ნატო ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს იწყებს, რომელშიც დაახლოებით 90 000 ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ნატო იწყებს ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს, სადაც განიხილავენ თუ როგორ გააძლიერებენ აშშ-ის ჯარებს ევროპელი მოკავშირეები რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებში და ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე, თუ კონფლიქტი გაჩაღდება „თითქმის თანასწორ“ მოწინააღმდეგესთან.
ალიანსის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, კრის კავოლიმ განაცხადა, რომ „Steadfast Defender 2024“ წვრთნები მაისამდე გაგრძელდება და მასში დაახლოებით 90 000 ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას.
ამასთან, კავოლის თქმით, წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს 50-ზე მეტი ხომალდი, 80-ზე მეტი ავიაგამანადგურებელი თვითმფრინავი, ვერტმფრენი და დრონი, სულ მცირე 1100 საბრძოლო მანქანა, მათ შორის 133 ტანკი და 533 ქვეითი საბრძოლო მანქანა. ალიანსის შეიარაღებული ძალების მეთაურის განცხადებით, წვრთნები ნატო-ს რეგიონული გეგმების შესრულების რეპეტიციის გავლას ემსახურება, რაც ალიანსმა ათწლეულების განმავლობაში შეადგინა, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი, თუ როგორ უპასუხებს ის რუსეთის თავდასხმას.
„„Steadfast Defender 2024“ აჩვენებს ნატო-ს უნარს, სწრაფად განათავსოს ძალები ჩრდილოეთ ამერიკიდან და ალიანსის სხვა ნაწილებიდან ევროპის თავდაცვის გასაძლიერებლად“, – ნათქვამია ნატო-ს განცხადებაში.
როგორც „როიტერი“ წერს, მსგავსი მასშტაბის წვრთნები ბოლოს იყო Reforger 1988 წელს, ცივი ომის დროს, 125 000 ჯარისკაცის მონაწილეობით და Trident Juncture 2018 წელს 50 000 ჯარისკაცის მონაწილეობით.