“ნანახმა გაჭირვებამ, ბოლოს და ბოლოს, გვასწავლა და გვაიძულა, მივიღოთ ისეთი კანონი, რომელიც მკაფიოდ წარმოაჩენს ჩვენზე დაუძინებლად მოფიქრალ-მზრუნავ-დამფინანსებელ “მოყვარე მტერთა” უკეთურ თუ კეთილ საქმეებს”-ედიშერ გვენეტაძე

36
spot_img

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე “გამჭვირვალობის კანონის” შესახებ უცხოეთიდან გამოთქმულ კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“დღეს ისეთი დროებაა დამდგარი, რომ ძალიან ძნელია გაარჩიო, ვინ არის მეგობარი და ვინ – მტერი, მაგრამ ჩვენ ის ქვეყანა ვართ, სადაც 900 წლის წინ დაიწერა: “მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია”. გასული მესამედი საუკუნის განმავლობაში საქართველომ საკუთარ ზურგზე არაერთგზის გამოცადა ამ “მოყვარე მტერთა” ჩვენდამი დამოკიდებულების ავკარგიანობის ამბები. ნანახმა გაჭირვებამ, ბოლოს და ბოლოს, გვასწავლა და გვაიძულა, მივიღოთ ისეთი კანონი, რომელიც მკაფიოდ წარმოაჩენს ჩვენზე დაუძინებლად მოფიქრალ-მზრუნავ-დამფინანსებელ “მოყვარე მტერთა” უკეთურ თუ კეთილ საქმეებს.

ძალიან ნიშანდობლივია ამ ფონზე საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩის დამოკიდებულება ჩვენს პარლამენტში ინიციირებული კანონის მიმართ, – სახელდობრ, როდესაც ეს პატივცემული საკუთარ ქვეყანაში ინიციირებულ ანალოგიურ კანონს მიიჩნევს აუცილებლობად, ხოლო ჩვენთან ისეთივე – ინიციირებულს დემოკრატიის უკუსვლად(!)

ამიტომაც ჩვენ – საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა საევროპოდ, საამერიკოდ, საამქვეყნოდ, საამსოფლიოდ ვიმეორებთ: კანონით, კანონით და მხოლოდ კანონის ძალით გვსურს, ნათელი მოეფინოს ქართულ სახელმწიფოს გაძლიერების მოფიქრალ-მოწინააღმდეგე “მოყვარე მტერთა” მიერ ჩვენში არსებულ გლახაკ “ენჯეოებზე” “უშურველად” გაღებულ უხვ საჭურჭლეთა ნამდვილ მიზნებს!” – წერს ედიშერ გვენეტაძე.