ოპოზიციის მიმართ არსებობს „ტყუილის პრეზუმფცია“, რაიმეს როდესაც იტყვიან, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ტყუილია და შემდეგ ვნახოთ, რამდენად დაგვარწმუნებენ, არის თუ არა სიმართლე – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციას სურს, სასურველი რეალობად წარმოადგინოს.
შალვა პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს, როგორ შეაფასებდა ოპოზიციის განცხადებებს მიგრაციის მაჩვენებლის გაზრდასთან დაკავშირებით.
„რამდენიმე საათი, რამდენიმე დღე, კვირა, თვეები სჭირდება ხოლმე, რომ აღმოჩნდეს, ყველაფერს, რაზეც ისინი საუბრობენ, არის ტყუილი. გახსოვთ, სანქციების გვერდის ავლაზე, სხვადასხვა საკითხზე როგორ დარწმუნებით საუბრობდნენ, ჩირქს სცხებდნენ საქართველოს, აკნინებდნენ ჩვენს მიღწევებს. საბოლოო ჯამში ხომ ყველაფერი გაირკვა. ოპოზიციას სურს, სასურველი წარმოადგინოს რეალობად. მათ სურვილი აქვთ, იყოს ეკონომიკური სტაგნაცია, გადინება და ასე შემდეგ. რაც შეეხება მიგრაციას, ეს ნაწილია იმ პროცესის, რასაც ჰქვია ევროპასთან ინტეგრაცია. მათ შორის, რაც მეტად ვხდებით გლობალური სამყაროს ნაწილი, უფრო თავისუფლად ხდება სამუშაო ძალის მიმოსვლა. მთავარია, ჩვენთან ეკონომიკური ზრდა უსწრებდეს ამ ტენდენციებს და აქ მეტად ეძებდეს ადამიანი საკუთარ ბედნიერებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, პაპუაშვილმა კიდევ ერთი კითხვის საპასუხოდ განმარტა, რის საფუძველზე იყო წინა ხელისუფლების პირობებში მიგრაციის მაღალი მაჩვენებელი.
„სისტემა როდესაც გაქვს, სადაც ბიზნესი არის რეკეტის ქვეშ, ადამიანი ყოველდღიური შიშის ქვეშ, რომ ქონებას წაართმევენ, ციხეში ჩასვამენ, შემდეგ იმ ციხეში აწამებენ, რა თქმა უნდა, ასეთ ხელისუფლებას ყველა გაურბის. გუშინ პრემიერმა ახსენა მონაცემი, 2012 წლამდე სტრასბურგის სასამართლოში ყველაზე მეტი საჩივარი შედიოდა პენიტენციური დაწესებულებიდან. 2012 წლის შემდეგ არათუ იკლო, არცერთი არ მიუღია წარმოებაში სტრასბურგის სასამართლოს. ესეც ხომ აჩვენებს, სად არის სიმართლე, სად არის ფაქტები და სად პროგნოზი, ვინ გაიმარჯვებს 2024 წლის არჩევნებში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.