“არსებული ინსტიტუციური პროექტი არ ითვალისწინებს ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის საკმარის ხარისხს” – ვენეციის კომისია

18
spot_img

ვენეციის კომისია აცხადებს, რომ არსებული ინსტიტუციური პროექტი არ ითვალისწინებს ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის საკმარის ხარისხს და მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ზედამხედველობისა და მაღალი დონის თანამდებობის პირების ქონებრივი და ინტერესების დეკლარაციების მონიტორინგთან დაკავშირებით მისი კომპეტენციები კანონში დამატებით გარანტიების შეტანას მოითხოვს, – ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნაშია აღნიშნული.

„2023 წლის 22 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მოითხოვა ვენეციის კომისიის მოსაზრება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებულ დებულებებზე. ვენეციის კომისიის დასკვნაში აღნიშნულია კანონის ახალი დებულებების სხვადასხვა დადებითი მახასიათებელი, კერძოდ ის, რომ ანტიკორუფციულ ბიურო ჩამოყალიბდა, როგორც ცალკე სტრუქტურა, ფინანსური დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით. მიუხედავად ამისა, ვენეციის კომისია აცხადებს, რომ არსებული ინსტიტუციური პროექტი არ ითვალისწინებს ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის საკმარის ხარისხს და მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ზედამხედველობისა და მაღალი დონის თანამდებობის პირების ქონებრივი და ინტერესების დეკლარაციების მონიტორინგთან დაკავშირებით მისი კომპეტენციები კანონში დამატებით გარანტიების შეტანას მოითხოვს“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ვენეციის კომისიის დასკვნით, ამასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით პრობლემურია ის ფაქტი, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის დანიშვნა-გათავისუფლება დიდწილად პრემიერ-მინისტრის ხელშია.

„დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის აღქმის გასაზრდელად და, შესაბამისად, ამ ორგანოს მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდის მიზნით, ვენეციის კომისია შემდეგ ძირითად რეკომენდაციებს წარმოადგენს:

კანონი შეიცვალოს, რათა ბიუროს ხელმძღვანელის დასანიშნად მრავალპარტიული მხარდაჭერა გახდეს საჭირო და მისი დანიშვნა მოხდეს პარლამენტის კვალიფიციური უმრავლესობით, ან შესაბამისი ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმით (რაც მოითხოვს ჩვეულებრივ უმრავლესობაზე მეტს) ან შესაბამისი ალტერნატივით, რომელიც ასახავს ფართო, მრავალპარტიულ შეთანხმებას პარლამენტში (მაგალითად, ორმაგი უმრავლესობით, რაც ითვალისწინებს უმრავლესობას პარლამენტარებს შორის, როგორც უმრავლესობიდან, ასევე ოპოზიციიდან), და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ბიურო ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე – ნებისმიერი გადაწყვეტილება მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ მიიღოს პარლამენტმა და არა პრემიერ-მინისტრმა;

ვენეციის კომისია ასევე იძლევა რეკომენდაციას, კანონში შევიდეს შემდგომი ცვლილებები თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებთან დაკავშირებით, რითაც შეიზღუდება გათავისუფლებაზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს დისკრეცია.

„კანონში შევიდეს შემდგომი ცვლილებები თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებთან დაკავშირებით, რაც ზღუდავს ამ კუთხით გათავისუფლების გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს დისკრეციას, კერძოდ, კერძოდ, „მოვალეობის შეუსრულებლობის“ საფუძველი ფიზიკური ან გონებრივი ქმედუუნარობის ჩვეულებრივი შემთხვევებით შემოიფარგლოს და დაზუსტდეს/ განისაზღვროს დებულებები ნასამართლობის, ნარკოტიკების მოხმარებისა და შეუსაბამობის შესახებ“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ასევე, ვენეციის კომისია იძლევა რეკომენდაციას 2022 წლის ნოემბრის დებულებების ზოგიერთი სხვა ელემენტის გადახედვის შესახებ, კერძოდ:

„განხილულ იქნას ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელისა და მისი მოადგილეების ფუნქციური იმუნიტეტის უზრუნველყოფა; ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობაზე პროფესიული მოთხოვნების გაძლიერება; დაზუსტდეს დებულებები თანამდებობის პირების სავალდებულო ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ, ამასთან, ნარკოლოგიური ტესტის შედეგების გამოქვეყნების მოთხოვნა წაიშალოს კანონიდან და ბიუროს ხელმძღვანელის შესაძლო ტესტირებისთვის მკაფიო სამართლებრივი საფუძველი უნდა არსებობდეს; მიღებულ უნდა იქნას ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ ბიურომ განახორციელოს ქონების დეკლარაციების არსებითი შემოწმება და დეკლარაციების შემთხვევითი შერჩევის გარდა, გამოიყენოს რისკებზე დაფუძნებული მიდგომა, რათა უზრუნველყოს ყველაზე შესაფერისი დეკლარაციების შეფასება თანამდებობის პირების კანონიერ შემოსავლებთან მიმართებაში, იმისთვის, რომ გამოავლინოს დაუსაბუთებელი სიმდიდრის შემთხვევები ან ინტერესთა პოტენციური კონფლიქტი; შეტანილ იქნას ზუსტი და მკაფიო მინიშნებები კანონში მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის შესაბამის დებულებებზე; განისაზღვროს უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს როლი უფრო მეტი სიცხადით და სიზუსტით, რათა არ მოხდეს ბიუროს ფუნქციების დამთხვევა და მოიხსნას ბიუროს ანგარიშვალდებულება უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე; ამასთან, ბიუროს უნდა მიენიჭოს უფლებამოსილება, რომ საკუთარი მრჩეველთა საბჭო შექმნას“, – აღნიშნულია დოკუმენტში.