“ომი უკრაინის რესურსებს ფიტავს” – უცხოური პრესა

24
spot_img

უკრაინაში ბრძოლის ველზე სიტუაცია უკიდურესად კრიტიკულია. დასავლეთში სერიოზულად ლაპარაკობენ უკრაინის სავარაუდო დამარცხებაზე, რომლის უმთავრეს მიზეზს საბრძოლო მასალათა უკმარისობა წარმოადგენს“, – ნათქვამია ფრანგულ გაზეთ „ლე ფიგაროში“ (Le Figaro) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ომი უკრაინის რესურსებს ფიტავს: პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ევროპაში მოკავშირეთა ჯარების უმაღლესი მთავარსარდალი, გენერალი ქრისტოფერ კავალი გვაფრთხილებენ, რომ სამხედრო დახმარების გარეშე უკრაინა დამარცხების რისკის წინაშე დგას“ (ავტორი – ნიკოლა ბაროტი). „კიევი 2025 წელს რუსეთის წინააღმდეგ ახალ კონტრშეტევას გეგმავს – მთავარია მას იარაღი ჰქონდეს“, – ხაზგასმულია მასალაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

შარშანდელი კონტრშეტევის ჩაშლის შემდეგ კიევს მძიმე დღეები დაუდგა. რუსეთის არმია პერმანენტულად უტევს და უკვე დაიკავა რიგი მსხვილი დასახლებული პუნქტები, მათ შორის – ავდეევკა… ახლა ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს ქალაქ ჩასოვიართან, რომელიც დონბასიდან დასავლეთისაკენ გადაადგილებისათვის ერთგვარ გასაღებს წარმოადგენს. ქალაქს ჯერ-ჯერობით ისევ უკრაინელები ფლობენ, მაგრამ კიევის დანაკარგები ძალიან დიდია, უკრაინის არმიის მდგომარეობა ძალიან მყიფეა. დღის წესრიგში ისევ დადგა საკითხი უკრაინის დამარცხების თაობაზე.

აწმყო:

„სიტუაცია მძიმეა, იარაღი და საბრძოლო მასალები თავდება“
„თუ უკრაინას აშშ არ დაეხმარება, თუ კონგრესი შესაბამის კანონპროექტს არ მიიღებს, უკრაინა ომში დამარცხდება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკული ტელეარხის „სი-ენ-ენ“-სადმი მიცემულ ინტერვიუში და შეშფოთება გამოხატა დონალდ ტრამპის მომხრე რესპუბლიკელების მიერ კანონპროექტის დაბლოკვის გამო.
უკრაინის ლიდერი ერთადერთი არ არის, ვისაც ეს საკითხი აღელვებს. „უკრაინა თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული საგარეო დახმარებაზე, რათა, უბრალოდ, მან ბრძოლა გააგრძელოს“, – გამაფრთხილებელ განცხადებას აკეთებს ევროპაში მოკავშირეთა ჯარების უმაღლესი მთავარსარდალი, გენერალი ქრისტოფერ კავალი, – ამჟამინდელი მომენტი ისეთია, რომ ვერაფერს გადაამეტებ: თუ უკრაინას არ დავეხმარებით, ის დამარცხდება. მაგალითად, უკრაინისა და რუსეთის საარტილერიო ძალების თანაფარდობა ერთი ხუთთან არის. მალე ეს ციფრი, ალბათ, გაორმაგდება და ეს მოხდება რამდენიმე კვირაში“.
„მომავლის წინასწარმეტყველება არ შემიძლია, მაგრამ მარტივ მათემატიკურ გათვლებს გავაკეთებ. როცა იარაღის მოწოდების ტემპებს ვუყურებ, ერთ დასკვნამდე მივდივარ: თუ ჩვენ უკრაინისადმი დახმარებას არ გავაგრძელებთ, მას სწრაფად დაუმთავრდება საარტილერიო ჭურვების მარაგი და ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებები“, – განმარტა ქრისტოფერ კავოლიმ, – აშშ-ის არმიაში ჩემი 37-წლიანი სამსახურის გამოცდილებით ვიტყვი, რომ თუ ერთი მხარე ისვრის, მეორე მხარეს კი პასუხის გაცემის შესაძლებლობა არ აქვს, ის ომს აუცილებლად წააგებს“.
შემაშფოთებელი ფაქტები:

