,,ნატო არ არის მზად უკრაინაში ჯარების განსათავსებლად”- პოლონეთის სეიმის სპიკერი

21
spot_img

ნატო არ არის მზად უკრაინაში თავისი ჯარების განსათავსებლად, ეს ბევრად უფრო რთული პროცესია, ვიდრე ევროპაში ზოგიერთს ჰგონია, – ამის შესახებ პოლონეთის სეიმის სპიკერმა, შიმონ გოლოვნიამ განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი სცენარი, შესაძლოა, ალიანსის ბევრი წევრი ქვეყნისთვის პრობლემად იქცეს.

“ვფიქრობ, ეს ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ზოგიერთს ჰგონია, თუნდაც ევროპაში. არ მინდა ვიყო არაგულწრფელი, ამიტომ ვიტყვი, რომ ეს პრობლემა იქნება ნატოს მრავალი ქვეყნისთვის. ვიცი, რა თქვა პრეზიდენტმა მაკრონმა და რა არის მისი იდეა ზოგადად, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ნატო მზად არის ამ ომში ასეთი მონაწილეობისთვის“, – განაცხადა შიმონ გოლოვნიამ.

მისი თქმით, ასეთ ოპერაციაში ნატო-ს ცალკეული ქვეყნების მონაწილეობაც კი პრობლემური იქნება. გოლოვნიამ განმარტა, რომ უკრაინაში ნატო-ს ერთი ჯარისკაცის სიკვდილი მთელ ალიანსზე თავდასხმად ჩაითვლება.

“მოგვიწევს კოლექტიური პასუხის გაცემა. ნატო ჰგავს ძმობას, ერთი ყველასათვის და ყველა ერთისთვის. ამიტომაც ვმსჯელობთ ამაზე”, – განაცხადა პოლონეთის სეიმის სპიკერმა.

გოლოვნია თვლის, რომ ახლა უკრაინას დასავლეთისგან სჭირდება არა ხალხი, არამედ ტექნოლოგია და სწორედ ტექნოლოგიური უპირატესობა მიიყვანს გამარჯვებამდე.

„ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, როდესაც საქმე ნატო-ს ჯარისკაცების ფიზიკურ ყოფნას ეხება, რადგან ამან შეიძლება გააუარესოს სიტუაცია. ” – აღნიშნა პოლონელმა სპიკერმა.