„ნაციონალური მოძრაობა“ ისეთ დღეშია, არცერთი მანიფესტი არ უშველით -ირაკლი ჩიქოვანი

125
spot_img

არ ვიცი, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ პარტიას მანიფესტი რის საპირწონედ შესთავაზა, მაგრამ დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ ისეთ დღეშია, რომ მათ არცერთი მანიფესტი არ უშველით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, ვერცერთი მანიფესტი ვერ გააქარწყლებს იმ ვითარებას, რომ ამ პარტიას მართავს ვანო მერაბიშვილი და მისი იდეოლოგიით იმართება.

„მისი იდეოლოგია მისი თანამდებობაზე ყოფნის დროს ვნახეთ. ამ პარტიას ფინანსები კრიმინალ კეზერაშვილისგან აქვს, რაც სერიოზული პრობლემაა. რეალურად, პარტიაში ვერ გაურკვევიათ, ვინ არის წევრი, ვინ – არა და ვინ რას წარმოადგენს. არ მგონია, პარტიის რღვევა ამ მანიფესტმა შეაჩეროს. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშლება, ეს საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტისთვის კარგი იქნება“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ „ნაციონალურ მოძრაობას“ შესთავაზა, შექმნან ერთიანობის მანიფესტი. „თუ ვინმე არ მოისურვებს ხელის მოწერას, ავტომატურად დაიყენებს თავს პარტიის გარეთ“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.