„დამტკიცდა ის, რაც ისედაც აშკარა იყო“

„სამხედრო მოქმედებათა განსაკუთრებულობა იმაში გამოიხატება, რომ მათ ზუსტი გათვლა შეუძლებელია, ისინი არ ექვემდებარებიან მკაცრ გეგმას და პროგნოზებს. ყველაფერი რომ თავიდანვე ცნობილი იყოს, მაშინ ბრძოლას აზრი აღარ ექნებოდა“, – აღიარა რამდენიმე დღის წინათ გენერალმა პიერ შილმა, საფრანგეთის სახმელეთო არმიის შტაბის უფროსმა. „დღემდე უკრაინელები თავს კარგად იცავდნენ და საკუთარ ძალას აჩვენებდნენ, მაგრამ ბოლო დროს ფრონტიდან შემაშფოთებელი სიგნალები მოდის“. მართლაც, ფაქტები მოწმობენ, რომ რუსულმა ავიაციამ მფრინავი ბომბების გამოყენება გააქტიურა, უკრაინის სამრეწველო და სამხედრო ობიექტები, კრიტიკული ინფრასტრუქტურა კვლავ ინგრევა, მწყობრიდან გამოდის მრავალი თბო- და ჰიდროელექტროსადგურები. „ჩვენი მთავარი ამოცანა გამოიხატება იმაში, რომ ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემა გავაუმჯობესოთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლიეტუვაში ვიზიტის დროს.

„უკრაინელები ამბობენ, რომ მათ 2024 წლის განმავლობაში დავეხმაროთ, რათა 2025 წელს ახალი კონტრშეტევა დაიწყონ“, – ამბობს ფრანგი სამხედრო ჩინოვნიკი, რომელიც ამას წინათ უკრაინელ კოლეგებს ესაუბრა. კიეველები დაინტერესებულები არიან საშუალო რადიუსის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემით (SAMPT), რომელიც პარიზმა თავისი ნატოელი მოკავშირის – რუმინეთის ტერიტორიაზე განათავსა, მისი საჰაერო სივრცის დაცვის მიზნით. „უკრაინელებს საზენიტო დანადგარებზე უფრო მეტად რაკეტები სჭირდებათ, თუმცა საფრანგეთს მათი რეზერვი არ აქვს და რაც აქვს, ისიც საკუთარი არმიის ამოცანების შესასრულებლად ჭირდება.

პერსპექტივის პროგნოზი:

„გაიმარჯვებს ის, ვინც პირველი მოახერხებს მობილიზებას“
უკრაინამ რომ რუსების შეტევას გაუძლოს, თავისი ოპერატიული მეთოდები უნდა შეცვალოს. „კიევმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს ტაქტიკური და ოპერატიული სამიზნეების განადგურებას, რომლებსაც საომარ სიტუაციაზე პირდაპირი გავლენის მოხდენა შეუძლია და არა რუსეთის სიღრმეში განლაგებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნების დაბომბვას“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა იმასთან დაკავშირებით, რომ მოწინააღმდეგის დასუსტების მიზნით, უკრაინული დრონები ფრონტიდან ათასი კმ-ით დაშორებულ რუსეთის ქარხნებს ბომბავენ. პენტაგონის აზრით, უკრაინის [სამხედრო დაზვერვის – გენერალ კირილო ბუდანოვის სამსახურის] ასეთი მოქმედება ომზე პრაქტიკულად არანაირ გავლენას არ მოახდენს, მაგრამ სამაგიეროდ, ნეგატიურ გავლენას მოახდენს ნავთობის მსოფლიო ფასებზე, მისი გაძვირების თვალსაზრისით.

სამწუხაროდ, პრობლემა მხოლოდ ტექნიკის დეფიციტით არ გამოიხატება. „არ გვყოფნის მებრძოლები, ჯარისკაცები“, – შეშფოთებული ლაპარაკობს გენერალი იური სოდოლი, უკრაინის აღმოსავლეთის ფრონტის ჯარების სარდალი, – „მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალა 7-ჯერ და 10-ჯერ აჭარბებს ჩვენს ძალებს“.

„გაიმარჯვებს ის, ვინც პირველი მოახერხებს მობილიზებას“, – დარწმუნებულია ერთ-ერთი ფრანგი სამხედრო მაღალჩინოსანი, – მაგრამ ვერცერთი მხარე ვერ ბედავს მთავარი ნაბიჯის გადადგმას. ამასობაში კი უკრაინული საზოგადოება აპათიის სიმპტომებს ავლენს და სიგნალებს იძლევა, რომ ბრძოლით დაიღალა – მიუხედავად იმისა, რომ ომში „დადებული ფსონები“ ძალზე მაღალია.

რაც შეეხება რუსეთს, კრემლი გაურბის ისეთი არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებსაც მოსახლეობის მასობრივი უკმაყოფილების გამოწვევა და შიდა ოპოზიციის გამოღვიძება შეუძლია.

წყარო