰქონდათ, რომ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სასამართლო დამადანაშაულებდა მე და ქართველ ჯარისკაცებს. სინამდვილეში მოხდა ის რომ 2022 წელს ჰააგის პროკურორმა მთლიანად გაამართლა ჩვენი ქმედებები.

გაწბილებულმა ივანიშვილმა/რუსებმა გადაწყვიტეს იგივე გააკეთონ ახლა ყოველგვარი საერთაშორისო ლეგიტიმაციის გარეშე. ამის პარალელურად გორის განცხადებით ივანიშვილმა ავტომატურად ჩააყენა საქართველო მილოშევიჩის სერბეთის მდგომარეობაში (ოღონდ იმ განსხვავებით, რომ სერბებს დღემდე არანაირი ბოდიში არ მოუხდა) ამით მან მწვანე შუქი აუნთო “სამხრეთ ოსეთის” და აფხაზეთის დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარებას და დიდი ალბათობით თვითონაც ემზადება ასეთი აღიარებისთვის.

ყველა ვინც ამას მისცემს ხმას, ოფიციალურად თანამონაწილეობს ღალატში. როგორც ყველასთვის ნათელი გახდა, ასეთია მისი ვალდებულებები რუსების წინაშე. ვშიშობ, ივანიშვილმა ეს არჩევნებამდე არ გააკეთოს, რათა უზრუნველყოს როგორც მინიმუმ რუსების მიერ ნების დართვა არჩევნების შემდეგ გადასახლდეს მის მიერ მოსკოვში იანუკოვიჩის მახლობლად ახლახან შეძენილ სასახლეში.

და ბოლოს მინდა მივმართო მათ ვისაც კიდევ სჯერა (ასეთი დღეს აბსოლუტური უმცირესობაა) რომ მე რაღაც რეალური დანაშაულისთვის ვარ პუტინის საამებელ ტყვეობაში. მე უკვე სამი წელია ვარ გამომწყვდეული მხოლოდ ერთი რამის გამო, რომ არ ჩავაბარე ჩვენი ქვეყანა, არ მივატოვე თბილისი და ორგანიზება გავუკეთეთ აგრესორისადმი წინააღმდეგობას. საქართველო არასდროს მოიხდის ბოდიშს!“,- ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში.

,,გახარიას პარტიასთან შეთანხმება შეიძლება შედგეს მხოლოდ ორმხრივი მოლაპარაკებებით და შემდგომ წარედგინოს პრეზიდენტს” – ბადრი ჯაფარიძე

კოალიციასა და გახარიას პარტიას შორის შეთანხმება შეიძლება შედგეს მხოლოდ ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად. შეთანხმება თუ შედგება, შემდგომ უნდა მოხდეს პრეზიდენტთან ამ შეთანხმების წარდგენა, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა სალომე ზურაბიშვილის მოწოდებასთან დაკავშირებით, რომ მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიები გაერთიანდნენ.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, კოალიცია „ძლიერი საქართველო“ მხარს დაუჭერს ორმხრივ ფორმატს და მზად არის ამ რეჟიმში განხილვისთვის.

„მივესალმებით პრეზიდენტის განცხადებას, რომ კოალიცია „ძლიერი საქართველო“ არის გამარჯვების ფორმულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. ამავდროულად, დღეს მამუკა ხაზარაძემ ცალსახად თქვა, რომ ახლა პიროვნული პრობლემები ყველამ გვერდზე უნდა გადავწიოთ და ვიფიქროთ ქვეყნის ინტერესებზე. თუ ეს გულისხმობს და მოითხოვს იმას, რომ მოხდეს შეთანხმება კოალიციასა და გახარიას პარტიას შორის, კოალიცია მზად არის ამ განხილვისთვის. მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს შეთანხმება უნდა მოხდეს ორმხრივი განხილვის შედეგად. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ შეთანხმებას აქვს შანსი, შედგეს, თუ ის იქნება ორმხრივი განხილვის რეჟიმში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს შეთანხმება თუ შესაძლებელია, შედგეს, ის შეიძლება შედგეს მხოლოდ ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად. თუკი შედგება, შემდგომ უნდა მოხდეს პრეზიდენტთან ამ შეთანხმების წარდგენა“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს და კონსულტაციებისთვის ორბელიანების სასახლეში ეპატიჟება.

