„მე მჯერა, რომ პარლამენტის შენობაში საქართველოს ნამდვილი პარლამენტი განთავსდება”-მელია

70
spot_img

„მე მჯერა, რომ პარლამენტის შენობაში საქართველოს ნამდვილი პარლამენტი განთავსდება, როგორც ქართველი ხალხის ერთგული და ჭეშმარიტი წარმომადგენელი და არა რომელიმე ოლიგარქის პირად ხუშტურებს დაქვემდებარებული სანოტარო ბიურო“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.

წამყვანის კითხვაზე, თვლის თუ არა, რომ დღეს საქართველოში რამდენიმე ოლიგარქია, ნიკა მელია პასუხობს, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ, გახდნენ ოლიგარქები და სახელისუფლებო შტოები კულუარებიდან მართონ.

„დღეს ევროკავშირის მისიის წარმომადგენელმა თქვა, რომ ქვეყანაში უნდა გაკონტროლდეს ოლიგარქების გავლენა ქართულ პოლიტიკაზე. დიახაც, დღეს, ბიძინა ივანიშვილი არის ერთადერთი ოლიგარქი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არავის არ აქვს სურვილი, რომ გახდნენ ოლიგარქები და მართონ კულუარულად და ჩრდილოვნად სახელისუფლებო შტოები.

დღეს, არის ერთადერთი ოლიგარქი, მაგრამ სიმართლე არის ერთი – ნუთუ ვერ ვგრძნობთ ახლა ჩვენ, რომ გარშემო არიან ადამიანები, რომლებსაც ხელისუფლების, როგორც „ქართული ოცნების“ დამარცხება კი არა, უბრალოდ სახელების გვარების ჩანაცვლება სურთ და ხვალ და ზეგ სიამოვნებით გადაუსვამდნენ თავზე ხელს მურუსიძეს და ჩინჩალაძეს“, – აცხადებს ნიკა მელია.