მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის – ბენიამინ ნეთანიაჰუ

109
spot_img

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი მზად არის ირანიდან პირდაპირი თავდასხმისთვის და ამ თავდასხმას უპასუხებს.

„ბოლო წლებისა და განსაკუთრებით, ბოლო კვირების განმავლობაში, ისრაელის მოქალაქეები, ისრაელი ემზადებოდა ირანიდან შესაძლო პირდაპირი თავდასხმისთვის. ჩვენი თავდაცვის სისტემები განლაგებულია და მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის, როგორც თავდაცვისთვის, ასევე შეტევისთვის. ისრაელის სახელმწიფო ძლიერია. ისრაელის თავდაცვის ძალები ძლიერია, ისრაელის საზოგადოება ძლიერია”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ნეთანიაჰუს თქმით, აფასებს აშშ-გვერდით დგომისთვის, ასევე დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და მრავალი სხვა ქვეყნის მხარდაჭერას.

„ჩვენ დავიცავთ თავს ნებისმიერი საფრთხისგან და ამას მშვიდად და მონდომებით გავაკეთებთ. ვიცი, რომ თქვენც, ისრაელის მოქალაქეები, სიმშვიდეს ინარჩუნებთ. მოგიწოდებთ, მოუსმინოთ ისრაელის თავდაცვის ძალების მითითებებს და ინსტრუქციებს. ერთად დგომით და ღვთის დახმარებით, ერთად დავამარცხებთ ჩვენს ყველა მტერს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა განაცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატების ისრაელამდე მისვლას რამდენიმე საათი დასჭირდება. მოგვიანებით, ირანის სახელმწიფოსთან დაკავშირებულმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატების მეორე ტალღა გაუშვა.

ამერიკულმა ტელეკომპანია CBS News-მა გასულ კვირას ამერიკულ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ ისრაელი და აშშ დარწმუნებულნი არიან, რომ სირიაში ირანის საკონსულოზე სარაკეტო დარტყმის შემდეგ, ირანი ისრაელის წინააღმდეგ საპასუხო ზომებისთვის ემზადება.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პარასკევს განაცხადა, რომ მოელის, რომ ირანი უფრო ადრე, ვიდრე გვიან თავს დაესხმება ისრაელს.

„ჩვენ ისრაელის დაცვის ერთგულნი ვართ. ჩვენ მხარს დავუჭერთ ისრაელს, დავეხმარებით ისრაელს დაცვაში და ირანი წარმატებას ვერ მიაღწევს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.