,,კონსტიტუცია პრეზიდენტის ინსტიტუტს აღიარებს, როგორც პარტიულად ნეიტრალურს”- გიორგი კახიანი

პრეზიდენტი პარტიებთან მიმართებაში როცა აკეთებს მოწოდებებს და გამოხატავს თავის დამოკიდებულებას, ამით არღვევს კონსტიტუციის იმ ნორმას, რომელიც პარტიული თვალსაზრისით ნეიტრალიტეტს ავალდებულებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.

როგორც კახიანმა აღნიშნა, კონსტიტუციის მიმართ პრეზიდენტის დამოკიდებულება მიუღებელია.

„კონსტიტუციით მიხედვით, პრეზიდენტს პარტიული კუთვნილება ეკრძალება, რადგან კონსტიტუცია პრეზიდენტის ინსტიტუტს აღიარებს, როგორც პარტიულად ნეიტრალურ ინსტიტუტს. როცა პრეზიდენტი პარტიებთან მიმართებაში აკეთებს მოწოდებებს და გამოხატავს თავის დამოკიდებულებას ამა თუ იმ პარტიასთან მიმართებაში, ამით არღვევს კონსტიტუციის იმ ნორმას, რომელიც მას პარტიული თვალსაზრისით ნეიტრალიტეტს ავალდებულებს.

სამწუხაროდ, პრეზიდენტისგან მივეჩვიეთ, რომ ის ხშირად არღვევს კონსტიტუციის ნორმებს, ეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებითაც გამოვლინდა. სამწუხაროდ, არის სხვა შემთხვევებიც, როცა პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევეს. ფაქტია, რომ მას პრეზიდენტად ყოფნა დიდხანს არ დარჩენია და მისი ასეთი დამოკიდებულება კონსტიტუციასთან მიმართებაში, მიუღებელია“, – განუცხადა გიორგი კახიანმა საქართველოს პირველ არხს.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს და კონსულტაციებისთვის ორბელიანების სასახლეში ეპატიჟება.

,,ჩვენ პატივს ვცემთ პრეზიდენტს, ამიტომ შეხვედრასთან დაკავშირებით მის მოწოდებასაც გავითვალისწინებთ”- ბექა ლილუაშვილი

„გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, გიორგი გახარიას პარტია მზად არის ხვალ, ორბელიანების სასახლეში შეხვდეს „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლებს.

როგორც ლილუაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აღნიშნა, „გახარია საქართველოსთვის“ ყოველთვის პატივს სცემდა პრეზიდენტს, ამიტომ მის მოწოდებას გაითვალისწინებენ.

„ჩვენ პატივს ვცემთ პრეზიდენტს, ეს არ არის ჩვენ და პრეზიდენტს შორის ახალი პოზიცია, ამიტომ მის მოწოდებასაც გავითვალისწინებთ. შეხვედრასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოწოდება ჩვენი მხრიდან გათვალისწინებული იქნება“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

კითხვაზე, შეხვედრასთან ერთად მზად არიან თუ არა წინსაარჩევნოდ კოალიცია „ძლიერი საქართველოსთან“ გაერთიანდნენ, ლილუაშვილი პასუხობს, რომ პრეზიდენტის მოწოდება მხოლოდ შეხვედრასთან დაკავშირებით იყო და არა გაერთიანებასთან.

„ჩვენ დღეს, რაც მოვისმინეთ პრეზიდენტისგან, ეს იყო შეხვედრასთან დაკავშირებული მოწოდება“,- აღნიშნა ლილუაშვილმა.

ინფორმაციისათვის, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , ხვალ, 17 სექტემბერს ორ პოლიტიკურ ძალას : „ძლიერ საქართველოსა“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ “მოლაპარაკებების ბოლო ეტაპის” გამართვისთვის ორბელიანების სასახლეში იწვევს. პრეზიდენტი ,,ძლიერი საქართველოს” და ,,გახარია საქართველოსათვის” წარმომადგენლებს 15:00 საათზე ელოდება.

 ვშიშობ, თუ დონალდ ტრამპს არ დავიცავთ, მის დაკრძალვაზე ვისაუბრებთ – რიჩარდ გრენელი

ვშიშობ, თუ დონალდ ტრამპს არ დავიცავთ, მის დაკრძალვაზე ვისაუბრებთ, – განაცხადა ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა და გერმანიაში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, რიჩარდ გრენელმა.

სამართალდამცველებმა დონალდ ტრამპზე თავდასხმის კიდევ ერთი მცდელობა აღკვეთეს. ინციდენტი ფლორიდაში, ექსპრეზიდენტის გოლფ-კლუბის ტერიტორიაზე მოხდა. პოტენციური მკვლელი, რომელიც ბუჩქებში იყო ჩასაფრებული, საიდუმლო სამსახურის აგენტებმა შენიშნეს და ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგაც ის გაიქცა, თუმცა პოლიციამ მალევე დააკავა.

