„ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის ყველასთან თანამშრომლობისთვის”- სოფო ჯაფარიძე

86
spot_img

დღეს, როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის ტყვეობაშია, დაუშვებელია, რომ საქართველოს პატრიოტები ერთმანეთს დავუპირისპირდეთ, სწორედ ამიტომ აუცილებელია, დავდგეთ ერთად. დღეს, როგორც არასდროს, ისეთი მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის რუსეთის ტყვეობისგან დახსნა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის ყველასთან თანამშრომლობისთვის.

„ჩვენ ერთობლივი ძალებით უნდა გადავარჩინოთ ჩვენი სამშობლო, რომელიც უდიდეს კრიზისშია. როდესაც მთელი ცივილიზებული სამყარო არის უკრაინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის მხარეს, როდესაც უკრაინელები სრულად უჭერენ მხარს თავიანთი მოქალაქის – მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას, ხელისუფლება საპირისპირო მხარეს დგება. ჩვენ უნდა მოვახერხოთ და დავდგეთ გამარჯვებული უკრაინის მხარეს. საქართველო უმძიმეს მდგომარეობაშია. არსებული გამოწვევები ისეთი კრიტიკულია, როგორც არასდროს. არსებული ვითარება გარდაუვლად მოითხოვს ჩვენი პირადი ამბიციების უკან გადაწევას და ერთად ბრძოლას. ამ ბრძოლაში ყველამ საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს და თითო აგური დადოს. ამისთვის მიხეილ სააკაშვილი გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, ის მზადაა ყველა პოლიტიკური პოზიციისა და სრულიად განსხვავებული ადამიანების გაერთიანებისათვის. ამ გაერთიანებაში თავი უნდა მოიყაროს არა მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, არამედ ყველამ, ვისაც სურს თავისუფალ, ცივილიზებულ, ევროპულ საქართველოში ცხოვრება. ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ გამარჯვების მომტანი დიდი ძალა – „გამარჯვების პლატფორმა“.

ჩვენ მზად ვართ ყველასთან თანამშრომლობისთვის, ყველასთან სასაუბროდ, ჩვენ მოვისმენთ თქვენს პრობლემებს და მე პირადად ყოველთვის ვიქნები თქვენ გვერდით. ჩვენ არ უნდა დავუშვათ საქართველოს რუსულ რელსებზე საბოლოოდ გადაყვანა, ამას ერთიანი ძალებით უნდა დავუპირისპირდეთ. ჩვენ არ დავუკარგავთ ჩვენს შვილებს და საქართველოს ევროპულ მომავალს. ჩვენ ვაქცევთ საქართველოს ყველასათვის სამაგალითო სახელმწიფოდ. ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.