„შეინიშნება არაერთი დადებითი ტენდენცია“ – NDI-ის წინასაარჩევნო პირველი სადამკვირვებლო მისიის ანგარიში

32
spot_img

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე დაგეგმილი ორი წინასაარჩევნო მისიიდან პირველმა, საქართველოში მუშაობა დაასრულა და ანგარიში გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ არჩევნებამდე 8, ხოლო წინასაარჩევნო კამპანიების დაწყებამდე 6 თვით ადრე, არაერთი დადებითი ტენდენცია შეინიშნება.

კერძოდ, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ანგარიშში აღნიშნულია:

„დადებითი ტენდენციებს შორის არის მოსახლეობის მიერ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის ურყევი მხარდაჭერა, საზოგადოების დადებითი განწყობა პოლიციის მიმართ, მოსახლეობის აღქმით წვრილმანი კორუფციის შემცირებული დონე, გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით სამთავრობო დადგენილებების გასაჯაროების პრაქტიკის განახლება და არჩევნების დღის პროცესების გაუმჯობესების მიზნით ინოვაციების დანერგვა“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ არსებობს საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებული გამოწვევები, რომლებიც გადაჭრას საჭიროებს. მათ შორის, ანგარიშში დასახელებულია პოლარიზაცია, ახალი საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებული კითხვები, სამოქალაქო საზოგადოების (მათ შორის სადამკვირვებლო ორგანიზაციების) წინააღმდეგ მიმართული სიტყვიერი თავდასხმები და პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით ადმინისტრაციული რესურსების არაკეთილსინდისიერად გამოყენების შესახებ გამოთქმული ეჭვები.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ყოფილი ხელმძღვანელი ხელმძღვანელი პერ ეკლუნდი აცხადებს, რომ ამ არჩევნებით მთავრობას და ყველა დაინტერესებულ მხარეს საშუალება ეძლევა, დაამტკიცონ დემოკრატიული ფასეულობების მიმართ ერთგულება.

„ეს, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ პირველი არჩევნებია. შესაბამისად, საქართველოს მთავრობასა და ყველა სხვა დაინტერესებულ მხარეს შესაძლებლობა ეძლევა, დაამტკიცოს ერთგულება ინკლუზიური, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული არჩევნებისა და დემოკრატიული ფასეულობების მიმართ.

არჩევნების საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ არჩევნების სანდოობის უზრუნველყოფასა და გლობალური დემოკრატიული სტანდარტების დაცვაში” – აცხადებს პერ ეკლუნდი.

დელეგაციის კიდევ ერთი წევრი, NDI ევრაზიის რეგიონულმა დირექტორი ევა ბუშა აღნიშნავს, რომ არჩევნებისადმი ხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე.

„2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე საკმარისი დრო არის დარჩენილი იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს არჩევნებისთვის ხელსაყრელი გარემო, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე” – აცხადებს ევა ბუშა.

დელეგაციის წევრები საქართველოში 19-25 თებერვალს იმყოფებოდნენ. ისინი მთავრობის წარმომადგენლებსა და საარჩევნო პროცესში ჩართულ სხვადასხვა მხარეს შეხვდნენ, მათ შორის: საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარეს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს, მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, დამოუკიდებელ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და კერძო მედიის წარმომადგენლებს, დიპლომატიურ მისიებსა და დონორ ორგანიზაციებს.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ან ლინდე, ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოში პერ ეკლუნდი, სახელმწიფო დეპარტამენტში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიუროში სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე მაიკლ პოზნერი, სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის კაბინეტის საკანონმდებლო და პოლიტიკის ანალიტიკოსი დენიელ გოტფრიდი, NDI ევრაზიის რეგიონული დირექტორი ევა ბუშა და NDI არჩევნების პროგრამების გლობალური დირექტორი რიჩარდ კლაინი.

მისია მიზნად ისახავდა ქვეყანაში არსებული ზოგადი პოლიტიკური გარემოს შეფასებასა და მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესების მიმოხილვას. აგრეთვე, უფრო ინკლუზიური, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული საარჩევნო პროცესების ხელშესაწყობად პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავებასა და საქართველოში სანდო არჩევნებისა და დემოკრატიული მმართველობისადმი საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის დემონსტრირებას.

26 ოქტომბრის არჩევნებამდე საქართველოს NDI-ის მეორე წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისია ეწვევა და არჩევნებამდე რეკომენდაციების შესრულებას შეაფასებს.