„როდესაც ხედავთ იმ საფრთხეებს, რომლებიც აშკარად არსებობს პრეზიდენტი ტრამპის მიმართ, მე არ მივიჩნევ, რომ ჩვენ ამ საფრთხის შესაბამისად ვმოქმედებთ. უნდა იყოს შეფასება. და ამ ქვეყანაში ჩვენ საკმარისად მდიდრები ვართ და საკმარისად წარმატებულნი ვართ იმისთვის, რომ შევძლოთ საფრთხის შესაბამის დონეზე დავიცვათ საპრეზიდენტო კანდიდატი და ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც შეიძლება მომავალი პრეზიდენტი გახდეს“, – აღნიშნა რიჩარდ გრენელმა.

პრეზიდენტი “ძლიერ საქართველოსა” და გიორგი გახარიას პარტიას კონსულტაციებისთვის ორბელიანების სასახლეში იწვევს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , ხვალ, 17 სექტემბერს ორ პოლიტიკურ ძალას : „ძლიერ საქართველოს“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ორბელიანების სასახლეში ელოდება მოლაპარაკებების ბოლო ეტაპის დაუყოვნებლივ გამართვისთვის.

მისივე თქმით, ეს ნაბიჯი ამომრჩეველს დაარწმუნებს, რომ პოლიტიკურ პარტიებს შეუძლიათ ქვეყნის გადარჩენის გულისთვის ბევრი რამ დათმონ და უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშონ ევროპული მომავლის გადარჩენაში, რასაც მათ არვინ დაუვიწყებს.

„საქართველოს ისტორიის არჩევნებში გარდამტეხი დღე გვიახლოვდება და ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა მიიღონ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მომავალს. ამას ყოველდღიურად უფრო და უფრო ნათლად ვხედავთ. ეს არჩევანი განსაზღვრავს იმას, იქნება თუ არა ჩვენი მომავალი ევროპა თუ ვიქნებით რუსეთის გავლენის ქვეშ, რისკენაც ბატონი ივანიშვილი გვიბიძგებს, ამიტომ 26 ოქტომბერი არ არის მხოლოდ ჩვეულებრივი არჩევნების დღე, ეს არის მთავარი არჩევანის დღე, რეფერენდუმის დღე, ვარჩიოთ სუვერენიტეტი,თავისუფლება , დამოუკიდებლობაა და ევროპული ფასეულობები თუ ჩვენი მომავალი დავუთმოთ რუსეთს. დღეს არჩევანი ერთია, ან ევროპა ან რუსეთი. ჩვენ ეს ქვეყანა არავისთვის არასდროს დაგვითმია და არც არავის დავუთმობთ. ეს არჩევანი ჩვენი ერთობლივი პასუხისმგებლობაა. ამ პასუხისმგებლობას ვერ გავექცევით. მე, ჩემ წილ პასუხისმგებლობას ბოლომდე ავიღებ და შევასრულებ , ხელს შევუწყობ ყველა პროევროპულ ძალას , ამისთვის შეიქმნა ქარტია და ქარტიის შესრულებისთვის დადებული ერთობლივი პირობა, ამით ევროპის გზაზე სწრაფი და ეფექტური დაბრუნების სამოქმედო გეგმა ერთად დავხაზეთ და ერთად შევასრულებთ.

ახლა საჭიროა ერთი რამ, რომ ოპოზიციური ამომრჩევლისთვის არჩვნა გავამარტივოთ. პოზიტიური მესამე ცენტრი რომელსაც გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ელოდება და რომელსაც უნარი აქვს გააჩინოს საზოგადოებაში სრული მობილიზაციისთვის საჭირო მუხტი. მე ამის მჯერა დ ამიტომ ყველასთან კონსულტაციებში მივიღე მონაწილეობა და მზად ვარ, როგორც ნეიტრალური მხარე ამ პროცესს ხელი შევუწყო. გადაწყვეტილება კი 2 პროევროპულ ძალას, ერთის მხრივ, გაერთიანება „ძლიერი საქართველო“ და მეორეს მხრივ, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათ ხელშია. ვიმედოვნებ ,რომ ქვეყნისთვის ამ ნიშვენლოვან ეტაპზე შეძლებენ გადადგან ის ნაბიჯი, რომელიც ამომრჩევლისთვის მეტ სიცხადეს , გარკვეულობას და მეტ ძალის განცდას მისცემს. ნაბიჯი,რომელიც ამომრჩეველს დაარწმუნებს, რომ პოლიტიკურ პარტიებს შეუძლიათ ქვეყნის გადარჩენის გულისთვის ბევრი რამ დათმონ და უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშონ ევროპული მომავლის გარადჩენაშო, რასაც მათ არავინ დაუვიწყებს.

