დღეს, რაჭაში 4.3 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე აცხადებს, რომ გადამოწმებული ინფორმაციით, რაჭაში დღეს მომხდარ მიწისძვრას ნგრევა არ გამოუწვევია.
მისივე თქმით, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები სოფლებში არსებულ ვითარებას ამოწმებენ.
„ამ ეტაპისთვის შემოსული ინფორმაციის თანახმად, 4 მაგნიტუდამდე სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ ქვშარში იყო, რომელიც ეკუთვნის ამბროლაურის მუნიციპალიტეტს. გადამოწმებული ინფორმაციით, რამე მსხვერპლი და სერიოზული ნგრევა არ გამოუწვევია ამ მიწისძვრას, თუმცა ახლა მიმდინარეობს ინფორმაციის მოძიება, მუნიციპალიტეტების მხრიდან ხდება გადამოწმება სოფლებში. სოფელ ჟოშხაში არის ერთი სახლი დაზიანებული, რომელიც ადრე მეწყერის შედეგად დაზიანდა, თუმცა ამ პიროვნებას უკვე კომპენსაცია აქვს მიღებული და შეძენილი აქვს სხვა საცხოვრებელი სახლი“, – აცხადებს მარგველიძე.