“დასრულდა ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში.
ვფიქრობ,რომ ნატო- საქართველოს ურთიერთობებისთვის ეს ვიზიტი განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.”- ამის შესახებ საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ილია დარჩიაშვილმა ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის საქართველოში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, გენერალური მდივნის ვიზიტი ახალ იმპულსს შესძენს ნატოსა და საქართველოს შორის არსებულ დინამიკურ ურთიერთობებს.
” ამ ვიზიტს ჩვენს ურთიერთობებში მოაქვს ახალი იმპულსი და შემდგომი თანამშრომლობისთვის ახალი შესაძლებლობები.” – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
მისი თქმით, იენს სტოლტენბერგის ვიზიტს ჰქონდა ძალიან საინტერესო კომპონენტები,რომლის ფარგლებშიც განხილული იქნა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკა და შემდგომი ნაბიჯები.
“აღსანიშნავია,რომ ეს არის მაღალი დონის ვიზიტების გაგრძელება, სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა ნატოს შტაბ – ბინაში,მან მონაწილეობა მიიღო ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში .” – აღნიშნა მინისტრმა.
18-19 მარტს,საქართველოს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვია.
აღსანიშნავია,რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში ეს გახლავთ იენს სტოლტენბერგის მე-4 ვიზიტი საქართველოში.