ამიტომ, მივესალმები მამუკა ხაზარაძის საჯარო გამოთქმულ მზადყოფნას, ასევე ვიცი რომ არსებობს ასეთივე მზაობა გიორგი გახარიას მხრიდან, საარჩევნო კალენდარი ძალიან ცოტა დროს გვიტოვებს საბოლო გადაწყვეტილებისთვის. ამიტომ, ხვალ ორბელიანების სასახლეში ვეპატიჟები ორივე პოლიტიკურ ძალს , რათა მოლაპარაკეკებსი ბოლო ეტაპი დაუყოვნებლივ გაიმართოს. ჩემი სრული მხარდაჭერაა და მზად ყოფნაა,რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდეს და მივიყვანოთ ბოლომდე. თქვენგან სწორედ ამას ელოდება საზოგადოება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

„ყაზბეგის“ საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, ორივე ქვეყნის მიმართულებით შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის, 18 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით 06:00 სთ-დან-09:00 სთ-მდე „ყაზბეგის“ საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, ორივე ქვეყნის მიმართულებით შეიზღუდება.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სგპ „ყაზბეგის“მიმდებარე ტერიტორიაზე, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე, დაგეგმილია გადაუდებელი საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება, რის გამოც, სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში ავტომობილების გადაადგილება შეჩერებული იქნება.მათივე ცნობით, აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები, დროის ამ მონაკვეთში ვერ განხორციელდება.„გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ზემოაღნიშნული დროის (06:00-09:00 საათი) ამოწურვის შემდეგ, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად განხორციელდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

რა ეღირება დოლარი და ევრო 17 სექტემბერს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6985 ლარი დარჩა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6985 ლარი დარჩა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6984 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0001 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0010 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9939 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0071 ლარი შეადგინა.

მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, წვლილი შეიტანოს რეგიონული და საერთაშორისო სტაბილურობისა და მშვიდობის მიღწევაში – ნიკოლ ფაშინიანი

ყველა სირთულის მიუხედავად, ჩვენი მთავრობა გააგრძელებს ძალისხმევას, რომ რეგიონში მშვიდობა იყოს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთის მთავრობა  მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომ წვლილი შეიტანოს ამ პროცესში.

„პრემიერ-მინისტრო, მჯერა, რომ ჩვენ გაგვაჩნია ისტორიული შესაძლებლობა, დავხუროთ კონფლიქტების თავი სამხრეთ კავკასიაში და შევქმნათ მდგრადი მშვიდობა ჩვენს რეგიონში. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მშვიდობა სასარგებლოა არა მხოლოდ სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის, არამედ საქართველო, თურქეთი და ირანიც მიიღებს სარგებელს თანაბრად. ამიტომაც, ყველა სირთულის მიუხედავად, ჩვენი მთავრობა გააგრძელებს ძალისხმევას, რომ რეგიონში მშვიდობა იყოს. ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომ წვლილი შეიტანოს ამ პროცესში. თქვენი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ წვლილი შეიტანოთ რეგიონული  და საერთაშორისო სტაბილურობისა და მშვიდობის მიღწევაში”, –  განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

მწამს, რომ ჩვენ გაგვაჩნია ისტორიული შესაძლებლობა, რომ სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების თავი დავხუროთ და შევქმნათ მდგრადი მშვიდობა ჩვენს რეგიონში – ფაშინიანი კობახიძეს

ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, მე ნამდვილად მწამს, რომ ჩვენ გაგვაჩნია ისტორიული შესაძლებლობა, რომ სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების თავი დავხუროთ და შევქმნათ მდგრადი მშვიდობა ჩვენს რეგიონში – ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ რეგიონალური და საერთაშორისო სტაბილურობისა და მშვიდობის მიღწევაში წვლილი შეიტანოს.

როგორც ფაშინიანი აღნიშნავს, სამხრეთ კავკასიაში მიღწეული მშვიდობის ბენეფიციარები არა მხოლოდ სომხეთი და აზერბაიჯანი, არამედ საქართველო, თურქეთი და ირანი არიან.

„მოხარული ვარ, რომ მეგობრულ საქართველოში კიდევ ერთხელ ვარ ჩამოსული. ძალიან დიდი მადლობა ტრადიციული თბილი მიღებისა და სტუმარმასპინძლობისთვის, რომელიც ჩემმა დელეგაციამ მიიღო უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში. ჩვენ მოვახერხეთ, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობაში გაგვეფართოებინა ყოვლისმომცველი თანამშრომლობა, ყველა სფეროში. ამის საუკეთესო მაჩვენებელი გახლავთ, რომ ამ წლის იანვარში, საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობა ავიდა უფრო მაღალი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე. ჩვენ ამგვარად მოვახერხეთ შეგვექნა ეფექტური და პერიოდული კონტაქტების სიცოცხლისუნარიანი მექანიზმი, რომელიც ემყარება ორმხრივ ინტერესებს, ისევე როგორც პრინციპებს და დემოკრატიულ ღირებულებებს, რომელიც მიღებულია ჩვენი ქვეყნების ბრძენი ხალხების მიერ.

ძვირფასო კოლეგებო, ჩვენ გვქონდა საშუალება განგვეხილა მთელი რიგი საკითხები, რომელიც ეხება ჩვენს რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის და სტაბილურობის მიღწევას. მე ჩემს კოლეგას წარმოვუდგინე უკანასკნელი განვითარების ინფორმაცია სომხეთ-აზერბაიჯანის ნორმალიზაციის პროცესში. მე უნდა აღვნიშნო, რომ რთული მოლაპარაკების დროს, აზერბაიჯანთან ჩარჩოებში, დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში ჩვენ მოვახერხეთ მიგვეღწია გარკვეული პროგრესისთვის. სომხეთმა და აზერბაიჯანმა მიაღწია ხელშეკრულებას, რომელიც უნდა მოქმედებდეს დელიმიტაციის პროცესის ჩარჩოებში, რომელიც ეყრდნობა 1991 წლის ალმატის დეკლარაციის დებულებებს. რაც ნიშნავს, რომ ამ პროცესისთვის საფუძველი იქნება ადმინისტრაციული საზღვრების განსაზღვრა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის. ჩვენ ველით, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ მივაღწევთ პრაქტიკულ პროგრესს სომხეთი-საქართველოს საზღვრის დელიმიტაციაში. გვაქვს საერთო პოზიციები ამასთან დაკავშირებით გამოხატული.

მე ვფიქრობ, თქვენ იცით, რომ თითქმის 2 წლიანი მოლაპარაკების შედეგად, სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო და ქვეყანათაშორისი ურთიერთობის დამყარების ხელშეკრულების 80%-ზე შეთანხმდნენ. ჩვენ შევთავაზეთ აზერბაიჯანს ხელი მოეწერა იმ დებულებისთვის, რომელიც უკვე იყო შეთანხმებული. ასევე შეთავაზებული იყო დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება და ყველა სხვა მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარება, რომელიც ორმხრივ ინტერესებში შედის. მთელი ეკონომიკური, ინფრასტრუქტურის და კომუნიკაციების განბლოკვა და სრული ოპერაცია გახლავთ რეგიონის სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების ის თემა, რომელსაც ჩვენ ვთვლით პრიორიტეტად ჩვენი მთავრობისა. ჩვენი იდეა ამ საკითხზე საუკეთესოდ არის ასახული სამშვიდობო პროექტის გზაგასაყარზე, რომელიც სომხეთის მთავრობამ შექმნა და რომელიც პირველ რიგში გავუზიარე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს თბილისში კონფერენციის დროს.

ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, მე ნამდვილად მწამს, რომ ჩვენ გაგვაჩნია ისტორიული შესაძლებლობა, რომ სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების თავი დავხუროთ და შევქმნათ მდგრადი მშვიდობა ჩვენს რეგიონში. მე ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ბენეფიციარები ამ მშვიდობისა არა მხოლოდ სომხეთი და აზერბაიჯანია, არამედ საქართველო და თურქეთი. ასევე, ირანიც მიიღებს სარგებელს. ამიტომ ყველა სირთულის მიუხედავად, ჩვენი მთავრობა მდგრადად და მუხლმოუხრელად გააგრძელებს ყველა ძალისხმევის განხორციელებას, რომ რეგიონში მშვიდობა იყოს შესაძლებელი. ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომ თქვენი წვლილიც იყო შეტანილი. თქვენი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ იყოს განხორციელებული წვლილი რეგიონალური და საერთაშორისო სტაბილურობისა და მშვიდობის მისაღწევად,“ – განაცხადა ფაშინიანმა.